საეკლესიო განსაბჭოება “წმინდა სტალინის“ ჩრდილქვეშ

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ძეგლების ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, დროებით ყურადღების მიღმა დატოვეს, საქართველოში ბოლო დროს აქტიური, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღდგენის ამბავი. არადა სწორედ ამ საკითხზე ბჭობდა მარნეულში, 9 ივნისს შეკრებილი სამღვდელო დასი.

მთელს ამ პროცესში ბევრი საინტერესო ფაქტორს და მათ შერწყმებს აქვთ ადგილი. უმთავრესი ალბათ, ორი განსხვავებული მეხსიერებითი კულუტურის ერთ ტერიტორიაზე თანაარსებობაა. საქართველოში, მართალია შერჩევითი და საკმაოდ სუსტი, მაგრამ მაინც  ჩამოყალიბდა ანტისაბჭოთა ხსოვნა. მსგავს მოვლენას ადგილი არ ჰქონია აზერბაიჯანში, რომლის ისტორიული მეხსიერებაც უფრო მეტად არის ორიენტირებული ეთნიკურ  და არა იმდენად პოლიტიკურზე ნიშანზე. სწორედ ამიტომ, აზერბაიჯანულ ისტორიული მეხსიერების პანთეონში ერთმანეთის გვერდით ეწერებიან ხანები, პირველი რესბუბლიკის მოღვაწენი და საბჭოთა, წითელი პოლიტიკოსებიც.

სწორედ ამ ძლიერი ეთნიკური თვითიდენტიფიკაციიდან გამომდინარე, მოსთხოვა პოლიტიკურმა ოპოზიციამ და მუფთ მირტად ასადოვის ირგვლივ გაერთიანებულმა საზოგადოებამ, მარნეულის მერს ხსენებული ძეგლის რესტავრაცია, ისევე როგორც კულტურის სახლისთვის მისი სახელის მინიჭება.

ინიციატივის განხორციელებამ, მისი საბჭოთა წარსულთან კავშირის გამო, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განრისხება გამოიწვია. მან საკითხს საკმაოდ არაკორექტული ქადაგება მიუძღვნა, თუმცა მოგვიანებით რიტორიკის შეცვლა სცადა. თუმცა, მის გასამხნევებლად ჩამოსული ეპისკოპოსების კომენტარებიც იგივე სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. მაგალითად ერთერთმა, მეუფე იობმა, ჟურნალისტებთან საუბარში გამოიყენა საინტერესო თეოლოგიური მნიშვნელობის სიტყვა: “საქართველოში ყველა ეროვნების წარმომადგენელი არის ღვთის დაშვებით[…]“.

ცნება დაშვება მომდინარეობის თეოდიცეიდან, ქრისტიანული სწავლებიდან, ქვეყნად ბოროტების კანონზომიერებისა და მისი უფლის სამართლიანობასთან თავსებადობის შესახებ. ეს ტერმინი გამოხატავს მდგომარეობას, როდესაც უფლის ყოვლადმყოფობისდა მიუხედავად, ადამიანისადმი მინიჭებული თავისუფალი ნების ფარგლებში, მიწიერი გაგებით უარყოფითი მოვლენების არსებობაა შესაძლებელი. მოკლედ, რომ ვთქვათ მეუფე იობის პოლიტიკური თეოლოგიის მიხედვით, მარნეულის ტერიტორიაზე მრავალეროვანი საზოგადოების არსებობა, არა უფლის ნება არამედ მხოლოდ დაშვება, დროებითი გამონაკლისია.

მოსაზრებას, მარილად ისიც მოაყარა, რომ მართლმადიდებლობა და ქართველობა იდენტური ცნებებია, აბო თბილელი რომ მოინათლა ამით იგი ქართველიც გახდაო. ამ უკანასკნელ მოსაზრებას ხშირად იმეორებენ ქართველი იერარქები და ძირითადად საქართველოს ისტორიის ცალსახა ინტერპრეტაციას ეყრდნობიან.  ისტორიის ამგვარი აღრევ-დაღრევა, უცხო არც მეუფე მეუფე გიორგი ჯამდელიანის მხარდამჭერი, რუსეთის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი, ქართული მარშისთვისაა, რომელმაც მაგალითად უცხოდ მოძულეობის სიმბოლოდ არც მეტი და არც ნაკლები მეფე დავით აღმაშენებელი (1073-1125) აირჩიეს. მეფე რომელმაც სწორედ ამ ტერიტორიებზე ჩამოასახლა თურქულ-ალათაური წარმოშობის ყივჩაღები და თბილისში არსებული, თვითნაბადი მრავალფეროვანების სახელმწიფო დონეზე გარანტირება.

თეო-დემოკრატია  – სახელმწიფოს დეზინტეგრაციული კურსი

მეუფე გიორგიმ საკითხის პირველად კომენტირებისას, მარნეულის მერიას ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად მერაბ კოსტავას (1939-1989) ბიუსტის დადგმა შესთავაზა. თავის მხრივ ძალიან საინტერესოა ეს ფენომენიც კულტრული მეხსიერების კუთხით. მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას (1939-1993) და მათ თანამოაზრეებს, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ძირითადად მათი დისიდენტური საქმიანობის გამო თვლის გმირებად და საკმაოდ სამართლიანადაც. თუმცა არასოდეს დავინტერესებულვართ მაგალითად იმით, ქვეყნის მოწყობის რა მოდელი მიაჩნდათ მათ საბჭოთა წყობის ალტერნატივად, რა ტიპის პოლიტიკური სისტემის შექმნა სურდათ, გათავისუფლების შემდეგ.

იქედან გამომდინარე, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების დაწვრილებით გაწერა პარტიების მხრიდან დღემდე არაა დამკვიდრებული ტრადიცია საქართველოში, ამ საკითხის ზუსტი გამოთვლა ჭირს. თუმცა მათი მოწოდებების, სიტყვებისა და ტექსტების გაანალიზების შემდეგ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მათეული ხედვებს ყველაზე მეტად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ჟურნალ ცისკარში (1989, #11 გვ.88-92), გამოქვეყნებული, პარტიის პოლიტიკური პროგრამაში შეტანილი ტერმინი: “თეო-დემოკრატია“ გამოხატავს. ეს მოდელი განსხვავდება ბიზანტიური სიმფონიისა და ირანული თეოკრატიისგან, ის უფროა რეალობა, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო თანაბრად ინაწილებენ ძალაუფლებას, სახელმწიფოს მმართველი ერთგვარი მესიაა, ხოლო ქვეყნის პოლიტიკურ წესრიგს, “დემოკრატიულად“, ხმების რაოდენობით – ეთნიკური უმრავლესობა განსაზღვრავს.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის ახლიდან მოპოვებიდან დღემდე სახელმწიფო ქვეყნის მოწყობის დეზინტეგრაციულ გზას მიყვება. ამავე კურსს უფრო მძაფრად გულშემატკივრობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ამ მხრივ მისი საქმიანობის აღწერას ვრცელი ტომეულები შეიძლება მიეძღვნას.

მსგავს პარადიგმაში რჩება, სამწუხარო ტენდეციაც, რომელიც ნებისმიერ მსგავს პრობლემას “უმცირესობა-უმრავლესობის“ ჭრილში განიხილავს. ცნება უმცირესობის  გამოყენება ავტომატურად იწვევს მათ განსხვავებულობაზე მუდმივად აქცენტირებას, ხოლო მეორეს მხრივ რადიკალურ ჯგუფებს კარნახობს  ერთგვარი ნადირობის სცენარით იმოქმედონ. ამის საპირისპირო მოვლენად შეიძლებოდა მოგვჩვენებოდა, ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებული ერთი პოზიტიური შეფერეილობის ამბავი. კერძოდ როდესაც მეუფემ მუფთ ჰაფის პოლოხოვთან ინტერელიგიური დიალოგი წამოიწყო და ბოლშევისტური წარსულის წინაამღდეგ მოკავშირეობა მუსლიმურ თემთან სცადა. თუმცა როგორც ყოველთვის, აქაც დიდ შერჩევითობას აქვს ადგილი.

ძირს ბოლშევიკები გარდა წმინდა სოსოსი!

მეუფე გიორგისა და მისი თანამოაზრების მოქმედებათა კეთილგანზრახულობაში ეჭვი ნაკლებ ადამიანს შეეპარებოდა, საქმე რომ ერთ ძალიან თვალნათელ მოვლენას არ ეხებოდეს. ეს გახლავთ, იოსებ სტალინის(1878-1953) საეკლესიო რეაბილიტაცია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართული პოლიტიკური ელიტა მყისვე დისცანტირდა ყველა, საქართველოს გამსაბჭოებელ ისტორიულ ფიგურათაგან, გარდა სტალინისა, რომელიც ამ დროისთვის უკვე იყო ქართული ნაციონალიზმის ერთერთი მნიშვნელოვანი თვითიდენტიფიკაციის პუნქტი.

თუმცა სტალინიზმის ახლიდან აღორძინება და მისი უკვე ახალ თხრობებში გაფორმება უკვე ეკლესიის მხრიდან მოხდა. ეს პროცესი მართალია რუსეთში მიმდინარე პროცესის ანალოგია, თუმცა სისხლიანია დიქტატორის ახალი იმიჯის შექმნაში გადამწყვეტი სიტყვა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თქვა, რომლის სიტყვებითაც: “ის მორწმუნე იყო“.

წლების განმავლობაში ეკლესიის წიაღში, იქმნება უამრავი მითი, სტალინის მორწმუნეობის შესახებ, რომ იყო ბოლო ხელმწიფე და მასონების შემაჩერებელი. “სოსო ზეცაშია“ – პატრიარქის ეს სიზმარი, განსაკუთრებით პოპულარული იყო, ეკლესიაში თავშეფარებულ საბჭოთა ნომეკლატურისთვის, რომელმაც ეროვნული მოძრაობის მხრიდან შევიწროების შემდეგ თვითრეაბილიტაციისთვის ეკლესიას მიაშურა.

საქმეს ართულებს ისიც, რომ საქართველოში არასოდეს მომხდარა ლუსტრაციის პროცესი. ახსნა-განამრტება სრულიად ნათელია: საქართველოს თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიაში არიან  პიროვნებები, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა ფუნქციონერები იყვნენ. სამწუხაროდ, არც საბჭოთა სიმბოლიკების დეკონსტრუქციას ჰქონია ადგილი.

თუმცა, სურათი აქაც ცხადია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჭირო გახდებოდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით თბილისში უმრავი შენობა-ნაგებობის, ხიდის თუ სხვა ობიექტის ძირეული შეკეთება. ამავე ღონისძიების ფარგლებში მაგალითადად საჭირო გახდებოდა, საქართველოს მეციერებათა აკადემიის თავზე მოელვარე საბჭოთა ვარსკვლავის დემონტაჟი, რომელიც სიმართლე გითხრათ სრულიად ლოგიკურად ასახავს შენობის შიგნით შთენილ საბჭოთა სულისკვეთებას.

ბევრი მცდელობის შემდეგ, 2011 წლის 31 მაისს, მიღებული იქნა ლუსტრაციასთან ახლო მდგომი საკანონმდებლო აქტი სახელწოდებით “თავისუფლების ქარტია“, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონპროექტში არც ერთი პუნქტი არ ეხება ხაზგასმით საბჭოთა ძეგლების საქართველოს ტერიტორიაზე არსებობასა და მათი აღდგენის საკითხს, კანონის პირველივე, მიზნობრიობის განმსაზღველ მუხლში ვკითხულობთ:

“ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.“

კითხვაზე, უნდა იდგეს თუ არა, ნარიმან, ნარიმანოვის ძეგლი მარნეულში? იურიდიულად არგუმენტირებული პასუხია – არა! თუმცა თუ კითხვას კულტურული მეხსიერების კუთხით გადმოსახედიდან ამოვალთ, ცალსახა პასუხის გაცემა ჭირს, რადგან მრავალწლიანმა გამოცდილებამ ძეგლების ფიზიკურ დეკონსტრუქციამდე საჭიროა ჩატარდეს საგანმანათლებლო სამუშაო, მოხდეს წარსულის გადამუშავება, რომლის შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში მოსახლეობა თავად მოახდენს ძეგლის დეკონსტრუქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნება სტალინთან დაკავშირებულ პარადაგიმასთან, რომლის ძეგლებიც გამოსაჩენი ადგილებიდან გააქრეს, ხოლო გულებში ბომონები აღუმართეს და ზოგჯერ სულისთვის მეოხებასაც კი სთხოვენ.