როგორ ვითარდება რუსულენოვანი განათლების სისტემა საქართველოში

პუბლიკა

ბოლო წლებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში რუსულენოვან მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში  შემოვიდა რუსეთის 62 304, უკრაინის – 20 716, ბელარუსის – 13 361 მოქალაქე. ამავე წელს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეობის მქონე 54 405 პირი დაბრუნდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლამ და საქართველოში დარჩენამ გავლენა მოახდინა საქართველოს განათლების სისტემაზეც.

როგორ ვითარდება რუსულენოვანი განათლების სისტემა საქართველოში რუსულ-უკრაინული ომის ფონზე? როგორია საჯარო და კერძო ავტორიზებულ სკოლებში მოსწავლეთა დემოგრაფიული ცვლილებების დინამიკა 2020 წლიდან დღემდე? რა საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველო რუსულენოვან მიგრანტებს? რა ალტერნატივები არსებობს ქვეყანაში განათლების სისტემების შეთავაზებების მიღმა? – ეს საკითხები სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით იკვლია

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ რუსეთის მოქალაქე მოსწავლეთა რაოდენობა გაორმაგებულია საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში. მათი რაოდენობა ასევე მაღალია არაფორმალური (სკოლები ქართული ავტორიზაციის გარეშე) განათლების სექტორში.

უფრო კონკრეტულად კი, განათლების სისტემაში ახალშემოსული რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების რაოდენობამ 2 040-ს მიაღწია, ასევე გაზრდილია ბელარუსის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეთა რაოდენობა – ბოლო ერთ წელიწადში 279 მოსწავლით. 2021-2022 წლიდან 2022-2023 წლამდე უკრაინის მოქალაქეობის მქონე მოსწავლეების რაოდენობა უკრაინულენოვან სკოლებში 1 102 მოსწავლით გაიზარდა.

რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მოსწავლეები ომის შედეგად არსებული მიგრაციის ადგილად ძირითადად თბილისსა და აჭარის რეგიონს ირჩევენ.

საქართველოში მიგრირებულ რუსულენოვან მოქალაქე ბავშვებს განათლების მიღების რამდენიმე შესაძლებლობა აქვთ:

განათლების მიღება რუსულენოვან როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში; განათლების მიღება ინგლისურენოვან კერძო სკოლების პროგრამებზე;  განათლების მიღება ქართულენოვან საჯარო და კერძო სკოლებში რუსულენოვანი კლასების დამატების მეშვეობით ავტორიზებული ადგილების ფარგლებში.

კვლევის პრეზენტაციაზე კვლევის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს არაფორმალური განათლების ცენტრებზეც.

კერძოდ საუბარია  „საოჯახო სკოლის ტიპის“ არაფორმალური ცენტრებზე, რომლებიც რუსეთის საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში ფუნქციონირებენ. ასევე არაფორმალური განათლების ცენტრები – რეალურად სკოლები სარეპეტიტორო ცენტრების საფარქვეშ, რომლებიც ფუნქციონირებენ რუსეთის კანონმდებლობის ქვეშ და უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ფორმალურ ბმას რუსეთის საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და ონლაინსწავლების განხორციელებასა და ონლაინგამოცდების ჩაბარებას შესაბამისი ფორმალური განათლების დასადასტურებლად.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრირებული მოსწავლეების დაახლოებით 50% საქართველოს განათლების სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებად კერძო და საჯარო ავტორიზებულ სკოლებშია, ხოლო 50% – არაფორმალური განათლების ცენტრებში, რომლებიც ოპერირებენ რუსული კანონმდებლობის საფარქვეშ და შესაბამისი რეგულაციებით რუსეთის საგანმანათლებლო კანონმდებლობით მოსწავლეებს დისტანციურ განათლებას აძლევენ.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიდგომა ორიენტირებულია იმისკენ, რომ არაავტორიზებული არაფორმალური განათლების ცენტრები ფორმალური განათლების ჩარჩოში არ მოაქციოს. საგულისხმოა, რომ ამ წელს პრეცედენტულად უარი ეთქვა ავტორიზაციაზე მსგავსი ტიპის არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრს.

„მგონია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თავდაცვის პოზიცია დაიჭირა, ვინმეს მათთვის პრორუსულობა რომ არ დაებრალებინა.  ამის მაგალითია „პროექტორის“ შემთხვევა, სასწავლო დაწესებულება, რომელიც მანამდე იყო არაფორმალური განათლების სივრცეში, სურდა შემოსულიყო საქართველოს ფორმალური განათლების სივრცეში, მაქსიმალური ნაბიჯები გადადგა ამისათვის, მაგრამ მან ვერ მიიღო ავტორიზაცია.

ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში ავტორიზაცია პოლიტიკური გადაწყვეტილებებით არის მოტივირებული. ამიტომ, ჩვენი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას ახლდა სწორედ ის მოტივაცია, რომ რუსულენოვანი სკოლისთვის არ მიეცათ ავტორიზაცია. ვფიქრობ, რომ ამგვარი მიდგომის გადააზრებაა საჭირო“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, შალვა ტაბატაძე.

ის მიიჩნევს, რომ სკოლა, რომელიც ორიენტირებული იყო ინტეგრაციაზე, რომელსაც ჰქონდა გაძლიერებული ქართულის შემსწავლელი კურსი, ნაკლებად იყენებდა რუსულ სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებს და ა.შ. არასწორია, რომ სამინისტრომ დატოვა კვლავ არაფორმალური განათლების ნაწილში, სადაც ოპერირება ბევრად მარტივია და კონტროლის მექანიზმები შინაარსთან დაკავშირებით არ არსებობს.

შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკა ამ კუთხით მხარდამჭერი უნდა იყოს იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ორიენტირებული არიან ინტეგრაციაზე და სურთ ქართულ ფორმალურ განათლების სისტემაში შემოსვლა. მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იცოდეს, რა ხდება არაფორმალური განათლების ცენტრებში.

„როცა ქვეყანაში არსებობს არაფორმალური განათლების ცენტრები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა სხვა ქვეყნის ფორმალური განათლება მისცეს მოსწავლეს, მათთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს მონაცემები, თუნდაც რეგისტრაცია და ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ტიპის ცოდნას იძლევიან ეს ცენტრები….

როცა არაფორმალური განათლების ცენტრი ამავე დროს არის სხვა ქვეყნის ფორმალური განათლების ნაწილი, მისი რეგულირების მექანიზმიც უნდა ამუშავდეს. მათთან დაკავშირებით სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს უფრო მეტი აქტიურობა, ვიდრე იმ დაწესებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც მზად არიან ჩვენი ფორმალური განათლების სისტემაში შემოვიდნენ და გარკვეული ნაბიჯები გადადგან ინტეგრაციისთვის. გამოსავალი არაა მათი კვლავ არაფორმალური განათლების სივრცეში დაბრუნება“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

კვლევის ავტორთა რეკომენდაციით, საჭიროა არაფორმალური განათლების ცენტრების, რუსეთში ავტორიზებული ონლაინსკოლების, რუსეთის საგანმანათლებლო სისტემასთან აფილირებული ცენტრების საქმიანობის მონიტორინგის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტების შემუშავება და ამუშავება.

კვლევის ძირითადი მიგნებები და არსებული გამოწვევები

როგორც კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რუსულენოვან სკოლებში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მოსწავლეების განათლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, შემდეგი პრობლემებია:

გამოიკვეთა კერძო და საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიღების შესაძლებლობების შეზღუდვა. კერძო სკოლებმა აითვისეს ავტორიზაციით მინიჭებული ადგილების თითქმის მაქსიმალური რაოდენობა, მაგრამ მაინც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნას; ხოლო საჯარო სკოლებმა გახსნეს დამატებითი კლასები როგორც პირველ კლასში მიღებისას, ასევე ზედა კლასებში, სწავლა გადაიყვანეს ორ ცვლაში, თუმცა გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლეს მოთხოვნის დაკმაყოფილება;

სკოლებს არ გააჩნიათ საკმარისი და კანონის მოთხოვნის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ შეძლონ გაზრდილი რაოდენობის მოსწავლეების მიღება;

სკოლებს პრობლემა აქვთ რუსულენოვანი საკადრო რესურსის თვალსაზრისით და არსებული კანონმდებლობა არ აძლევთ მათ საშუალებას, მოიყვანონ ახალი კადრები, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიაში შესასვლელად ფორმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ხოლო არსებული საკადრო რესურსი, არ არის საკმარისი;

რიგ შემთხვევებში სკოლები ვერ უზრუნველყოფენ მოსწავლეების აკადემიური მომზადების შესაბამის სწავლებას;

არსებული აცდენები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასა და რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის საგანმანათლებლო სისტემებს შორის, როგორც საგნობრივი, ასევე სწავლების შინაარსისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით;

ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება და კანონის მოთხოვნათა დაცვა; მოსწავლეთა ენობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და განხორციელება, რაც მძიმე ფინანსურ პრობლემებს უქმნის სკოლებს;

მშობლიური ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, რადგან არც მასწავლებელთა კომპეტენცია და არც არსებული სასწავლო რესურსი არ არის რელევანტური მიგრირებული მოსწავლეების მშობლიური ენის ხარისხიანად სწავლებისთვის;

სკოლაში არსებული კონფლიქტი და დაძაბულობა მოსწავლეებს შორის მიმდინარე ომის ფონზე და ამ კონტექსტში გართულებული ურთიერთობები განსაკუთრებით ქართულ და რუსულენოვან მოსწავლეებს შორის;

რუსეთის მოქალაქე მოსწავლეების ნაწილი საკუთარ მომავალს უკავშირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას, თუმცა გამოწვევად მიიჩნევს ქართული ენის ცოდნასა და იყენებს დამატებით საგანმანათლებლო რესურსებს ქართული ენის სწავლისთვის.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ისეთი სპეციფიკური მიმართულებები, როგორიცაა, საზღვაო აკადემიის პროგრამები და ქუთაისისა და თბილისის უნივერსიტეტებში საერთაშორისო პროგრამები ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში. რუსეთის მოქალაქე მიგრანტი მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილი უკავშირებს განათლების მომდევნო საფეხურს რუსეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებს;

უკრაინელი მოსწავლეებისა და მათი მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ყოფნას დროებით მოვლენად განიხილავს და საკუთარ მომავალს უკრაინასა და უკრაინის უმაღლესი განათლების სისტემას უკავშირებს.