რას წერს ვენეციის კომისია რუსული კანონის შესახებ

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს შესაფასებლად ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ორგანოს – ვენეციის კომისიას გაუგზავნიან, კანონს კი ივნისის ბოლომდე, კომისიის „რეკომენდაციების შესაბამისად“ მიიღებენ. თუმცა უკვე არსებობს ვენეციის კომისიის 2014 წლით დათარიღებული კრიტიკული დასკვნა, რომელიც ეხება 2012 წელს მიღებულ რუსულ ანალოგიურ კანონს „აგენტების შესახებ“ და 2014 წელს მასში შეტანილ ცვლილებებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროცედურულ დონეზე კანონი არ იძლევა აუცილებელ სამართლებრივ სიცხადეს და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მოსაზრება ფოკუსირებულია მხოლოდ ყველაზე პრობლემურ დებულებებსა და ინსტიტუტებზე. მათ შორისაა: „უცხოური აგენტის“ სამართლებრივი სტატუსის შემოღება; „პოლიტიკური საქმიანობის“ განმარტება; კანონის პრაქტიკული იმპლემენტაცია, რომელიც გულისხმობს დამატებითი ანგარიშგების მოთხოვნას, დამატებით ინსპექტირებას და ზედამხედველობას ხელისუფლების ორგანოების მიერ, სანქციებისა და ჯარიმების სპეციფიკურ სისტემას, კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში.

„აგენტის“ სტატუსის შესახებ

„ბევრმა წყარომ უკვე გააკეთა კომენტარი ტერმინის – „უცხოური აგენტის“ არჩევის შესახებ. ვენეციის კომისია არ შეიძლება, არ დაეთანხმოს მათ, ვინც ამ ტერმინს შეუფერებლად მიიჩნევს. როგორც სამართლიანად შენიშნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ტერმინი „როგორც წესი, რუსულ ისტორიულ კონტექსტში ასოცირდება „უცხო ჯაშუშის“ და/ან „მოღალატის“ ცნებასთან და, შესაბამისად, ატარებს ოსტრაკიზმის ან მასტიგმატიზებელ კონოტაციას“.

„ლევადის ცენტრის“ მიერ 2012 წლის სექტემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 62% უარყოფითად აღიქვამს ამ ტერმინს. ეს ტერმინი შეიძლება აღძრავდეს მოგონებას კომუნისტური პერიოდისა, როდესაც უცხოელი უტოლდებოდა საეჭვო, არასანდო ან თუნდაც მტრულად განწყობილს. არაკომერციული ორგანიზაცია „უცხო აგენტის“ იარლიყით, სავარაუდოდ შეხვდება შიშის, უნდობლობისა და მტრულ ატმოსფეროს, რაც მის მუშაობას გაართულებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2012-2013 წლის ზამთარში უსახლკაროები უარს ამბობდნენ თავშესაფრის შეთავაზებაზე ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, რადგან მათ არ სურდათ „უცხოური აგენტების“ დახმარება“, – ვკითხულობთ ვენეციის კომისიის შეფასებაში.

უფრო მეტიც, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ კონკრეტული რუსული ისტორიული კონტექსტის გარეშეც კი, ტერმინს „უცხოური აგენტი“ ყოველთვის აქვს უარყოფითი კონოტაცია, რადგან ის ვარაუდობს, რომ ორგანიზაცია მოქმედებს „უცხოური წყაროს სახელით და ინტერესებიდან გამომდინარე“ და არა რუსული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

როგორც კომისია მიუთითებს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია იღებს უცხოურ დაფინანსებას, ვერ ამართლებს მის „უცხო აგენტად“ კვალიფიცირებას.

„იარლიყის „უცხოური აგენტის“ უდავოდ, ძალიან ნეგატიური კონოტაციის ფონზე, ვენეციის კომისიამ აღმოაჩინა, რომ კანონის უშუალო ეფექტი არის საზოგადოების ეჭვებისა და უნდობლობის გაღვივება გარკვეული ორგანიზაციების მიმართ და მათი სტიგმატიზაცია, რასაც მათ საქმიანობაზე შემზარავი ეფექტი აქვს. ეს ეფექტი სცილდება გამჭვირვალობის მიზანს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეჯამების სახით ვენეციის კომისია აღნიშნავდა, რომ:

  1. ტერმინი „უცხოური აგენტის“ გამოყენება ძალზე საკამათოა. კომუნისტების პერიოდში გამოყენებული რიტორიკის დაბრუნებით, ეს ტერმინი სტიგმის ქვეშ აქცევს ორგანიზაციებს, ულახავს რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ საქმიანობას. ამიტომ ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს ამ ტერმინის ამოღებას.
  2. ვენეციის კომისია ასევე მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური მიზანი საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ვერ გაამართლებს ზომებს, რომლებიც აფერხებენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობას. ამიტომ კომისია რეკომენდაციას იძლევა, გადაიხედოს ეს სპეციალური ჩარჩო, რომელიც სავალდებულო რეგისტრაციას, სპეციალურ სიასა და მრავალ დამატებით სამართლებრივ ვალდებულებას ითვალისწინებს.
  3. თუ ეს კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩო შენარჩუნდება, მაშინ უნდა გაუქმდეს ხელისუფლების უფლებამოსილება, გააგრძელონ ორგანიზაციების „უცხო აგენტებად“ (ან სხვა ტერმინით) რეგისტრაცია მათი თანხმობის გარეშე. განსახილველი კანონის თანახმად, „უცხოური აგენტის“ სამართლებრივი სტატუსი მოიცავს არა მხოლოდ ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებას, არამედ „პოლიტიკურ აქტივობებში“ მონაწილეობასაც. თუმცა ეს გამოთქმა საკმაოდ ფართო და ბუნდოვანია და ხელისუფლების მიერ მისი ინტერპრეტაციის პრაქტიკა აქამდე საკმაოდ შეუსაბამო იყო, რაც ტერმინის მნიშვნელობას კიდევ უფრო აბუნდოვანებს. ამიტომ, ვენეციის კომისია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, იმუშაოს „პოლიტიკური აქტივობების“ მკაფიო განმარტებაზე. კომისია ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს, რომ ეს ტერმინი არ იყოს გამოყენებული კონკრეტულად ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, ან ორგანიზაციებთან მათი პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე.
  4. გარდა ტექსტისა, შეშფოთებას იწვევს „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“ კანონის პრაქტიკული განხორციელებაც. მოხსენებებში მითითებულია, რომ ორგანიზაციები ექვემდებარებოდნენ არაერთ რიგგარეშე ინსპექტირებას, ამ შემოწმებების სამართლებრივი საფუძველი გაურკვეველია. შემოწმებებისას მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოცულობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ვენეციის კომისია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, არ დაუშვას უზუსტობები და გადაცდომები კანონის იმპლემენტაციისას.
  5. ვენეციის კომისია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გადახედოს კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“ ამ პრინციპების გათვალისწინებით.

2017 წელს ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა უნგრული კანონიც, თუმცა უნგრეთის პარლამენტმა ის მაინც მიიღო – კანონი საზღვარგარეთიდან მხარდაჭერილი ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ, რაც ეხმაურებოდა რუსეთის 2012 წლის კანონს „უცხოეთის აგენტებზე“.

უნგრული კანონი ევროკომისიამ გაასაჩივრა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში. სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არასამთავრობოების უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ „ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას“.