როგორ დაეხმარება მოსწავლეებსა და პედაგოგებს კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები

პუბლიკა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი სასწავლო სემესტრი სკოლებში დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა. სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველეყოთ მშობელთა ჩართულობით მოსწავლეებთან კომუნიკაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

შექმნილმა მდგომარეობამ განათლების სისტემა, მასწავლებლები და მოსწავლეები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. ერთი მხრივ, ცხადად გამოჩნდა, როგორც სასწავლო ონლაინრესურსების სიმწირე, მეორე მხრივ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ამ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი, რაც გამოწვეული იყო როგორც სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობით, ისე ინტერნეტზე წვდომის პრობლემით, განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლის სკოლების შემთხვევაში.

შექმნილ რეალობაში როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესის გამარტივების მიზნით განათლების სამინისტროს, განათლების კოალიციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით, მომზადდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორთა განმარტებით, ონლაინსაგანმანათლებო რესურსების შექმნას ითვალისწინებს, როგორც ზოგადი განათლების, ასევე სკოლამდელი განათლების მიმართულებით.

კერძოდ, „iსკოლის“ ფარგლებში I-XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის იქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებული სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების მიხედვით. ვებგვერდზე el.ge კვირაში ერთხელ განთავსდება მასალები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. სკოლამდელი განათლების მიმართულებით კი რეკომენდაციებისა და აქტივობების კრებულს ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლებს სატელევიზიო ფორმატში შესთავაზებენ, როგორც დამხმარე რესურსს, რათა მათ სახლში გააგრძელონ შვილების აღზრდა-განათლება.

„ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, ბავშვების სწავლა და აღზრდა გახდეს უფრო მეტად სტრუქტურირებული და ორგანიზებული. მეორე მხრივ, მასწავლებლებს შეუმსუბუქდეს ის დატვირთვა, რომელიც დისტანციური სწავლების გამო გაჩნდა. რაც ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, მარტივი არ არის ერთ დღეში სწავლის ფორმატი შეცვალო და სწავლება დისტანციურად გააგრძელო“, – განმარტავს პროექტის ერთ-ერთი ავტორი განათლების საკითხების მკვლევარი ნათია ანდღულაძე და ამბობს, რომ გუნდი, რომელიც დავალებების შექმნაზე მუშაობს, თანამშრომლობს ეროვნული სასწავლო გეგმების კურიკულუმის განვითარების ექსპერტებთან, რათა დავალებები მომზადდეს განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების დაცვით, რადგან პროექტის მეორეული მიზანია სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა.

ნათია ანდღულაძის განმარტებით, ამ საგანმანათლებლო რესურსების მიზანია მაქსიმალურად მორგებული იყოს მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რათა თანაბრად საინტერესო იყოს როგორც მაღალი, ასევე დაბალი  აკადამიური მოსწრების მოსწავლისთვის. დავალებები კი მიმართულია იმგვარი კომპეტენციების განვითარებისკენ, რომ მოსწავლემ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დამოუკიდებლად სწავლის უნარები გამოიმუშაოს, ვინაიდან პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა მოსწავლემ მასწავლებლის გარეშე იმუშაოს, შეასრულოს დავალება, ნახოს თვითშეფასება, ასევე მასწავლებლისგან მიიღოს უკუკავშირი. ამასთანავე ნათია ანდღულაძე ფიქრობს, რომ პროექტი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასაც შეუწყობს ხელს, ვინაიდან ზოგადი მითითებებისა და თეორიების ნაცვლად, შეთავაზებულია კარგი პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც, ერთი მხრივ, შეუძლია გამოიყენოს როგორც მზა მასალა, მეორე მხრივ კი, შესაძლოა გახდეს მოტივაციის წყარო თავადვე მოიფიქროს ახალ-ახალი მსგავსი დავალებები.

„თუ სასწავლო რესურსს არ აქვს ძალიან კარგად გააზრებული მიზანი და საფუძვლად არ უდევს გამოცდილი პედაგოგიური კონცეფცია, მინიმალურია მისი ფასი და მისთვის დახარჯული რესურსი არის წყალში გადაყრილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რასაც შევიმუშავებთ, ემსახურებოდეს ონლაინ სასწავლო რესურსების განვითარების მიმართულებით კომპეტენციების განვითარებას და ცოდნის დაგროვებას.

წარსულში ისეთი რესურსებიც შექმნილა, რომლის საგანმანათლებლო ღირებულება გაუგებარია, ამაზე ბევრი რესურსი დახარჯულა. ამიტომ ეს მიმართულება უნდა გადავიდეს ახალ რელსებზე. ძალიან კარგია ტექნოლოგიები, მაგრამ თუ მასში არ არის გათვალისწინებული პედაგოგიური კომპონენტი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ცუდი გაკვეთილი ონლაინშიც, ტექნოლოგიების გამოყენებით რომ ჩაატარო, ცუდადვე რჩება; ელექტრონულად მიწოდებული ცუდი სახელმძღვანელო, მაინც ცუდი სახელმძღვანელოა. ამდენად, თუ კარგად არ არის გააზრებული, რას და როგორ სწავლობს ბავშვი, ტექნოლოგიას არ შეუძლია ცუდი კარგად აქციოს. ყურადღება სწორედ ამ გააზრებული და შედეგის მომტანი რესურსების შექმნისკენ უნდა იყოს მიმართული“.

 

როგორ იქმნება დავალებების კრებულები

პედაგოგი ნინო ლომიძე წიგნიერების საგნობრივ ჯგუფს ხელმძღვანელობს. ამ ჯგუფში გაერთიანებული არიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, რომლებიც დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურისთვის, I-XII კლასის ჩათვლით, საშინაო დავალებების კრებულს ამზადებენ.

„დავალებების შედგენისას ჩვენი მთავარი საფიქრალი მოსწავლეა, რომელიც ეკრანს მიღმა ზის და ჩვენგან საინტერესო შემეცნებით დავალებებს ელის. ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს დავალებები, პირველ რიგში, იყოს სახალისო, რადგან ახლა ისეთი უჩვეულო ვითარებაა, რომ არ არის მარტივი, იყო მოტივირებული, გინდოდეს და გეხალისებოდეს მუშაობა, შრომა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დავალებები არ იყოს რთულად დასაძლევი, იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლისთვის“, – ამბობს ნინო ლომიძე და განმარტავს, რომ მომზადებული  დავალებები მნიშვნელოვანი რესურსი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, თვალი ადევნონ შესრულებულ დავალებებს და ინდივიდუალურად დაუბრუნონ უკუკავშირი მოსწავლეს:

 „თუმცა ჩვენ იმაზეც ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, მოსწავლეს მასწავლებელთან ამგვარი ურთიერთობის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, ამიტომ თითოეულ კრებულს დაერთვის გარკვეული თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს, გააცნობიეროს, თუ რა ისწავლა, რა გაუჭირდა, რა ვერ გაიგო ბოლომდე, რაზე შეიძლებოდა მეტი ინფორმაციის მიღება. ამ თვითშეფასებით ვცდილობთ, გავიყვანოთ შედეგებზე, მაგრამ, თუკი მოსწავლე მასწავლებელთან ერთად მუშაობს, არაჩვეულებრივად აეწყობა. მასწავლებელს ექნება მზა მასალა. მას არ დასჭირდება დამატებითი დროისა და რესურსის, ენერგიის დახარჯვა იმისათვის, რომ შეადგინოს დავალებები და მთელ ენერგიას მიმართავს იმისაკენ, რომ შესრულებული დავალებების მიხედვით უკუკავშირი დაამყაროს მოსწავლესთან“.

მისივე თქმით, ეს დავალებები სასარგებლო რესურსი იქნება მაღალმთიანი სოფლის სკოლებისთვისაც, სადაც შესაძლებელია სკოლამ აიღოს პასუხისმგებლობა – კრებული ჩამოტვირთოს, ამობეჭდოს და იმ მოსწავლეებს დაურიგოს, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში ონლაინ მასწავლებელთან კონტაქტზე ხელი არ მიუწვდებათ.

ნინო ლომიძე ამბობს, რომ ამგვარად კვირიდან-კვირამდე გროვდება ონლაინრესურსების ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ბაზა, რომელიც არ იქნება მხოლოდ „კრიზისზე სწრაფი რეაგირების საშუალება“, არამედ იქნება – გრძელვადიანი სასარგებლო რესურსი,  რომელიც მორგებული იქნება მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებზე. მას როგორც მზა რესურსს, ნებისმიერი მასწავლებელი საჭირო დროს გამოიყენებს პრაქტიკაში.

პედაგოგი დაჩი ნანობაშვილი მათემატიკის ჯგუფს ხელმძღვანელობს. ის განმარტავს, მათ მიერ მომზადებულ დავალებებში მთავარი ღერძი არის კომპლექსური დავალებები. კომპლექსური დავალება არ არის სტანდარტული მათემატიკის დავალება, რომელსაც ცალსახა პასუხი აქვს. ეს არის დავალება, რომელსაც სჭირდება კვლევის ჩატარება, სხვადასხვა ვერსიის დაშვება. მისი განმარტებით, დავალება საინტერესოა იმდენად, რამდენადაც კარგად ზომავს, რამდენად შინაარსიანად გაიგო და გაიაზრა ბავშვმა კონკრეტული საკითხი.

„კარგია როცა ასეთი დავალებები არსებობს, რომელსაც ცალსახა პასუხი არ აქვს და მასზე მსჯელობაა შესაძლებელი და ა.შ. მაგრამ უნდა გავითვალიწინოთ, რომ ყველა ბავშვი არ არის მზად ასეთი ტიპის დავალებისთვის, ყველა ბავშვი არ არის შემოქმედებითი ტიპი, ამიტომ კარგი იქნება, ამგვარი დავალებები ნელ-ნელა დოზირებულად მივაწოდოთ ბავშვებს. თუმცა მხოლოდ ასეთი ტიპის დავალებების გამოყენებით ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ბავშვები ცოტა შეშინდებიან, იმიტომ, რომ ტექსტი დიდია, შესაძლოა რთულად აღიქვან. ამიტომ კომპლექსურ დავალებას მივაბით მათთვის ნაცნობი ტიპის ამოცანები. ყველა ეს დავალება შინაარსობრივად უკავშირდება კომპლექსურს და მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლემ წარმატებით გაართვას თავი კომპლექსურ დავალებას“.

დავალებების კრებული ასევე ითვალიწინებს ისეთ დავალებებს, როგორიცაა, მაგალითად,- ერთგვაროვანი სავარჯიშოები, სადაც გამოსათვლელია რაღაც ტოლობები. დაჩი ნანობაშვილი ამბობს, რომ ამგვარი დავალებები განსაკუთრებით საინტერესოა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის – „ მათ მოსწონთ როცა პასუხს პოულობენ. როცა რაღაც გამოსდით, ის უყვარდებათ კიდეც“.

ასევეა შემეცნებითი სავარჯიშოები, მაგალითად, მე-4 კლასელებისთვის, რომლებიც გამრავლებას სწავლობენ. მაგალითად, უნდა გამოთვალონ, რა შეიძლება იყოს ბამბუკის მაქსიმალური სიმაღლე, მზის სხივი რამდენ წუთში მოდის დედამიწაზე: „არიან ბავშვები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ როცა რაღაც ახალ ინფორმაციას იღებენ, მერე უფროსებს ეკითხებიან, თუ იციან პასუხი. მათთვის ამაზე მუშაობა ძალიან სახალისოა“. მცირე რაოდენობით, თუმცა არის იმგვარი ამოცანები, რომლებსაც განსხვავებული კრიტიკული აზროვნება სჭირდება და შესაბამისად, კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის იქმნება.

დაჩი ნანობაშვილი ამბობს, რომ ამ არაკომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქმნება, თუმცა მეტ გამოწვევებს ხედავს კომპლექსურ დავალებებთან მიმართებით.

„ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მსგავსი რამ ჩვენ პრაქტიკაში ხშირად არ გაგვიკეთებია. ვაკეთებდით, უბრალოდ ამას კომპლექსურს არ ვეძახდით, თუმცა პროექტების სახით ესეც კეთდებოდა, – ვაჯგუფებდით ბავშვებს და ისინი გამოკითხვას ატარებდნენ, მაგალითად, სკოლაში, სახლში, მერე აძლევდნენ პროექტის ან პრეზენტაციის სახეს. ახლა არ ვიცით ისინი მარტო რომ არიან, სახლში რას იზამენ და როგორ. თუ მასწავლებელი ამას გაუძღვება და ფასილიტაციას გაუწევს, ეს სხვა რამეა. მაგრამ ის მასწავლებლებიც დისტანციურადაა, აქ ძნელია იმის განსაზღვრა, რა მოხდება და როგორ“, – ამბობს დაჩი ნანობაშვილი და განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უკუკავშირი, რომელსაც დავალებების გამოყენების შემდგომ მასწავლებლებისგან და მოსწავლეებისგან მიიღებენ, რასაც მომდევნო დავალებების შედგენისას სამუშაო ჯგუფი გაითვალისწინებს.

პროექტს მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS, პირველი არხი-განათლება და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ამბობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფონდმა გადაწყვიტა განათლების სფეროში პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, რადგან მიიჩნევს, რომ პროექტი მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს დაეხმარება რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახონ ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით არსებული სირთულეები, გარდა ამისა, ის ფიქრობს, რომ „ონლაინ რესურსების შექმნა და მისი გამოყენების დანერგვვა მნიშვნელოვანი ამოცანაა როგორც ამ ვითარებაში, ასევე მის შემდგომ.“