გასულ კვირას 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გრანპრის მფლობელი ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი, ლიკა გომართელი გახდა.
სკოლას, რომელშიც 600 მეტი მოსწავლე სწავლობს, ლიკა გომართელი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. ინტერვიუს მიმდინარეობისას მიმოვიხილეთ მათი სასკოლო გამოწვევები და ის გამოცდილება, რომელიც საჩხერის მე-2 საჯარო სკოლას გამორჩეულს ხდის. მან მოგვიყვა, რატომ და როდის დაუკავშირა პროფესიული საქმიანობა სკოლას; გვესაუბრა იმ ცოდნასა და ღირებულებებზე, რომელსაც სკოლის ლიდერი უნდა ფლობდეს, იმისათვის, რომ სკოლის ცხოვრება წარმატებული გახადოს, და იმ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებიც მოსწავლეებისა და მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას კიდევ უფრო საინტერესოსა და შედეგიანს ხდის.
რას ნიშნავს თქვენთვის წლის საუკეთესო დირექტორის სტატუსი?
ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსია. ამ სტატუსის ფლობა ბედნიერებასა და სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. ზოგადად განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანები, ვფიქრობ, რომ მაგალითის მიმცემი არიან საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობასთან გვაქს საქმე. როდესაც ამ საპასუხისმგებლო საქმეში გამოგარჩევენ, ჯილდოს გაძლევენ, კიდევ უფრო მეტი ცდილობს შენგან მაგალითის აღებას.
ამ გზაზე ისედაც არასდროს გვქონია შეცდომის დაშვების უფლება, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი გამოცდილება და შესაძლებლობები სხვებსაც გავუზიაროთ, რომ ჩვენს საქმიანობაში, პროექტებსა თუ გეგმებში სხვებიც ჩავრთოთ. აქამდეც ვცდილობდით ამას, თუმცა დიდი მასშტაბები არ ყოფილა. ახლა მეტი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ადამიანური და მატერიალური რესურსი გავუნაწილოთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება.
როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი პროფესია სკოლასთან დაგეკავშირებინათ?
მახსოვს, მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ჩემს სკოლაში გერმანული ენის მასწავლებელი მოვიდა, მან ისეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, რომ მისი გავლენით მეც გადავწყვიტე გერმანულის მასწავლებელი გავმხდარიყავი. ასეც მოხდა, ვერავინ შემაცვლევინა გადაწყვეტილება. დღემდე ვცდილობ, როგორც მასწავლებელმა მას მივბაძო. ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიყვარულით ბავშვების მიმართ, მისთვის არ არსებობდა სუსტი და ძლიერი მოსწავლე, ამ ადამიანმა მასწავლა არა მხოლოდ გერმანული ენა, არამედ შემაყვარა ევროპული კულტურა – ლიტერატურა, მხატვრობა. დღესაც, რაიმე წარმატების მიღწევის შემდეგ, თუ მასთან მისვლა ვერ მოვახერხე, გულში ყოველთვის მას ვესაუბრები.
2001 წელს, როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, გერმანული ენის კათედრაზე დავიწყე მუშაობა, პარალელურად საჯარო და კერძო სკოლებში გერმანულის მასწავლებლად ვმუშაობდი. მაშინ არ არსებობდა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სკოლის დირექტორებს მოამზადებდა. ამიტომ სკოლების დირექტორად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ინიშნებოდნენ, ძირითადად მასწავლებლები. მეც მასწავლებლობიდან წავედი დირექტორად. მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მუშაობით. იქ მუშაობამ საშუალება მომცა, გამეცნო მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის დირექტორი, მასწავლებელი; დავკვირვებოდი და გამეზიარებინა მათი პროფესიული გამოცდილება. როცა სკოლის დირექტორობა გადავწყვიტე და გამოცდები ჩავაბარე, მახსოვს ბევრს გაუკვირდა, რატომ ვისურვე თანამდებობრივად უფრო დაბალ პოზიციაზე დასაქმება, მაგრამ ჩემთვის მთავარი გამოწვევა და ინტერესი სკოლის მიმართ იყო ის, რომ მე შემეძლო ჩემი გამოცდილება და ცოდნა თითოეულ მოსწავლემდე მიმეტანა.
როგორ ფიქრობთ, რა ცოდნა, შესაძლებლობები და ღირებულებები უნდა ჰქონდეს სკოლის დირექტორს იმისათვის, რომ მან როგორც სასკოლო საზოგადოების ლიდერმა წარმატებით უხელმძღვანელოს სწავლა-სწავლების პროცესს?
მიმაჩნია, რომ დირექტორს პირველ რიგში უნდა ჰქონდეს უნარი, მუდმივად სწავლობდეს და ვითარდებოდეს, არასდროს არ უნდა ეშინოდეს პრობლემებზე საუბრის, უნდა იყოს კომუნიკაბელური. მას უწევს ურთიერთობა მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან. სკოლა იზოლირებულად ვერ იარსებებს. ის არის საზოგადოების ნაწილი და დირექტორს ამ საზოგადოებასთან სწორად კომუნიკაცია და საერთო ენის გამონახვა უნდა შეეძლოს. მას უნდა ჰქონდეს ცვლლილებებთან სწრაფად ადაპტირებისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი. მაგალითად, ჩვენ ძალიან სწრაფად მოგვიწია სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. არსებული რესურსების მობილიზებით ეს მოვახერხეთ, შევძელით, რომ სემესტრი შემდგარიყო და ბავშვებისთვის განათლება მიგვეცა.
ძალიან მნიშვნელოვანია ჰუმანურობა, ობიექტურობა, სამართლიანობა, საქმის სიყვარული. რა ღირებულებებსაც შენში ხედავენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები, მომავალში იმავე ღირებულებებით ხელძღვანელობენ. კარგი მმართველიც უნდა იყო, კარგი მასწავლებელიც, კარგი შემფასებელიც და კარგი დამფასებელიც. ამ უკანასკნელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აღიარო თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის შრომა, და გქონდეს ამის თქმის უნარი. მნიშვნელოვანია აღმოჩენის უნარიც. დირექტორმა უნდა აღმოაჩინოს მოსწავლესა და თანამშრომელში შესაძლებლობები, რომ სკოლა ამ შესაძლებობების განვითარების ასპარეზად აქციოს. სკოლის მართვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორიენტირი მოსწავლეების ინტერესები და საჭიროებები უნდა იყოს.
თქვენი გამოცდილების მაგალითზე, როგორ შეაფასებდით არსებულ საგანმანთლებლო სისტემას, რომლის ფარგლებშიც დირექტორებს სხვადასხვა ვალდებულებისა თუ რეგულაციის გათვალისწინებით უწევთ საქმიანობა. შეგხვედრიათ თუ არა რაიმე პრობლემა ან სირთულე ამ მიმართულებით?
რეგულაციები ყოველთვის იყო და იქნება. ვერავინ იტყვის, რომ რაღაც რეგულაცია იდეალურია და არცერთ რეგულაციასთან არ აქვს პრეტენზია. მაგალითად, ხშირად შეიძლება მოისმინოთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არ იძლევა საშუალებას, რომ სკოლაში დამატებით რაღაც გააკეთონ. ეროვნული სასწავლო გეგმა ინსტრუმენტს აძლევს სკოლას, თუ ის კარგად წაიკითხავს მას და გონივრულად დაგეგმავს სასწავლო პროცესს. მთავარია, სკოლის მისია და ხედვა კარგად გაიაზრო, საით გინდა სკოლის წაყვანა. არავინ გზღუდავს, რომ დამატებით საგანი თუ პროგრამა შეიტანო სკოლაში. დირექტორმა რეგულაცია სკოლის ინდივიდუალურ საჭიროებებს უნდა მოარგოს. ასე რომ, მე არასოდეს ვწუწუნებ, ყოველთვის ვცდილობ ოქროს შუალედის გამონახვას.
მაგალითად, ძირითადად შესყიდვებთან დაკავშირებით მაქვს ხოლმე პრობლემები, ძალიან რთულია, როცა რაიონში ბაზრის კვლევის ჩასატარებლად შესყიდვას აკეთებ. ამისთვის გვჭირდება ინვოისები, რომელსაც ყველა მაღაზია ვერ გაძლევს. თუმცა აქაც გამოვნახეთ გზა და ვასწავლეთ, როგორ შეიძლებოდა დოკუმენტის მომზადება. შრომა თუ არ გეზარება, ყველაფერს თავს გაართმევ.
გარდა ამისა, პრობლემებსა და სირთულეებზე საუბარს დირექტორები ყოველთვის ფინანსებით ვიწყებთ. დიდკონტინგენტიანი სკოლა ვართ, 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. დიდი ფართის მოვლას, კომუნალურებს და ა.შ. დიდი თანხებიც სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ რაღაცების დაზოგვა გვიწევს, რომ ინფრასტრუქტურის მოვლას გავწვდეთ. პირველ რიგში გავაკეთეთ ის, რომ თავისუფალი ფართი, რომელიც სკოლას ჰქონდა, იჯარით გავაქირავეთ. ამან დამატებითი შემოსავალი მოიტანა. მერე დავიწყეთ ფიქრი პატარ-პატარა პროექტებზე. მცირე გრანტების გაცემით სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ყველაფერს შრომა უნდა, უნდა მოიძიო ეს საგრანტო პროექტები, შექმნა პროექტების მართვის ჯგუფი. ჩვენ ეს ნიშა დავიჭირეთ. პირველ პატარა გრანტს იმდენი პროექტი მოჰყვა, იმდენი ორგანიზაცია გვენდო.
თითოეული ეს პროექტი ძალიან გზრდის, ახალ იდეებს გიჩენს. პირველად, როცა კულინარიის სკოლა დავაარსეთ, ჩვენ მიერ მოპოვებული გრანტი 1 500 ლარი იყო. შეიძლება იფიქროთ, როგორ შეიძლება ამ თანხით კულინარიის სკოლის დაარსება? მაგრამ ამ თანხით საჭირო აღჭურვილობა ვიყიდეთ. მშობლების მონაწილეობითა და დახმარებით ეს პროექტი ისეთი წარმატებული გახდა, რომ საბოლოოდ ეს პატარა გრანტი გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენს სკოლაში პროფესიული განათლება სავიზიტო ბარათად ქცეულიყო. სწორედ ამ პროექტმა მოგვცა საშუალება, ჩავრთულიყავით განათლების სამინისტროს პროექტში, რომელიც მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარებას მოიაზრებდა. დღეს უკვე 5 პარტნიორი კოლეჯი გვყავს.
თქვენ ყურადღება გაამახვილეთ სკოლის მართვისას მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე. გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ, თქვენი სკოლის მაგალითზე რამდენად არიან მოსწავლეები ჩართული სკოლის მართვის პროცესში და რა გზებით ცდილობთ, მეტი მოტივაცია გაუჩინოთ მათ ამ მიმართულებით?
პირადი გამოცდილებით შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ როდესაც მოსწავლეების ინტერესების მიხედვით აგებ სკოლის გეგმას, ისინი ყველაფერში ერთვებიან, დავალებაც კი არ სჭირდებათ. ეს შესაძლებლობას გაძლევს, ყველა მათგანი იყოს რეალიზებული, იმიტომ, რომ მათთვის სკოლა უინტერესო დავალებების მომზადების ადგილი კი არაა, არამედ მასში ყოველთვის შეუძლიათ იპოვონ ის, რაც აინტერესებთ.
ჩვენთან სკოლის მართვის პროცესში მოსწავლე პასიური კი არ არის, ამ პროცესის თანამონაწილეა. ბუნებრივია, მათ სჭირდებათ მოდერატორი, მაგრამ ამავდროულად სჭირდებათ თავისუფლების განცდაც. უნდა აჩვენო, რომ მათ ენდობი. როცა ამას ხედავენ, ათმაგად იხარჯებიან. პროექტების დაგეგმის და განხორციელების ეტაპზე ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეები. უფრო მეტიც, ამ პროექტების შინაარსი სწორედ იმ ინტერესებაა მორგებული რაც ჩვენს მოსწავლეებს აქვთ.
მაგალითად, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა პირველ რიგში ტექნიკური ხასიათის პრობლემებთან იყო დაკავშირებული. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ გამოწვევას დიდწილად ჩვენი უფროსკლასელების დახმარებით გავუმკლავდით. პირველ რიგში რაც გავაკეთეთ, იყო ის, რომ შევკრიბეთ უფროსკლასელები, რომლებიც კარგად იყვნენ გათვიცნობიერებული ტექნოლოგიებში. როცა ვუთხარით, რომ მათი დახმარება გვჭირდებოდა, რომ ისინი იყვნენ ჩვენი დასაყრდენი, იმისათვის, რომ ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გამართული კომპიუტერი ჰქონოდა, ვერ წარმოიდგენთ როგორი სტიმული იყო ეს მათთვის. როცა მოსწავლე ხედავს, რომ მას ენდობი, სტიმულს აძლევ, ეს ნდობა გაამართლოს. ხედავ, რომ ეს საოცარი მოტივაციაა მათთვის.
უახლოეს მომავალში სასკოლო ცხოვრებაში რა გამოწვევა გესახებათ, რომელიც უნდა გადაჭრათ?
ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად გაზრდილი კონტინგენტის პირობებში საკმარისი ფართის არქონა მიმაჩნია. მას შემდეგ, რაც სკოლაში პროფესიული განათლება განვავითარეთ, შესაბამისი ფართიც გვჭირდება. მშენებლობა სკოლის ხარჯებით ან მცირე გრანტებით შეუძლებელია. მოსაფიქრებელია გზა, როგორ შევძლებთ გაფართოებას. ერთ-ერთ პროექტში რომელშიც ახლა ვართ ჩართული, თუკი ბოლო ეტაპზე გადავალთ, აშენდება სახელოსნოები. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს სკოლას.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა „მსოფლიო განათლების კვირეულის“ მონაწილეა. ის ერთ–ერთი იქნება მსოფლიოს 100 სკოლას შორის, რომლებიც 5-9 ოქტომბერს გამართულ ონლაინკონფერენციაზე საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარებენ. მოგვიყევით იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ, რომლებიც თქვენი შეფასებით თქვენს სკოლას წარმატებულსა და გამორჩეულს ხდის.
რაც შეეხება წარმატებებს, რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი – პირველ რიგში პროფესიული განათლების დანერგვა. მიმაჩნია, რომ პროფესიული განათლების დანერგვამ ჩვენს სკოლაში შეცვალა დამოკიდებულებები, ღირებულებები, დაამსხვრია სტერეოტიპები მშობლებისთვის, რომ პროფესიული განათლება არაპოპულარული და გამოუსადეგი რამააა. მშობლებს დავანახეთ, რომ პროფესიული განათლება ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ძალიან კარგი საშუალებაა. ნებისმიერი პროგრამა და მიმართულება, რომლებიც სკოლაში შემოგვაქვს, ხელს უწყობს ფორმალური განათლების მიღებას. მაგალითად, ელექტროობის კურსებზე პრაქტიკაში აკეთებენ იმას, რასაც ფიზიკის გაკვეთილზე თეორიულად სწავლობენ. წლიდან წლამდე ვხედავ, როგორ აისახება ეს მოსწავლეების მოტივაციაზე.
აღვნიშნავდი ასევე მეწარმეობის გაძლიერებას. მაგალითად, მოსწავლე რაღაცას რომ სწავლობს და ქმნის, როგორ შეიძლება ეს შემოსავლის წყაროდ გადააქციოს. ვცდილობთ, რომ სკოლაში ესეც ვასწავლოთ. პროფესიული განათლება კი ამაში გვეხმარება. მაგალითად, მათ ისე კარგად ისწავლეს IT ტექნოლოგიები, დასაქმდნენ კიდეც; დაიწყეს, მაგალითად, კომპიუტერების შეკეთება და შემოსავლის წყაროც გაუჩნდათ.
ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მდგრადი განვითარება და ამ კუთხით განსაკუთრებულად ვმუშაობთ. ვმუშაობთ გოგონების ლიდერობის გაძლიერების კუთხითაც. მიზანი ისაა, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და STEM საგნებში გოგონების ჩართულობა გავაძლიეროთ;
ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობის გაძლიერება. გადავწყვიტეთ, რომ ეს მშობლების განათლებით დაგვეწყო. იმიტომ, რომ მშობელს ვერ მოსთხოვ პასუხისმგებლობას მოსწავლის სწავლაზე. თუ მან არ იცის, როგორ გააკეთოს ეს, ვერასდროს მოსთხოვ, ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში. თუ მას არ ასწავლე, როგორ ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში, ის ვერ მოაგვარებს კონფლიქტს თავის შვილსა და მის თანაკლასელს შორის; თუ არ ასწავლე კონფლიქტის მოგვარების საკითხები, ვერასდროს დაამყარებს კარგ კომუნიკაციას შვილთან და მასწავლებელთან. მან უნდა იცოდეს ამგვარი კომუნიკაციის საფუძვლები. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში დავადგინეთ მათი საჭიროებები და მერე შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები შევთავაზეთ.
ამგვარი კომუნიკაციისას მშობელი უფრო გენდობა. მერე აღარ ერიდება, რომ რეკომენდაცია მოგცეს, ცდილობს შენთან ითანამშრომლოს, თუ რამე არ მოსწონს, თუ რამე მისთვის მიუღებელია. ჩხუბით კი აღარ მოდის, თანამშრომლობას იწყებს შენთან, იმიტომ, რომ გენდობა. მშობლებთან ამგვარი ურთიერთობებია ჩვენთვის პრიორიტეტული, ამგვარი თანამშრომლობის გარეშე სკოლა წარმატებას ვერ მიაღწევს.