სტატია ციკლიდან – „ეროვნული ევროპულია”
მე-19 საუკუნეში, როდესაც თანამედროვე ქართველი ერის ფორმირება მიმდინარეობდა, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხურ თემთან კონტაქტი და კონფრონტაცია იყო მნიშვნელოვანი სტიმული ეროვნული კონსოლიდაციისთვის. ქართველი ავტორები ყურადღებას ამახვილებდნენ ერთი მხრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკური მეტოქეობაზე და, მეორე მხრივ, ისტორიული კავშირებზე, კულტურულ ურთიერთგაცვლასა და ურთიერთთანამშრომლობაზე.
ამ სტატიაში შევეხებით მხოლოდ იმ მოსაზრებებს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ქართველებისა და სომხების თანამშრომლობაზე, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე.
იაკობ გოგებაშვილმა წერილში „ქართლი” განიხილა ქართველებსა და სომხებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება. სტატიის დედააზრია ის, რომ ქართველებისა და სომხების ურთიერთდამოკიდებულება არასწორადაა აღქმული. იაკობ გოგებაშვილის აზრით, ქართველებისა და სომხების ურთიერთობას ახასიათებდნენ ანტაგონიზმისა და ურთიერსიძულვილის ცნებებით, მაშინ როცა საპირისპიროს მადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობდა. მწერლის აზრით, ურთიერთმტრობის ნარატივებს კი პოლიტიკური სარჩული ჰქონდა.
იაკობ გოგებაშვილი ამავდროულად აკრიტიკებს თბილისელი სომხების ინტელიგენციის ნაწილს, რადგან მათ ხელოვნურად შექმნეს პირობები, რომლითაც ცდილობენ მტრობა და ანტაგონიზმი დაეთესათ ქართველებსა და სომხებს შორის. მაშინ როდესაც, ისტორიულად ქართველებსა და სომხებს კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთის პატივისცემით გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. იმდენად ძლიერი იყო ქართველებსა და სომხებს შორის პატივისცემა, რომ ქართულ სოფლებში მცხოვრებთა ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია.
„ქართველებს და სომხებს შორის არა თუ არ არსებობს არავითარი ანტაგონიზმი, არამედ მათ შორის არსებობს უაღრესად სიმტკიცე, უაღრესად გულითადი ძმური ურთიერთობა”, – წერდა იაკობ გოგებაშვილი.
იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავდა, რომ სომხები ქართლის ბევრ სოფელში შეადგენენ მნიშვნელოვან უმცირესობას. ქართველებსა და სომხებს შორის რომ ყოფილიყო ანტაგონიზმი, მაშინ ისინი ადვილად შექმნიდნენ ჩაკეტილ ჯგუფებს და განცალკევდებოდნენ ქართველებისგან.
„ისინი ხასიათით, ზნე-ჩვეულებებით, ერთი სიტყვით, ცხოვრების მთელი წყობით გრძნობენ ახლო ნათესაობას იმ გარემოსთან, რომელშიც დიდი ხანია მოხვდნენ კაპრიზი ბედის წყალობით; მათ უარყვეს მექანიკური თანაცხოვრება ქართველ ხალხთან, გააბეს უმჭიდროვესი ზნეობრივი კავშირი და შექმნეს მათთან ერთი ორგანული მთლიანობა. ქართლელი სომხებისთვის ძნელი არ იქნებოდა სრულად ხელუხლებლად შეენარჩუნებინათ ყველა თავიანთი ნაციონალური თავისებურებანი, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ქართველ ეროვნებათა ნათესაობისა და ძმობის შეგნება, რომ მათ არა მარტო სოფლად, არამედ სამაზრო ქალაქებშიც ქართული ენა გაიხადეს სიტყვიერ იარაღად, თავიანთ ყოველ დღიურ ურთიერთობაში სომხები და ქართველები ერთმანეთისაგან თავს არაფრით ანსხვავებენ”.
შეთანხმებულობის ეს სულისკვეთება, ავტორის აზრით, ყველაზე ცხადად ჩანდა სოფლის საზოგადოებრივ თანამდებობებზე არჩევნების დროს. ქართლში არ გაგონილა სომეხთა და ქართველთა პარტიების დაყოფა არჩევნების წინ. ესეთი დაყოფა რომ ყოფილიყო, სოფლებში, სადაც ისინი უმცირესობას შეადგენდნენ მამასახლისებად სომხებს ვერსად ვერ აირჩევდნენ. ქართველებისა და სომხების ურთიერთპატივისცემა განსაკუთრებით საგულისხმოდ მიაჩნდა იაკობ გოგებაშვილს რელიგიურ საკითხში, იმის მიუხედავად, რომ ქართველებიც და სომხებიც დიდად მორწმუნე ხალხი იყვნენ.
„…თითქოს ყველა პირობა არსებობს რელიგიური განცალკევებულობისა და რელიგიური მტრობისთვის, მაგრამ ეროვნული სულისკვეთების ნათესობა იმდენად ძლიერია, რომ მან სრულიად გააქარწყლა რელიგიური განსხვავების შეგნების გავლენა და ორივე ეროვნების თვით რელიგიურ ცხოვრებაშიც კი თანხმობა და ერთობა შეიტანა”.
იაკობ გოგებაშვილისთვის შთამაგონებელია ის, რომ სომხები ქართველებთან ერთად დადიან ეკლესიებში, ემთხვევიან ქართულ მართლმადიდებლურ ხატებს, უნათლავენ ერთმანეთს ბავშვებს, ესწრებიან პარაკლისსა და წირვას, იცხებენ მირონს. ქართველებთან ერთად მიდიან შორეულ ეკლესიებში დღესასწაულების მოსალოცად და სხვებთან ერთად ზეიმობენ.
გოგებაშვილი მოგვითხრობს ისტორიულად დამკვიდრებულ ტრადიციას, რომ მღვდელი, რომელიც მომაკვდავ სომეხს უარს ეტყოდა ზიარებაზე სარწმუნოების სხვადასხვაობის გამო, თავისი მრევლისგან დიდ გულისწყრომას დაიმსახურებდა. სომხების პატივისცემა და „რელიგიური თავაზიანობა” იმდენად შორს მიდიოდა, რომ სოფლად მცხოვრები სომეხი მართლმადიდებლები ქართველების პატივისცემის გამო აღდგომის წინა დღის მარხვას არ ახსნილებდნენ, სანამ მეორე დილითვის ქართველი მართლმადიდებლებისთვისაც არ გახსნილდებოდა.
იაკობ გოგებაშვილს მიაჩნდა, რომ ქართველებისა და სომხების კეთილგანწყობილი ურთიერთობა დემოგრაფიული ფაქტორით – ქართლის სოფლებში გაფანტულად ცხოვრებით, არ იყო განპირობებული. ანალოგიური განწყობილება სუფევდა მჭიდრო დასახლებებში, ქალაქში მცხოვრებ ქართველებსა და სომხებს შორის.
მაგალითად, ქართველ და სომეხ მოქალაქებს შორის სუფევდა თანხმობა, ძმობა, კეთილმეზობლობა, ხშირი საქორწინო და ნათესაური ურთიერთობის გაბმა, სოლიდარობა ამქართა არჩევნების დროს, სომხური და ქართული პარტიების დაყოფის არარსებობა.
ქალაქელი სომხები ისეთსავე პატივს სცემდნენ ქართულ ეკლესიებს, როგორც ქართველები – სომხებისას. ისინი ისევე დადიოდნენ მოსალოცად ქართულ ეკლესიებში, როგორც ქართველები – სომხურ ეკლესიაში. მაგალითად, თბილისის სამხრეთ გარეუბანში მდებარე სურბ კარაპეტის სომხურ ეკლესიას ქართველები დიდი პატივს სცემდნენ და მრავალი ქართველი ესწრებოდა ამ ეკლესიაში გამართულ სახალხო ზეიმს.
იაკობ გოგებაშვილის მოსაზრებების მიხედვით, ქართველებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველს საერთო ისტორია ქმნიდა. კერძოდ, ქრისტიანობის ერთდროულად მიღება, ერთიანი ბრძოლა მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ, საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში მცხოვრები სომხები იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს სამეფო კარზე, შესაბამისად არ ასებობდა უნდობლობა მათ მიმართ, ხელისუფალნი სომხებს არ ასხვავებდნენ ქართველებისგან. ქართველების კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სომხებიც საქართველოს ერთგულებით პასუხობდნენ.
„სომეხთა რელიგია, ენა, ეროვნულობა, ხელშეუხებელი ხდება და არავის თავში არ მოსდის ველური და სასტიკი აზრი – წაართვან მათ ეროვნული თავისებურებანი, გაუპიროვნონ და გააქართველონ ისინი… სწორედ ამ ძმური ურთიერთობით, რომელიც დამკვიდრდა თანასწორუფლებიანობის ბრძნული პოლიტიკის გამო, აიხსნება სხვათა შორის, ის საკვირველი ფაქტი, რომ პატარა საქართველომ შეძლო გმირული ბრძოლის ატანა მრავალრიცხოვანი მტრების წინააღმდეგ მთელ რიგ საუკუნეთა მანძილზე…”.
იაკობ გოგებაშვილი ასკვნის, რომ მტრობა სომხებსა და ქართველებს შორის მოგონილი ფაქტი იყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სინამდვილეს. ამ მცდარი შეხედულების საფუძვლად იაკობ გოგებაშვილი ეკონომიკურ ფაქტორს ასახელებდა. სომხების გარკვეულმა ნაწილმა შეადგინა კულაკ-მრეწველთა კლასი, რომელმაც გლეხებისა და მშრომელების ექსპლუატაციას მიჰყო ხელი. ქართველ მშრომელ ხალხს ვაჭრები სძულდათ განურჩევლად მათი ეროვნებისა. ეს სიძულვილი უმეცრებით მთელ სომხებზე გავრცელდა და დაივიწყეს ის ათასობით ფაქტი, რომლებიც ორი ერის ძმობისა და ერთიანობის სულისკვეთებას მოწმობდა. გოგებაშვილი იმედოვნებდა, რომ ანტაგონიზმის მცირე გამონაკლისები სომხებსა და ქართველებს შორის ძმურ ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა.
მე-19 საუკუნის ინტელექტუალური აზრისთვის სომხებსა და ქართველებს შორის კეთილგანწყობას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომაც ისინი უპასუხოდ არ ტოვებდნენ დისკუსიას, რომელიც ორ ერს შორის არსებულ განყობებს ეხებოდა.
წერილით „ცილისწამება ქართველებზე”, იაკობ გოგებაშვილი ილაშქრებს „ცნობის ფურცელში” დაბეჭდილი სტატიის წინააღმდეგ, სადაც განხილულია ქართველების სიძულვილი სომხების მიმართ. ქართველებისთვის სომხების მიმართ სიძულვილის დაბრალება ცილისწამებაა, რადგან ქართველები ხშირად უდიერად მოქცევიან ერთმანეთს, მაგრამ სხვა ტომის ხალხებს ხათრითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ, წერდა იაკობ გოგებაშვილი. სხვების მიმართ ხათრით განწყობილი ქართველები, ასევე ხათრს იღებდნენ სხვა ჯგუფების მხრიდან, რადგან სომხები, ებრაელები და თვით აზერბაიჯანლები საქართველოს ერთგული იყვნენ.
„ეს ერთგულება ლიტონი, უბრალო როდი იყო, მას აზავებდა, ამკობდა იმისთანა ნაზი გრძნობა, როგორც სიმპატია, გულითადი თანაგრძნობა, მეგობრული განწყობილება”, – წერდა იაკობ გოგებაშვილი.
გოგებაშვილი განაწყენებულია „ცნობის ფურცელზე” რადგანაც მსგავსი სტატიების გამოქვეყნება ანგრევს კავკასიაში მცხოვრებ ერებს შორის მეგობრობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების რწმენას და ნარატივებს, ძირს უთხრის სამომავლო მშვიდობას კავკასიაში.
„ეს უტყუარი სიმპატია კავკასიონის ხალხებისა ჩვენდამი, უძვირფასეს თანხას შეადგენს”, – აცხადებდა იაკობ გოგებაშვილი.
სომხებისადმი თანაგრძნობით განმსჭვალულ დამოკიდებულებაზე საინტერესო წარმოდგენას გვიქმნის ვასილი ველიჩკოსადმი მიძღვნილი ნეკროლოგი „მოყვარე თუ მტერი?”. ვასილი ველიჩკო იყო რუსი მწერალი, სახელმწიფო მოღვაწე, რედაქტორობდა რუსულენოვან გაზეთს „კავკაზი”.
იმის მიუხედავად, რომ ვასილი ველიჩკო ქართველებისადმი სიმპათიით იყო განმსჭვალული და მათ რუსეთის იმპერიისადმი ლოიალურად განწყობილ ერად მიიჩნევდა, იაკობ გოგებაშვილს ველიჩკო სასარგებლო, თუმცა უარყოფით პიროვნებად ჰყავს წარმოჩენილი.
ველიჩკოს რომანი „უდავი” მკითხველში აჩენდა და აძლიერებდა კეთილგანწყობას ქართველებისადმი, თუმცა „ამ ფრიად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს და ასუსტებს მხოლოდ უსაზღვრო სიბოროტე და სიძულვილი სომეხთადმი, რომლითაც გაჟღენთილია ეს რომანი”, – წერდა იაკობ გოგებაშვილი.
„რეპრესიული პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა ელემენტარულს კაცთ-მოყვარეობას, და მერმე უფრო იმიტომ რომ რეპრესია გადამდები სენია სახადისავით, ხორელასა და შავი ჭირივით, თუ იგი დღეს დაატყდება თავს შენს მეზობელ ხალხს, ხვალ ჩვენც მოგვადგება აუცილებლივ და ჩაგვიმწარებს სიცოცხლესა”.
გოგებაშვილის დახასიათებით, ველიჩკო იყო რეტროგრადი – მტრულად ეკიდებოდა ალექსანდრე მეორის ლიბერალურ რეფორმებს, მხარს არ უჭერდა საქართველოში თვითმმართველობებისა და ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შემოღებას; ასევე, მეზობელი სომხების წინააღმდეგ რეპრესიების გამოყენებას უჭერდა მხარს. ველიჩკო დენაციონალიზაციის და ყველა ერის რუსეთთან ასიმილაციის მიმდევარი იყო. ქართველ პედაგოგს კი სწამდა, რომ დენაციონალიზაცია ერის დემორალიზაციას, გახრწნას მოასწავებდა ვისაც არ უნდა შეხებოდა ის.