„სკოლა კარგავს ადამიანური რესურსების მართვის უფლებას“ - შეფასებები ახალ ბრძანებაზე

პუბლიკა

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში 20 მაისს ცვლილება შევიდა. აღნიშნული ცვლილებით, პირმა საჯარო სკოლის მასწავლებლად დანიშვნამდე 5-წევრიან კომისიასთან უნდა გაიაროს გასაუბრება, კომისიაში კი სამინისტროს წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვით, სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, კომისიაში სამინისტროს წარმომადგენლები ჰყოლოდა, ჩანაწერში მხოლოდ კომისიის წევრად დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტის არსებობა იყო განსაზღვრული.

მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით კი, კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, ხოლო საჯარო სკოლის კომისიის წევრად აგრეთვე უნდა განისაზღვროს სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის,  მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები.

განათლების საკითხების მკვლევრის, თამარ მოსიაშვილის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებით „სკოლა კარგავს დამოუკიდებლად ადამიანური რესურსების მართვის უფლებას.“ გადაწყვეტილება კი ემსახურება სკოლებზე ცენტრალიზებული მართვის გაძლიერებას.

„კანონი ზოგადი განათლების შესახებ გვეუბნება, რომ სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო – სამეურვეო საბჭო, რომელიც ირჩევს სკოლის დირექტორს, და ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია.

მაგრამ, ცხადია, სკოლების დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებებმა აიღეს პასუხისმგებლობა სკოლებში ადამიანური რესურსების მართვის პროცესზე“.

ვინაიდან სამინისტროს მხრიდან ბრძანებას არ მოჰყოლია საჯარო განმარტება გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე, მოსიაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამ გადაწყვეტილებით სამინისტროს სურს დაარეგულიროს სკოლებში მასწავლებელთა მობილობა. მაგალითად, იცოდნენ რამდენი და რომელი კატეგორიის მასწავლებელი შედის სისტემაში. ვინაიდან მისი შეფასებით, სამინისტროს ურჩევნია მასწავლებლების მობილობის პროცესი წარიმართოს არა ბუნებრივად, არამედ მიიღოს აქციის სახე, ისეთვე, როგორიც იყო პენსიონერი პედაგოგებისთვის სკოლის დატოვების შეთავაზება და ამის ფონზე სკოლებში ახალი კადრების მიღება.

მეორე მხრივ კი ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ნაკარნახევი იყოს  სკოლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთმანეთისგან დისტანცირების მოტივით, რათა გამოირიცხოს სამუშაოს დაწყების მიზნით, ე.წ. „ზარი ახლობელთან“.

„დღეს სკოლები არ არიან დამოუკიდებლები. თითქოს კანონი მათ ანიჭებს დამოუკიდებლობის უფლებას, მაგრამ იმდენი რეგულაცია და იმდენი წესი არსებობს, რომლებიც ზღუდავს ამ კანონების მოქმედებას. ეს კონკრეტული ცვლილება კი სკოლებს უზღუდავს ადამიანური რესურსების მართვის უფლებას.

ამ ცენტრალიზებული მმართველობის ყველაზე მძიმე  და დრამატული შედეგი გახლავთ ის, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად კრიტიკული ხმა საგანმანათლებლო საზოგადოებიდან, იმავე სკოლებიდან, სამწუხაროდ, არ იქნება, ჩვენ ვერ გავიგებთ სკოლების მხრიდან მოთხოვნას, რატომ ართმევენ ამ უფლებას, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად გაართვას თავი ადამიანური რესურსების მართვას. ცხადია, ამ შემთხვევაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ სკოლის დირექტორი დარღვევებით ასაქმებს მასწავლებლებს და ა.შ. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ ამცირებს იმავე ნეპოტიზმს და სხვადასხვა ტიპის დარღვევების შესაძლებლობას… ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი კომისია ნეპოტიზმს და სხვა მანკიერ მოვლენებს ამ პროცესში გამორიცხავს, ცალსახად ეს არის ამ ნაწილში უკან გადადგმული ნაბიჯი“.

მოსიაშვილს შეკითხვები აქვს, როგორც პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდება სამინისტროს წარმომადგენლების მივლინება მაგალითად რამდენიმე ათეულ სკოლაში, ასევე ფინანსურ რესურსებთან მიმართებითაც, რა სახსრებით ანაზღაურდება მათი შრომა.

განათლების საკითხების მკვლევრის, სიმონ ჯანაშია შეფასებით, აღნიშნული ცვლილება, ლეგალურ ჩარჩოში მოქცევაა იმ პრაქტიკისა, რომელსაც აქამდეც მიმართავდა სამინისტრო.

მაგალითად მოჰყავს პენსიონერი პედაგოგების გაშვების შემდგომ სკოლებში პედაგოგთა მიღების გასაუბრებები, როცა სამინისტრო არაფორმალურად იღებდა მონაწილეობას ამ პროცესში.

„მაშინ პრობლემა იყო ის, რომ მასწავლებლების შერჩევის დროს ბიუროკრატია ფიქრობდა, რომ საუკეთესოებს კი არ ირჩევდნენ სკოლები, არამედ ირჩევდნენ გარე გავლენების გამო, მაგალითად, ადგილობრივი პოლიტიკოსების გავლენების გამო და შეეცადნენ გაენეიტრალებინათ ეს საფრთხე და ამიტომ თვითონ ჩაერივნენ.

აქ შეიძლება ჩანდეს ბიუროკრატიისა და პოლიტიკური კლასის ერთგვარი კონკურენცია იმ თვალსაზრისით, თუ ვინ აკონტროლებს სკოლებს და ვინ როგორ ზრუნავს გაუმჯობესდეს სკოლების ხარისხი“.

აღნიშნული ცვლილებით სიმონ ჯანაშია ორ ძირითად პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას:

პირველი – ცენტრალიზებულად სხვადასხვა სკოლაში საკუთარი წარმომადგენლის გაგზავნამ შესაძლოა, გამოიწვიოს პროცესის შეფერხება, ვინაიდან სკოლა ვალდებული იქნება, რომ დაელოდოს სამინისტროს, როდის მიავლენს საკუთარ წარმომადგენელს, ამით დაზარალდება სკოლა, რაც პროცესს თავისთავად მოუქნელს გახდის.

მეორე პრობლემა ჯანაშიას შეფასებით, ისაა, რომ  დამატებითი ძალაუფლება უჩნდება ბიუროკრატიას და ამ ძალაუფლების გამოყენების დროს არის საფრთხე კორუფციის, ნეპოტიზმისა და ა.შ.

„არის საფრთხე იმისა, რომ ამ ჩარევის საფუძველზე აყვანილი მასწავლებელი თუ არ გაამართლებს, ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ექნება არამხოლოდ სკოლას, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებას, რაც აქამდე არ ჰქონია, მასწავლებლის შერჩევაზე სამინისტროს  არ ჰქონია პასუხისმგებლობა.

ზოგადად ეს იმას აჩვენებს, რომ სკოლა, როგორც ავტონომიური ერთეული, დემოკრატიულად მართული ორგანიზაცია აღარ მუშაობს და ნელ-ნელა ხდება სამართლებრივი საფუძვლების შექმნა იმისთვის, რომ ასეთი აღარ იყოს“.

„განათლების კოალიციაში“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სკოლების მართვის ცენტრალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

„ერთი და იმავე წრეზე ტრიალს ჰგავს ჩვენი განათლების სისტემაც. ისტორიას რომ გადავხედოთ, ამ ტიპის გადაწყვეტილებები არაერთხელ მიუღიათ. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ სამეურვეო საბჭოები“,- ამბობს კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია და განმარტავს, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოში განათლების სამინისტროს წარმომადგენლის არსებობა ერთგვარ კონტროლის მექანიზმად აღიქმებოდა და ასეც იყო.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია და საინტერესო იქნება გადაწყვეტილების მიმღებთა არგუმენტაცია თუ რა მოტივით შეიტანეს ბრძანებაში ცვლილება და რა მიზანს ემსახურება ის.

„როგორც იცით, ვმუშაობდით და მომზადებული გვაქვს სასკოლო განათლების ისტორიის კვლევა, სადაც აღწერა 2020 წელს წყდება. ბუნებრივია, მის განახლებაზე და გაგრძელებაზე ბევრს ვფიქრობთ. როგორც წინა პერიოდებში სხვა გადაწყვეტილებები იყო ნეგატიურად შეფასებული, დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილებაც ახალ ანგარიშში უკიდურესად ნეგატიურად შეფასდება.“

მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, თუ რა გახდა ცვლილების მიზეზი, „პუბლიკა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. ჩვენს შეკითხვებზე პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია, პასუხების მიღებისთანავე მასალა განახლდება.