საკუთარი უფლებების დასაცავად მუზეუმის თანამშრომლებმა პროფესიული კავშირი შექმნეს

ქრისტინე მუჯირი

„საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი“  – 19 მაისს დაფუძნდა ახალი პროფესიული კავშირი, რომელიც ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების თაოსნობით შეიქმნა.

პროფესიული კავშირის შექმნის მიზანი დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა და შრომითი გარემოს გაუმჯობესებაა. როგორც კავშირის წევრები Frontline Georgia-ში გამართულ შეხვედრაზე აცხადებდნენ, პროფესიული კავშირის შექმნის იდეა სამეცნიერო დაწესებულებებში, კულტურის სფეროში არსებული მოუქნელი სისტემის გამო წლების განმავლობაში იდგა დღის წესრიგში, თუმცა გადამწყვეტ ფაქტორად ბოლო პერიოდში კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში მიღებული გადაწყვეტილებები იქცა.

კავშირის ერთ-ერთი წევრი, არქეოლოგი, პროფესორი ნოდარ ბახტაძეა. მისი თქმით, პროფესიულ კავშირს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კორპუსი ქმნის, თუმცა ამ გაერთიანებაში შესვლა მეცნიერების, კულტურისა და განათლების სფეროში დასაქმებულებსაც შეეძლებათ.

მისი თქმით, პერიოდულად იცვლება ხელმძღვანელობები, ხელისუფლება და მათი  ხედვები ამა თუ იმ დაწესებულების მიმართ და საჭიროა, რომ სფეროს წარმომდგენლებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა; საჭიროა, გაუმჯობესდეს სამუშაო გარემო და აღიკვეთოს არაპროფესიონალური გადაწყვეტილებები.

„თუ კულტურის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში დარჩა კვლავ მოძველებული მიდგომები, დარჩა კვლავ ავტოკრატიული მმართველობა, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები, რაც ადრეც იყო და, სამწუხაროდ, ამის ნიშნებს ახლაც ვხედავთ – ამას უნდა ვუშველოთ. ღვაწლმოსილების თუ ახალგაზრდების აზრი გათვალისწინებული იყოს და არა – დაქვემდებარებული, ჩარჩოებში მოქცეული. შეიძლება, ხანდახან ამგვარი ზემოქმედება ხელმძღვანელობიდან სწორიც იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არაპროფესიონალურია. გვინდა, რომ ეს აღკვეთოთ და ერთხელ  კი არა, სამუდამოდ. ყოველთვის გავუწევთ წინააღმდეგობას, თუ რამ იქნება უსარგებლო  ჩვენი პროფესიული საქმიანობისთვის, როგორც შრომის უფლებების დაცვის, ისე ჩვენი ძირითადი მისიის შესასრულებლად, რომ ავაღორძინოთ ჩვენში კულტურა და მეცნიერება“, – თქვა ნოდარ ბახტაძემ.

არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე ახალი პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი იქნება. ის ამბობს, რომ პრობლემები აქამდეც იყო, მაგრამ მუზეუმებში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი ადამიანი დატოვა უკმაყოფილო.

„ჩვენ გადავაწყვიტეთ, რომ აგვერჩია პროფკავშირების გზა, რომელიც იქნება მეტ კომუნიკაციაზე აგებული ორგანიზაცია და საშუალებას მოგვცემს, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაცია გავზარდოთ, პრობლემები მოვაგვაროთ მოლაპარაკებების გზით. თუ არ არის შესაძლებლობა, ის პროფკავშირული ბრძოლის მეთოდები გამოვიყენოთ, რომლებიც ადაპტირებულია, უკვე გამოყენებულია სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე საქართველოში“, – თქვა მან.

მისი თქმით, სამეცნიერო პრობლემებთან ერთად არსებობს სოციალური პრობლემებიც. არსებობს შეხედულება, რომ თითქოს, მეცნიერი არ უნდა ლაპარაკობდეს სოციალურ საკითხებზე. თუმცა, მისი თქმით,  ხელფასი და სხვა სოციალური საკითხები სამეცნიერო შრომის განმსაზღვრელია და ისინი არ შეიძლება, იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული.

ნიკოლოზ წიქარიძემ „აკადემიური და შემოქმედებითი თავისუფლების პლატფორმის“ შექმნაც დააანონსა.

კითხვაზე – პროფესიული კავშირისა და პლატფორმის შექმნა ხომ არ განაპირობა ბოლო დროს მინისტრ წულუკიანის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და ეროვნულ მუზეუმში დაწყებულმა რეორგანიზაციამ? – წიქარიძე პასუხობს, რომ მაპროვოცირებელი ის გადაწყვეტილებები იყო, რომლებმაც მუზეუმში დასაქმებულების უკმაყოფილება გამოიწვია.

მან თანამშრომლების უკმაყოფილების საილუსტრაციოდ ორი მაგალითი მოიყვანა. პირველი – რეორგანიზაცია, რაზეც, მისი თქმით, თანამშრომლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რას ეფუძნება ის; და მეორე – ეროვნული მუზეუმის მეცნიერების სამეცნიერო პროექტები, რომლებიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან დაფინანსდა, თუმცა მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით რიგი პროექტების დაფინანსებას უარი ეთქვა.

„იმ კოლეგებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელთა სამეცნიერო გამოცდილებასა და ცოდნაში ეჭვი არავის არ ეპარება, მიუღებელია. მოლაპარაკებებისა და შიდა ბრძოლის საფუძველზე გადაწყდა, რომ რაღაც პროექტები გასულიყო, რაღაც პროექტები მაინც არ გაუშვეს, არ დაფინანსდა, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთაშორისო დონეზე იყო შეფასებული და აღიარებული.

მე ჩემს კოლეგებს შეიძლება არ ვეთანხმებოდე რიგ საკითხებში, ან შეიძლება ვიყოთ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე, მაგრამ მათთვის პროექტების შეჩერება სამეცნიერო რეპუტაციისთვის დარტყმაა, რაც მიუღებელია“, – თქვა წიქარიძემ.

წიქარიძის თქმით, პროექტების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით მუზეუმის თანამშრომლებს ჰქონდათ რეაქცია და პროექტების გადარჩენა შიდა რესურსებით ვერ მოხერხდა.

მისი თქმით, პროფესიული კავშირი მზად არის ხელმძღვანელობასთან სალაპარაკოდ და მიაჩნია, რომ შესაძლებელია პოზიციების შეჯერება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელმძღვანელობა „შეტევაზე გადავა, პროფესიული კავშირის წევრები თავს დაიცავენ“.

„ჩვენ მზად ვართ, რომ თანმიმდევრულად ვისაუბროთ ნებისმიერ პლატფორმაზე ხელმძღვანელობასთან და გვინდა, რომ ამ პლატფორმიდან შევთავაზოთ პოზიტიური დღის წესრიგი. გვჯერა, რომ ის საკითხები, რომლებიც დასაქმებულებს აწუხებთ, მოგვარებადია. შესაძლებელია, რომ პოზიციები შეჯერდეს, მიუღწეველს არ ვითხოვთ. თუ შეტევაზე გადმოვა ვინმე, თავს აუცილებლად დავიცავთ“, – თქვა მან.

პროფესიული კავშირი სამინისტროს მოუწოდებს, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული ინსტიტუციების მართვისას იხელმძღვანელოს სამართლიანი შრომის, სამეცნიერო და შემოქმედებითი თავისუფლების, დემოკრატიული და გამჭვირვალე მართვის პრინციპებით.