საბა | 6 წიგნი „წლის საუკეთესო დებიუტის" ნომინაციიდან

რეკლამა

წელს ლიტერატურული პრემია „საბას“ მე-18 დაჯილდოება გაიმართება. 8 ნომინაციაში ფინალისტთა ვინაობა უკვე ცნობილია. ჟიურიმ წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის კატეგორიაში 6 ნამუშევარი გამოარჩია.

მაია ცირამუა, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ (წიგნები ბათუმში)

მაია ცირამუას რომანი – „მშვიდობით, ძია გერშვინ!” – ძველ ზარდახშაში ნაპოვნი ხელნაწერია. საოცრად ემოციური და გულწრფელი ნაწარმოები ხანში შესული მამაკაცის გარშემო ტრიალებს, რომელიც, მისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების ახალ აზრსა და სიყვარულს პოულობს. აკრძალული ურთიერთობა სევდიანი, თითქმის მიუწვდომელი, თუმცა მაცდური, გიჟური და მაცოცხლებელია. რას დათმობს ადამიანი სანუკვარი სურვილების ასასრულებლად? რას გაიღებს იმისთვის, რომ ახალგაზრდული ემოციები ისე გაუცხოველდეს, თითქოს არც არასდროს გაზრდილა…

ელისო ფანცხავა, პოლ ოსტერის „4 3 2 1“ (წიგნები ბათუმში)

პოლ ოსტერის უკანასკნელი, ყველაზე დიდტანიანი რომანი „4 3 2 1“ ელისო ფანცხავამ თარგმნა. ამ რომანზე მუშაობას ამერიკელმა მწერალმა სამი წელი, კვირის ყოველი დღე მოანდომა. მრავალი ავტორიტეტული გამოცემის აზრით, ეს პოლ ოსტერის საუკეთესო ნაწარმოებია. „4321“ საშუალო კლასის ებრაელი ბიჭის, ფერგიუსონის ცხოვრების ამბავს მოგვითხრობს, უფრო სწორად – ოთხ შესაძლო ამბავს, ოთხ გზას, პერსონაჟის ოთხგვარ განვითარებას განსხვავებულ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ კონტექსტში. მკითხველის თვალწინ ფაზლის ნაჭრებივით ლაგდება, ერთი მხრივ, ამერიკული ყოველდღიური ყოფა, ებრაული ოჯახების ცხოვრება, კავშირები, წარმატებისკენ სწრაფვა; შემოქმედი, წერის სურვილით ატანილი ახალგაზრდა ფერგიუსონების სიყვარული, შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები და, მეორე მხრივ, ამერიკის ისტორიის მღელვარე წლები მარტინ ლუთერ კინგითა და მალკოლმ იქსით, ვიეტნამის ომით, კენედის მკვლელობით, პროტესტის უმძლავრესი ტალღებით, კითხვის ნიშნით – არსებობს თუ არა ამერიკული დემოკრატია; და, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკით, რომელსაც ძალიან ჰგავს ეს დიდი და ხმაურიანი წიგნი – ამ რომანის კითხვისას მთავარი სირთულე მისი გავლენისგან თავის დაღწევაა.

მართა ურუშაძე, „მეხამრიდი“ (ინტელექტი)

რომანის სიუჟეტი თბილისში ვითარდება. მთავარი გმირი დეა კვაშილავაა – გოგო, რომელიც სინამდვილეს ყველასგან განსხვავებულად აღიქვამს. დეას ძმა, გიო, ხუთი წლის წინ, უკვალოდ გაუჩინარდა. გოგო დაგვიანებით აღმოაჩენს, რომ გიოს ფარული და საინტერესო ცხოვრება ჰქონია, და ერთხელაც გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ბიჭი იპოვოს. დეა მზად არის, ყველაფერს ხელი გაუშვას და საკუთარი თავიც კი დაკარგოს სიმართლის გასაგებად. ამ ძიებისას, სადაც მისტიკა და რეალობა ერთმანეთშია გადახლართული, მას საოცარი ამბები გადახდება. მთავარმა გმირმა იცის, რომ ყოველდღიურობას ჩრდილად უხილავი სამყარო გასდევს, რომელიც მისი შეკითხვების პასუხებსაც მალავს. დეას წინაშე მთავარი დილემა დგება – კომფორტული ცხოვრება თუ ცნობიერების ახალ საფეხურზე გადასვლა…

ნინი ელიაშვილი, „წერტილის შემდეგ“ (ინტელექტი)

„ქართულ პოეზიაში ყოველთვის იყო გადამწყვეტი ეტაპები და ეს ეტაპები ადრე თუ გვიან აუცილებლად სრულდება, როდესაც ესა თუ ის თემები, სალექსო ფორმები, სინტაქსი საკუთარ თავს იმდენად ამოწურავს, რომ მიისწრაფვის იდეალურისკენ. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიმუშია ზაზა თვარაძის პოემა „მხიარული ლანდები“, სადაც ავტორი 80-იანი წლების ერთგვარ რეზიუმეს აკეთებს და ქმნის იდეალურ ტექსტს იმ ლექსწყობით, იმ სინტაქსით და სულიერი სიღრმეების ძიების მეთოდებით, რომელიც 80-იან წლებში იყო აქტუალური. ამ პოემაში ცოცხლდებიან თამაზ ბაძაღუას, დავით მჭედლურის, ბადრი გუგუშვილის ტექსტები. სწორედ ასევე, ნინი ელიაშვილის წიგნში ცოცხლდებიან თავად ზაზა თვარაძე და 90-იანი წლების სხვა მნიშვნელოვანი პოეტები (ჯერაც ცოცხლებიც). წიგნის შინაარსს, ერთგვარი წვეთის ფორმა აქვს. დასაწყისიდან უკანასკნელ სივრცეებამდე, მრავალხმიანი სიმღერასავით, იგი ჰარმონიულად მდიდრდება პოეტური სამკაულებით და ბოლოსკენ სიმფონიურ ჟღერადობას აღწევს. იმედია, ქართული ლიტერატურული საზოგადოება ღირსეულად დააფასებს დებიუტანტი პოეტის ამ კონცეპტუალურ ქმნილებას და დროთა განმავლობაში ის უამრავი ადამიანის საყვარელ წიგნად იქცევა. მე ვარ ძალიან ბედნიერი, თუნდაც ამ მცირე წინასიტყვაობის გამო და ვგრძნობ სრულ პასუხისმგებლობას ყველა იმ სიტყვაზე, რომელიც ჩემმა დიდმა თაობამ ლექსად დაწერა“, – შალვა ბაკურაძის ბოლოსიტყვაობიდან.

მაკა ცხვედიანი, „გასტონის კრეპერია“ (ინტელექტი)

მაკა ცხვედიანის სადებიუტო წიგნში ან ნამდვილ ამბებს იპოვით, ან ამ ამბების დაშვებას. ამიტომ მკითხველს ხშირად სიშიშვლის უხერხული განცდაც კი უჩნდება და სვამს კითხვებს: „ჩემზეა?“ „ჩემზე წერს?“ არადა, კონკრეტული ადრესატი არ არსებობს. ავტორი წერს იმაზე, რაც სულ იყო და სულ იქნება; რაც ერთდროულად სიყვარულის სინაზესაც ჰგავს და გაშიშვლებულ სიმართლესაც. დამყოლიცაა და მოუხელთებელიც, როგორც თევზის სენდვიჩს წატანებული ავი თოლია იზმირის სანაპიროზე. და იზმირი სულაც არაა გაქცევა, უფრო – საკუთარ თავთან შერიგებაა. გადაიტან – ჰპირდება ავტორი საკუთარ გმირს, ელენს, რომელიც გულგახეთქილი კითხულობს: შეიძლება, რომ სიყვარულისგან მოკვდეს ადამიანი? ჩვენ აუცილებლად გვეტკინება, მიგვატოვებენ, მოგვიკვდება გამზრდელი ბებია, გაგვიჩნდება ნაოჭები, დავკარგავთ კბილებს და ხანდახან – ორიენტირებსაც, მაგრამ სანამ ტკივილის განცდას შევძლებთ, ესე იგი ვისუნთქებთ კიდეც. და სანამ ვსუნთქავთ, როგორც ლეო ამბობს ამ წიგნში, აზრი ყოველთვის აქვს ფაფხურს.

არჩილ ფირიაშვილი, „ფეხბურთის მოთამაშე“ (პალიტრა L)

ერთ მშვენიერ დღეს კაცს წარმატებულს, ყველა მიზანმიღწეულს შეიძლება თვალი აეხილოს და დაინახოს, რომ ეს საათივით აწყობილი ცხოვრება არის მხოლოდ სხვის დასანახად. სწორედ აქ იწყება პიროვნული ჯანყი და სულიერი კრიზისი, თავს წამოყოფს ბავშვობის ტრავმები. და ნიკიც მიატოვებს ყველას და ყველაფერს, ხეტიალისას კი საოცარ აღმოჩენებს აკეთებს, პოულობს ნამდვილ ადამიანებს, რაც მთავარია – საკუთარ თავს. „იქნებ კითხვების დასმაა მთავარი და არა მათზე პასუხის გაცემა. შეიძლება, ცხოვრება ზუსტად ეს არის, დაუსრულებელი თავგადასავალი…”.

20 ოქტომბერს ცნობილი გახდა „საბას“ „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობაც.  რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“  – გამარჯვებული დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.