მასწავლებლის დასაქმების ახალი წესის მიხედვით კომისიაში სამინისტროს წარმომადგენლები უნდა იყვნენ

პუბლიკა

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში 20 მაისს ცვლილება შევიდა.

პირმა საჯარო სკოლის მასწავლებლად დანიშვნამდე 5-წევრიან კომისიასთან უნდა გაიაროს გასაუბრება.

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი. აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა, საჯარო სკოლის შემთხვევაში კი არანაკლებ 5 წევრისა.

„კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, ხოლო საჯარო სკოლის კომისიის წევრად აგრეთვე უნდა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი.“

აღნიშნული პუნქტი ძველი ბრძანების მიხედვით, შემდეგნაირად იყო ფორმულირებული,- „კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი.“

ძველი ბრძანების მიხედვით, სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება კომისიაში სამინისტროს  წარმომადგენლები ჰყოლოდა.