როგორ ვეხმარებით ბავშვებს | კოვიდ 19 და განათლება

პუბლიკა

„თებერვალში, როცა დავბრუნდით სკოლაში, იმთავითვე ვიცოდი, რომ რაღაც ღონისძიებები დამჭირდებოდა, რადგან მყავდა ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ გაკვეთილებზე. მოწყობილობები შეიძლება ჰქონდათ, მაგრამ იყო ინტერნეტის პრობლემა. სოციალურად დაუცველ ოჯახებს არ ჰქონდათ ინტერნეტი. ასეთი მყავდა ორი ბავშვი და ვიცოდი, რომ მათთან დამატებითი მუშაობა იქნებოდა საჭირო.“

„ზამთარში იყო კიდე ასეთი პრობლემა რეგიონებში. ხშირად ცეცხლი ერთ ოთახში ანთია და ამ ოთახში ხშირად ორი ბავშვი იყო და ორივეს ერთდროულად ჰქონდა გაკვეთილი. ამ ოთახში იყრიან თავს ოჯახიდან სხვა თაობის წარმომადგენლებიც – ბებია, ბაბუა, დედა და მამა. ასეთ დროს სულ პრობლემა იყო. ონლაინგაკვეთილების ჩატარება ცივ ამინდებში კიდევ უფრო რთული იყო.“

„ერთხელ ერთმა ბავშვმა მომწერა, მას ჩატიდან გამაგდეს ბავშვებმაო, რადგან მე არც ინტერნეტი მაქვს და არც კომპიუტერიო. ინტერნეტის დაყენებას კიდე 250 ლარი უნდაო და დედაჩემმა 250 ლარი რომ გვქონდეს, კბილებს გავიკეთებდიო. ეს იყო მესამეკლასელი თუ მეოთხეკლასელი.“

 

ონლაინსწავლებაზე პედაგოგების მონათხრობ ისტორიებს ბევრი საერთო აქვს. თითოეული მათგანის გამოცდილებიდან მოისმენთ ისტორიებს ტექნიკურ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებოდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები სწავლებისას. ისტორიებს ბავშვებზე, რომლებიც იმის გამო, რომ ონლაინსწავლებაში ვერ ერთვებოდნენ და ოჯახის მხარდაჭერა არ ჰქონდათ, ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას და დამატებით მუშაობას საჭიროებენ.

გიტა თვალაბეიშვილი დაწყებითი საფეხურის პედაგოგია. 2012 წლიდან მუშაობს ქალაქ თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად.

ონლაინსწავლების კუთხით გამოცდილება ბევრი სხვა პედაგოგის მსგავსად არც მას ჰქონია და 2020 წლის მარტის შემდეგ მოუწია ამ მხრივ არსებული შესაძლებლობებისა და ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

„პანდემიის პირველი წელი დაემთხვა იმას, რომ პირველი კლასი ავიყვანე. არანაირი გამოცდილება ონლაინსწავლების კუთხით არ მქონია. მასწავლებელზე  ძალიან ბევრი რამე იყო დამოკიდებული. დაგვჭირდა ძიება, შექმნა რესურსების. ბავშვების გაცნობამდე მშობლებს დავეკონტაქტე და ვთხოვე ინტერვიუს სახით ვიდეოები ჩაეწერათ ბავშვებთან, რომ ერთმანეთი გაეცნოთ. დავამზადე ვიდეოკოლაჟი და ერთი კვირით ადრე გადავუგზავნე ბავშვებს და რომ გაეცნოთ ერთმანეთი, გაეგოთ ერთმანეთის შესახებ მეტი –  რა მოსწონდათ, რომელ ანიმაციას უყურებდნენ, როდის ბრაზდებოდნენ და ა.შ.“ – გიტა თვალაბეიშვილი.

ის ჰყვება, რომ ეს ონლაინსწავლების პროცესი რთული იყო ყველასთვის, განსაკუთრებით კი მშობლებისთვის, რადგან შინ მოსამზადებელ დავალებებთან ერთად საკლასო აქტივობებმაც სახლში გადაინაცვლა და მთელი რიგი პროცესები მშობლების ჩართულობას საჭიროებდა.

„ეს პროცესი რთული იყო ყველასთვის, მაგრამ მშობლებისთვის ორმაგად, რადგან უწევდათ როგორც  შინ მიცემული დავალებების ბავშვებთან ერთად მომზადება, ასევე საკლასო აქტივობებიც მათზე იყო და ამ აქტივობებმაც სახლში გადაინაცვლა. დრო იყო ცოტა – ნახევარი საათი. ყველაფრის ამ დროში გაკეთება, როცა ტექნიკური ხარვეზებიც არის, ძალიან რთულია. მშობლებს ყველაფრის ერთად კეთება მოუწიათ.“ – ამბობს გიტა თვალაბეიშვილი.

რადგან პირველკლასელები საკლასო პროცესს მიუჩვევლები იყვნენ, მასწავლებლებისთვის განსაკუთრებული გამოწვევა იყო სწავლების ისე დაგეგმვა, რომ ის არ ყოფილიყო მოსაბეზრებელი პატარებისთვის; აღეძრა მათში გაკვეთილში მონაწილეობის სურვილი. ასეთი გაკვეთილი კი პირველ რიგში სახალისო და ინტერაქტიური უნდა იყოს, რისთვისაც დამატებითი რესურსების გამოყენებაა საჭირო.

გიტა თვალაბეიშვილის თქმით, ონლაინსწავლებაში მოსწავლეთა მონაწილეობა და მათ მიერ მიღწეული შედეგები განსხვავებული იყო. იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკური სირთულის გამო არაინტენსიურად ესწრებოდნენ გაკვეთილებს და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შედიოდნენ ონლაინგაკვეთილებზე, თუმცა ჩანდა, რომ მათთანაც იყო სირთულეები და საჭიროებდნენ დამატებით მხარდაჭერას, რადგან აშკარა იყო ჩამორჩენა მისაღწევი შედეგების ნაწილში.

„მოწყობილობები შეიძლება ჰქონდათ, მაგრამ იყო ინტერნეტის პრობლემა. სოციალურად დაუცველ ოჯახებს არ ჰქონდათ ინტერნეტი. ასეთი მყავდა ორი ბავშვი და ვიცოდი, რომ დამჭირდებოდა მუშაობა.

იყვნენ ბავშვები, რომლებიც სახლში მიცემულ დავალებებს არაინტენსიურად აგზავნიდნენ. უკუკავშირი არ მქონდა მათგან.

საკლასო ოთახებში რომ დავბრუნდი და სწავლა პირისპირ განახლდა, ჩავატარეთ სადიაგნოსტიკო ტესტი. ეს იყო ასოთა ცნობადობასა და სიტყვების წაკითხვაზე.

ასოთა ცნობადობაზე ისეთი ცუდი შედეგები არ ყოფილა, როგორც სიტყვების რაოდენობის წაკითხვაზე.

ასოთა ცნობადობაზე 4 ბავშვი საჭიროებდა დამატებით მუშაობას.“ – ამბობს გიტა თვალაბეიშვილი.

რემედიაცია

გიტა თვალაბეიშვილი ერთ-ერთი ის პედაგოგია, რომელმაც სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენის შემდეგ თავის მოსწავლეებთან რემედიაციის კურსი დაგეგმა.

„საათ-ნახევარი,  2 საათი ვმუშაობდით. თამაშ-თამაშით. ბარათებით. სულ 20-მდე დამატებითი გაკვეთილი ჩავატარე.

მალევე ჩავატარე საბოლოო დიაგნოსტირება. ასოთა ცნობადობა სრულიად გამოსწორდა იმ ბავშვებში, რომლებიც იყვნენ რემედიაციის ჯგუფში. პრობლემა რჩებოდა სიტყვების წაკითხვაზე.

რემედიაციის გარდა, საკლასო ოთახში ვცდილობდი დავალებებისა და საკლასო აქტივობების დიფერენცირებას ისე, რომ ეს ბავშვებს არ სცოდნოდათ. ვინც კარგად კითხულობდა, იმასთან რთულ საკითხებს ვაკეთებდით ერთად.

რემედიაციის ჯგუფში მყოფ ბავშვებთან ვცდილობდი, მსუბუქი დავალებები მიმეცა. მსუბუქი აქტივობები შემეთავაზებინა, რომ დაძლევადი ყოფილიყო.

მათემატიკის მიმართულებითაც არის ვარდნა, მაგრამ დრო არ მომეცა, რომ ამ მიმართულებითაც მემუშავა.“ – ამბობს გიტა თვალაბეიშვილი და აპირებს, ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ისევ დაგეგმოს რემედიაციის გაკვეთილები.

სოფო გოგოხია  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია  სსიპ აფხაზეთის  N10  საჯარო სკოლაში.

ის ამბობს, რომ ტექნიკური მოწყობილობებისა და ინტერნეტის უქონლობა იყო ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რაც ონლაინსწავლებაში მოსწავლეთა მონაწილეობას ართულებდა.

„ზამთარში იყო კიდე ასეთი პრობლემა რეგიონებში. ხშირად ცეცხლი ერთ ოთახში ანთია და ამ ოთახში ხშირად ორი ბავშვი იყო და ორივეს ერთდროულად ჰქონდა გაკვეთილი. ამ ოთახში იყრიან თავს ოჯახიდან სხვა თაობის წარმომადგენლებიც – ბებია, ბაბუა, დედა და მამა. ასეთ დროს სულ პრობლემა იყო. ონლაინგაკვეთილების ჩატარება ცივ ამინდებში კიდევ უფრო რთული იყო.“ – სოფო გოგოხია.

მისი თქმით, ნახევარ წელზე მეტი ტექნიკური საკითხების მოგვარებას დაუთმეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მიხვდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო, განათლების საკითხების მოგვარებაზეც ეზრუნათ და გაზაფხულზე არაფორმალური სწავლების რეჟიმში განაგრძეს მოსწავლეთა განათლებაზე ზრუნვა.

„რადგან ბევრი კლუბი გვქონდა, გადავწყვიტეთ, არაფორმალური განათლება კარგად გამოგვეყენებინა. გავაკეთეთ კითხვის კლუბი საფეხურების მიხედვით. ასევე, გვქონდა კინოკლუბი, მათემატიკისა და ბიოლოგიის კლუბები. აქაც საფეხურების მიხედვით იყვნენ დაყოფილი ბავშვები – დაწყებითი, საშუალო და მაღალი საფეხურის მოსწავლეები სხვადასხვა კლუბში იყვნენ.

ყველაზე დიდი დანაკარგი დაწყებითებში იყო და საბუნებისმეტყველო საგნებში – ქიმია, ფიზიკა. ეს მასწავლებლები იყვნენ შეწუხებულები.

დაწყებით კლასებში მძაფრად გამოჩნდა ეს. წერითი უნარების გამომუშავება გართულდა. წერით უნარებს სჭირდება ბევრი შრომა და მეთვალყურეობა. აღმოჩნდა, რომ ამას ვერ აკეთებენ ბავშვები.  მშობლების პასუხისმგებლობაც ძალიან დაბალი იყო. თითო-ოროლა მშობელი თვლიდა, რომ მისი მონაწილეობაც მნიშვნელოვანი იყო. ძირითადად, ბავშვსა და მასწავლებელზე იყო მინდობილი მთელი პროცესი.“ – ამბობს სოფო გოგოხია.

რატომ რემედიაცია?

ტერმინი – „სასწავლო დანაკარგი“ განიმარტება, როგორც ცოდნისა და უნარების სპეციფიკური დანაკარგი ან აკადემიურ განვითარებაში შეფერხება, რაც, ძირითადად,დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტასთან ან/და შესაძლებლობებს შორის უთანასწორობის გაღრმავებასთან.

საქართველოში სასწავლო დანაკარგების შესასწავლად მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა, არც სახელმწიფოს უთქვამს, თუ როგორი სურათი გვაქვს ამ კუთხით და რა კონკრეტული ღონისძიებებია აქვს დაგეგმილი იმ მოსწავლეთა მხარდასაჭერად, რომლებიც ონლაინსწავლების გამო ვერ ახერხებდნენ სწავლას და შესაბამისად, ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას ან ზოგიერთი კომპეტენციის განვითარებაში აქვთ შეფერხება.

კვლევა, რომელიც საქართველოში სასწავლო დანაკარგებსა და რემედიაციის მნიშვნელობაზე საუბრობს, „განათლების კოალიციამ“ ჩაატარა.

„განათლების კოალიციის“ მიერ მომზადებული კვლევა პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს შეეხება და მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ამ დანაკარგების შეფასებას, მეორე მხრივ კი, რეკომენდაციების წარმოდგენას მომდევნო სასწავლო წლისათვის ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული პროგრამების შესამუშავებლად.

კვლევის ფარგლებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ პირისპირ სწავლების შეწყვეტისა და დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სასწავლო ჩამორჩენა ყველა საფეხურზე და საგნობრივ ჯგუფში. ამასთან, სასწავლო დანაკარგი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ და გამჭოლ კომპეტენციებში განსხვავებულად განაწილდა მოსწავლისა და სკოლის დონეზე.

„საგნობრივ ჭრილში აღქმული სასწავლო დანაკარგი ყველაზე მაღალია მათემატიკაში. საფეხურის ჭრილში კი დაწყებით საფეხურზე სასწავლო დანაკარგები ყველაზე მეტად გამოხატულია წიგნიერებასა და რაოდენობრივ აზროვნებაში, მათემატიკაში – საბაზო საფეხურზე, ხოლო საშუალო საფეხურზე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. თუ მხედველობაში მივიღებთ მოსწავლეების მიღწევებს და მათ განაწილებას დაბალი და მაღალი მიღწევების ჭრილში, აღნიშნული ტენდენცია ქმნის რისკს, რომ კიდევ უფრო მეტი მოსწავლე აღმოჩნდება მიღწევების ყველაზე დაბალ კატეგორიაში, ან მის მიღმა.“ – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ფარგლებში სასწავლო დანაკარგების თემაზე ინტერვიუები ჩაიწერა სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებთან.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს უჭირთ სასწავლო დანაკარგების აღქმა და შეფასება როგორც სისტემის, ასევე საგნის, კლასის ან სკოლის კონტექსტში. სკოლების უმრავლესობაში, ხარისხის მართვის სისტემის არარსებობის პირობებში, კლასისა და მოსწავლის დონეზე სასწავლო პროცესის რეალური შედეგების შეფასება, ინფორმაციის შეგროვება (micro data) და ანალიზი არ ხორციელდებოდა.

„სისტემის დონეზე არ ჩატარებულა მოსწავლეთა სწავლების შედეგებისა და მიღწევების მონიტორინგი, შეფასება. ზოგადად, სასწავლო დანაკარგების შესახებ მსჯელობა ნაკლებად იყო წახალისებული. რესპონდენტების შეფასებით, სკოლების დირექტორების ნაწილი ერიდებოდა არა მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას და მოსწავლეთა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას პრობლემების დროული იდენტიფიცირების გზით, არამედ ცდილობდა, მაქსიმალურად დადებითი სტატისტიკა (ჩართულობა-მონაწილეობა) წარედგინა სამინისტროსთვის.“ –  ვკითხულობთ კვლევაში.

როგორც კვლევის ავტორები წერენ, საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ Covid-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრისა და მისი გრძელვადიანი ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის შესამცირებლად მნიშვნელოვანია, მთავრობებმა გადადგან გაბედული ნაბიჯები და უზრუნველყონ განათლებისა და სოციალური პოლიტიკის გაძლიერება ბავშვთა უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ასევე, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების განგრძობითი მხარდაჭერისთვის.

რა გააკეთა სახელმწიფომ

არსებობს ცალკეული მაგალითები, როცა პედაგოგებმა ონლაინსწავლების დროს გამოწვეული სირთულეების გამო არსებული საგანმანათლებლო დანაკარგების საპასუხოდ დამოუკიდებლად, პირადი ინიციატივით დაგეგმეს დამატებითი აქტივობები მოსწავლეებისთვის.

თუმცა ცნობილი არაა, თუ რა გააკეთა სახელმწიფომ საგანმანათლებლო დანაკარგების შესაფასებლად და იმ მოსწავლეთა მხარდასაჭერად, ვისაც ჩამორჩენა აქვს.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და უწყების წარმომადგენელთან ინტერვიუსთვის კითხვები გადაგზავნა მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან.

წინასწარ მიღებული პირობის მიუხედავად, „პუბლიკამ“ რემედიაციასა და საგანმანათლებლო დანაკარგების თემაზე განათლების სამინისტროს წარმომადგენლისთვის შეკითხვების დასმა ვერ მოახერხა.


მასალა მომზადებულია ინტერნიუსი – საქართველოს პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი“ ფარგლებში, ინტერნიუს ევროპასთან თანამშრომლობით და შვედეთის დაფინანსებით.