„რუსებმა ჩვენზე ნადირობა გამოაცხადეს“ | ბოლო ჟურნალისტები მერიუპოლში

მსტისლავ ჩერნოვი The Associated Press-ის ვიდეოჟურნალისტია, ევნგენი მალოლეტკა ამავე გამოცემის ფოტოგრაფი. ჩერნოვმა ალყაშემორტყმული მარიუპოლის 20-დღიანი ისტორია კორესპონდენტ ლორი ჰინნატს უამბო.

რუსებმა ჩვენზე ნადირობა გამოაცხადეს. სიები ჰქონდათ ჩვენი სახელების ნუსხით. გვიახლოვდებოდნენ.

საერთაშორისო ჟურნალისტები მხოლოდ ჩვენ ვიყავით მარიუპოლში. ბლოკადას ორ კვირაზე მეტ ხანს ვაშუქებდით. საავადმყოფოს ვიღებდით, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა დერეფნებში სიარული დაიწყეს. ექიმმა შესანიღბად თეთრი ხალათები მოგვცა.

გამთენიისას, მოულოდნელად ათობით ჯარისკაცი შემოიჭრა: „სად არიან ჟურნალისტები? ეს დედამო**ლი“.

მათ ლურჯ სამკლავურებს შევხედე, უკრაინისა იყო. ვეცადე გამომეთვალა იმის ალბათობა, რომ ისინი გადაცმული რუსები არ იქნებოდნენ. თავის წარსადგენად ნაბიჯი წინ გადმოვდგი. „თქვენს წასაყვანად მოვედით“, – მითხრეს მათ.

გარეთ ავტომატების სროლა და არტილერია საოპერაციოს კედლებს არყევდა, შენობაში დარჩენა უფრო უსაფრთხო მეჩვენებოდა. მაგრამ უკრაინელ ჯარისკაცებს ჩვენი წაყვანა ჰქონდათ დავალებული.

The Associated Press-ის ვიდეოჟურნალისტი მსტისლავ ჩერნოვი

ქუჩისკენ გავიქეცით, უკან მოვიტოვეთ ექიმები, რომლებმაც შეგვიფარეს; ფეხმძიმე ქალები, რომლებიც დაბომბეს; და ადამიანები, რომლებიც დერეფნებში იძინებდნენ, რადგან წასასვლელი აღარსად ჰქონდათ. თავს საშინლად ვგრძნობდი, რადგან ყველას იქ ვტოვებდი.

უსასრულოდ გაიწელა დაბომბილ ქუჩებსა და შენობებს შორის გზის გაკვალვის 9-10 წუთი. როდესაც ჭურვები ახლოს ჩამოაგდეს, მიწაზე დავენარცხეთ. ერთი ჭურვიდან მეორემდე დრო დათვლილი იყო, დაძაბულებმა სუნთქვა შევიკარით. აფეთქების წნევის ტალღებმა შემანჯღრია, ხელები გამეყინა.

გასასვლელ გზამდე მივაღწიეთ, ჯავშნიანი მანქანით ჩაბნელებულ სარდაფამდე გადაგვიყვანეს. მხოლოდ მაშინ შევიტყვეთ პოლიციელისგან, რატომ წამოგვიყვანეს საავადმყოფოდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად.

„თუ დაგიჭერენ, კამერის წინ გათქმევინებენ, რომ ყველაფერი, რაც გადაიღეთ ტყუილია. მთელი თქვენი ძალისხმევა და ყველაფერი, რაც კი მარიუპოლში გაგიკეთებიათ, წყალში ჩაიყრება“.

ოფიცერი, რომელიც მანამდე გვევედრებოდა, თავისი მომაკვდავი ქალაქი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, ახლა გვთხოვდა, რომ წავსულიყავით. ის გაგვიძღვა იმ ათასობით დამტვრეული მანქანისკენ, რომლებიც ქალაქიდან გასასვლელად ემზადებოდა.

ეს 15 მარტს მოხდა. არ ვიცოდით, ცოცხალი გავაღწევდით თუ არა.

სკოლის წლები, უკრაინის ქალაქ ხარკივში, რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში გავატარე. სკოლაში იარაღის გამოყენება მასწავლეს, ეს სასკოლო პროგრამის ნაწილი იყო. მაშინ უაზრობად მეჩვენებოდა. ვფიქრობდი, რომ უკრაინას ირგვლივ მხოლოდ მეგობრები ჰყავდა.

მას შემდეგ ვაშუქებდი ომებს ერაყში, ავღანეთსა და ყარაბაღის ტერიტორიაზე, ვცდილობდი მსოფლიოსთვის დამენახებინა ომით გამოწვეული ნგრევა. თუმცა ამ ზამთარს, როდესაც ამერიკელებმა და ევროპელებმა კიევიდან თავიანთი საელჩოების თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყეს; როდესაც ყურადღებით დავაკვირდი ჩემს მშობლიურ ქალაქთან რუსი ჯარისკაცების განლაგების რუკას… მხოლოდ ეს გავიფიქრე – „ჩემი საბრალო ქვეყანა“.

ომის პირველ დღეებში რუსებმა ხარკივში თავისუფლების უზარმაზარი მოედანი დაბომბეს. ადგილი, სადაც 20 წლის ასაკში დროს ვატარებდი ხოლმე.

ვიცოდი, რომ რუსული ძალებისთვის აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლის აღება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჯილდო იქნებოდა, რადგან ქალაქი აზოვის ზღვას ესაზღვრება. ამიტომ 23 თებერვლის საღამოს სწორედ იქ გავემგზავრე ჩემი დიდიხნის კოლეგასთან, Associated Press-ის უკრაინელ ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასთან ერთად, მისი თეთრი „ვოლკსვაგენით“.

გზად სათადარიგო საბურავების საჭიროებაზე დავფიქრდით და ინტერნეტით ვიპოვეთ კაცი, რომელიც შუა ღამით საბურავებს მოგვყიდდა. მას და სადღეღამისო მაღაზიის მოლარეს ავუხსენით, რომ ომისთვის ვემზადებოდით. ისე შეგვხედეს, შეშლილები ვეგონეთ.

მარიუპოლში დილის 4-ის ნახევარზე ჩავედით. ომი ერთი საათში დაიწყო.

430-ათასიანი მოსახლეობის მეოთხედმა, პირველ დღეებში, სანამ ამის გაკეთება შეეძლო, ქალაქი დატოვა. ცოტა ადამიანს სჯეროდა ომის მოახლოების – უმრავლესობამ ეს შეცდომა გვიან გააცნობიერა.

დაბომბვის შედეგად ერთბაშად შეწყდა ელექტროენერგია, წყალმომარაგება. გაანადგურეს სურსათის მარაგი, სატელეფონო, ტელე და რადიო ანძები. მარიუპოლი დარჩენილმა ჟურნალისტებმა მანამდე დატოვეს, სანამ კავშირი საბოლოოდ შეწყდებოდა და ქალაქი სრულ ბლოკადაში მოექცეოდა.

ბლოკადის დროს ინფორმაციის არარსებობა ორ მიზანს ემსახურება.

პირველი მიზანი ქაოსია. ადამიანებმა არ იციან, რა ხდება და პანიკა ეწყებათ. თავიდან ვერ ვიგებდი, რატომ ჩამოიშალა მარიუპოლი ასე სწრაფად. ახლა კი ვიცი, რომ ამის მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. მეორე – დაუსჯელობაა. რადგანაც ქალაქიდან ინფორმაცია გარეთ ვერ აღწევდა – განადგურებული შენობების, მომაკვდავი ბავშვების ამსახველი არანაირი ფოტომასალა არ არსებობდა – რუსულ ძალებს შეეძლოთ, ის ეკეთებინათ, რასაც მოინდომებდნენ. ჩვენ რომ არა, არაფერი იქნებოდა.

იმიტომაც მივდიოდით ასეთ რისკებზე, რომ ფოტოები გაგვეგზავნა და მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რაც ვნახეთ. სწორედ ამიტომ განრისხდა რუსეთი იმდენად, რომ ჩვენზე ნადირობა დაიწყო.

ასე მძაფრად არასოდეს მიგრძნია სიჩუმის დარღვევის აუცილებლობა.

The Associated Press-ის ფოტოგრაფი ევნგენი მალოლეტკა უღებს დაბომბვის შედეგად დაღუპული გოგონას ცხედარს

სიკვდილი მალე მოგვიახლოვდა. 27 თებერვალს შევესწარით, როგორ ცდილობდა ექიმი, გადაერჩინა პატარა გოგო, რომელსაც ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა. ბავშვი დაიღუპა.

დაიღუპა მეორე ბავშვიც, მესამეც. სასწრაფოებმა შეწყვიტეს დაჭრილების აყვანა, რადგან ხალხი კავშირის არარსებობის გამო მათ ვერ იძახებდა, იმათაც არ შეეძლოთ დაბომბილ ქუჩებში გზის გაკვალვა.

ექიმები გვთხოვდნენ, გადაგვეღო ოჯახები, რომლებსაც თავიანთი გარდაცვლილები და დაჭრილები მოჰყავდათ. მათ საშუალება მოგვცეს, ძლივს მომუშავე გენერატორი კამერების დასატენად გამოგვეყენებინა. გვითხრეს – არავინ იცის, ჩვენს ქალაქში რა ხდებაო.

ჭურვი საავადმყოფოსა და მის ირგვლივ მყოფ სახლებს დაეცა. აფეთქებისგან ჩვენს მანქანას ფანჯარა ჩაემსხვრა, გვერდი დაუზიანდა და საბურავი ჩაეფუშა. მივირბენდით ხოლმე ცეცლმოკიდებული სახლის გადასაღებად და მერე ისევ უკან გამოვრბოდით, რადგან არსებობდა აფეთქების საფრთხე.

ქალაქში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ერთი ადგილი, სადაც სტაბილური სიგნალის დაჭერა იყო შესაძლებელი – გაძარცვულ სასურსათო მაღაზიასთან, ბუდიველნიკივის გამზრიზე. დღეში ერთხელ იქ მივდიოდით და კიბის ქვეშ გართხმულები მსოფლიოს ფოტოებსა და ვიდეომასალას ვუტვირთავდით. კიბეები დიდად ვერ დაგვიცავდნენ, მაგრამ თავს ასე უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდით.

სიგნალი 3 მარტს დაიკარგა. ვიდეოფაილების გაგზავნა საავადმყოფოს მე-7 სართულის ფანჯრებიდან ვცადეთ. სწორედ იქიდან დავინახეთ ბოლო ნანგრევები სოლიდური, საშუალო კლასის ქალაქისა, რომელიც განადგურდა.

არტილერიისა და ავტომატების ცეცხლში ჰიპერმარკეტისკენ წავედით, რომელიც იძარცვებოდა. ათობით ადამიანი გამორბოდა. ტექნიკით, საკვებითა და ტანსაცმლით დატვირთულ ურიკებს მოაგორებდნენ.

ჭურვი მაღაზიის სახურავზე აფეთქდა, წნევამ გარეთ გამისროლა. დაძაბული ველოდი მეორე დარტყმას, თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რადგან კამერის ჩართვა ვერ მოვასწარი.

და აი მეორე ჭურვმაც არ დააყოვნა, ჩემ გვერდით, საცხოვრებელ კორპუსს დაეცა შემზარავი წუილით. კუთხეში მივიკუნტე.

თინეიჯერმა ჩამიარა, ტექნიკით დატვირთულ საოფისე სავარძელს მიაგორებდა, გვერდებიდან ყუთები უცვიოდა. „ჩემი მეგობრები იქ იყვნენ და ბომბი მათგან 10 მეტრში ჩამოვარდა. რა ბედი ეწიათ, არ ვიცი“, – მითხრა მან.

საავადმყოფოში დავბრუნდით. 20 წუთში დაჭრილები მოვიდნენ, ზოგიერთი მათგანი საყიდლების ურიკებში იჯდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში გარე სამყაროსთან კავშირი მხოლოდ სატელიტური ტელეფონით გვქონდა. ეს ტელეფონი კი მხოლოდ ერთ წერტილში, ღია ცის ქვეშ, ზუსტად ჭურვის კრატერის გვერდით მუშაობდა. მეც იქვე ჩამოვჯდებოდი, მოვიკეცებოდი და ვცდილობდი სიგნალის დაჭერას.

ყველა გვეკითხებოდა – გთხოვთ, გვითხარით, როდის დამთავრდება ომი. პასუხი არ მქონდა.

ყოველდღე ვრცელდებოდა ხმა, რომ უკრაინული არმია ალყას არღვევდა, თუმცა არავინ მოსულა.

მთელი იმ დროის განმავლობაში ვხედავდი სიკვდილს საავადმყოფოში, გვამებს ქუჩებში, ათობით ცხედარს საერთო საფლავში რომ მარხავდნენ. სიკვდილი იმდენჯერ ვნახე, რომ უკვე გაუაზრებლად ვიღებდი.

9 მარტს ორი ავიაიერიშის შედეგად ჩვენი მანქანის ფანჯარაზე გადაკრული ცელოფანი დაიფლითა. წამით ადრე, სანამ ყურში, კანსა და სახეზე გამჭოლ ტკივილს ვიგრძნობდი, ცეცხლის ბურთი დავინახე.

ვუყურებდით, როგორ ამოდიოდა კვამლი სამშობიაროდან. როცა მივედით, საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს ნანგრევებიდან ჯერ კიდევ გამოჰყავდათ დასისხლიანებული ორსულები.

ბატარეები თითქმის დამჯდარი იყო, კავშირიც არ იყო, ფოტოები რომ გაგვეგზავნა. „კომენდანტის საათიც“ რამდენიმე წუთში იწყებოდა. პოლიციის ოფიცერმა გაიგონა, როგორ განვიხილავდით სამშობიაროს დაბომბვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზებს.

„ეს ომის კურსს შეცვლის“, – გვითხრა მან და წაგვიყვანა დენის წყაროსთან, სადაც ინტერნეტკავშირიც იყო.

ჩვენ უზღვავი ადამიანის, უზღვავი ბავშვის სიკვდილი გადავიღეთ. არ მესმოდა, რატომ ფიქრობდა, რომ მეტ მსხვერპლს რამის შეცვლა შეეძლო.

ვცდებოდი.

სიბნელეში ფოტოებს სამი სხვადასხვა ტელეფონით ვაგზავნიდით, ვიდეოფაილიც სამ ნაწილად დავჭერით, რათა გადაგზავნის პროცესი დაგვეჩქარებინა. საათები დასჭირდა, „კომენდანტის საათი“ კარგა ხნის დამდგარი იყო. დაბომბვა გრძელდებოდა, თუმცა ჩვენზე მომაგრებული პოლიციელები, რომლებსაც ქალაქში უნდა გავეცილებინეთ, მოთმინებით გველოდებოდნენ.

მერე ჩვენი კავშირი გარე სამყაროსთან ისევ შეწყდა.

ცარიელი სასტუმროს სარდაფში დავბრუნდით, სადაც აკვარიუმში უკვე მკვდარი თევზები ტივტივებდნენ. იზოლაციის პირობებში არაფერი ვიცოდით მზარდ რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც ჩვენს დისკრედიტირებას ემსახურებოდა.

ლონდონში რუსეთის საელჩომ თავის Twitter-ზე Associated Press-ის ფოტოებს ყალბი უწოდა და ირწმუნებოდა, რომ ფეხმძიმე ქალი მსახიობი იყო. რუსეთის ელჩმა ფოტოები გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე გამოფინა და სამშობიაროზე თავდასხმას მანაც ტყუილი უწოდა.

ამ დროს მარიუპოლში ხალხი მუდმივად გვეკითხებოდა ომის უკანასკნელი სიახლეების შესახებ. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და მთხოვდა, გადამიღე, რათა ქალაქგარეთ მყოფმა ჩემმა ოჯახმა გაიგოს, რომ ცოცხალი ვარო.

იმ დროისთვის უკრაინული რადიოს ან ტელევიზიის სიხშირეები მარიუპოლში უკვე აღარ იჭერდა. ერთადერთი რადიოტალღა, რომლის დაჭერაც შესაძლებელი იყო, რუსულ ტყუილებს გადმოსცემდა – რომ თითქოს უკრაინელებს მარიუპოლში მძევლები აჰყავდათ, რომ ესროდნენ შენობებს და ამზადებდნენ ქიმიურ იარაღს. პროპაგანდა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგიერთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით ხედავდა საპირისპიროს, ამ ტყუილებსაც იჯერებდა.

გზავნილი მუდმივად მეორდებოდა საბჭოთა სტილში: მარიუპოლი ალყაშია; დაყარეთ იარაღი.

ქალი, რომლის ქმარიც დაბომბვას ემსხვერპლა, საავადმყოფოს დერეფნის იატაკზე ზის და ტირის

11 მარტს მოკლე სატელეფონო ზარით რედაქტორმა გვკითხა, შეგვეძლო თუ არა გვეპოვა დაბომბვას გადარჩენილი ქალები სამშობიაროდან, რათა მათი ნამდვილობა დაგვედასტურებინა. გავიაზრე, რომ კადრებმა იმდენად ძლიერი ზემოქმედება მოახდინა, რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა ეპასუხა.

ქალები ფრონტის ხაზზე მდებარე ჰოსპიტალში ვიპოვეთ, ზოგიერთი უკვე ჩვილით იყო, ზოგიერთი მშობიარობდა. შევიტყვეთ, რომ ერთ ქალს ბავშვი დაღუპოდა და თვითონაც გარდაცვლილიყო.

ექიმი ჟურნალისტებს უჩვენებს დაბომბვის შედეგად დაღუპული ჩვილების ცხედრებს

მე-7 სართულზე ავედით სუსტი ინტერნეტკავშირით ვიდეოს გასაგზავნად. იქიდან ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ Z ასოთი მონიშნული ტანკები ერთმანეთის მიყოლებით საავადმყოფოსთან, რომელიც ომის რუსული ემბლემად იქცა.

ალყაში მოვექეცით – ათობით ექიმი, ასობით პაციენტი და ჩვენ.

უკრაინელი სამხედროები, რომლებიც საავადმყოფოს იცავდნენ, გაქრნენ. გზას ჩვენს მანქანამდე, რომელშიც საკვები, წყალი და აღჭურვილობა გვქონდა, რუსი სნაიპერი აკონტროლებდა. მან დაჭრა ექიმი, რომელმაც გარეთ გასვლა გარისკა.

სიბნელეში საათები გაილია, გარედან აფეთქებების ხმა გვესმოდა. სწორედ ამ დროს მოვიდნენ ჩვენთან ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინულ ენაზე ყვიროდნენ.

თავი გადარჩენილად არ მიგრძნია, უბრალოდ ვგრძნობდი, რომ ერთ საფრთხე მეორით იცვლებოდა. იმ დროისთვის მარიუპოლში აღარ არსებობდა უსაფრთხო ადგილი, არსად იყო მოსვენება. ნებისმიერ წამს შეიძლებოდა მომკვდარიყავი.

ჯარისკაცების მიმართ საოცრად დიდ მადლიერებას ვგრძნობდი, თუმცა გავშეშდი. მრცხვენოდა, რომ იქაურობას ვტოვებდი.

სამსულიან ოჯახთან ერთად „ჰიუნდაიში“ ჩაგვსვეს და ქალაქის გასასვლელთან 5-კილომეტრიან საცობში ჩავდექით. იმ დღეს მარიუპოლი დაახლოებით 30 ათასმა ადამიანმა დატოვა – ამიტომ რუსი ჯარისკაცები ვერ ასწრებდნენ ფანჯრებზე ცელოფანაკრული მანქანების საგულდაგულოდ შემოწმებას.

ხალხი ღელავდა. ჩხუბობდნენ და ერთმანეთს უყვიროდნენ. წუთი არ გავიდოდა თვითმფრინავს არ გადაეფრინა ან ავიაიერიშზე არ გადმოსულიყვნენ. მიწა იძვროდა.

15 რუსული ბლოკპოსტი გამოვიარეთ. თითოეულთან მისვლისას წინ მჯდომი დედა გაცხარებულ ლოცვას იწყებდა, იმდენად ხმამაღლა, რომ ჩვენც გვესმოდა.

გავდიოდით ბლოკპოსტებს – მესამეს, მეათეს, მეთხუთმეტეს, თითოეულს მძიმედ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები იცავდნენ – და ქრებოდა ჩემი იმედიც, რომ მარიუპოლი გადარჩებოდა. ვხვდებოდი, რომ ქალაქამდე მისაღწევად უკრაინულ ჯარს ძალიან დიდი ტერიტორიის გარღვევა მოუწევდა, ეს კი ვერ მოხდებოდა.

მზის ჩასვლისას მივადექით ხიდს, რომელიც უკრაინელებმა რუსების შესაჩერებლად გაანადგურეს. წითელი ჯვრის 20-მდე მანქანა უკვე გაჭედილი იყო. ყველამ ერთად გადავუხვიეთ გზიდან მინდვრებისა და უკანა გასასვლელებისკენ.

მე-15 ბლოკპოსტთან დაცვა კავკასიური აქცენტით რუსულად ლაპარაკობდა. მთელ კოლონას უბრძანეს, ჩაექროთ ფარები, რათა გზის პირას ჩამომდგარი სამხედრო აღჭურვილობა არ გამოჩენილიყო. ძლივს გავარჩიე ტექნიკაზე თეთრად მიწერილი Z.

მეთექვსმეტე ბლოკპოსტთან ხმები გავიგონეთ. უკრაინული ხმები. დიდი შვება ვიგრძენი. წინ მჯდომ დედას ცრემლები წასკდა. გადავედით.

ჩვენ ვიყავით ბოლო ჟურნალისტები მარიუპოლში. იქ უკვე არცერთი ჟურნალისტი აღარ იყო.

ჯერ კიდევ აურაცხელი შეტყობინება მოგვდის. ადამიანებს სურთ, გაიგონ, რა ბედი ეწიათ ჩვენ მიერ გადაღებულ მათ ახლობლებს. ისეთი უშუალობითა და სასოწარკვეთით გვწერენ, თითქოს ნაცნობები ვიყოთ, თითქოს მათი დახმარება შეგვეძლოს.

როდესაც რუსეთმა საჰაერო იერიში თეატრზე მიიტანა, რომელსაც გასული კვირიდან ასობით ადამიანი აფარებდა თავს, ზუსტად ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავით გადარჩენილების ამბის გასაგებად, რათა მათთვის პირადად მოგვესმინა, როგორია საათობით ნანგრევებში ყოფნა. მე ვიცნობ ამ შენობასა და მის ირგვლივ დანგრეულ სახლებსაც. ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც ნანგრევებში მოჰყვნენ.

კვირას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მარიუპოლში რუსეთმა სახელოვნებო სკოლა დაბომბა, რომელშიც დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა. თუმცა ჩვენ იქ დაბრუნება აღარ შეგვიძლია.