საკვები მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის – ახალგაზრდები ოთხფეხა მეგობრების შიმშილისგან დასაცავად

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ახალი არაა. ხშირად შეგვხვედრია მაღაზიასთან ან ნაგვის ბუნკერებთან საკვების მაძებარი კატები და ძაღლები, მაგრამ ეს გაზაფხული მათთვის კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა. თუკი ადრე სავსე ქუჩებსა და აჭრელებულ მაღაზიებს შორის ცხოველები შეიძლება ვერც შეგემჩნიათ, ახლა დაცარიელებულ გზებზე ყველაზე მეტ ყურადღებას ჯგუფებად მოსიარულე მშიერი ძაღლები იქცევენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ხალხის მდგომარეობა გაუარესდა. შეწყდა თითქმის ყველანაირი საქმიანობა და ბევრი შემოსავლის გარეშე დარჩა, სახლში გამოკეტილი. კიდევ უფრო გაუსაძლის სიტუაციაში უმწეო ცხოველები აღმოჩნდნენ. ბევრ ძაღლსა და კატას ადრე კაფეებსა და რესტორნებში, წვრილმანებისა და სურსათის მაღაზიებში მომუშავე ხალხი კვებავდა. მათზე ზრუნავდნენ მძღოლები, ტურისტები და გამვლელები. ახლა კი, დაცარიელებულ ქუჩებში ცხოველები მარტო დარჩნენ და შიმშილობის ზღვარზე აღმოჩნდნენ.

„ბევრი მოხალისეა, უამრავი ადამიანი გვწერს“

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებმა ცხოველების დასახმარებლად კამპანიის წამოწყება გადაწყვიტეს. ქუჩაში მარტო დარჩენილ ცხოველებზე ზრუნვა თავიდან ათიოდე მოხალისემ დაიწყო. „მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“ –ასე ჰქვია Facebook-ჯგუფს, რომელშიც მიუსაფარ ცხოველთა დასახმარებლად ახლა უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გაწევრებული.

„დავდეთ ანგარიშის ნომრები საკვების მოსაგროვებლად და დავიწყეთ კამპანია. შევეხმიანეთ სხვადასხვა ორგანიზაციასაც, ბევრი ადამიანის ჩართვა გვინდოდა. დაგვეხმარნენ საკვებით, ფულით. ჩვენ დავიწყეთ სადისტრიბუციო კომპანიებთან დაკავშირება, საკვების ყიდვა. ცხოველების საკვების შესანახად ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა გვათხოვა გარაჟი“, – ჰყვება დათო დიდებაშვილი „პუბლიკასთან“.

დათო ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ცხოველებს მანამდეც ეხმარებოდა, მაგრამ მიხვდნენ, რომ ახლა მხოლოდ რამდენიმე მოხალისე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ცხოველების დახმარებას ვერ გასწვდებოდა. წამოიწყეს კამპანია და იმედოვნებდნენ, მათ ინიციატივას სხვებიც შეუერთდებოდნენ.

ცხოველთა დასახმარებლად გამოჩენილი ხალხის ენთუზიაზმმა მოლოდინს გადააჭარბა. საინიციატივო ჯგუფს დღეს 200-ზე მეტი მოხალისე ჰყავს. როგორც დათო დიდებაშვილი ჰყვება, მოხალისეების სიების შედგენაზე, საკვების განაწილებაზე რამდენიმე ორგანიზატორი მუშაობს. კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორია ნინია მაჭარაშვილიც.

„მოხალისეების სპეციალური რუკაც შევადგინეთ, თავიანთი საკონტაქტოებით – სად ვინ არის, რომელ რეგიონში და ა.შ. შემდეგ დავიწყეთ მოხალისეების ძებნა საკვების ტრანსპორტირებისთვის. მოგეხსენებათ, რეგიონებში ჭირს მაღალი ხარისხის საკვების პოვნა, ან თუ არის – ძვირია. ამიტომ საჭირო იყო, თბილისიდან გაგვეგზავნა საკვები. მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა: ქუთაისი, ზუგდიდი და ა.შ. იყიდება ისეთივე საკვები, როგორიც თბილისშია, ამიტომ იქაურ მოხალისეებს უბრალოდ ფულს ვურიცხავთ და იქვე ყიდულობენ“, – ამბობს ნინია მაჭარაშვილი „პუბლიკასთან“.

მიუსაფარ ცხოველთა გამოკვების კამპანიაშია ჩართული ცხოველთა დამცველი თიკო კვალიაშვილიც. ის პირველი იყო, ვინც თბილისში ცხოველების გამოკვებისთვის საქველმოქმედო აქციები დაიწყო. თავად ბევრ ცხოველს ეხმარება და თან ცდილობს, სხვა ცხოველთა მოყვარულებსაც გაუწიოს დახმარება.

„ამ საინიციატივო ჯგუფის შემოთავაზებაც იყო, რომ მათთან მეთანამშრომლა და სიამოვნებით დავთანხმდი. ვცდილობ, დავეხმარო, ვუწევ რეკომენდაციებს მოხალისეებს, ვინც ვიცი, რომ წვალებით შეგროვებულ საკვებს ნამდვილად მიუსაფარ ცხოველებს მოახმარს“, – ამბობს თიკო კვალიაშვილი.

„მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“ სამოქალაქო ინიციატივაა. ჯგუფის დამფუძნებლები ჰყვებიან, რომ საჯარო სამსახურებიდან არავინ გამოხმაურებიათ. ფულს, ძირითადად, ხალხი აგროვებს, ადამიანები, რომლებსაც ცხოველები შიმშილისთვის არ ემეტებათ, თუმცა რიგითი მოქალაქეები დასახმარებლად სულ მზად არიან. ცხოველთა დახმარების კამპანიაში სხვა აქტივისტებიც ჩაერთვნენ, მაგალითად „ანას ბაღი“.

„ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გვწერს, ბევრი მოხალისეა, თუმცა რესურსები ამოუწურავი არ არის და ვცდილობთ, მაქსიმალურად გავანაწილოთ საკვები. იქამდე მაინც, სანამ ეს რეგულაციები მოიხსნება. როცა აღდგება ჩვეული სიტუაცია, ამუშავდებიან რესტორნები, კაფე-ბარები. შემდეგ უფრო გაუადვილდებათ ცხოველებსაც საკვების მოპოვება“, – ჰყვება დათო დიდებაშვილი.

„საშინელება ხდება რეგიონებში“ – ცხოველები შიმშილის ზღვარზე

კამპანიის ორგანიზატორები ჰყვებიან, რომ ათასობით ცხოველების გამოკვება განსაკუთრებით გართულდა, როცა ავტომანქანებით გადაადგილება საერთოდ აიკრძალა. ქუჩაში დარჩენილი ცხოველების დახმარებას მოხალისეები ფეხით ან ველოსიპედით ცდილობდნენ, ასე პარკებ აკიდებულებს უწევდათ კილომეტრების გავლა.

დათოსთვის კი, როგორც ამბობს, სირთულეებზე მეტად გულსატკენი ხალხის ნაწილის დამოკიდებულება იყო. „მოდის ვიღაც და გეუბნება – რა დროს ცხოველებია, ბავშვები შიმშილობენ, ისა, ესა. არადა, ეს ხომ ადამიანის გადასაწყვეტია, ვის დაეხმაროს. ჩემს მგობარს, ვინც ამ ჯგუფის ერთ-ერთი ინიციატორია, მოხუცების დასახმარებლადაც აქვს ფონდი გაკეთებული, ბევრ ხანშიშესულს დაეხმარა უკვე. ჩვენ გვინდა ყველას დავეხმაროთ, ვისაც ეს სჭირდება“, – ამბობს დათო დიდებაშვილი.

„ცხოველებს და ადამიანებს ერთნაირად სჭირდებათ დახმარება, ისინიც სულიერი არსებები არიან. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებზე უფრო მოწყვლადებიც“, – დასძენს ნინია.

მოხალისეებისთვის მძიმეა დასუსტებული, ნაშიმშილები ცხოველების ყურებაც. „პუბლიკასთან“ ჰყვებიან, რომ ცხოველების დასახმარებლად გასულებს ხშირად ხვდებოდათ მძიმე სურათი. „საშინელება ხდება რეგიონებში, გზატკეცილებზე. რაღაც ადგილებში მართლა განწირულები არიან.

ბევრი ადამიანი კვებავდა ამ ცხოველებს რესტორნებიდან, ტრაილერებიდან, დისტრიბუციიდან და ა.შ. ჩვენთვისაც ძალიან რთულია, ცალკე საჭმლის ფულს ვაგროვებთ, მოხალისეებსაც ვეხმარებით. მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი დახმარებაა. საჭიროა ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები“, – ამბობს ნინია მაჭარაშვილი.

content image
content image
content image

„იმედს ვიტოვებ, შემდეგ ცოტა სხვანაირად მოუვლიან ცხოველებს“

ცხოველთა დამცველი თიკო კვალიაშვილი მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციაზეც საუბრობს. თიკო ჰყვება, რომ ცრუ მასალების გავრცელების გამო, თითქოს ცხოველები Covid-19-ის გადადების წყაროები იყვნენ, ამ რთულ პერიოდში ბევრი სახლის ცხოველიც აღმოჩნდა გარეთ.

„გახშირდა ცხოველების ქუჩაში გაგდების შემთხვევები. ამას ხელი შეუწყო დეზინფორმაციამ, რომ თითქოს ცხოველებისგან შეიძლება კორონავირუსი გადაედოთ ადამიანებს. გული მწყდება, რომ რამდენიმე ცნობილმა მედიაგამოცემამაც გაავრცელა ეს სიცრუე. ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ამბობს, რომ ცხოველები ავრცელებენ ამ ვირუსს. წარმოიდგინეთ, რამდენი მიუსაფარი ცხოველი იყო ისედაც და ამას ემატებიან ამ დეზინოფრმაციით შეშინებული ხალხისგან გამოყრილი ცხოველებიც“, – ამბობს თიკო კვალიაშვილი.

ცხოველთა დამცველები ცდილობენ ქუჩაში დარჩენილ ყველა ცხოველს დაეხმარონ. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მხოლოდ ასეთი ინიციატივებით ცხოველების მდგომარეობა არ მოგვარდება. მათ პანდემიის დასრულების შემდეგაც დასჭირდებათ ყურადღება.

„პრობლემა რეალურად მიდის იქამდე, რომ არ გვაქვს შესაბამისი კანონი. ნებისმიერი კინოლოგები ადასტურებს, რომ ძაღლებში აგრესიას განაპირობებს ორი ფაქტორი – შიმშილი და გამრავლების პერიოდში გამოხატული აგრესია.

როდესაც ცხოველი არის სტერილური და მეგობრულ ტერიტორიაზეა მიკედლებული, სადაც კვებავენ – ეს ცხოველი აგრესიული არ იქნება. თუმცა, ჩვენთან ასეთი კულტურა ნაკლებად გვაქვს ჯერ. ვერ იტანენ მიუსაფარ ძაღლებსა და კატებს, არადა მეორე მხრივ ეს ცხოველები იცავენ იმ ტერიტორიას ვირთხების, თაგვების, გველების გამრავლებისგან. ეს არ ესმით და ცდილობენ მოიშორონ.

თანაც, თუ პოპულაციიას კონტროლი არ მოხდა, რამდენიც არ უნდა მოიშორონ მაგალითად ძაღლები, ახალი ხროვა გამოჩნდება მაინც. მათი დამკვიდრების პროცესი ამა თუ იმ ტერიტორიაზე კი საკმაოდ მძიმეა. არადა, პარლამენტში უკვე დევს ძალიან კარგად შემუშავებული კანონპროექტი და არ ამტკიცებენ“, – ამბობს თიკო კვალიაშვილი „პუბლიკასთან“.

ცხოველთა უფრო სისტემურ და კარგ მოვლაზე ყურადღების გამახვილება სურთ, მათ დასახმარებლად წამოწყებული კამპანიის ორგანიზატორებსაც. იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ როგორც ხალხი, ისე პასუხისმგებელი პირები დაფიქრდებიან მიუსაფარი ცხოველების პრობლემის ჰუმანური გადაჭრის გზებზე და „მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“ კამპანიის არსებობა აზრსაც დაკარგავს.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პანდემიის პირობებში გავიტანოთ თავი და გადავარჩინოთ მიუსაფარი ცხოველები. იმის იმედსაც ვიტოვებ, რომ ამ პერიოდის შემდეგ ცოტა სხვანაირად მოუვლიან ცხოველებს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ნინია მაჭარაშვილი.

მასალა მომზადდა CTC -ის და პუბლიკის ერთობლივი პროექტის Covid-19 და საზოგადოებრივი ინციატივების ფარგლებში