როზალინდ ელსი ფრანკლინი - მითების, ლეგენდებისა და შეთქმულებების გარეშე - ნაწილი მეორე

ნიკოლას გელოვანი

როზალინდის წლიური მოხსენება

1953 წლის 30 იანვარს უილკინსმა უოტსონს აჩვენა ფრანკლინისა და გოსლინგის „51-ე ფოტოდა უმთავრესი პარამეტრებიც ჩააწერინა. აღფრთოვანებული უოტსონი გაიქცა კემბრიჯში და ყველაფერი მოახსენა კრიკს. ამ ტანდემმა სთხოვა ლაბორატორიის დირექტორს, ლოურენს ბრეგს, ისევ მიეცა მათთვის დნმის მოდელის აწყობის უფლება. ამ უკანასკნელმაც, მაშინვე გააუქმა ძველი აკრძალვა, რადგან ძალიან კარგად იცოდა, თუკი პოლინგი ფრანკლინს შეხვდებოდა, ისინი უეჭველად შესძლებდნენ სწორი მოდელის გამოქვეყნებას. ამგვარად, კრიკი და უოტსონი 1953 წლის თებერვლის დამდეგს შეუდგნენ მუშაობას. შიშობდნენ, რომ ამერიკელი კონკურენტი დაასწრებდა მათ სტრუქტურის ამოცნობას. უილკინსი სწორედ მაშინ დაჰპირდა თავის მეგობრებს, რომ მალულად ჩაიწერდა როზალინდის ყველა ფრაზას და ყველაფერს აცნობებდა მათ. (Maddox 2003); (Olby 1974, 401).

ნაადრევი აღმოჩნდა მათი სიხარული: „51-ე ფოტოსსიცხადისა და სიმკვეთრის მიუხედავად, განსასაზღვრი იყო ზუსტი რაოდენობა დნმის ჯაჭვებისა (მხოლოდ ეს რენტგენოგრამა ვერ მოჰფენდა ნათელს მთავარ საიდუმლოსრამდენი სპირალი ჰქონდა დნმ: ერთი, ორი, სამი, თუ ოთხი) (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003). ეს დიფრაქციული გამოსახულება მხოლოდ ადასტურებდა სპირალურ მოყვანილობას (ეს ჰიპოთეზა მანამდეც იყო გავრცელებული), თუმცა, მეცნიერებმა ვერ დაადგინეს სპირალთა რაოდენობა. მეცნიერმა სვენ ფიურბერგმა ჯერ კიდევ 1949 წელს გამოთქვა მოსაზრება, რომ დნმს სპირალური მოყვანილობა ჰქონდა (იგი იყო პირველი, ვინც ყურადღება გაამახვილა ამ დეტალზე, თუმცა, ვერ დაამტკიცა) (Olby 1974); (Judson 1996); (Maddox 2003); ფრანკლინმა 1951 წლის სექტემბერში აღმოაჩინა დნმის სპირალური აგებულება და ეს დასკვნა გაასაჯაროვა კიდეც იმავე წლის 21 ნოემბერს, კინგსის კოლეჯში ჩატარებულ სემინარზე. უილკინსი და ალეკ სტოუკსიც იმავე მოსაზრებამდე მივიდნენ 1951 წელს, მაგრამ არ გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი; უილიამ (ბილ) ქოქრანმა, ფრენსის კრიკმა და ვლადიმირ ვანდმა 1952 წელს გამოაქვეყნეს სტატია, სადაც საუბარია სპირალებსა და დიფრაქციის თეორიაზე, თუმცა, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ყველას უჭირდა იმის დანამდვილებით თქმა, რამდენი სპირალი ჰქონდა დნმ. კრიკმა და უოტსონმა სამსპირალიანი მოდელი ააწყვეს 1951 წლის ნოემბრის მიწურულს; ლაინუს პოლინგმა და რობერტ ქორეიმაც მსგავსი სტრუქტურა შესთავაზეს სამეცნიერო წრეებს 1953 წლის იანვარში. სწორედ ფრანკლინმა აღმოაჩინა  (1953 წლის 24 თებერვალს), რომ დნმის ორივე ფორმა, „დაიყო ორმაგსპირალური. ერთი თვით ადრე, 1953 წლის იანვარში კი დაასკვნა, რომფორმას ორი სპირალი ჰქონდა და ეს ორი სპირალი ანტიპარალელურად იყო გადახლართული, ანუ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა (Klug 2004).

ამგვარად, კემბრიჯელი ტანდემი დიდ სირთულეს წააწყდა 1953 წლის იანვრის ბოლოს (როცა უოტსონმა ნახა „51-ე ფოტოდა გარდაუვლად საჭირო პარამეტრებიც ჩააწერინა უილკინსმა). თებერვლის დამდეგს, ლოურენს ბრეგმა ხელმეორედ დართო მათ მოდელის აწყობის ნება, თუმცა, მაინც ვერ შესძლეს ვერც დნმის სპირალების რაოდენობის დადგენა, ვერც შაქარფოსფატური ხერხემლისა და აზოტოვანი ფუძეების განლაგების სწორად განსაზღვრა, ვერც სპირალთა დიამეტრის გამოთვლა, ვერც დნმის ელემენტებს შორის ფარდობითი მანძილების დაზუსტება, ვერც სხვა საჭირო კონფიგურაციების აღმოჩენა. ერთადერთი, რაც „51-ფოტომ დაადასტურა, დნმის მოლეკულის სპირალური მოყვანილობა იყო, თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ეს დადასტურება დიდად ვერ წაადგათ. სხვა ყველაფერიზუსტი სტრუქტურა, სპირალთა რაოდენობა და დიამეტრი, ფარდობითი მანძილები დნმის განმეორებად ელემენტებს შორის და გადამწყვეტი პარამეტრებიბურუსით იყო მოცული. უოტსონსა და კრიკს უნდოდათ არა მხოლოდ იმის დადასტურება, რომ დნმ იყო სპირალური სტრუქტურის, არამედ სჭირდებოდათ რენტგენული კრისტალოგრაფიის მეშვეობით მიღებული ზუსტი დასკვნები, მათემატიკური ანალიზი და უტყუარი მოლეკულური კალკულაციები. ეს ყველაფერი სწორედ როზალინდ ფრანკლინმა წარმოადგინა თავის შიდა, წლიურ მოხსენებაში და გაუგზავნა კვლევის დამფინანსებელ კომისიას, “Medical Research Council”- 1952 წლის დეკემბრის მიწურულს (Klug 2004); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Olby 1974); (Judson 1996). ფრანკლინის ამ მოხსენებაში გარკვევით ეწერა დნმის შაქარფოსფატური ხერხემლისა და აზოტოვანი ფუძეების სწორი განლაგების შესახებ; ასევე, დნმის“, ანუ კრისტალური ფორმის სამგანზომილებიანი სიმეტრია: წახნაგცენტრირებული, მონოკლინური კრისტალური მესერი და სივრცული ჯგუფი C2. ფრანკლინმა სრულყოფილად აღწერა კრისტალური მესერი და ელემენტარული უჯრედი; დაასახელა ზუსტი პარამეტრები, სპირალთა დიამეტრი, სიგრძე, სიგანე, კუთხეები და სრული მოლეკულური კონფიგურაცია:

a = 22.0 Å,

b = 39.8 Å,

c = 28.1 Å,

β = 96.5°.

(Klug 2004); (Maddox 2003). წლიური შეჯამება, მართალია, არ იყო კონფიდენციალური, თუმცა, იგი არ უნდა ჩავარდნოდა ხელში სხვა პირებს, გარდა კომიტეტის წევრებისა (Maddox 2003, 188). მიუხედავად ამისა, 1953 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, “Medical Research Council”-ის წევრმა, მაქს პერუცმა, ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გადასცა კრიკსა და უოტსონს (Olby 1974); (Maddox 2003); (Watson 1968); (Elkin 2003); (Judson 1996); (Klug 2004). სწორედ ფრანკლინის ეს წლიური მოხსენება და ფრანკლინისა და გოსლინგის „51-ე ფოტოგახდა სწორი მოდელის აწყობის საფუძველი. ცხადია, არავის უთქვამს ფრანკლინისათვის, რომ მისი მასალები გადასცეს კონკურენტ ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერებს. იგი ისე გარდაიცვალა, მის ყურამდეც კი არ მისულა ეს ამბავი; არასოდეს გაუგია, რაოდენ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი აღმოჩნდა მისი ფოტო და წლიური მოხსენება (Maddox 2003); (Klug 2004); (Sayre 2000); (Olby 1974); (Elkin 2003). კრიკსა და უოტსონს საჯაროდ არასდროს უსაუბრიათ ფრანკლინის წამყვანი როლის შესახებ. კრიკმა მხოლოდ ფრანკლინის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, 1961 წლის 31 დეკემბერს (ნობელის პრემიის გადაცემამდე ცოტა ხნით ადრე), ჟაკ მონოსათვის გაგზავნილ წერილში აღიარა, რომ მასალა, რომელიც ნამდვილად დაეხმარა მათ სტრუქტურის აწყობაში, როზალინდის მოპოვებული იყო (Maddox 2003); (Klug 2004).

მათ ისე გამოიყენეს ფრანკლინის წლიური მოხსენება, არც კი უხსენებიათ ავტორის სახელი. დაირღვა წყაროს მითითების წესი. მეცნიერებმა ინტელექტუალური დანაშაული ჩაიდინესპლაგიატი. კრიკსა და უოტსონს თავიანთ რევოლუციურ სტატიაში არ უხსენებიათ, რომ სწორედ ფრანკლინმა განსაზღვრა დნმის კრისტალური სიმეტრია: წახნაგცენტრირებული, მონოკლინური კრისტალური მესერი და სივრცული ჯგუფი, C2.

ნობელიანტი მეცნიერის, აარონ კლუგის, აზრით, იმიტომ არ გაამხილეს ეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომსაკუთარი ღვაწლის დაკნინების შეეშინდათ“ (Klug 2004). როცა 1951 წლის ნოემბერში კრიკმა და უოტსონმა ააწყვეს მცდარი მოდელი, შაქარფოსფატური ხერხემალი სტრუქტურის შიგნით ჩამალეს, აზოტოვანი ფუძეები კი გარეთ გაიტანეს. როზალინდმა მაშინვე უთხრა, რა შეცდომაც დაუშვეს და მისი არგუმენტებიც კარგად ახსოვდათ. ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა მათთვის (Klug 2004).

ნობელის პრემიის გადაცემიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ეს ამბავი გამომჟღავნდა, მაქს პერუცმა უამრავი აღშფოთებული ადამიანის წერილი მიიღო; მეცნიერს ჰკითხეს, რატომ დაარღვია პროფესიული ეთიკა და რად მიაწოდა ფრანკლინის დაუკითხავად ეს მასალები კრიკსა და უოტსონს. მან მხოლოდ იმის თქმა შეძლო (ჟურნალ «Science »-ში გამოაქვეყნა საგანგებო სტატია 1969 წლის 27 ივნისს), რომმაშინ ძალზე გამოუცდელი (!) და დაუდევარი (!) იყო და ვერ ერკვეოდა (!) ადმინისტრაციულ საკითხებში“ (Maddox 2003); (Stent 1981). ამერიკელი მეცნიერის, ჯერი დონოჰიუს, შეფასებით (მან განუზომლად დიდი ღვაწლი დასდო უოტსონსა და კრიკს, როცა ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ დნმის აზოტოვან ფუძეთა შეწყვილებას 1953 წლის თებერვლის ბოლოს, თუმცა, არაფერი გამოსდიოდათ), პერუცმა მეცნიერისათვის ყოვლად ბრიყვულად და უგერგილოდ იმართლა თავი (Donohue 1976). მისი ახსნაგანმარტება სულაც არ იყო დამაჯერებელი და, რაც მთავარია, მეცნიერისათვის შესაფერი და ღირსეული. პერუცის მოსაზრებები ორი მიზეზითაა მცდარი: 1) არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სამეცნიერო მასალის კონფიდენციალობის თუ საჯაროობის საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში, უოტსონისა და კრიკის სტატიაში, 1953 წლის 25 აპრილს რომ გამოქვეყნდა, ცხადად უნდა ყოფილიყო მითითებული, ვის კვლევას, მოხსენებასა და დიფრაქციულ ფოტოს დაეყრდნენ; ნათლად და გარკვევით უნდა დაესახელებინათ ესოდენ გარდამტეხი აღმოჩენებისა და კალკულაციების ავტორი, ციტირების წესის სრული დაცვით; 2) მათ არ ჰქონდათ უფლება, ამ აღმოჩენის ერთადერთ ავტორებად გაესაღებინათ თავი.

სტატიაში ვკითხულობთ: „დნმის ორი ჯაჭვი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნება“ (Watson, Crick, 1953). თავს იჩენს ერთი სავსებით ლოგიკური, გონივრული და ბუნებრივი შეკითხვა: რა არის ამ დასკვნის საფუძველი? პასუხი: ფრანკლინის წლიური მოხსენება და მასში აღწერილი წახნაგცენტრირებული, მონოკლინური კრისტალური მესერი, სივრცული ჯგუფი, C2 და ზემოხსენებული სრული კონფიგურაცია: a = 22.0 Å, b = 39.8 Å, c = 28.1 Å, β = 96.5°.

როზალინდის წლიურ მოხსენებას ძალზე იშვიათად ახსენებენ პოპულარული საიტები, მათ შორის, ის გამოცემებიც კი, ფრანკლინის როლის საკადრისად დაფასებას რომ მოითხოვენ. სამწუხაროდ, მათ მხოლოდ „51-ე ფოტოდა უილკინსი მოაქციესფოკუსშიდა თითქმის სულ არ აქცევენ ყურადღებას არც მაქს პერუცის არაეთიკურ საქციელს და არც როზალინდის ამ უმნიშვნელოვანეს და გარდამტეხ სამეცნიერო დოკუმენტს, სწორი მოდელის აწყობის საწინდრად რომ იქცა.

კრიკის ზემოხსენებული დასკვნა (დნმის ჯაჭვების ანტიპარალელური მიმართულების შესახებ) უშუალოდ გამომდინარეობდა ფრანკლინის წლიურ მოხსენებაში აღწერილი გარდამტეხი აღმოჩენიდან. როგორც უკვე ითქვა, როზალინდმა დაასკვნა, რომ დნმის ა, ანუ კრისტალური ფორმა ემყარებოდა წახნაგცენტრირებულ, მონოკლინურ კრისტალურ მესერს. ასევე, ცხადად იყო აღნიშნული შაქარფოსფატური ხერხემლის სწორი კონფიგურაციის შესახებ: მოლეკულის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სტრუქტურის გარეთ იყო და არა შიგნით (კრიკსა და უოტსონს კი პირიქით ეგონათ) (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003).

როზალინდმა 1953 წლის იანვარში აღმოაჩინა, რომ დნმისფორმას ორმაგი სპირალი (ანტიპარალელური) ჰქონდა. 1953 წლის თებერვალში დაიწყოფორმის შესწავლა პატერსონის ე.. „სუპერპოზიციისფუნქციის მეშვეობით და მალევე, სულ რამდენიმე დღის შემდეგ, აღმოაჩინა მისი ორმაგი სპირალიც (Klug 2004). ამ ურთულესი კალკულაციების მეშვეობით განსაზღვრა დნმის სამგანზომილებიანი კრისტალური სტრუქტურა და დაადგინა წყლის მასა მოლეკულაში; სკრუპულოზური სიზუსტით გამოთვალა სპირალთა დიამეტრი, კოაქსიალური (თანაღერძული) ძაფების ერთმანეთისაგან დაშორება ძაფის ღერძის გასწვრივ და სპირალის (ორმაგი სპირალის) ბიჯი (Klug 2004). ყოველივე ეს ცხადადაა ასახული 1952 წლის დეკემბერში დაწერილ მის წლიურ მოხსენებაში, “Medical Research Council”-ს რომ გაუგზავნა (Klug 2004). კრიკმა ცხოვრებაში პირველად წაიკითხა ეს გარდამტეხი დასკვნები, საბოლოოდ რომ შეცვალეს დნმის ისტორია (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003); (Olby 1974). კრისტალური სიმეტრია იყო ფრანკლინის აბსოლუტურად გადამწყვეტი აღმოჩენა, რომელმაც კრიკი მიიყვანა დასკვნამდე, რომ დნმის ორი ჯაჭვი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიემართებოდა, ანუ ანტიპარალელური იყო (Olby 1974, 403); (Elkin 2003); (Maddox 2003); (Klug 2004), თუმცა, კრიკისა და უოტსონის საავტორო სტატიაში გაკვრითაც კი არაა ნახსენები, რომ ფრანკლინმა აღმოაჩინა კრისტალური მესერი, დნმის სამგანზომილებიანი სიმეტრია და ასევე, მათემატიკური კალკულაციები ჩაატარა. 1952 წლის დეკემბერში შედგენილი ეს მასალები ემთხვეოდა 1951 წლის 21 ნოემბერს ჩატარებულ სემინარზე ფრანკლინისაგან წარმოდგენილ დასკვნებს, თუმცაღა, ცხადია, ეს დოკუმენტი ბევრად უფრო დახვეწილ კალკულაციებსა და ღრმა მათემატიკურ ანალიზს შეიცავდა; გაცილებითმსუყედა მდიდარი იყო მეცნიერული თვალსაზრისით (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003).

კრიკი თავადვე ადასტურებს: უოტსონმა ვერაფერი გაუგო როზალინდის აღმოჩენილ სამგანზომილებიან სიმეტრიას, წახნაგცენტრირებულ მონოკლინურ მესერს და «space group C2»- („სივრცულ ჯგუფს“) (Olby 1974); საერთოდ ვერ აჰყვა მსჯელობაში თავის კოლეგას, რადგან ვერ ერკვეოდა ამ საკითხში (Olby 1974). მეტიც: უოტსონმა დაიწყო დნმის მოდელის აგება ფრანკლინის წლიურ მოხსენებაზე დაყრდნობით, თუმცა, მისი მოდელის ჯაჭვები არა ურთიერთსაპირისპირო, არამედ ერთი და იმავე მიმართულებით მიიკლაკნებოდა (Klug 2004). უოტსონი ვერ ახერხებდა ჯაჭვების სწორად დამონტაჟებას, ვიდრე კრიკმა არ უთხრა, რომ როზალინდის მოხსენებაში აღწერილი სიმეტრია ცალსახად ადასტურებდაჯაჭვები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდნენ (Olby 1974); (Klug 2004).

მიუხედავად ამისა, როგორც თავად კრიკი აღიარებს, სულაც არ იცოდა ბრწყინვალედ ის კრისტალური სიმეტრიები, 230-დან ერთამდე რომ შეკვეცა ფრანკლინმა და იმ ერთადერთის სისწორე დაამტკიცა. ამ მეცნიერს საერთოდ არ ჩაუტარებია ფრანკლინზე უკეთესი, ბევრად უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი მათემატიკური ანალიზი, არ შეუსრულებია ის კალკულაციები, რომელთაც როზალინდმა თითქმის ორი წელი შეალია. ამ კალკულაციების ზუსტი შედეგები მზამზარეულად მიართვეს კრიკს. გულწრფელად აღიარებს კიდეც: თავადაც მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდასივრცულ ჯგუფებზე“; ძალიან მწირი ცოდნა ჰქონდა ამ საკითხის შესახებ (Olby 1974). მისთვის სასიხარულო დამთხვევა აღმოჩნდა ის, რომ ფრანკლინისგან ზუსტად აღწერილი მონოკლინური, წახნაგცენტრირებული კრისტალური მესერი, ელემენტარული უჯრედი და სივრცული ჯგუფი C2, ბევრად ადრე აღმოაჩინეს ცხენის ჰემოგლობინში. სწორედ ამ საკითხს ამუშავებდა კრიკი თავის სადოქტორო ნაშრომში. მისივე თქმით, ეს იყო ერთადერთი სიმეტრია 230-დან, რომელიც იცოდა (Olby 1974).

უოტსონი თავის მემუარებში წერს: „ცხადია, როზი (!) თავისი ნებით (!) პირდაპირ არ გადმოგვცემდა საკუთარ (!) მონაცემებს. ამიტომაც, კინგსის კოლეჯში კაციშვილმა არ იცოდა, ხელში რომ ჩაგვივარდა (!) მისი (!) მასალები“ (Watson 1968).

როგორ გამოიყენა უოტსონმა ფრანკლინის ეს მასალები? რა იყო მისი ერთადერთიაღმოჩენა? გავრცელებული მოსაზრების თანახმად, უოტსონმა შეაწყვილა დნმის აზოტოვანი ფუძეები: ადენინი, თიმინი, გუანინი და ციტოზინი, თუმცა, არც კი უხსენებია, რომ მინიმუმ, 8 მეცნიერი დაეხმარა ამ ერთი ნაბიჯის გადადგმაში: 1) როზალინდ ფრანკლინი; 2) ჯერი დონოჰიუ; 3) ჯუნ ბრუმჰედი; 4) ერვინ ჩარგაფი; 5) ფლორენს ბელი; 6) უილიამ ასტბერი; 7) სვენ ფიურბერგი; 8) ჯონ მასონ გიულანდი.

1) ფრანკლინი: უოტსონსა და კრიკს ცხადად ახსოვდათ, რომ როცა 1951 წლის ნოემბრის მიწურულს ააწყვეს მცდარი მოდელი, როზალინდმა გააკრიტიკა არასწორი კონფიგურაციის გამო და უთხრა: ჰიდროფილური ფოსფატები იყო სტრუქტურის გარეთ, ხოლო ჰიდროფობიური აზოტოვანი ფუძეებიშიგნით. ქალმა 1951 წლის 21 ნოემბერს ჩატარებულ სემინარზეც აღნიშნა ეს. ამ სემინარის ჩანაწერები (ფრანკლინის ხელით შესრულებული) ცალსახად ადასტურებს ამას. (Klug 2004).

2) ჯერი დონოჰიუ: ამ ცნობილმა ამერიკელმა ქიმიკოსმა უთხრა უოტსონს, რომ შეცდომა დაუშვა, როცა ადენინი შეუწყვილა ადენინს, თიმინითიმინს, გუანინიგუანინს, ციტოზინი კიციტოზინს; გააკრიტიკა ენოლური წყობის გამოყენების გამო და უკარნახა, ენოლურის ნაცვლად, კეტო კონფიგურაცია უნდა სცადოო (Olby 1974); (Judson 1996); (Elkin 2003); (Donohue 1976); (Watson 1968). დნმის მოდელის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დონოჰიუმ უთხრა ისტორიკოს ჰორას ჯადსონს: „მოდით, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: ბედისწერამ გადამისროლა ქევენდიშის ლაბორატორიაში. ასე რომ არ მომხდარიყო, მე რომ არ ვყოფილიყავი კრიკისა და უოტსონის გვერდით 1952 წლის მიწურულსა და 53-ის დამდეგს, ისინი ახლაც უაზროდ იჩხირკედელავებდნენ და ერთსა და იმავე ფუძეებს შეაწყვილებდნენ ენოლური ფორმებით“ (Judson 1996); (Elkin 2003). მეცნიერი იმიტომ აღნიშნავს ამ ფაქტს ასე ხაზგასმით, რომ უოტსონმა ვერ მოახერხა აზოტოვანი ფუძეების შეწყვილება, სანამ დონოჰიუ არ მიეშველა, გარდამტეხი ინფორმაცია არ მიაწოდა კეტოკონფიგურაციებისა და წყალბადური ბმების შესახებ და არ დაუმტკიცა, რომ ადენინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეწყვილებინა ადენინთან, გუანინიგუანინთან და ა.. ერთი და იმავე ფუძეების შეწყვილება უოტსონის არაკომპეტენტურობისა და არაკვალიფიციურობის ნათელი მაგალითი აღმოჩნდა. დონოჰიუ იმედგაცრუებული და ნაწყენი დარჩა, რადგან კრიკმა და უოტსონმა არ გადაუხადეს დამსახურების შესაფერი და საკადრისი მადლობა.

3) ჯუნ ბრუმჰედი: სწორედ დონოჰიუმ აჩვენა უოტსონს ქიმიკოს ჯუნ ბრუმჰედის დისერტაცია, სადაც დეტალურად იყო აღწერილი აზოტოვან ფუძეებს შორის წარმოქმნილი წყალბადური ბმების უდიდესი მნიშვნელობა, ადენინისა და გუანინის კრისტალური სტრუქტურები და სწორი ტაუტომერული ფორმები (Olby 1974). უოტსონისათვის სასიხარულო დამთხვევა: დონოჰიუ ბრუმჰედის სტატიებსა და ნაშრომებს შეისწავლიდა იმ პერიოდში. იმ თვალსაზრისითაც გაუმართლა, რომ ხელში ჩაუვარდა ბრუმჰედის დისერტაცია. ადენინისა და გუანინის კრისტალური სტრუქტურა ბრუმჰედის დიაგრამების წყალობით აღმოაჩინა. კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირის განცხადებით, კრიკი და უოტსონი დიდად იყვნენ დავალებულნი ჯუნისაგან, თუმცა, გაკვრითაც კი არ უხსენებიათ ამ მეცნიერი ქალის და არც მისი კოლეგების განუზომელი დამსახურება; არც მადლობა გადაუხდიათ ეტიკეტის დაცვით; მისი დისერტაციისა და სტატიების ციტირების წესით დამოწმებაზე კი საუბარიც ზედმეტია (Cruickshank).

4) ერვინ ჩარგაფი: სახელოვანი მეცნიერი აღაშფოთა საკუთარი ღვაწლის უგულებელყოფამ, რამეთუ სწორედ მან დაადგინა დნმის ფუძეთა კომპლემენტარობის პრინციპი, .. „ჩარგაფის წესი“: ადენინისა და თიმინისხვედრითი წილითანაბარი იყო; აგრეთვე, გუანინისა და ციტოზინის მასა უტოლდებოდა ერთმანეთს. 1962 წელს, როცა ნობელის პრემია მიიღეს კრიკმა, უოტსონმა და უილკინსმა, განრისხებულმა ჩარგაფმა პროტესტის ნიშნად დატოვა ლაბორატორია, პლაგიატში დასდო ბრალი ამ ტრიოს და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს მისწერა თავისი წვლილის დაკნინების შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ მან დაიცვა უკვე გარდაცვლილი როზალინდ ფრანკლინი, როცა 1968 წელს გამოქვეყნდა უოტსონისორმაგი სპირალი“. ჩარგაფმა ვრცელი სტატია დაწერა უოტსონის პლაგიატობის, ფრანკლინისადმი გამოჩენილი უსამართლობისა და უპატივცემულობის შესახებ და ხაზი გაუსვა როზალინდის გადამწყვეტ როლს დნმის სტრუქტურის აღმოჩენაში. ასე მოიქცა ჯერი დონოჰიუც (Donohue 1976); (Chargaff 1968); (Judson 1996); (Olby 1974); (Klug 2004).

5 და 6) ფლორენს ბელი და უილიამ ასტბერი: მათ გადაიღეს დნმის პირველი რენტგენოგრამები 1938-39 წელებში. ბელი დოქტორანტი იყო ლიდსის უნივერსიტეტში და აქტიურად თანამშრომლობდა ასტბერისთან. მათ აღმოაჩინეს, რომ აზოტოვანი ფუძეები მიბმული იყო შაქარფოსფატურ ხერხემალზე; ფუძეების ამგვარი განლაგება შეადარეს პენის მონეტების გროვას; სწორად გამოთვალეს დაშორებაპენის მონეტებსშორის – 0.34 ნანომეტრი. ზუსტად ეს უმნიშვნელოვანესი პარამეტრი გამოიყენეს უოტსონმა და კრიკმა მოდელის აწყობისას.

7) სვენ ფიურბერგი: დოქტორანტი სტუდენტის სტატუსით მუშაობდა ბირკბექის კოლეჯში, როცა (1949 წელს) დაასკვნა: აზოტოვანი ფუძეები ხერხემლისადმი პერპენდიკულარულად იყო განლაგებული. ასევე, იგი გახლდათ პირველი მეცნიერი, რომელმაც აღნიშნა, რომ დნმს ჰქონდა სპირალური სტრუქტურა, თუმცა, სწორად ვერ განსაზღვრა ჯაჭვების რაოდენობა (Judson 1996); (Olby 1974); (Elkin 2003).

8) ჯონ მასონ გიულანდი: ამ მეცნიერმა გადამწყვეტი როლი შეასრულა დნმის აზოტოვანი ფუძეებისა და ამ ფუძეებს შორის წარმოქმნილი წყალბადური ბმების კვლევის საქმეში. უოტსონმა რამდენიმე წლის შემდეგ უსამართლოდ დააკნინა გიულანდის ღვაწლი, თუმცა, შემდგომში, თავის ავტობიოგრაფიაში აღიარა, რაოდენ გარდამტეხი აღმოჩნდა მისი კვლევა წყალბადური ბმების შესახებ. უოტსონისა და კრიკისაგან განსხვავებით, ფრანკლინმა და გოსლინგმა ციტირების სათანადო წესის დაცვით დაიმოწმებს გიულანდის ნაშრომები თავიანთ ერთობლივ სტატიაში.

გარდა ამისა, ჩვენი სამეცნიერო კვლევაძიების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ იმ მეცნიერთა სია, რომელთა ნაშრომებიც უოტსონს დაეხმარა ფუძეთა შეწყვილებაში, ბევრად დიდია და აჭარბებს რვას. მათ წვლილსა და დამსახურებას დაწვრილებით, სათითაოდ განვიხილავთ ფრანკლინის ამომწურავ ბიოგრაფიაში. პუბლიკაცია მზადდება.

1953 წლის 25 აპრილს, ჟურნალმა « Nature »-მა დაბეჭდა უოტსონისა და კრიკის მოდელი. შემდეგი სტატიის ავტორები იყვნენ: მორის უილკინსი, ჰერბერტ უილსონი და ალექს (ალეკ) სტოუკსი. სულ ბოლოს გამოაქვეყნეს როზალინდისა და გოსლინგის ნაშრომი (რიგით მესამე აღმოჩნდა), ისე, თითქოს ფრანკლინის კვლევები მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებდა ამ მოდელის სისწორეს. მიუხედავად იმისა, რომ გარდამტეხი მასალა (შემაჯამებელი წლიური მოხსენება და „51-ე ფოტო“) ეკუთვნოდა ფრანკლინს და მისგან იყვნენ დავალებულნი, კრიკსა და უოტსონს არც სტატიაში არ დაუმოწმებიათ იგი და არც ნობელის გადაცემის ცერემონიაზე არ უხსენებიათ. მისგან აღმოჩენილი სამგანზომილებიანი კრისტალური სიმეტრია გაკვრითაც კი არაა ნახსენები სტატიაში. ციტირებულნი არიან: სვენ ფიურბერგი, ერვინ ჩარგაფი, უილიამ ასტბერი, მაგრამ არა როზალინდ ფრანკლინი, ჯუნ ბრუმჰედი და ფლორენს ბელი. ავტორები სტატიის ბოლოს წერენ (მას შემდეგ, რაც სიტყვაძუნწად გადაუხადეს მადლობა ჯერი დონოჰიუს), რომსტიმული მისცათ უილკინსისა (!) და ფრანკლინის ზოგადმა ცოდნამ (!), აგრეთვე, მათმა (!) გამოუქვეყნებელმა ექსპერიმენტულმა შედეგებმა და იდეებმა“ (Watson and Crick 1953).

ამ რევოლუციურ სტატიაში გამოთქმულია ჰიპოთეზა, რომაზოტოვან ფუძეთა ზუსტი თანამიმდევრობა არის ის კოდი, გენეტიკურ ინფორმაციას რომ ატარებს“ (Crick and Watson 1953). ეს მოსაზრება გულისხმობდა შემდეგს: ფუძეთა (ნუკლეოტიდთა) თანმიმდევრობა უსაზღვრო მრავალფეროვნებას მალავდა. როზალინდ ფრანკლინმა დამოუკიდებლად აღმოაჩინა ეს 1953 წლის დამდეგს. (Klug 2004). შედეგად დაასკვნა: დნმის შემადგენელი ნუკლეოტიდების, აზოტოვანი ფუძეების ერთობლიობა ნიშნავდა იმას, რომ დნმის ორი ჯაჭვი კომპლემენტარული იყო, ეს კი რეპლიკაციის საშუალებას აძლევდა მოლეკულას (Klug 2004). ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკში აღნიშნულია: „ნუკლეოტიდთა უსაზღვრო მრავალფეროვნება და უკიდეგანო მრავალსახოვნება, ალბათ, ნათელს მოჰფენს დნმის განსაკუთრებულ ბიოლოგიურ მნიშვნელობას“ (Klug 2004). ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: მისი ზემოხსენებული მიგნება ეხება არა სტრუქტურას, არამედ ბიოლოგიურფიზიოლოგიურ ფუნქციას. (Klug 2004).

რა გამორჩა ფრანკლინს?

კრიკის თანახმად, ფრანკლინს მხოლოდ ორი ნაბიჯი აშორებდა საბოლოო მიზანს: 1) უნდა გაეცნობიერებინა, რომ დნმის ორი ჯაჭვი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა; 2) რომ აზოტოვანი ფუძეები (სწორი ტაუტომერული ფორმებითა და კეტოკონფიგურაციებით) შეწყვილებული იყო მოლეკულაში (Klug 2004).

ფრანკლინის თანამშრომლის, აარონ კლუგის, ვრცელი სტატიის თანახმად კი კრიკის ამ განცხადებას დაზუსტება და შესწორება სჭირდება. სწორედ ის გახლავთ მეცნიერი, რომელსაც გადაეცა ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკები (მისი გარდაცვალების შემდეგ). ნობელიანტმა კლუგმა დაწერა არაერთი სტატია როზალინდის უდიდესი აღმოჩენების ნათელსაყოფად და მსოფლიოს ამცნო მისი გადამწყვეტი როლის შესახებ. იგი პირადად იცნობდა კრიკს, ესაუბრებოდა ამ საკითხზე და აჩვენებდა კიდეც ფრანკლინის წიგნაკს. ეს დოკუმენტი ცხადად ადასტურებს: 1953 წლის იანვარში ფრანკლინმა პატერსონის გარდაქმნის მეთოდის გამოყენებით აღმოაჩინა, რომ დნმისფორმა შეიცავდა ორ სპირალურ ჯაჭვს, ხოლო ეს ჯაჭვები ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა, ანუ ანტიპარალელური იყო (სავსებით სწორი აღმოჩნდა მისი ორივე მიგნება). (Klug 2004). ამიტომაც, ცალსახად მცდარია კრიკის ის მტკიცება, რომლის თანახმადაც, როზალინდ ფრანკლინმა ვერ გააცნობიერა დნმის ორი ჯაჭვის ანტიპარალელური მიმართულება. (Klug 2004). მან მხოლოდ და მხოლოდ იმის გააზრება ვერ მოასწრო, რომ დნმისფორმის ჯაჭვებიც, ასევე, ანტიპარალელური მიმართულებით მიიკლაკნებოდა. ფრანკლინი მხოლოდფორმას იკვლევდა 1952 წლის აპრილიდან 1953 თებერვლამდე და იპოვა კიდეც ორმაგი ანტიპარალელური სპირალი. თებერვალში მიუბრუნდასახესხვაობას, შეუდგა ანალიზს და მისი ორმაგი სპირალიც აღმოაჩინა. (Klug 2004). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრიკს, როგორც თავადვე აღიარებს, საერთოდ არ უნახავს დნმისფორმის დიფრაქციული ფოტო და მხოლოდფორმის გამოსახულებაზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა. ამის თაობაზე გარკვევით მისწერა უილკინსს 1953 წლის 5 ივნისს, ანუ მათი ხმაურიანი სტატიის გამოქვეყნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ და გაუმხილა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უფრო ადრე არ ვნახეფორმის ფოტოო (Klug 2004); (Glynn 2012).

რაც შეეხება კრიკის იმ მოსაზრებას, რომ ფრანკლინს აზოტოვანი ფუძეები სწორი ტაუტომერული ფორმებითა და კეტოკონფიგურაციებით უნდა შეეწყვილებინა: ლაბორატორიის წიგნაკი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებსფრანკლინმა სწორად მოათავსა აზოტოვანი ფუძეები დნმის სტრუქტურის შიგნით (Klug 2004), ჯერ კიდევ 1951 წლის 21 ნოემბერს ჩატარებულ კოლოქვიუმზეც აღნიშნა ფუძეებისა და ფოსფატური ჯგუფების სწორი განლაგებაფუძეები სტრუქტურის შიგნით, ხოლო შაქარფოსფატური ხერხემალიგარეთ (Klug 2004). ფრანკლინმა აღწერა დნმის ოთხი აზოტოვანი ფუძიდან სამის სწორი ტაუტომერული ფორმა, მართებული კეტოკონფიგურაცები, ჩარგაფის წესები და კრისტალური სიმეტრიები (Klug 2004); (Elkin 2003). არ უნდა დაგვავიწყდეს: დნმის ოთხივე ფუძის სწორი ტაუტომერული ფორმა და კეტოკონფიგურაციები ჯერი დონოჰიუმ ასწავლა უოტსონს; რომ უოტსონმა ჯუნ ბრუმჰედის დისერტაციისა და სტატიების წყალობით შეიტყო ორი აზოტოვანი ფუძის კრისტალური სტრუქტურის შესახებ. ეს დიდი აღმოჩენა იყო მისთვის (Judson 1996); (Donohue 1976); (Olby 1974). ფრანკლინი კი თითქმის სრულ იზოლაციაში მუშაობდა და დამოუკიდებლად მიდიოდა ყველა აღმოჩენამდე.

ფრანკლინის პირველმა ბიოგრაფმა, ენ სეირმა, ინტერვიუ ჩამოართვა კრიკს; ჰკითხა, შესძლებდა თუ არა როზალინდი ამ უკანასკნელი ორი დეტალის გაცნობიერებას. კრიკმა მიუგო: „, ნუ გავიბრიყვებთ თავს. რა თქმა უნდა, მხოლოდ როზალინდი შესძლებდა მთელი სტრუქტურის აღმოჩენას კინგსის კოლეჯიდან. ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო როზალინდისათვის“ (Sayre 2000, 212-213).

სამწუხაროდ, არავის დაუსვამს ერთი მეტად მწვავე, უხერხული, უსიამოვნო, მაგრამ ლოგიკური და ბუნებრივი შეკითხვა კრიკისათვის: თავად ის და მით უმეტეს, უოტსონი (რომელმაც ვერაფერი გაუგო ფრანკლინის აღმოჩენილ კრისტალურ სიმეტრიას) რამდენი ნაბიჯით იყვნენ დაშორებულნი ფინიშის ხაზს, როცა ხელში ჩაიგდეს ფრანკლინის გარდამტეხი მასალები და წლიურ მოხსენებაში მათემატიკური სიზუსტით აღნუსხული უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები? აარონ კლუგმა დაამტკიცა, რომ ფრანკლინს ნაბიჯნახევარი აშორებდა საბოლოო მიზანს. ვნახოთ, რაოდენ შორს იყვნენ უოტსონი და კრიკი ფინიშიდან, სანამ ფრანკლინის დოკუმენტებს ნახავდნენ. რა ჰქონდათ ხელთ ფრანკლინის წლიური მოხსენების ნახვამდე? დნმის სამსპირალიანი ჰიპოთეზა (მცდარი); შაქარფოსფატური ხერხემალი სტრუქტურის შიგნით (მცდარი); აზოტოვანი ფუძეები სტრუქტურის გარეთ (მცდარი); დნმის სპირალების არასწორი დიამეტრი; წარმოდგენა არ ჰქონდათ დნმის სამგანზომილებიან კრისტალურ სიმეტრიაზე, ანუ “Space Group”-ზე, C 2-ზე; არ იცოდნენ, რომ დნმ ემყარებოდა წახნაგცენტრირებულ, მონოკლინურ კრისტალურ მესერს. ფრანკლინის ამ აღმოჩენის გარეშე ვერ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დნმის ორი ჯაჭვი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიიკლაკნებოდა, ანუ ანტიპარალელურად იყო განლაგებული. წარმოდგენა არ ჰქონდათ კოაქსიალური (თანაღერძული) ძაფების ერთმანეთისაგან დაშორებაზე ძაფის ღერძის გასწვრივ და სპირალის ბიჯზე. ესეც ფრანკლინმა დაზუსტა ურთულესი კალკულაციებით. აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჩარგაფმა უთხრა ისტორიკოს ჰორას ჯადსონს, რომ კრიკსა და უოტსონს წამოდგენაც კი არ ჰქონდათ დნმის სპირალის ბიჯზე: „მათ (უოტსონმა და კრიკმა) წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე თავიანთი უმეცრების წყალობით. კრიკმა არც კი იცოდა, რა ქიმიური სხვაობა იყო დნმის ფუძეებს შორის. ცხოვრებაში არ შემხვედრია ორი კაცი, ასე ცოტა რომ იცოდა, თუმცა, ასე ბევრს ესწრაფვოდა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, წარმოდგენა არა ჰქონდათ ჩემს ნაშრომზე, მაგრამ გაიძახოდნენ, სპირალური მოდელის აგება გვინდაო. გაუთავებლად ლაპარაკობდნენ დნმის ბიჯზე. ორი ბიჯკაცა სპირალის ძიებაში“ (Judson 1996). მათ, ასევე, არ იცოდნენ აზოტოვანი ფუძეების კრისტალური სიმეტრიები, ტაუტომერული ფორმები და სწორი კეტოკონფიგურაციები; ვერ აცნობიერებდნენ სტრუქტურის შიგნით, აზოტოვან ფუძეებს შორის მიმდინარე წყალბადური ბმების მნიშვნელობას. ყოვემხრივ მცდარი იყო მათი მოსაზრებები.

ჩარგაფმა ყურადღება გაამახვილა უოტსონისა და კრიკის უმეცრებაზე, ჩადენილ პლაგიატსა და ამ ორი მეცნიერის არაეთიკურობაზე; ხაზი გაუსვა ფრანკლინის გადამწყვეტ აღმოჩენებს (Chargaff 1968); (Judson 1996). დანანებითაც აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, არ იყო როზალინდის თანამშრომელი. მისი თქმით, ასე რომ მომხდარიყო, ერთი ან ორწლიანი მუშაობის შედეგად მივიდოდნენ სწორ დასკვნამდე (Sherman 2012).

უოტსონმა და კრიკმა 1953 წლის მარტში ააწყვეს დნმის სწორი მოდელი (ფრანკლინის წლიურ მოხსენებაში აღწერილ აღმოჩენებსა და უზუსტეს კალკულაციებზე დაყრდნობით) და კიდევ ერთხელ მოიწვიეს როზალინდი. ამ უკანასკნელმა თვალი შეავლო თუ არა მათს ნამუშევარს, თქვა, რომ მოდელი სწორი იყო (Maddox 2003); (Olby 1974); (Klug 2004). უოტსონი თავისორმაგ სპირალშიწერს: „გამაოცა და გამახალისა მისმა ანაზდეულმა თანხმობამ“ (Watson 1968). როგორც აარონ კლუგი აღნიშნავს, იმიტომ გაოცდა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რაოდენ ახლოს იყო ფრანკლინი ფინიშის ხაზთან (Klug 2004). უილკინსმა მარტის შუა რიცხვებში ნახა მოდელი, ფრანკლიმაშედარებით გვიან, თვის მიწურულს (Klug 2004).

მითი: „ანტისპირალური როზი

რატომ გააოცა უოტსონი ფრანკლინის ანაზდეულმა თანხმობამ 1953 წლის მარტში? 1952 წლის 18 ივლისს, ფრანკლინმა და გოსლინგმა დაბეჭდეს დნმის“, ანუკრისტალურიფორმის, „ნეკროლოგი“. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შავი ლენტით გაწყობილი ეს ბარათი მხოლოდ და მხოლოდფორმას ეხებოდა (მასზე გასაგებად წერიაკრისტალური“. ფრანკლინმა და გოსლინგმა“-ს უწოდეს კრისტალური, ხოლოსახესხვაობასპარაკრისტალური) “The death of D.N.A helix (Crystalline)“ / „დნმის სპირალის (კრისტალურის) სიკვდილი“ (Wilkins 2005, 182); (Elkin 2003); (Maddox 2003); (Olby 1974); (Judson 1996).

დიდი სინანულით უნდა გაუწყოთ დნმის სპირალის (კრისტალურის) გარდაცვალება 1952 წლის 18 ივლისს. სიკვდილი მოჰყვა ხანგრძლივ ავადმყოფობას, რომელსაც ვერ უწამლა ბესელიზებული ინექციების ინტენსიურმა კურსმა. პანაშვიდი გაიმართება მომავალ ორშაბათს ან სამშაბათს. იმედი გვაქვს, დოქტორი მ. . უილკინსი იტყვის ორიოდე სიტყვას განსვენებული სპირალის მოსაგონრად!“_ვკითხულობთ ბარათში. (ბესელიზებულ ინექციებში იგულისხმება ბესელის ფუნქციებიმათემატიკური ანალიზი, რომელიც გამოიყენება კრისტალოგრაფიაში) (Wilkins 2005); (Elkin 2003); (Maddox 2003); (Sayre 2000); (Olby 1974).

სწორედ ეს სახუმარო ნეკროლოგი (მორის უილკინსის ჯიბრზე რომ შეადგინეს) გახდა იმ მითის საფუძველი, რომ თითქოდაფრანკლინი გავეშებით უარყოფდა დნმის (ორივე ფორმის!) სპირალურ სტრუქტურას“. რეიმონ გოსლინგმა უთხრა კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ემერიტუს პროფესორს, ლინ ოსმან ელკინს, რომ კინგსის კოლეჯში მეტისმეტად სერიოზულად მიიღეს ეს ხუმრობა (Elkin 2003). ისტორიკოსებმა, ჰორას ჯადსონმა და რობერტ ოლბიმ ამ ფაქტზე დაყრდნობით გამოთქვეს მოსაზრება, რომ ფრანკლინსანტისპირალურიიდეები ჰქონდა (Judson 1996); (Olby 1974), თუმცაღა, ოლბიმ თავადვე დასძინა, რომ ეს ფრანკლინისა და გოსლინგის ხუმრობა იყო (Olby 1974). წარმოიშვა კიდევ ერთი ლეგენდა და უკვდავი მითი: თითქოს ფრანკლინმა და გოსლინგმაათასობით ასეთი სამგლოვიარო ბარათი გაუგზავნეს კოლეგებს“. ლინ ოსმან ელკინმა ინტერვიუ ჩამოართვა კინგსის კოლეჯის თანამშრომლებს (Elkin 2003); შედეგად, მხოლოდ ალეკ სტოუკსმა დაადასტურა, რომ ერთი ბარათი მიიღო. რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა: „ფორმის სპირალისპანაშვიდისმაუწყებელი განცხადება დაინახეს დაწესებულების შემოსასვლელში ჩამოკიდებულ დაფაზე. კოლეგების უმეტესობის მტკიცებით, არასოდეს მიუღიათ ასეთი ბარათი. ეს განცხადებები აშკარად ეწინააღმდეგება იმ ლეგენდას, რომლის თანახმადაც, ფრანკლინმა თითქოსდაათასობით ასეთი ბარათი დაუგზავნა ხალხს და ვერ ხედავდა სპირალურ აგებულებას“ (Elkin 2003). ფრანკლინის ყოფილი თანამშრომლების მტკიცება რომ არ გავითვალისწინოთ და ბევრად უფრო სანდო წყაროს დავეყრდნოთ, აღმოვაჩენთ: ამ მითს აცამტვერებს ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკიც, 1951 წლის 21 ნოემბრის საჯარო მოხსენების ჩანაწერებიც (მისივე ხელით დაწერილი), იმავე წლის ბოლოს შედგენილი წლიური მოხსენებაც და 1952-1953 წლებით დათარიღებული ლაბორატორიის წიგნაკებიც. ყველა ამ დოკუმენტში ფიქსირდება სიტყვასპირალური“ (Helical), გასაგებად, ექსპლიციტურად, ყოველგვარი ბუნდოვანი ფორმულირების გარეშე (Klug 2004); (Elkin 2003); (Maddox 2003). 1953 წლის იანვარშიდნმის ორმაგი სპირალია აღნიშნული; თებერვალშიორივე სახესხვაობის ორმაგი სპირალი. აი, ასეთია სინამდვილე, რომელიც დიდად განსხვავდება მითისაგან.

როგორც უკვე ითქვა, ეს ბარათი 1952 წლის 18 ივლისს შეადგინეს გოსლინგმა და ფრანკლინმა. ფრანკლინს სულ ახალი დაწყებული ჰქონდაფორმის დნმის რენტგენოგრამების მათემატიკური ანალიზი (Maddox 2003); (Elkin 2003); (Klug 2004). იგი იყენებდა პატერსონის გარდაქმნის ფუნქციას. ეს ძალიან ნელი, დროში გაწელილი პროცესია, გულმოდგინე შრომა, უმკაცრესი აკურატულობა და ზედმიწევნითი სიზუსტე სჭირდება. თითქმის ერთი წლის განმავლობაში (1952-ის დამდეგიდან 1953 წლის იანვრის ბოლომდე) ასრულებდა ურთულეს მოლეკულურ კალკულაციებს, დაადასტურა ,,ფორმის სპირალური აგებულება და ისიც დაასკვნა, რომ“, ანუ კრისტალურ ფორმას ჰქონდა ორი სპირალური ჯაჭვი (ეს მოხდა 1953 წლის იანვარში, როცა უოტსონსა და კრიკს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ჯაჭვების რაოდენობაზე. მათ მხოლოდ თებერვალში ნახეს ფრანკლინის წლიური მოხსენება) (Klug 2004); (Olby 1974); (Maddox 2003); (Elkin 2003). რატომ დაწერეს ეს ტექსტი ფრანკლინმა და გოსლინგმა? საქმე ისაა, რომ“, ანუ კრისტალური ფორმის დიფრაქციული გამოსახულება არ ადასტურებდა სპირალურ აგებულებას. პირიქით: ნათლად ჩანს, რომ არავითარი სპირალური მოხაზულობა არ იკვეთება რენტგენოგრამაზე. ფრანკლინის მტკიცებით, შეუძლებელი იყო“-ს სპირალურობაზე საუბარი, ვიდრე არ ამოწურავდნენ მათემატიკურ ანალიზს, არ შეაგროვებდნენ საკმარის მასალას და უტყუარად არ გაამყარებდნენ ამ თვალსაზრისს. გარდა ამისა, რაკი დნმს ჰქონდა ორი სხვადასხვა ფორმა: „“ (კრისტალური) და“ (პარაკრისტალური), ამიტომ, ორივეს თავისებურებანი და განსხვავებული პარამეტრები უნდა გაეთვალისწინებინათ მოდელის აგებისას (Maddox 2003); (Klug 2004); (Elkin 2003). არასოდეს უთქვამს, რომფორმას არ ჰქონდა სპირალური სტრუქტურა, იმ პერიოდშიც კი, როცა ეჭვი გამოთქვა“-ს სპირალის თაობაზე (Maddox 2003); (Klug 2004); (Elkin 2003). მისი სტუდენტი, რეიმონდ გოსლინგი, ცალსახად ადასტურებს ამას (Maddox 2003); (Klug 2004); (Elkin 2003). გოსლინგის მტკიცებას რომ არ მივაქციოთ ყურადღება, ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკში ჩახედვაც კი სრულებით საკმარისია ამაში დასარწმუნებლად (Maddox 2003); (Klug 2004); (Elkin 2003). აარონ კლუგი, თავის ვრცელ სტატიაში (Klug 2004) გვიჩვენებს ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკის ასლს: 1952 წლის მაისით დათარიღებულ გვერდზე როზალინდი აანალიზებს დნმისფორმის რენტგენოგრამას (ესაა 49-ე ფოტო, 51-ე დიფრაქციული გამოსახულების წინამორბედი). მეცნიერი ამ რენტგენოგრამასაც კი სპირალურ ფორმას მიუსადაგებს (Klug 2004). „ფრანკლინმა ეს დაწერა მაშინ, როცა არ იყო დარწმუნებული, ნამდვილად სპირალური იყო თუ არაფორმა“,_წერს აარონ კლუგი (Klug 2004). იგი კატეგორიულად არ ამტკიცებდა“-არასპირალურობას“, უბრალოდ, მისი მოსაზრებით, ეს იყო შეკითხვა, რომლისთვისაც პასუხი უნდა გაეცა. სწორედ ეს შემთხვევა ასაზრდოებს იმ მითს, რომფრანკლინსწარმოდგენა არ ჰქონდა დნმის სპირალურობაზე“ (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003). ამ მეცნიერული მითოლოგიის საპირისპირო ვერსიას ამტკიცებს ფრანკლინის ლაბორატორიის წიგნაკი, 1951 წლის 21 ნოემბერს ჩატარებული სემინარის ჩანაწერი, მისი წლიური მოხსენებები და 1952-53 წლების წიგნაკებიც. (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003).

როზალინდი ღიზიანდებოდა, როცა ადამიანები კატეგორიული ტონით უმტკიცებდნენ, რომფორმასაც სპირალური აგებულება ჰქონდა. მეცნიერიჰაერში გამოკიდებულ კოშკებსუწოდებდა მათს მოსაზრებებს, რადგან ჰიპოთეზას არავითარი ექსპერიმენტი და უდავო მტკიცებულება არ უმაგრებდა ზურგს (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003). ასეთი ნაადრევი დასკვნები (რაც მთავარია, მათემატიკური ანალიზის დასრულებამდე) ოდენ მეცნიერულმოუმწიფებლობაზემეტყველებდა. ფრანკლინი, როგორც პროფესიონალი კრისტალოგრაფი და მკაცრი ექსპერიმენტალისტი, წინააღმდეგი იყო არაფორმის სპირალურობის მტკიცებისა, არამედ სპირალურობის ჰიპოთეზისა, როგორც ისტორიკოსმა რობერტ ოლბიმ აღნიშნა. ფრანკლინს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა უილკინსისთვის თავგზის არევა (Elkin 2003). ამ უკანასკნელმაც დაუჯერა და ირწმუნა, რომ დნმისფორმას არ ჰქონდა სპირალური აგებულება. ალბათ, ესაა ყველაზე ირონიული დეტალი: ფრანკლინმა თავისი მეტოქე (უილკინსი) დაარწმუნა დნმის ერთი სახესხვაობისარასპირალურობაში“, თუმცა, იმავე წლის ბოლოს მომზადებულ მოხსენებაში თავადვე გარკვევით დაწერაფორმის სპირალური სტრუქტურის თაობაზე. უილკინსი შეცდა; გაება ფრანკლინისაგან დაგებულარასპირალურ მახეშიდა 1952-ის დამლევს, საკუთარ შემაჯამებელ მოხსენებაში აღნიშნა, რომფორმას არ ჰქონდა სპირალური მოყვანილობა (Elkin 2003). აღმოჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ უთხრა ისტორიკოსს ჰორას ჯადსონს: „როზალინდმა ცუდ გზაზე დამაყენა. მითხრა, სტრუქტურა არ არის სპირალურიო”. (Judson 1996). როგორც გოსლინგმა აღნიშნა, კინგსის კოლეჯის ლაბორატორიის წევრებმა დაიჯერეს მათი ხუმრობა (Elkin 2003). გარდა ამისა, თავს იჩენს ერთი სრულიად ლოგიკური, რაციონალური და ბუნებრივი შეკითხვა: თუკი უილკინსს ჰქონდა საკმარისი კომპეტენცია, უნარი, კვალიფიკაცია და გამჭრიახობა, რატომ დაუჯერა ასე უსიტყვოდ როზალინდს? რატომ ენდო ბრმად? რატომ არ შეუდგა თავად მათემატიკურ ანალიზს, თუნდაც, პატერსონის მეთოდის მეშვეობით? რად არ დაამტკიცა, რომ როზალინდი ატყუებდა? სწორედ ეს იყო მთავარი განსხვავება მასა და უილკინსს შორის: ფრანკლინი თავისით, დამოუკიდებლად მიდიოდა ყველა დასკვნამდე და ყურმოკრულ ჭორებსა და ვარაუდებზე არ აფუძნებდა იდეებს. მეტისმეტად სკრუპულოზური ექსპერიმენტალისტი იყო და ვიდრე არ მოაგროვებდა უტყუარ, მყარ მტკიცებულებებს, არ შესძახებდა: „ევრიკა!“ როზალინდი გახლდათ ისეთი მეცნიერი, “Single-minded”-ს რომ უწოდებენ ბრიტანელები (არაერთი მეცნიერი სწორედ ამ ზედსართავით მოიხსენიებს მას, მათ შორის, ჯონ დესმონდ ბერნალი, ერვინ ჩარგაფი, ჯერი დონოჰიუ, ლინ ოსმან ელკინი, აარონ კლუგი, ებრაჰამ სონენშეინი და ა..) (Maddox 2003); (Elkin 2003); (Klug 2004).

ფრანკლინის მტკიცებით, უცილობლად უნდა გაეთვალისწინებინათ დნმის ორივე ფორმის პარამეტრები, რადგან ჰიდრატაციისას, ჰიდროფილური შაქარფოსფატური ხერხემალი ხარბად იწოვდა წყალს და საგრძნობლად იმატებდა ზომაში (Klug 2004); (Elkin 2003); (Maddox 2003). არაერთხელ აღნიშნა ლაბორატორიის წიგნაკში: „ფორმიდან“-დ ტრანსფორმაციის პროცესში ისე იცვლებოდა სტრუქტურა, დნმის სინჯი არაერთხელ მოსწყდა რენტგენულ კოლიმატორს და ძირს დავარდა (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003).

აარონ კლუგის განცხადებით, როცა უოტსონი და სხვა მეცნიერები იხსენებდნენ ფრანკლინს, ამტკიცებდნენ, რომ ეს უკანასკნელი საერთოდ არ ახსენებდაფორმას, თუმცა, მისი ლაბორატორიის წიგნაკი და წლიური მოხსენება სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს: ავტორი გასაგებად და ექსპლიციტურად წერს: სპირალური სტრუქტურა ნარჩუნდებოდა ადან ბდ გარდაქმნის პროცესში. (Klug 2004). იგი მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომსველი“, ანუფორმის სპირალური სტრუქტურა ვერ იქნებოდაფორმის ზუსტი ასლი, რამეთუ წყლის შეწოვის შედეგად დნმი იმატებდა სიგრძეში და შესაბამისად, იცვლებოდა უმთავრესი პარამეტრები. სავსებით სწორი აღმოჩნდა მისი აღმოჩენები (Klug 2004).

ფრანკლინისანტისპირალურობისმითს ასაზრდოებს უილკინსისაგან კრიკისათვის გაგზავნილი წერილიც: „წარმოგიდგენია?! როზის მთელი 9 თვის განმავლობაში ჰქონდა ყველა ეს სამგანზომილებიანი მასალა, მაგრამ მაინც ვერ მოარგო სპირალი! მისივე სიტყვებს ვიმეორებ: მარწმუნებდა, ჩემი მასალები ანტისპირალურიაო! ქრისტე ღმერთო!“ (Maddox 2003); (Judson 1996); (Elkin 2003).

უილკინსს ავიწყდება, ან განგებ ივიწყებს, რომ მთელი ამ 9 თვის მანძილზე ფრანკლინს არ დაუწყიაფორმის მათემატიკური ანალიზი; მხოლოდ“-ს იკვლევდა (წარმატებით დააგვირგვინა ანალიზი და არა მხოლოდ სპირალური სტრუქტურა აღმოაჩინა, არამედ, დაასკვნა: „სახესხვაობას ორმაგი სპირალი ჰქონდა (Klug 2004); (Elkin 2003); (Maddox 2003). როზალინდი მხოლოდ 1953 წლის თებერვალში შეუდგაფორმის („51-ე ფოტოს“) შესწავლას და ისიც წარმატებით გაშიფრა (სულ რამდენიმე დღის შემდეგ).

უილკინსის ამ წერილის მიუხედავად, კრიკი მაშინვე მიხვდა, რატომ მუშაობდა ფრანკლინი ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდფორმაზე; რად დაუთმო უფრო მეტი ყურადღება ამ დიფრაქციულ გამოსახულებას და რატომ ამბობდა, რომ მისი მასალები არ ადასტურებდა სპირალურ აგებულებას, ამიტომაც, საჭირო იყო, დაესრულებინა მოლეკულური კალკულაციები და მხოლოდ შემდეგ გამოეტანა დასკვნა სტრუქტურის შესახებ. კრიკმა უილკინსს მისწერა 1953 წლის 5 ივნისს: „პირველად მომეცაფორმის სტრუქტურის სურათის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა. ჰოდა, უნდა ვთქვა: ბედნიერი ვარ, უფრო ადრე რომ არ ვნახე ეს გამოსახულება, რადგან რომ მენახა, ძალიან ავფორიაქდებოდი და თავგზა ამერეოდა“ (Klug 2004); (Maddox 2003); (Glynn 2012).

რატომ მისწერა ეს გახარებულმა კრიკმა? რატომ დაიბნა? რამ აურია თავგზა? როგორც უკვე ითქვა, დნმისფორმის გამოსახულება არ ადასტურებდა სპირალურ აგებულებას. კრიკსა და უოტსონს ხელში ჩაუვარდათ მხოლოდ“-ს კრისტალოგრაფიული სურათი, მკაფიოდ რომ აჩვენებდა სპირალურ მოყვანილობას. კრიკი მშვენივრად მიხვდა, რატომ არ ჩქარობდა ფრანკლინი დასკვნის გამოტანას მოლეკულური კალკულაციების დასრულებამდე და რატომ დასჭირდა ამდენი დრო დასკვნის გამოსატანად. როცა მისმა შრომამ დაადასტურა დნმის ,,ფორმის არა მხოლოდ სპირალური, არამედ ორმაგსპირალური აგებულება (1953 წლის იანვარში), კრიკსა და უოტსონს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამ აღმოჩენაზე (Klug 2004); (Elkin 2003); (Olby 1974); (Maddox 2003). მათ მხოლოდ 1953 წლის იანვრის ბოლოს ნახეს „51-ე ფოტო“ (რომელზეც მხოლოდფორმა იყო გამოსახული) და მასზე დაყრდნობით გამოიტანეს დასკვნა. ამიტომაც, სულაც არაა გასაკვირი, თავგზა რომ აერია კრიკსფორმის დიფრაქციული გამოსახულების შესწავლისას. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიკს, მისივე სიტყვებით, ,,ა ფორმის სურათის დეტალურად შესწავლისშემდეგაც კი აებნა თავგზა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აბსურდია იმის მტკიცება, რომმთელი ერთი წელი ჰქონდა ფრანკლინს 51-ე ფოტო“; რომდასჩერებოდა და ვერაფერს მიაგნო“. ეს სიცრუე და ფაქტების დამახინჯებაა; ესაა მითი, არავითარი რეალური საყრდენსაფუძველი რომ არ გააჩნია. უცნაურია, რომ ამარგუმენტსფრანკლინის წინააღმდეგ იყენებენ საკითხის უცოდინარი ადამიანები, როცა მთელი 9 თვის განმავლობაში მას არ დაუწყია ამ ფოტოსა დაფორმის ანალიზი, რადგან ჯონ რენდალთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა: როზალინდს მხოლოდფორმა უნდა გამოეკვლია, უილკინსისთვის კიდნმ დაეთმო; გაუგებარია, რატომ ივიწყებენ განზრახ, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში მხოლოდფორმაზე მუშაობდა და მისი ორმაგი სპირალიც იპოვა; რომ 1953 წლის თებერვალში ჩამოიღო თაროზე შემოდებული 51-ე ფოტო და სულ რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა მისი სწორი სტრუქტურა (Klug 2004); (Maddox 2003); (Elkin 2003).

როგორც ვხედავთ, არავითარი რაციონალური და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნიაანტისპირალური როზისმითს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ როზალინდი“-ს სპირალურ სტრუქტურას ხედავდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეჭვი გამოთქვა მხოლოდფორმის სპირალის შესახებ. „49-ე ფოტოსზედაპირული ანალიზის მეშვეობით მივიდა ამ დასკვნამდე, მაშინ, როცა არც კი არსებობდა „51-ე ფოტო“ (Klug 2004). თავად კრიკისა და უოტსონის შესახებ არავინ ამბობს, რომ ისინი იყვნენანტიხერხემლური“, „ანტიაზოტოვანფუძური“, „ანტიწყლური“, „ანტიდიამეტრული“, „ანტიორმაგსპირალური“, „ანტიკრისტალური“, „ანტიბიჯურიგანწყობის: მათ ხომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ შაქარფოსფატური ხერხემლის, აზოტოვანი ფუძეების სწორი განლაგებისა და მართებული კეტოკონფიგურაციების შესახებ? მათ ხომ წყლის საკმარისი მასაც კი ვერ დაურთეს თავიანთ მოდელს, ჰიდროფობიური ფუძეები სტრუქტურის გარეთ გაიტანეს, ხოლო ჰიდროფილური ფოსფატური ჯგუფები შიგნით დამალეს? ვერც სპირალთა დიამეტრი ვერ გამოთვალეს, ვერც დნმის სპირალის ბიჯი, ვერც სპირალების რაოდენობა ვერ დაადგინეს (სამსპირალიანი მოდელი ააწყვეს) და ვერც დნმის სამგანზომილებიანი კრისტალური სიმეტრია ვერ აღმოაჩინეს, მანამ, სანამ არ ნახეს ფრანკლინის მოხსენება. იმდენი შეცდომა დაუშვეს, ისეთი არაკომპეტენტურობა გამოავლინეს (დონოჰიუსა და ჩარგაფის მონათხრობიც ამას ადასტურებს), სწორედ ისინი უნდა მოეხსენიებინათ ზემოჩამოთვლილი ეპითეტებით, რამეთუ ვერც ერთ გადამწყვეტ აღმოჩენამდე ვერ მივიდნენ ფრანკლინის მოხსენების, ჯუნ ბრუმჰედის დისერტაციის, ჯერი დონოჰიუს უმწვავესი კრიტიკის, ჩარგაფისა და გიულანდის ფუნდამენტური აღმოჩენების გარეშე. ლოგიკურია, სწორედ ისინი იმსახურებენ ზემოხსენებულ ზედსართავებს თავიანთი უმძიმესი შეცდომების გამო და არა ფრანკლინი: მან და გოსლინგმა უილკინსის გასაჯავრებლად დაწერეს სახუმარონეკროლოგი“. ფრანკლინის ოპონენტები დიდად აქტიურობენ, იცავენ კრიკსა და უოტსონს და შეგნებულად ივიწყებენ იმას, რომ მან ეჭვი გამოთქვა მხოლოდფორმის სპირალურობის შესახებ, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, არა მხოლოდფორმის, არამედ ორივე ფორმის ორმაგსპირალური სტრუქტურა აღმოაჩინა.