„საკითხი პოლიტიკურია, სამუშაო ჯგუფები ამას ვერ გამოასწორებს“ | ევროპარლამენტარები

1 ივლისს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას „სათანადო დროში და სათანადო ხარისხით“.

ირაკლი კობახიძემ გეგმაც წარმოადგინა თორმეტივე პუნქტზე, თუ რის გაკეთებას გეგმავს მმართველი პარტია. გეგმა, ძირითადად, კომიტეტებთან სამუშაო ჯგუფების ფორმატში კანონპროექტების შემუშავებას ითვალისწინებს.

თუმცა, როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია – ამ საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციის ხედვით, „ოცნების“ გეგმა დროის გაჭიანურების მცდელობაა და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სხვადასხვა ინიციატივასა და კანონპროექტზე მუშაობა.

თავის მხრივ, ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე გეგმა წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. „12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის“ – ასე ჰქვია სამოქალაქო სექტორის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ხელს 22 ორგანიზაცია აწერს.

თუმცა მმართველ გუნდს არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა არ განუხილავს. შესაბამისად, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შორის, ჯერჯერობით, თანამშრომლობა ვერ შედგა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, რომ წლის ბოლომდე რეკომენდაციების შესრულება მარტივად ვერ მოხერხდება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ შეიძლება კიდევ უფრო გადაიწიოს.

წლის ბოლოს, ევროპული საბჭოს მორიგ შეკრებამდე, ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვისა და უკრაინის საკითხები, კიდევ ერთხელ გააქტიურდება.

ბოლო პერიოდში საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზების კვალდაკვალ ევროპარლამენტის წევრებიც უფრო აქტიურად ადევნებენ თვალს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და აფასებენ ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის ნაბიჯებს. ევროპარლამენტის მხრიდან ყველაზე მძიმე შეფასება საქართველომ 9 ივნისს მიიღო, როცა ბრიუსელში სპეციალური რეზოლუცია მოამზადეს.

ევროპარლამენტის რეზოლუცია და ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ობიექტებიც გახდნენ, თუმცა ევროპარლამენტის მოსაზრებებს ანგარიშს უწევენ ევროკომისია და ევროპული საბჭო.

როგორ აფასებენ ევროპარლამენტში საქართველოში ამჟამად მიმდინარე პროცესებს და რა როლის შესრულება შეუძლია ევროპის პარლამენტს წლის ბოლომდე, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? აქვს თუ არა ევროპარლამენტს შესაბამისი ინსტრუმენტები? „პუბლიკამ“ საქართველოს საკითხებზე მომუშავე რამდენიმე ევროპარლამენტარს მიმართა.

მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი, Greens – EFA):

ვფიქრობ, ევროპარლამენტის როლია, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს იმ ყველა შესაძლო გზით, რაც მას სჭირდება. არ მგონია, რომ ახლა ახალი რეზოლუციის რაიმე საჭიროება გვაქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ ვერც პრობლემებს და ვერც წინსვლას, თუმცა დროთა განმავლობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, შევაფასებთ მას.

ახლა ევროპარლამენტი იმუშავებს ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიურ ანგარიშზე და მასში საქართველოს პროგრესზე. ეს ზოგადი მდგომარეობის ასახვის და პრიორიტეტებისა თუ პასუხისმგებლობების ცვლილების შესაძლებლობას იძლევა და, შესაბამისად, შეუძლია, გაწერილი რეფორმები რეალობად აქციოს.

რასა იუკნევიჩიანე (ლიეტუვა, EPP):

ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკომისიის გზავნილი სწორად იყოს აღქმული, მე კი არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორად გაიაზრა ის.

სამუშაო ჯგუფების შექმნა მნიშვნელოვანია, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, პოლიტიკურია – საქართველო უკან და უკან იხევს დემოკრატიული სტანდარტებიდან.

ასე რომ, სამუშაო ჯგუფების შექმნა ამას ვერ გამოასწორებს, თუკი ყოფილი პრეზიდენტი და მედიის წარმომადგენლები ციხეში დარჩებიან.

მნიშვნელოვანია, გაიაზრონ, რომ ევროკავშირში იწვევენ იმ ქვეყნებს, რომელთა ხელისუფლებაში მყოფი პარტიები დემოკრატიულები არიან და დემოკრატიულ სტანდარტებს აუმჯობესებენ.

მე მივესალმები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას კანდიდატის სტატუსისთვის 12 ნაბიჯის გადადგმის შესახებ. უმჯობესია, ფართო სპექტრის კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება, რომელიც რეფორმების გატარებას დაუბრუნდებოდა, ვიდრე მრავალი სამუშაო ჯგუფის შექმნა.

ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც საქართველოს მეგობრებისთვის, რომ ქვეყანამ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და შეუერთდეს ევროკავშირს. შესაძლებლობის ფანჯარა კი უკრაინელთა ბრძოლამ გააღო, ამიტომ ევროპარლამენტში არავის ესმის საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებისა უკრაინის მიმართ. არ ჩანს მკაფიოდ, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინელთა მხარესაა.

პეტრას აუსტრევიჩუსი (ლიეტუვა, Renew Europe):

ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოებამ წარმოადგინეს გეგმები, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ითვალისწინებს.

ახლა ყველაზე პრიორიტეტული ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც  ევროკომისიის კრიტერიუმების შესასრულებლად ხელისუფლებას, პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობას გახდის შესაძლებელს.

მე, პირადად, როგორც ბევრ ჩემს კოლეგას ევროპარლამენტში, ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ვიცით, რამდენად დადებითად უყურებენ ქართველები ევროკავშირის წევრობას და საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოეთხოვება, რომ ეს მოლოდინი გაამართლოს.

მე ვიყავი ლიეტუვის უფროსი მომლაპარაკებელი ევროკავშირში გაწევრების პროცესში და ვიცი, რამდენად რთულია გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ საქართველოს აქვს ყველანაირი მხარდაჭერა, რაც მას სჭირდება, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, ისე ევროკავშირის ინსტიტუტებიდან.

ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, რომ გამოიყენოს ეს მხარდაჭერა და მომენტუმი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ვიმედოვნებ, საქართველოს ლიდერები უფრო ფართოდ იაზროვნებენ, იფიქრებენ ევროკავშირზე და იპოვიან ნებას, რომ გადალახონ ეს დაყოფა და პოლარიზაცია საქართველოსა და მისი ხალხის მომავლისათვის.

მორიგ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს საქართველოს მზადყოფნას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისია მოამზადებს. მისი რეკომენდაციის საფუძველზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მინიჭონ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

ევროპარლამენტი ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ. მოველით, რომ ახალი ანგარიში 2022 წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რა იქნება ევროკომისიის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციიდან შესრულებული.

ასევე, ყურადღებას გავამახვილებთ იმ გამოწვევებზე, რომელთა შესახებაც მიიღო ევროპარლამენტმა 9 ივნისს რეზოლუცია, მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე აქცენტირებით.

ევროპარლამენტი ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. ჩვენი მოხსენებები და რეზოლუცია არის  გზამკვლევი და რჩევების წყარო.

ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ქართველ კოლეგებთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან სამხრეთ კავკასიასა და ევრონესტთან  ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ფარგლებში. ეს აერთიანებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წევრებს, მათ შორის, საქართველოს.

ჩვენ ასევე გვაქვს ჟან მონეს დიალოგი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მჭიდრო ურთიერთობას დიალოგისა და კონსენსუსის ძიებაში. ყველა ეს პლატფორმა საშუალებას აძლევს ქართულ მხარეს, მოიძიოს რჩევები და მხარდაჭერა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში.

ევროპარლამენტში ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ვხედავთ ქართველთა დიდ რაოდენობას, ქუჩაში რომ გამოდიან ევროკავშირში გაწევრების მხარდასაჭერად, მაგრამ ასევე გვესმის საქართველოს მთავრობის რიტორიკა ენთუზიაზმის გარეშე.

„ქართული ოცნების“ ბოლო კომენტარებს და ევროკავშირის მიმართ წაყენებულ ულტიმატუმს ან იმის მტკიცებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად ომში უნდა ჩაერთოს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ისე ჩანს, მმართველ პარტიას, რომელსაც ამბიციური სახელი აქვს –  „ქართული ოცნება“, არ აქვს ოცნება და ამბიცია, ხორცი შეასხას ქართველი ხალხის ოცნებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და, საბოლოო ჯამში, წევრობაზე.

ვუსურვებ საქართველოს და ევროკავშირს, რომ ჩვენი ევროპული ოჯახი გამდიდრდეს ქვეყნებითა და ადამიანებით, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიას. მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებაში.