როცა შენს სოფელში კარანტინი მთავრდება

26 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტში სემესტრი უკვე დაწყებული გვქონდა,  ქვეყანაში  კოვიდ-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.   ეპიდემიოლოგიური  სამსახურის რეკომენდაციისამებრ, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ორკვირიანი  არდადეგები გამოაცხადა.

ჩინეთში, იტალიასა და ესპანეთში უკვე შემაშფოთებელი  ვითარება იყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც დაავადების გავრცელება პანდემიად შეაფასა, თუმცა ხომ ვიცით ხოლმე თქმა, სხვისი ჭირიო…  სანამ რამე შენთან ახლოს არ მოვა, მაინც ვერ გრძნობ რეალურ საშიშროებას.  პირველი შემთხვევაც რომ გამოჩნდა, ჯერ მაინც მეშორა, თუმცა ჩემგან რა გასაკვირი იყო, მედიკოსების დიდ ნაწილსაც კი  პანდემიის მთელი სირთულე ბოლომდე არ ჰქონდა გაცნობიერებული… ალბათ, ამიტომაც სხვაგანაც და ჩვენთანაც დაავადებულთა დიდი წილი სწორედ სხვადასხვა რგოლის სამედიცინო პერსონალი აღმოჩნდა.

უნდა ვაღიარო, მოულოდნელი არდადეგები გამიხარდა კიდეც.   მაშინ ჯერ არ იყო ის დადგენილება, სამ კაცზე მეტის მგზავრობა რომ იკრძალებოდა: ოჯახი ჩავსხედით მანქანაში  და ერთი კვირით სოფელს მივაშურეთ. მანამდე თებერვალში სიცივის გამო  ერთად წასვლა ვერც შევძელით.

***

ჩემი სოფელი ბოლნისშია, ხატისოფელი ჰქვია… შემდეგ ამ სოფლის სახელი საკმაოდ ხშირად ისმოდა ტელევიზიით. რამდენიმე დღე საინფორმაციო გამოშვევები ამ სოფლიდან წამოსული ამბებითაც იწყებოდა, ბოლნისი ხომ ერთ-ერთ მთავარ „კლასტერად“ იქცა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ,  ყველაზე მეტი დაავადებული სწორედ იქ იყო,  თუმცა ეს მერე იყო, აპრილის ბოლოსკენ…  მაშინ კი, მარტის პირველ კვირაში იქ არც ინტერნეტი გამხსენებია და არც ტელევიზორი.

ზამთარგამოვლილ ეზოს პატრონის ხელი სჭირდებოდა. ვშრომობდით, ჩემი პატარა დის შვილებიც კი.

„აი, ახლა მომწონს ჩემი ეზო“, – კმაყოფილი იყო დედა.

ერთ კვირაში წამოვედით. სამსახურებში უნდა მივსულიყავით.  უნივერსიტეტიდან დამირეკეს, სწავლის განახლებამდე იქნებ, ვიდეოლექციები ჩაწეროთო.

ერთი ამბავი კი გამომყვა: შაბათ დილას ეზოში ვსაქმიანობდით და ტაძრიდან ზარის რეკვის ხმა გავიგე.  სოფელში თბილისელი მოძღვარი მსახურებს და  შაბათობით ჩადის, თუმცა ყოველთვის ვერა.

„ახლა, სანამ მოვწესრიგდები, გამოვიცვლი, ტაძარში ავალ, წირვა დასრულდება კიდეც, – ვიფიქრე  – თან საქმესაც  სხვას ხომ ვერ შევატოვებ. მომავალ კვირას წავალ-მეთქი“, – მოვუძებნე თავს გამართლება.

12 მარტს წამოვედით. ვნახოთ, რა გაირკვევა და რამდენიმე დღეში უკან დავბრუნდეთო, ვამბობდით. ერთი წიგნი მგონი გადაშლილიც კი დამრჩა.

ორი დღის მერე დაბადების დღე მქონდა…  აკრძალვები ის-ის იყო, იწყებოდა: ოჯახი ვიყავით და ორიც მეგობარი.

სკოლებში ონლაინგაკვეთილები დაიწყო, უნივერსიტეტებში – საამისოდ მზადება.   ერთ-ერთ უნივერსიტეტში მომავალი ორი კვირისთვის ვიდეოლექციები ჩავწერეთ.

კვირას ან ორშაბათს ისევ წავიდეთო სოფელში, ვამბობდით…

23 მარტს, ღამის 00.30-ზე,  თითქმის ყველა სატელევიზიო არხმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ პრემიერ-მინისტრი ჩართო პირდაპირი ეთერში:

„22 მარტს მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ ხერხდება. ეს არის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი.

სავარაუდოდ, ინფიცირება მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს. უკვე დადგენილია 90-მდე საკონტაქტო პირი და ხვალიდან ეპიდემიოლოგები დაიწყებენ კარდაკარ შემოვლას, რათა, შეძლებისდაგვარად, სწრაფად დაიწყოს დაავადებულთა გამოვლენა.

ამ გამოწვევისთვის მაქსიმალურად ვართ მომზადებულნი, მაგრამ სიტუაცია რთულია და საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, – თქვა მაშინ გიორგი გახარიამ.

იზღუდებოდა მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იზღუდებოდა გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცხოვრებლები გადიოდნენ საკვები პროდუქტის ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

ჩერდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. იხურებოდა ყველა ობიექტი, გარდა საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისა.

იმ პერიოდში ქვეყანაში 54 ინფიცირებული გვყავდა, სტაციონარში იყო 233 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში კი – 3254.

***

21-23 მარტს აზერბაიჯანული თემი, რომელიც ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში უმრავლესობას შეადგენს, ტრადიციულად, ნავრუზ-ბაირამს აღნიშნავს. წელს სტუმრად სიარული ნაკლებად შეძლეს. იძულებულნი იყვნენ, ტრადიციისთვის ეღალატათ, თუმცა  ყველა სოფელშიც – არა.  სადღაც ვიღაც არც უყურებდა ქართულ არხებს და არც საგანგებო მდგომარეობის შესახებ იცოდა რამე. ქვეყანაში 21 მარტიდან  21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მერე 21 მაისამდე გაგრძელდა.

ახალ კორონავირუსს ერთი უცნაური თვისება აღმოაჩნდა: უმეტესად იმ ადამიანებს მოერია, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. კარგი კატალიზატორივით  ქვეყანაშიც ის დარგები დაგვანახა, სადაც ყველაზე დიდი პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი, უდავოდ, ეთნიკური უმცირესობების საკითხია. ბოლომდე გაუაზრებელმა ნაბიჯებმა, არასათანადო კომუნიკაციამ  ჯერ მარნეულში გამოიწვია დაძაბული ვითარება, მერე ერთ ბოლნისურ სოფელში – მუშევანში გართულდა საქმე.

ხელისუფლება გვიან დაფიქრდა, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფო ენას არ ფლობენ, ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდებინა.

 

***

მოკლედ, 23 მარტს  მოულოდნელად გადაგვეწყო გეგმები. იმ დღეს ვერც ნათლულთან მივედი. ექიმები უკვე მაქსიმალური იზოლაციისკენ მოგვიწოდებდნენ.

„თუ ჩახვალთ, იქ უნდა დარჩეთ, მერე ვეღარ გამოხვალთ“, – განგვიმარტეს მთავრობის ცხელ ხაზზე. ასაკის გამო, დედას ვერ წავიყვანდით.  ჩვენც ორ-ორი თუ წავიდოდით. „დარჩით სახლშიო“ და ჩვენც თბილისში დავრჩით.

სოფელში მარტის დასაწყისში რომ გამოვიკეტეთ ჭიშკარი, ისე დარჩა.

მერე იყო აღდგომა…  ეს იყო წელი, როდესაც, ნებით თუ უნებლიედ, სრული ისტერიკა ავტეხეთ:  წავსულიყავით თუ არა აღდგომა ღამეს ტაძარში. კომენდანტის საათიო, მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობაო, ერთი კოვზიო, – არ ცხრებოდა ერი…

ეს იყო წელი, როდესაც ჩემს სოფელში ვერ ჩატარდა სააღდგომო ლიტურგია და მარტის იმ შაბათის მერე არც მსახურება ყოფილა. ბოლნისის სიონშიც მრევლის გარეშე ჩატარდა წირვა.

ეს იყო წელი, როდესაც აღდგომის დღეებში ვერ გავედით მამის საფლავზე, თუმცა არა მხოლოდ ჩვენ, მთელი საქართველო იძულებული გახდა, ეღალატა ტრადიციისთვის…

მთავარია, ეპიდაფეთქება ავირიდეთ, ამ ეტაპზე მაინც…

სოციალური და ეკონომიკური ამბების რა გითხრათ, კორონავირუსმა აქაც კარგად დაგვანახა პრობლემები, მაგრამ ეპიდემიოლოგების წყალობით,  საბედნიეროდ,  ეპიდსიტუაცია მართეს.  თუნდაც ჩვენი სამეზობლოს სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, შედეგი ნამდვილად გვაქვს.

სიტუაცია იმართა ჩემს სოფელშიც, მიუხედავად იმისა, რომ იყო ვირუსზე დადებითი პასუხებიც: 90-ს გადაცილებული ადამიანიც და პატარა ბავშვებიც, ახალგაზრდებიც. სოფლის კლასტერში მოხვდა 12-მდე ადამიანი. სოფელი იზოლაციაში  იყო. ნაწილი კარანტინშიც გადაიყვანეს. იყო პანიკაც და  შეშფოთებული რეკვაც.

მაშინაც და ახლაც  კიდევ ერთია სირთულე – ხელისუფლების გადაწყვეტილებების ნაკლები გამჭვირვალობა და ბუნდოვანება.  ვინ რას რატომ იღებს. თუმცა ეს სხვა საკითხია.

***

ორი თვე და ათი დღე გავიდა.

„იქ მაინც ვიყოთ, – არაერთხელ თქვა ამ პერიოდში დედამ – ნეტავ, რა ხდება ჩვენს ეზოში“.

ახლა მინდა,  მადლობა გადავუხადო ახლობლებს:

„ვენახზე არ იდარდოთ, – გვეუბნებოდა ვაჟა, – მალე წამლობას ვიწყებთ“.

თემურმა ხეივანი გასხლა, ნინომ ჯონჯოლი დაკრიფა, ნანამ – სამურაბე ვარდი. გურამი რწყავდა ხეხილს.

„გუშინ ლევანი იყო და ეზო გათიბა“, – გვეუბნებოდნენ.

„თუ მარწყვი წამოვიდა, არ გააფუჭოთ, აჭამეთ ბავშვებს“, – აქეთ სთხოვდა დედა.

***

„გიორგობას ხომ ჩამოხვალთ სოფელშიო“, – მკითხა ერთხელ სოფლის მოძღვარმა, მამა დავითმა.

„მაისში კახში, ქურმუხში მივდივარ-მეთქი“, – ვუპასუხე მაშინ. წელს, ცხადია,  ვერც ქურმუხში წავედი…. მე კი არა, მამა პეტრეც ვერ გადავიდა საზღვარზე და, ცხადია, ვერც წირვა-ლოცვა ჩატარდა.

თურმე, რა რთულია, როცა შენს სახლში, შენს სოფელში ვერ ჩადიხარ, შენი სახლი გამოკეტილია…

ადრეც მესმოდა, მაგრამ ახლა უკეთ მესმის დევნილების….

ჰოდა, ამ ბლოგის წერა რომ დავიწყე, გამიჭირდა, თავიდან ასე ერქვა: „როცა შენი სოფლის გზა დაკეტილია“.  გუშინ საღამოს  შემეცვალა სათაური…

„სოფლის გზა გაიხსნა“, – მომწერა წეღან სიძემ. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლნისში კარანტინი მოხსნილია, ამ ეტაპზე მხოლოდ მუშევანსა და გეტაში გრძელდება ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები.