როგორ მუშაობდა სქემა წინასაარჩევნოდ - ფრაგმენტები გოგაშვილის ფაილებიდან

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის securgd@gmail.com, 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა. ამასთანავე, საჯარო ინფორმაციის საშუალებით გადამოწმდა დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები.

ანგარიშში წარმოდგენილია მამხილებლის – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, იოსებ გოგაშვილის მიერ გადმოცემული ინფორმაცია. წარმოდგენილი გარემოებები შესაძლებლობის ფარგლებშია გადამოწმებული და ასევე, დასტურდება მედიაში გასულ სიუჟეტებში მოყვანილი დადასტურებული ფაქტებით.

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს იმ ფაილებიდან, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს.

მსჯავრდებულებისათვის (პრობაციონერებისთვის) პირობითი მსჯავრის მოხსნა

დოკუმენტების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით, სავარაუდოდ, გიორგი პატარიძისთვის 1700-მდე მსჯავრდებულის (პრობაციონერის) შესახებ არსებული ინფორმაცია გაიგზავნა. როგორც კორესპონდენციისა და გაგზავნილი მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, პრობაციონერები ან/და მათი ოჯახის წევრები წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობდნენ, ხოლო პარტია მათ მონაცემებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იმ მიზნით უგზავნიდა, რომ მათთვის სასამართლო განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაეუქმებინათ და ნასამართლობა მოეხსნათ:

„ეს ბიჭი საბურთალოელია, მეხმარება გლდანშიც და საბურთალოზეც“

მოთხოვნა: პირობითის მოხსნა (მუხლი 273. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება);

„ეს ბიჭი გლდანელია და გვეხმარება გლდანში, გლდანულაში, პატარა გლდანსა და სოფელ გლდანში“

მოთხოვნა: პირობითის მოხსნა (მუხლი 260.1 ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა);

„ეს არის ავჭალელი და გვეხმარება ავჭალაში“

მოთხოვნა: პირობითის მოხსნა (მუხლი 178. ძარცვა).

გავრცელებულ ფაილებში ასევე იძებნება პარტიის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის 2018 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული წერილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძისა და რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის სახელზე, რომლითაც კაპანაძემ 9 პრობაციონერისგან შემდგარი სია გაგზავნა და მათთვის „სათანადო დახმარების“ გაწევა მოითხოვა.

ჩამოთვლილ პრობაციონერთა შორის ერთ-ერთს სასჯელი 141-ე მუხლით აქვს მისჯილი, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. ან იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ.

მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება

პრობაციონერების სიების გარდა, securgd@gmail.com-დან, სავარაუდოდ, გიორგი პატარიძისთვის გაგზავნილ წერილებში ასევე იყო ინფორმაცია 70-მდე მსჯავრდებულზე, რომელიც პენიტენციური დაწესებულებიდან (სასჯელის მოხდისაგან) პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას მოითხოვდა. ორგანიზაციების განცხადებით, როგორც კორესპონდენციიდან და გაგზავნილი მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ან/და თავად მსჯავრდებულები გათავისუფლების შემთხვევაში პირობას დებდნენ, რომ იმუშავებდნენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმების მობილიზებისთვის, ხოლო პარტია მათ სიებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უგზავნიდა:

„თუ შეგვიძლია რამე შეღავათი მაინც რომ გავუწიოთ, შედეგზე კარგად აისახება. მთელი უბანი უწევს რეკომენდაციას“

სასჯელის მოხდის მიზეზი: ქვეყანაში დიდი ოდენობით მეტადონის შემოტანა, ასევე დიდი ოდენობით შენახვა შეძენა.

„იანვარს ეხება უდო და იქნებ რამე შეღავათი შეეხოს. გვეხმარება შვილი გლდანის დიდი რესურსით“

სასჯელის მოხდის მიზეზი: ქურდობა (177-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება

წინა შემთხვევების მსგავსად, 2018 წლის ოქტომბერი-2019 წლის იანვრის შუალედში securgd@gmail.com-დან, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროს ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან იმ 900-მდე პირის სია გაიგზავნა, ვისაც შეჩერებული ან ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ამ შემთხვევაშიც მოქმედების სქემა იგივე იყო. ორგანიზაციების ცნობით, როგორც ჩანს, პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზების სანაცვლოდ, „ქართული ოცნება“ ამ პირებისთვის შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის საქმეს უწევდა ორგანიზებას.

მიმოწერაში არაერთხელ გვხვდება ამ შინაარსის მოთხოვნა:

შენიშვნა: გვეხმარება მუხიანში

მოთხოვნა: მართვის მოწმობის დაბრუნება

ჩამორთმევის მიზეზი: სიმთვრალე

განსაკუთრებით საინტერესოა ერთ-ერთი გრაფა, რომლითაც იკვეთება, რომ პირი პარტიას მართვის უფლების დაბრუნებისთვის აუცილებელი დინამიური-ნარკოლოგიური შემოწმების გვერდის ავლაში დახმარებას სთხოვს, პარტია კი ამ თხოვნას შსს-ს მაღალჩინოსანს უგზავნის.

გარდა მართვის მოწმობის დაბრუნების მოთხოვნისა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან securgd@gmail.com-იდან 2018 წლის 10 ნოემბერს აგრეთვე გაიგზავნა წერილი, რომლითაც ოთხი პირისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჯარიმის გაუქმებას მოითხოვდნენ:

პრობლემა: საპატრულო პოლიციის ჯარიმა (1000 ლარი), ნასვამი, მართვის მოწმობის არქონა.

მოთხოვნა: ჯარიმის მოხსნა.

შენიშვნა: ნასამართლეობის გაქარწყლება,

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გავლენის მოხდენა

ორგანიზაციების ცნობით, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრის პერიოდში securgd@gmail.com-დან როგორც გიორგი პატარიძესთან, ისე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან ასევე გაიგზავნა 20-მდე პირის სია, რომლებზეც მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა და წერილებით მოთხოვნილი იყო სასჯელის შემსუბუქება (ძირითადად საპროცესო შეთანხმების გაფორმება).

ერთ-ერთი მაგალითის შინაარსი ასეთია:

სასჯელის მოხდის მიზეზი: ძალადობა (126-ე მუხლის პირველი ნაწილი);

სასჯელის ხანგრძლივობა: ჯერ მსჯავრი არ არის გამოტანილი;

მოთხოვნა: საპროცესო შეთანმხებაზე თანახმაა;

შენიშვნა: ვაკე-საბურთალოზე გვეხმარება.

სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება

ფაილების მიხედვით, 2018 წლის 18 ოქტომბერს truqiadavid@gmail.com-დან secrugd@gmail.com-ზე გაიგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ორი მსჯავრდებულისთვის მოითხოვდა სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას, რათა სანაცვლოდ ეს პირები საარჩევნო ხმების მობილიზებაში დახმარებოდნენ.

იხილეთ ფრაგმენტები ფაილებიდან:

წერილი #1

 „მოგეხსენებათ, რომ ***-ის რაიონში ცხოვრობს დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნება ლევან ****. […] ის სასჯელს იხდის გლდანის N* დაწესებულებაში.

ჩვენ თუ შევძლებთ არჩევნებამდე ამ პიროვნების #15 ნახევრადღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანას (ქსნის ზონა), ჩვენ მოვახერხებთ გლდანის მასივის ქუჩის ბიჭების მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმის მიღებას

წერილი #2

„მოგეხსენებათ, რომ ***-ის რაიონში ცხოვრობს გარკვეული ავტორიტეტის მქონე პიროვნება ლევან ****. […] ის სასჯელს იხდის გლდანის N8 დაწესებულებაში.

ჩვენ თუ შევძლებთ ამ პიროვნების ე.წ. მატროსოვის ზონაზე #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, ჩვენ მოვახერხებთ სოფ. გლდანში გარკვეული კატეგორიის მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმის მიღებას“

წერილი #3

„მოგეხსენებათ, რომ ***-ის რაიონში ცხოვრობს გარკვეული ავტორიტეტის მქონე პიროვნება. […] ის სასჯელს იხდის ბათუმის N3 იზოლატორში.

ჩვენ თუ შევძლებთ არჩევნებამდე ამ პიროვნების გლდანის ციხეში გადმოყვანას (სადაც მას წვდომა ექნება ტელეფონთან, შიდა განაწესის მიხედვით), ჩვენ მოვახერხებთ მუხიანის ქუჩის ბიჭები მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმის მიღებას“

დოკუმენტები საჯარო სკოლის დირექტორების შესახებ

ორგანიზაციებისთვის მიწოდებულ დოკუმენტში, რომელიც, სავარაუდოდ, 2020 წელს არის შედგენილი, საჯარო სკოლების დირექტორების დახასიათებები არის მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, დირექტორების შეფასებას განათლების ადგილობრივი რესურსცენტრი, პარტია „ქართული ოცნება“ და სუსი აკეთებდნენ. დირექტორების შეფასებები დაყოფილი იყო თვეების მიხედვით, რომელ თვეებშიც მათი ექვსწლიანი უფლებამოსილების ვადა იწურებოდა.

დირექტორი #1

დირექტორის კომპეტენცია: არის დროებით მოვალეობის შემსრულებელი სკოლის დირექტორი. მას აქვს საკმაო გამოცდილება სკოლის მართვის, წლების განმავლობაში მუშაობდა რამდენიმე სკოლაში დირექტორად. არის პრინციპული და კანონმორჩილი ადამიანი და ამასვე მოითხოვს თანამშრომლებისგან. დაინიშნა საკმაოდ რთულ და კონფლიქტურ სკოლაში, თუმცა მალევე შეძლო სიტუაციის დარეგულირება;

სუს-ის მოსაზრება: უარყოფითი. 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდა პარტია „ევროპულ საქართველოს“. მიზანშეუწონელია დაინიშნოს თანამდებობაზე;

დირექტორი #2

დირექტორის კომპეტენცია: კომპეტენტური (კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს და კომპეტენტურია სკოლის მართვის საკითხებში);

სუს-ის მოსაზრება: უარყოფითი, თავს არიდებს მითითებების შესრულებას. ოპოზიციურად არის განწყობილი მმართველი გუნდის მიმართ. მისი თანამდებობაზე დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი;

დირექტორი #3

დირექტორის კომპეტენცია: ეცნობა სიახლეებს, მუშაობს მის დანერგვაზე, სკოლა ჩართულია პროექტებში/სამინისტროს ინიცირებულ კონკურსებში, ყურადღებით ეკიდება დავალების შესრულებას;

სუს-ის მოსაზრება: არის შრომისმოყვარე, წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდნენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს. მეორე ტურში შეგნებულად გაერიდა სიტუაციას და იმყოფებოდა… პოლიტიკურად არამდგრადი. შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მისი კანდიდატურის განხილვა ხსენებულ პოზიციაზე.

სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა პოლიტიკური დოსიეების შექმნა და მათი კონტროლი

სკოლის დირექტორების დახასიათებების გარდა, მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული იყო 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა დახასიათებები, უწყებებში არსებული ზოგადი მდგომარეობა, პოლიტიკური განწყობები და ა.შ.

„ვაკისა და საბურთალოს რაიონებში ამ ეტაპისთვის საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების დამოკიდებულება ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ არის დამაკმაყოფილებელი.  ბოლო პერიოდში განხორციელებულმა სახელფასო ცვლილებებმა დადებითად იმოქმედა ძალოვანი სისტემის თანამშრომლებზე (შსს, სუს, სდსს, თავდაცვის ძალები), ასევე პოზიტიურად არიან განწყობილნი ადგილობრივი თვითმმართველობასა (მერია, გამგეობა, მუნიციპალიტეტი) და სსიპ-ებში დასაქმებული პირებიც. თუმცა მეტნაკლებად პრობლემები იკვეთება განათლების სფეროში, სადაც ***** და სხვა რამდენიმე სკოლა-ბაღის ხელმძღვანელის მხრიდან, ადგილი აქვს ოპოზიციური სპექტრის წევრებთან მეგობრული ფორმით, პერიოდულ კომუნიკაციას. ასევე ცნობილია შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მათგანმა კოლეგებთან საუბარში ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება როგორც ქვეყანაში, ასევე განათლების სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირები“, – ვკითხულობთ ერთ-ერთ ფაილში.

ორგანიზაციების ანგარიშში ასევე გვხვდება ფაილები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მარნეულში პოლიტიკურ ოპონენტებზე მასშტაბური ზეწოლის გეგმა, შემოსავლების სამსახურის საარჩევნო მიზნებით გამოყენება, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადება, საბიუჯეტო ორგანიზაციებში თანამდებობებზე დასანიშნი პირების პოლიტიკური ლოიალობის წინასწარი შესწავლა, სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომელთა საარჩევნოდ მობილიზება და სხვა.