როგორ მუშაობს მასწავლებლის შერჩევის წესში შესული ცვლილებები

პუბლიკა

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში 20 მაისს ცვლილება შევიდა. აღნიშნული ცვლილებით, პირმა საჯარო სკოლის მასწავლებლად დანიშვნამდე გასაუბრება უნდა გაიაროს 5-წევრიან კომისიასთან, კომისიაში კი სამინისტროს წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვით, სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, კომისიაში სამინისტროს წარმომადგენლები ჰყოლოდა. ჩანაწერში კომისიის წევრად მხოლოდ დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტის არსებობა იყო განსაზღვრული.

ცვლილება კრიტიკულად შეფასდა დარგის სპეციალისტების მიერ. მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებით „სკოლა კარგავს დამოუკიდებლად ადამიანური რესურსების მართვის უფლებას“, გადაწყვეტილება კი ემსახურება სკოლებზე ცენტრალიზებული მართვის გაძლიერებას.

„პუბლიკამ“ ბრძანების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში განათლების სამინისტროს შემდეგი შეკითხვებით მიმართა: რატომ გახდა ცვლილების მიღება საჭირო? რა დამატებით ფინანსურ რესურსებს საჭიროებდა ცვლილება და ხედავდნენ თუ არა თავად სამინისტროში სკოლებზე ცენტრალიზებული მართვის გაძლიერების რისკებს? – თუმცა მაშინ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, შეკითხვებს უწყებაში არ უპასუხეს. ამ შეკითხვებზე პასუხები „პუბლიკისთვის“ ცნობილი ბრძანების ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში გახდა.

რატომ გახდა საჭირო ცვლილება – სამინისტროს განმარტება

სამინისტროს განმარტებით, ბრძანებაში ცვლილების ინიცირების საფუძვლად მითითებულია საჯარო სკოლებში მასწავლებლის ვაკანტურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსების გამჭვირვალობა, პროცესების მეტი ღიაობა, უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამინისტროსადმი მიმართვებით შესაძლებელია, ვიმსჯელოთ, რომ მასწავლებლების შერჩევის პროცესში სკოლების ნაწილი დახმარებას საჭიროებს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ბრძანებაში ცვლილება არ იწვევს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. საჯარო სკოლის მასწავლებლის შესარჩევი კომისიის წევრობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას.

რამდენ სკოლაში დაკომპლექტდა კომისია აღნიშნული წესის შესაბამისად?

მოქმედი წესის მიხედვით, კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად სკოლის დირექტორის მიერ იქმნება შესაბამისი კომისია. კომისია კი უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის მიერ მასწავლებლის განსაზღვრულ ვაკანტურ პოზიციებზე საუკეთესო კანდიდატთა შერჩევას, სკოლის დირექტორი აფორმებს შრომითი ხელშეკრულებას შერჩეულ საუკეთესო კანდიდატთან.

მასწავლებლის სახლის სტატისტიკით, სკოლის საკონკურსო კომისიებში სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების განსაზღვრის/წარდგინების თხოვნით, რესურს-ცენტრებიდან და სკოლებიდან, 2022 წლის 20 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ცენტრში შესულია 270-ზე მეტი წერილი (შესაბამისად, 270-ზე მეტი სკოლიდან, თითოეულში 1 ან მეტ ვაკანსიაზე).

ცენტრში განმარტავენ, რომ საპასუხოდ, ვაკანსიების შესაბამისად, ცენტრი სკოლებს კომისიის წევრებად წარუდგენს საგნობრივი ექსპერტ-კონსულტანტების კანდიდატურებს.

ცენტრის სტატისტიკით, 2022 წლის 20 მაისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, 14 საჯარო სკოლის მიერ უკვე ჩატარებულ კონკურსებში, ჯამში 27 კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობდა ცენტრის 16 წარმომადგენელი.

ცენტრში განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნული პროცესი მიმდინარეა და მისი ამსახველი რაოდენობრივი მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.

რა შეიცვალა ბრძანების მიხედვით?

20 მაისის ბრძანებით მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის ორ პუნქტში ცვლილება შევიდა.

პირველი ეხება კომისიის წევრთა რაოდენობას. ძველი რედაქციით კომისიის წევრთა რაოდენობა ნებისმიერი სკოლის შემთხვევაში განისაზღვრებოდა არანაკლებ სამი წევრით. ახალი რედაქციის მიხედვით- საჯარო სკოლის შემთხვევაში კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 5.

მეორე პუნქტი, რომელშიც ცვლილება შევიდა – ეხება კომისიის დაკომპლექტებას. ძველი რედაქციის მიხედვით, რომელიც ნებისმიერ სკოლას ეხებოდა, კომისიის წევრად უნდა განსაზღვრულიყო მოწვეული სპეციალისტი. ცვლილების მიხედვით კი საჯარო სკოლებისთვის კომისიაში განისაზღვრა დამატებით: სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენლის; სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლის; სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლისა და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლის სავალდებულო წევრობა.