როგორ გახდა საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა „მსოფლიო განათლების კვირეულის“ მონაწილე

სალომე გორგოძე

საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა „მსოფლიო განათლების კვირეულის“ მონაწილე გახდა. ის ერთ-ერთი იქნება მსოფლიოს 100 სკოლას შორის, რომლებიც 5-9 ოქტომბერს გამართულ ონლაინკონფერენციაზე საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარებენ.

საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში 670 მოსწავლე სწავლობს და 42 მასწავლებელი ასწავლის. სკოლის დირექტორი, ლენა გომართელი გვიყვება, რომ სანამ 1 სექტემბერს სკოლა ოფიციალურად მიიღებდა დასტურს კონფერენციაში მონაწილეობის თაობაზე, მათ რამდენიმე ეტაპი გაიარეს.

ლენა გომართელი იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ გვესაუბრა, რომლებიც მათ სკოლას გამორჩეულს ხდის და რის გამოც მსოფლიო აუდიტორიისთვის მათი გამოცდილების გაზიარება საინტერესოდ მიიჩნიეს.

პირველ რიგში ეს არის უცხო ენების გაძლიერებული სწავლება, – გვეუბნება ლენა გომართელი და განმარტავს, რომ, მაგალითად, ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების მიზნით, სასკოლო კურიკულუმს დაემატა ინგლისურენოვანი ისეთი ლიტერატურა, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებით არ არის გათვალისწინებული. გაძლიერდა საათობრივი დატვირთვაც, თითოეულ კლასში მოსწავლეები თითო ნაწარმოებს ამუშავებენ, შესაბამისი სავარჯიშოებითა და აქტივობებით. ფორმალურ განათლებასთან ერთად, ჩამოაყალიბეს არაფორმალური განათლების კლუბები, მაგალითად, დრამის კლუბი, საჯარო მეტყველებისა და წერის კლუბი. მისი თქმით, უცხო ენის შესწავლისთვის გაღებულმა ძალისხმევამ როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით, დროთა განმავლობაში აჩვენა, რომ გაიზარდა მოსწავლეების აკადემიური მოსწრება, გაუმჯობესდა მოსწავლეების უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

მეორე მიმართულება პროფესიულ განათლებას უკავშირდება. საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა პროფესიულ კოლჯებთან თანამშრომლობით 7 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, ესენია: მზარეულის, კონდიტერის, დიზაინერის, ელექტრიკოსის, IT სპეციალისტის, დურგლისა და ექთანის საგანმანათლებლო პროგრამები.

აღნიშნული პროფესიების შესწავლა არამხოლოდ მე-2 საჯაროს სკოლის მოსწავლეებს, არამედ საჩხერის ნებისმიერი სხვა სკოლის VIII-XII კლასელებსაც შეუძლიათ, ვისაც ამის სურვილი ექნება.

ყველაფერი 2016 წელს დაიწყო,- გვეუბნება ლენა გამართელი და გვიყვება, რომ თავდაპირველად კულინარიის სკოლა გახსნეს. მშობლები დაინტერესებულ მოსწავლეებს კულინარიას ასწავლიდნენ, რამაც ძალიან გაზარდა როგორც მოსწავლეების მოტივაცია, ისე ხელი შეუწყო მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას. სწორედ ამან გადააწყვეტინათ, 2017 წელს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პროექტში ჩართულიყვნენ, რომელიც სკოლაში პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვას ითვალისწინებდა.

„პროფესიული განათლების დანერგვამ სკოლაში ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში სტერეოტიპების ნელ-ნელა მსხვრევას შეუწყო ხელი. მშობლებისთვის პროფესიული განათლება დღემდე რჩებოდა როგორც, ე.წ. დასჯის მექანიზმი – თუ ბავშვი არ სწავლობს პროფესიული სასწავლებლებში უნდა გაუშვა. მშობლებმა დაინახეს, რომ ეს ასე არაა. ხშირად გვაქვს ხოლმე მსჯელობა იმის შესახებ, რა სურთ მათ შვილებს, რისი ინტერესი აქვს, რომ ეს ინტერესიც ავსახოთ და გავითვალისწინოთ პროფესიული პროგრამების შერჩევისას. გარდა ამისა, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევასაც შეუწყო ხელი მოსწავლეებში, აქ აღარ განირჩევა, ე.წ. ქალებისა და კაცებისთვის განკუთვნილი პროფესიები. ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან ბევრი მოსწავლე გოგონა ინტერესით სწავლობს ელექტრიკოსისა და IT სპეციალისტის საქმეს, ისევე როგორც ძალიან ბევრმა მოსწავლე ბიჭმა გამოხატა ინტერესი დიზაინერის, კონდიტერისა და საექთნო საქმის მიმართ“.

ლენა გომართელი გვიყვება, რომ სკოლისთვის ასევე პრიორიტეტულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (STEM) გაძლიერებული სწავლება. სკოლა 2014 წლიდან ჩაერთო პროექტში „მეცნიერება იწყება სკოლიდან“ , რომელიც ხელს უწყობს სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის საფუძველზე, მათ ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად რუსთაველის ეროვნული ფონდის დაფინანსებაც მოიპოვეს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის პროფესორმა სკოლის ქიმიის მასწავლებელთან ერთად, მოსწავლეების ჩართულობით, კვლევის პროექტი განახორციელეს. პროექტი მზა საჭმელში კალორიულობის განსაზღვრას შეეხებოდა.

მეოთხე მიმართულება მშობლების განათლებას ეხება. სკოლა გასულ წელს „ახალი სკოლის“ მოდელში ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც მშობლების საჭიროებები იკვლიეს. ცხადი გახდა, რომ მშობლებს შვილებთან ურთიერთობისას გარკვეული სახის ინფორმაციის მიღება სჭირდებოდათ. ამიტომ დაწყებით საფეხურზე ჩამოყალიბდა მშობელთა სკოლა, რომლებსაც შესაბამისი კომპეტენციის მქონე სკოლის პედაგოგები ტრენინგებს უტარებდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბულინგი, კიბერბულინგი, ძალადობა, კონფლიქტი, მოზარდის ასაკობრივი თავისუფლება. შეხვედრები ყოველკვირეულად იმართებოდა, პანდემიის გამო კი ონლაინფორმატში გაგრძელდა.

ლენა გომართელი მიიჩნევს, რომ საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა კონფერენციის ორგანიზატორებისთვის იმის გამოც აღმოჩნდა საინტერესო, რომ სკოლა სხვადასხვა პროექტს ახორციელებს, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვისკენაა მიმართული.

თავდაპირველად სკოლაში ჩამოყალიბდა კლუბი „გოგონები მდგრადი განვითარებისთვის“. არაფორმალური განათლების მიმართულებით მიღებული გამოცდილება კი დაეხმარათ კიდევ ერთი ახალი პროექტი წამოეწყოთ, რომლისთვისაც დაფინანსება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან უკვე მიიღეს და ახალი სასწავლო წლიდან მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებული სასკოლო სასწავლო გეგმას შექმნიან.

ლენა გომართელი ამბობს, რომ კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულო მოვლენაა სკოლისთვის. ის მიიჩნევს, რომ წარმატებას სკოლა მაშინ აღწევს, როცა მშობელთან და ადგილობრივ თემთან, საერთო მიზნის მისაღწევად, როგორც ერთი გუნდი, ისე მუშაობს. ის ფიქრობს, რომ ამგვარად გუნდური მუშაობა მათი სკოლის ძლიერი მხარეა.

საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა კვირეულის ფარგლებში პრეზენტაციაზე 8 ოქტომბერს, საღამოს 4 საათზე წარდგება. ონლაინკონფერენციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.