ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი: უმაყურებლო დარბაზები, ონლაინ ვნებები და აღმოჩენილი ქართველი რეჟისორი -ალექსანდრე კობერიძე
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 2021 წელს, კორონავირუსისა და პანდემიის პირობებში, მხოლოდ ონლაინრეჟიმში ჩატარდა, ჩვენთვის უმთავრესი მიზეზის გამო საინტერესოც იყო და მნიშვნელოვანიც: 1993 წლის შემდეგ, როდესაც თემურ ბაბლუანის „უძინართა მზემ“ ბერლინალეზე „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ფილმი საკონკურსო პროგრამაში უჩვენეს.
ჟიურის წევრებმა ცარიელ საფესტივალო დარბაზში ნახეს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“, რომელსაც მრავალრიცხოვან კრიტიკოსთა აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა. „პუბლიკამ“ უკვე გამოაქვეყნა საერთაშორისო პრესის მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც, ქართველი რეჟისორის ფილმი „ოქროს დათვის“ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდა… თუმცა საბოლოდ, მას მხოლოდ კინოკრიტიკოსთა პრიზი – „ფიპრესი“ გადაეცა, რაც კრიტიკოსთა აზრით, გარკვეული თვალსაზრისით უსამართლობა იყო. თუმცა „ოქრო-ვერცხლის დათვებზე“ ქვემოთ.
აღსანიშნავია, რომ ბერლინალეს საფესტივალო სექციაში „ფორუმი“ უჩვენეს კიდევ ერთი ქართული ფილმი – რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტური ნამუშევარი – „მოთვინიერება“.
ალექსანდრე კობერიძე გერმანიის კინოსა და ტელევიზიის სკოლის (dffb) კურსდამთავრებულია. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი – „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში უჩვენეს და გერმანელ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზით დააჯილდოვეს. მობილური ტელეფონით გადაღებული, ლამის 3-საათიანი ფილმი სრულიად უჩვეულოა ქართული კინოს ისტორიაში. ფილმი მოგვიანებით თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს, თუმცა კრიტიკოსთა და ნაცნობთა წრეს, რატომღაც, ვერ გასცდა…
ბერლინის 71-ე კინოფესტივალი პანდემიის გამო ორ ეტაპად გაიყო. 1-დან 5 მარტის ჩათვლით საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმებს („პანორამა“. „ფორუმი“ „პერსპექტივა“) ონლაინ უჩვენებდნენ, ძირითადად, საერთაშორისო პრესისა და ასევე, ონლაინ ინდუსტრიული შეხვედრების გათვალისწინებით. ზაფხულში (9-20 ივნისს) კი დაგეგმილია საფესტივალო ფილმების საჯარო ჩვენება, ანუ ფესტივალის მეორე ნაწილი. ცხადია, ისევ გერმანიის დედაქალაქში… ყოველგვარი წითელი ხალიჩებისა და გალა-ღონისძიებების გარეშე. საკონკურსო თუ არასაკონკურსო ფილმებს ივნისში კინოდარბაზებში უჩვენებენ (ცხადია, თუ ვითარება შეიცვლება და დარბაზები გაიხსნება).
მარტში არ გამართულა საზეიმო ცერემონია და საზეიმო ღონისძიებები. რაც მთავარია, ფილმებს არ ესწრებოდა მაყურებელი, რომელიც უკვე წლებია საღამოს კაბებს, წითელ ხალიჩასა და VIP-სტუმრებსაა დახარბებული. ამის გარეშე კი „ბერლინალე პალასტი“ (სადაც საკონკურსო ფილმებს უჩვენებენ) და თავად „მალენ დიტრიხ პლატცი“ – ფესტივალის ეპიცენტრი, სრულად უჩვეულოდ და დაცარიელებულად გამოიყურებოდა.
კინოფესტივალები, ზოგადად, მაინც ვარსკვლავებს, მათ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟსა და საპრიზო ინტრიგებს უკავშირდება, რაც შემდგომში ეხმარება კიდეც ფილმების სარეკლამო ღონისძიებებს. არ აქვს მნიშვნელობა, ის ინოვაციურია, კომერციაზე გათვლილი თუ არტჰაუზულ-პრეტენზიული. წითელი ხალიჩის, აჟიოტაჟის, ცნობილი სახეებისა და პაპარაცების გარეშე ყველაზე მნიშვნელოვანი კინემატოგრაფიული აღმოჩენებიც კი სარისკოა. მეტიც, ჯერჯერობით, არავინ იცის, როგორ წარიმართება ფესტივალების შემდგომ პერიოდში ფილმების დისტრიბუცია. ჰოლივუდიც კი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, აღარაფერს ვამბობთ საავტორო კინემატოგრაფზე, რომელიც კიდევ უფრო დაუცველია.
2021 წელს უჩვეულო იყო ბერლინალეს ჟიურის შემადგენლობაც. საკონკურსო პროგრამას აფასებდა ექვსკაციანი ჟიური, რომელიც მხოლოდ ბერლინის ფესტივალზე წინა წლებში გამარჯვებული რეჟისორებისგან შედგებოდა… კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მთავარ კონკურსში მხოლოდ 15 ფილმი მონაწილეობდა, რომელთა შორის არცერთი ამერიკული არ ყოფილა.
ახლა ფავორიტი ფილმებისა და რეჟისორების შესახებ – პირველ რიგში ასახელებდნენ თანამედროვე კორეული კინოს ლიდერის, ჰონ სან სუს ფილმს „შესავალი“. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბერლინის კინოფესტივალზე მისი დახვეწილი ფილმი „ქალი, რომელიც გაიქცა „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა. კორეელი რეჟისორის ახალი ნამუშევარი მაგიური გამოსახულებითა და განსაკუთრებული პოეტური ენით გამოირჩევა. თუმცა, როგორც ჩანს ჟიურის წევრებზე მან განსაკუთრებული შთაბეჭდილება მაინც ვერ მოახდინა.
„ოქროს დათვის“ პრეტენდენტებს შორის აგრეთვე მოიაზრებდნენ: ფრანგი რეჟისორის, სელინ სიამას მოულოდნელი სიუჟეტითა და მძაფრი სოციალურობით გამორჩეულ ფილმს „პატარა დედა“; „უნგრელი რეჟისორის, ბენს ფლიგაუფის ექსპერიმენტული სულისკვეთებით აღსავსე ნამუშევარს „ტყე – მე ყველგან გხედავ“ და ბოლო წლების საერთაშორისო კინოფესტივალის ფავორიტს, რუმინელ რადუ ჟუდეს. მის ახალ ფილმში სახელწოდებით „უხერხული ჟიმაობა, ანუ გიჟური პორნო“ პროვოკაციულ, სატირულ და სექსუალურ ფანტაზიებს თითქოს ზღვარი არა აქვს….
თუმცა კრიტიკოსთა მოსაზრებები ჟიურის მზერას მხოლოდ ნაწილობრივ დაემთხვა. ჟიურის გადაწყვეტილებით, მთავარი პრიზი – „ოქროს დათვი“ რადუ ჟუდეს ფილმს გადაეცა. ასე რომ, ბერლინალემ პანდემიის ჟამს პორნო-დააფასა. ჟიურის დიდი პრიზი გადაეცა ასევე გამორჩეულ იაპონელ რეჟისორს რიუსუკე ჰამაგუტის ფილმისათვის „ბედის ბორბალი“. პრიზი რეჟისურისათვის და „ვერცხლის დათვი“ კი გერმანელმა რეჟისორმა მარიტ შპეტმა დაიმსახურა ოთხსაათიანი დოკუმენტური ნამუშევრისათვის „ბატონი ბახმანი და მისი კლასი“.
გარკვეული მოლოდინებისა და იმედგაცრუების მიუხედავად, ქართული კინოს წარმატება ბერლინის 71-ე კინოფესტივალზე სრულიად აშკარაა. ეს არამხოლოდ ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში დაბრუნებას უკავშირდება, არამედ ახალგაზრდა თაობის რეჟისორებს, რომელთა იდეები, სათქმელი, მზერა გამორჩეულია. მთავარია რას დავინახავთ ახლებურს მათ ახალ კინემატოგრაფიულ ზეცაში.