როცა გაუაზრებელი სინამდვილე უკან მობრუნდება

არ ვიცი, ინერციის ძალით თუ არ ვიცი, ერთმანეთის წამხედურობით, კრიტიკოსები დრამატურგიას თანამედროვე ქართული ლიტერატურის ყველაზე განუვითარებელ ჟანრად მიიჩნევენ. მე ასე არ მგონია, რადგან მეოცე საუკუნის დამდეგიდან მოყოლებული, მაშინ, როცა მეცხრამეტე საუკუნეში დაწყებულმა ძიებებმა ფრთა გაშალა და გამოხატვის ახალ-ახალი კალაპოტები გაჭრა, ქართული პიესა განვითარების რამდენიმე მწვერვალზე ავიდა.

უკანასკნელ ხანსაც არაერთი ნიჭიერი დრამატურგი მოღვაწეობს, რომელთა პიესებითაც, ვფიქრობ, თავს მოიწონებს ნებისმიერი ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანი ერის ლიტერატურა.

ის კი მართალია, რომ ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოში ბევრი დრამატურგი არ გვყავს და, ჟანრის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ალბათ ვერც სამომავლოდ გვეყოლება.

ამიტომ, საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დრამატურგიის განვითარებასა და წახალისებას, რადგან ქართული სულიერება, სხვა რამდენიმე სფეროსთან ერთად, თეატრმაც გადაარჩინა. თეატრის ხერხემალს კი სწორედ დრამატურგია, პიესა წარმოადგენს.

ამ ყურადღების გამოხატულება, რასაკვირველია, უნდა იყოს ლიტერატურული კონკურსები და მათ შორის, „საბა“, სადაც წლის საუკეთესო პიესა ცალკე ნომინაციადაა და რა სასიხარულოა, რომ წლების განმავლობაში უამრავი დრამატურგის სახელის აღმოჩენა სწორედ „საბას“ უკავშირდება, თუმცა რამდენიმე წლის მანძილზე დრამატურგიის ნომინაციის ხან საერთოდ გაუქმებამ და ხან მოკლე სიის გამოცხადებამ, მაგრამ იქიდან გამარჯვებული პიესის ვერ თუ პრინციპულად არ გამოვლენამ, ჩემი აზრით, კონკურსს სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ეს პრობლემა ცალკე და სერიოზული განსახილველია, უბრალოდ რაკი დრამატურგიის ნომინაციას ვაფასებ, მისთვის გვერდის ავლა და წაყრუება არ შემეძლო.

აქ კი მხოლოდ იმას დავსძენ, რომ მიხარია, წელს მაინც რომ ჰყავს დრამატურგიის ნომინაციას გამარჯვებული და თანაც ეს გამარჯვებული მართლაც ყოველმხრივ ღირსეული, ლიტერატურულადაც და თეატრალურადაც გამართული, მნიშვნელოვანი პიესაა.

თემატური თვალსაზრისით, საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ წლევანდელი მოკლე სიის ორივე პიესა კოლხი მედეას თემას ეძღვნებოდა. საგულისხმოა, რომ ადამიანებს, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში, დღემდე აღელვებთ მედეას ამბავი და მას განსაკუთრებით – დრამატურგები „სწყალობენ.“

პაატა ციკოლიას პიესაში – „მედეა. s.01.e.06” – კოლხი მედეას მითი მხოლოდ გარკვეული ფონია დღევანდელი საქართველოს სინამდვილის გადმოსაცემად. ბერძნული წყარო ავთენტიკური შინაარსით მხოლოდ შუა პიესაში შემოდის, როცა 8 თავში საავტორო რეპლიკების სახით თეზისურად მოთხრობილია მთელი არგონავტების მითი და ძირითადი ტექსტიდან თითქოს უცნაურად ამოვარდნილი ეს რეპლიკები, სინამდვილეში ქმნის პაატა ციკოლიას პიესის ნამდვილ კონტრასტსა თუ კონფლიქტს: ამ კონფლიქტში ერთმანეთს უპირისპირდებიან არა ამბის განვითარების შედეგად სხვადასხვა მორალურ პოზიციაზე აღმოჩენილი პერსონაჟები, არამედ თვითონ ნარატივი უპირისპირდება საკუთარი განვითარების პერსპექტივებს; ამბავი თავისავე განშტოებებს, რაკიღა თავის თავში ატარებს წინააღმდეგობას და იგი სრულიად განსხვავებულად შეიძლება იქნეს მოთხრობილი. და არამხოლოდ სხვადასხვა პერსონაჟის მიერ განსხვავებულად დანახული რეალიების მეშვეობით, არამედ თავად ამბის განვითარების სხვადასხვაგვარი პერსპექტივით.

თუმცა განვითარება თითქოს რა შუაში უნდა იყოს, როცა ამბავი უკვე კარგა ხნის (ავტორეული მინიშნებით – უკვე 40 წლის) დასრულებულია.

მე კი არც ეს მინიშნება – 40 წელი – მგონია შემთხვევითი, რადგან ამან, ერთი მხრივ, მოსეს მსხემობა გამახსენა უდაბნოში და, როგორც ჩანს ყოველგვარი მოგზაურობისათვის, თუნდაც ხომალდით გაქცევისთვის მომავლის ანუ საკუთარი თავისა და ბედისწერის საძიებლად, 40 წელი მართლა რაღაც მითოლოგიური მიჯნის ალეგორიაა და, მეორე მხრივ, აფხაზეთის კონფლიქტისა და დაცემის მტკივნეული გამოცდილება მომაგონა, იმის მიუხედავად, რომ პაატა ციკოლიას პიესაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი აფხაზეთზე.

მაგრამ კოლხეთში მდგარი სასტუმრო, რომელიც გვამებითაა მოფენილი, ხოლო აივნებიდან ნაწლავებგადმოყრილი და პირში საკუთარ გენიტალიებჩაჩრილი მამაკაცები არიან გადმოკიდებულნი, რატომღაც, ყველა ომისა და განსაკუთრებით, 30 წლის წინანდელი აფხაზური ხოცვა-ჟლეტვის სასტიკ მეტაფორად მომეჩვენა.

თანამედროვეობასთან მითოსის კავშირი კი პაატა ციკოლიას ცოტა გაცვეთილი, – უფრო კორექტულად რომ ვთქვა, აპრობირებული – ხერხითა აქვს გადმოცემული: მონასტერში გამოკეტილი სამეფო სახლეულის ქალები, თვითონ მედეა და მისი დები, მობილურებით რომ იღებენ გარემომცველ სინამდვილეს და მერე ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში აზიარებენ. ემესიჯებიან საყვარელ ბიჭებს და მათთან ვირტუალური სექსი აქვთ, ხოლო როცა სინამდვილე, წესრიგის დამყარების მიზნითა და საბაბით, მათ სივრცეში იჭრება და მათზე ძალადობს, მოძალადეების გასაკვირად, ისინი ქალწულები აღმოჩნდებიან.

მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის პაატა ციკოლიას პიესის მთავარი სათქმელიცა და მისი ცენტრალური მეტაფორაცა თუ იგავიც: თანამედროვე სამყარო, რომელმაც ანტიკური ხორციელების სინამდვილე უკან მოიტოვა, მონასტერში შეიკეტა და იდეათა სამყაროდან ვირტუალურად აგრძელებს კავშირს ანტიკურობასთან, სული ვერ სწყდება სხეულს და ეს ხდება ადამიანის ფსიქიკური რყევების უმთავრესი საფუძველი. ამას პირობითად შეგვიძლია მითოსის აუთვისებლობა დავარქვათ და მითოსში მაინცდამაინც ბერძნული მითოლოგია არ იგულისხმება: აქ თავს იყრის ყველაფერი, რისი გააზრებაც, რისი მოშინაურებაც და თვალებში ჩახედვაც გვევალებოდა და ეს ვერ მოვახერხეთ – ვერც ამა თუ იმ ადამიანმა და ვერც მთლიანად საზოგადოებამ. გაუაზრებელი, აუთვისებელი სინამდვილე კი დაუნდობლად იძიებს შურს ჩვენზე, როცა უკან ფობიების, შიშებისა და აქედან შობილი საკუთარი თუ სხვისი სისასტიკის სახით ჩვენთან მობრუნდება.

ეს იდეა პიესაში ექსპრესიულად არის გაშლილი და ხშირად ერთი პატარა რეპლიკა იმდენ ქვეტექსტს მოიყოლებს, რომ მკითხველმა და მაყურებელმა თვითონ უნდა გაშალოს ამ რეპლიკაში ჩაწნეხილი მთელი დრამატიზმი.

თუმცა, ჩემი დაკვირვებით, პაატა ციკოლიას პიესა, მაინც „თეატრალური“, სცენის სპეციფიკას მორგებული პიესაა და არა – ლიტერატურული ნიმუში. ამას ბევრი მიიჩნევს ზოგადად პიესის ღირსებად, რადგან სიტყვა თეატრში (რეჟისორისათვის) ერთგვარი დანამატია, რომელსაც ეგებ დეკორაციაზე დიდი ფუნქცია სრულებითაც არ უნდა ეკისრებოდეს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, საჭიროა მოიძებნოს და ზოგჯერ იძებნება ხოლმე რაღაცნაირი ოქროს შუალედი, როცა ლიტერატურული ტექსტი გვევლინება, როგორც დრამატურგიული დინამიზმის მთავარი მახასიათებელი თუ განმსაზღვრელი.