საპატრიარქო სიკვდილის სამსახურში - უნდა ავუგოთ თუ არა წესი თვითმკვლელებს?

მირიან გამრეკელაშვილი

წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ადამიანი ხორციელი სიკვდილის შემდეგ საბოლოოდ არ ქრება  და იგი სხვა ფორმით, მიღმიერი სამყაროს ნაწილად განაგრძობს არსებობას, ისეთივე ძველია, როგორც თავად  მოაზროვნე ადამიანი. მეცნიერების ვარაუდით, ევროპის რეგიონში, რიტუალურად დაკრძალული ადამიანების საფლავები 48 000 წლის წინანდელი უნდა იყოს. გამოდის, რომ გარდაცვლილთა საფლავებზე ზრუნვა და თაობათაშორისი მეხსიერებითი კავშირის შექმნისკენ სწრაფვა ადამიანისთვის დამახასიათებელ ანთროპოლოგიურ მოცემულობას წარმოადგენს. ალბათ, სწორედ ამიტომ გარდაცვალებასთან – ადამიანის სიკდვილის გზით საიქიოში გადასახლებასთან, იმქვეყნიური სასუფევლის აგებულებასთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები თუ რიტუალები საკმაოდ ძველი და მრავალფეროვანია. იმის მიუხედავად, რომ რელიგიათა უმრავლესობას, სწორება მიღმიერ, იდეალურ სამყაროზე აქვს, განიხილავს რა მას სიკვდილის შემდგომი არსებობის სარბიელად, ფართო გაგებით მათ უპირველეს ამოცანას სიცოცხლისადმი მსახურება წარმოადგენს.

რელიგიური საზრისების კვლავ გადაცემის საუკეთესო საშუალება თაობათა ცვლის შედეგედად განხორციელებული მტკიცე მეხსიერებითი ჯაჭვია. შესაბამისად, იგი, ისევე, როგორც კულტურა დადგება ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე, თუ მისი მიმდევრები ფიზიკურად აღარ იარსებებნ ან ძალიან მცირერიცხოვანნი იქნებიან.  საკუთარი მიმდევრების გამრავლებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე არმზრუნველი რელიგიები, საბოლოოდ მხოლოდ ისტორიის კუთვნილებადღა იქცნენ, რადგან ან არსებობა შეწყვიტეს ან მათი მიმდევრების რიცხვი უაღრესად მცირე გახდა.

ქრისტიანობის ადრეულ ხანაშიც, არსებობდნენ სექტები, რომლებიც  ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც  უმაღლეს ფასეულობაზე არ იყვენენ ორიენტირებულნი, რამაც მათი ჩაკარგვა ან სრული გაქრობა გამოიწვია. საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღემდე ცოცხალი ორგანიზმის მქონე რელიგიების უდიდესი ნაწილი სწორედ სიცოცხლის კანონზომიერების დაცვისა და მასზე ზრუნვის ნიშნის ქვეშ განვითარდა. მათი მხრიდან, თვითმკვლელობის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება, სიცოცხლის – როგორც ასეთის, დაცვას ემსახურება.

ამ კონტექსტში კი ძველ აღთქმისეული და იუდევლური კულტურა დიდაა დავალებული ეგვიპტური რელიგიური საზრისებისაგან, რომლის მიხედვითაც, ყველა გარდაცვლილი ადამიანის სული მიღმიერის მბრძანებელი ღმერთ ოსისირის წიანაშე უნდა წარმდგარიყო, რომელიც თავის მხრივ სასწორის ერთ მხარეს დადებდა ბუმბულს, ხოლო მეორე მხარეს გარდაცვლილის გულს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, გამართლდებოდა, თუ გული ბუმბულზე მსუბუქი აღმოჩნდებოდა და ამ ქვეყნიდან გასვლისას ბოღმითა და შურით არ იქნებოდა სავსე.

გარდაცვლილის რიტუალურად დასაფლავების წესები იუდაიზმში ძალიან მრავალრიცხოვანი და დეტალურია. ყველა მათგანის აღსრულების შემდეგ, როდესაც მიცვალებული დაიკრძალება, წარმოითქმება სიტყვები „მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი“. ჭირისუფლები საფლავთან კითხულობენ 91-ე ფსალმუნსა და განწმენდის, ე.წ. კადიშის (קדיש) ლოცვას, რომელიც სულს მეოხებას უწევს, შეეწევა უფლის წინაშე გამართლდეს და სასუფეველი დაიმკვიდროს.

თავის მხრივ, ძველ აღთქმაში არსებულ სწავლებას ეფუძნება და ამ იუდევლური რიტუალის გაგრძელებაა ქრისტიანული „წესის აგება“, რომლის მთავარ ამოცანას ადამიანის პატივით დაკრძალვა და მისი სულისათვის ლოცვითი მეოხება წარმოადგენს. კონკრეტულად რას შეიძლება ვგულისხმობდეთ „შეწევნაში“, თეოლოგთა შორის დღემდე კამათის საგანია. თუ სახარებისეულ სწავლებას დავეყრდნობით, ადამიანის სულის განსჯა მხოლოდ და მხოლოდ უფლის კომპეტენცია, ამქვეყნიური გონებისთვის ბოლომდე მიუწვდომელი საიდუმლოა, რისი გამოც მიღმიერი სასუფეველი ხშირად მეტაფორებითა და იგავებითაა აღწერილი.

არის თუ არა თვითმკვლელობა უპატიებელი ცოდვა – ამ საკითხზე რამოდენიმე თეოლოგიური მოსაზრება და კანონიკური დასაბუთება არსებობს. მათი უმრავლესობა ამოდის, ერთი მხრივ, შესაქმის, მეორე მხრივ კი, პნევმატოლოგიური (მოძღვრება სული წმინდის შესახებ) თეოლოგიური არგუმენტაციიდან. კერძოდ, ადამიანი ამქვეყნად საკუთარ მოვლინებას უფალსა და მისი განგების ყოვლადსახიერებას უნდა უმადლოდეს (დაბ. 2,7). აქედან გამომდნარე, იგი არაა საკუთარი სიცოცხლის ერთადერთი ბატონ-პატრონი და მისი მოკვდინების უფლებაც ერთპიროვნულად არ გააჩნია.

აქ ასევე შემოდის სულიწმინდის გმობის საკითხი. ანუ თვითმკვლელს აღარ გააჩნია არანაირი რწმენა უფლის არსებობის შესახებ. იგი მთლიანად გამორიცხავს მისი ღვთიური მოწყალებისა და მფარველობის შესაძლებლობას, სრულიად დაკარგული აქვს მომავლის იმედი, უარს ამბობს უყვარდეს ვინმეს ან თავად განიცდიდეს ვინმეს მიმართ მსგავსს. თვლის, რომ აღარც მას სჭირდება ვინმე და აღარც სხვისთვისაა მისი სიცოცხლე მნიშვნელოვანი. ამგვარია, ქრისტიანობის მხრიდან თვითმკვლელობის საკითხისადმი ძირითადი დამოკიდებულება.

ამასთანავე, ამ ნაბიჯის გამომწვევ მიზეზებსა და კონტექსტებსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მაგალითისთვის სამსონის მიერ ფილისტიმელებთან ერთად თავის მოკვლა ბიბლიაში უარყოფითი შეფასების გარეშეა გადმოცემული (მსაჯ. 16). სავარაუდოდ, არ ეთვლებოდათ თვითმკვლელობა შეუნდობელ ცოდვად მონაზვნებს, რომლებიც უბიწოების აღთქმის დაურღვევლობის გამო გაუპატიურების საფრთხეს ამ გზით გაურბოდნენ. საკითხის მიმართ ქრისტიანობის მხრიდან რადიკალურად შემკავებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, დიდი როლი ითამაშა ქრისტიანი „ფსევდომოწამეების“ მოძრაობამ, რომლებიც ხელოვნურად პროვოცირებდნენ სახელმწიფოს, რათა ვითომცდა მოწამეობრივი სიკვდილი მოემკოთ.

საბოლოოდ, ქრისტიანული დამოკიდებულება სუიციდის გზით გარდაცვლილთათვის ქრისტიანული მსახურების შესრულების შესახებ, მეექვსე მსოფლიო კრების მიერ რატიფიცირებულ, წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის კანონიკური კითხვა-მიგებების მეთოთხმეტე პუნქტში ჩამოყალიბდა:

„14. კითხვა: თუ ვინმე ცნობადაკარგული შეიმთხვევს რაიმე სასიკვდილოს, ან გადაიგდებს თავს სიმაღლიდან, შეიძლება ჟამისწირვის ჩატარება მისთვის თუ არა?

პასუხი: მღვდელმა უნდა განიხილოს, ნამდვილად ცნობადაკარგული იყო თუ არა, როდესაც ჩაიდინა ეს საქმე, ვინაიდან მიცვალებულის ახლობლებს ბევრჯერ სურთ მისთვის ჟამისწირვის ჩატარება, ამის გამო ტყუიან მის დასახმარებლად, და ამბობენ, თითქოს გონება დაკარგული ჰქონდა. ხოლო ხანდახან ისიც ხდება, რომ კაცთაგან წყენის, ან სხვა რამ გაჭირვების გამო სულმოკლეობით ჩაიდენს ვინმე ამას. მაშინ არ არის საჭირო, რომ ჟამისწირვა შესრულდეს მისთვის, რადგანაც თვითონ არის თავისმკვლელი. ამის გამო მღვდელმა ძალზე დაწვრილებით უნდა გამოიძიოს ეს, რომ არ დაისაჯოს.“

როგორც ვხედავთ, მოხმობილ საეკლესიო კანონში, მთავარი სწორედ ის საზრისია, რომ სასულიერო პირის მიერ შესრულებული მსახურება და მისი თვითმკვლელობის შემთხვევების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არ იქცეს ამ მოვლენის წამახალისებელ ფაქტორად. რაც ყველაზე საინტერესოა, სასულიერო პირს ევალება კონკრეტული შემთხვევა დაწვრილებით გამოიკვლიოს. თუმცა, როგორც, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო საქართველოში სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება გვაქვს სახეზე, რასაც საკმაოდ ვრცელი მიზეზები უნდა ჰქონდეს.

ჰუმანიტარული მეცნიერებების ბევრი წარმომადგენელი, საზოგადოებებს სიკვდილისა და სიცოცხლის ნიშნით ჰყოფს და ერთმანეთს ადარებს. თუ ქართულ ყოფით კულტურასა და დღევანდელობას ამ მხრივ შევხედავთ, იგი აშკარად აღბეჭდილია კვდომის ნიშნით, სიკვდილისკენ სწრაფვით. ეს მუხტი იმდენად მძაფრად შეგრძნებადია, რომ თითქმის ყველა ადამიანს, ქვეყნის რაც შეიძლება მალე დატოვების სურვილი ამოძრავებს. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. სიცოცხლისგან არა მხოლოდ კულტურა, ქვეყნის განვითარების პროცესი და ყოფითი სივრცეა განძარცვული, არამედ ფიზიკური სიკვდილის ქრონიკით ჩვენი ყოველდღიურობაც გაჯერებულია: მკვლელობები, თვითმკვლელობები, სიდუხჭირისაგან გარდაცვალება, ძალადობა და ა.შ.

თუ გავიხსენებთ, რა კონტექსტში ხდება ბოლო დროს საპატრიარქო აქტუალური თემა საზოგადოებაში, აღმოვაჩენთ, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად კვდომას და სიცოცხლის დათრგუნვას ეხება. ეს კარგად, გამოიხატა კულტურული მეხსიერების ერთგვარი კორექციის სახითაც. ოდითგანვე საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის სიმბოლო სვეტიცხოველი – ქრისტეს რწმენით კვდომადისათვის სიცოცხლის მინიჭების ნიში იყო, დღესდღეობით კი იქ ხალხი საფლავის მოსალოცად მიედინება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, ქალებისა და განსაკუთრებით მათი სექსუალობის მაქსიმალური რეპრესირების (საინტერესოა, რომ სახელი ხჰაავა იგივე ევა חַוָּה- ებრაულად სიცოცხლეს, მაცოცხლებელს ნიშნავს), ხაზი ეკლესიის მხრიდან, რომელიც ათასგვარ ქალთმოძულე ქადაგებასა თუ პერფორმანსში გამოიხატება ხოლმე.

ეკლესიის მხრიდან განსხვავებული სტილის ადამიანების დემონიზების დამკვიდრება, დამატებით ანოყიერებს, ტოქსიკურ გარემოს და ბოლოს,  ბავშვების – ახალი სიცოცხლის უპირველესი სუბიექტების მიმართ მომშთობითი დამოკიდებულება, პირდაპირ სიცოცხლის წინააღმდეგ გალაშქრებაა. საპატრიარქომ ჯერ უნათლავი ჩვილების სულები გაუშვა ჯოჯოხეთში და თვით უფალს ჩამორთვა განსჯის უფლება, ხოლო შემდეგ დროდადრო ამ მხრივ ახალ „გამონათებებს“ აქვს ხოლმე ადგილი, რომელთა გახსენებაც შორს წაგვიყვანს, თუმცა რამოდენიმე შემთხვევის უხსენებლობა არ გამოგვივა. მაგალითად შემზარავი განცხადება იმის შესახებ, რომ შიმშილით გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება მათ არ ეხებათ, რადგან ის მუსლიმი იყო. გახსენებას იმსახურებს ასევე პატრიარქის 2014 წლის საშობაო,  „ანტისაბავშვო“ ეპისტოლე და კიდევ უამრავი სხვა, თუმცა ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო სპეციფიკურია, ვიდრე სიცოცხლე-სიკვდილის ურთიერთკვეთის საკითხებზე დისკუსიაა.

საქმე ის გახლავთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ეკლესია-სახელმწიფოს ძალაუფბრებრივი ურთიერთმიმართება დისკუსიების დონეზე ირკვეოდა ისეთი საკითხების ირგლვივ როგორიცაა, თავსებადია თუ არა, ადამიანის უფლებები ქრისტიანობასთან, გლობალიზაცია, მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა თუ არა და ა.შ. ახალი რეჟიმის პირობებში, საბოლოო ანგარიშით, ეკლესია მთლიანად დამორჩილებულ, სამთავრობო აპარატის იაფფასიან მომსახურე ინსტიტუციად იქცა და სრულიად განიძარცვა ქრისტიანული ფასეულობებისაგან. წინააღმდეგობას ვინღა ჩივის იგ დიდი ხანია უკვე ძალადობის გამმართლებელ პროპაგანდისტად იქცა.

სწორედ ამგვარად თუ აიხსნება ის აშკარად ანტიქრისტიანული განცხადებები, რომლებსაც ჩვენი დიდი მეუფეები ამბიონებიდან თუ ეთერებიდან აკეთებენ: მეუფე იაკობის მოსაზრებით გიორგი შაქარაშვილი არ მოუკლავთ; მეუფე ნიკოლოზს მიაჩნია, რომ ლუკა სირაძეს უბრალოდ მოეპრიანა და თავი იმიტომ მოიკლა, თორემ ძალოვანი სტრუქტურისაგნ განხორციელებული ტერორს ადგილი არ ჰქონია; ხოლო მეუფე გიორგი მიიჩნევს, რომ ძალადობისა და მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ბავშვის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო სუიციდში,  თავადაა დამნაშავე. სინამდვილეში ელემენტარული ლოგიკაც კი საკმარია, იმის გასააზრებლად, რომ ამ ნორჩ სიცოცხლეებს სხეპს და ანადგურებს მანკიერი, ძალადობაზე დაფუძნებული სისტემა – ურჩხული, რომლის გამოზრდაშიც საპატრიარქომ საკუთარი მსუყე წვლილი შეიტანა და ახლა კი მზადაა მას მკერდით გადაეფაროს.

არადა, მას შემდეგ, რაც თანამედროვეობამ ადამიანი უფრო მეტი სულიერი თუ ფიზიკური გამოწვევის წინაშე დააყენა, ქრისტიანული ეკლესიები მოვალენი არიან,  დაწვრილებით შეისწავლონ ამგვარად გარდაცვლილის კონკრეტული საქმე და  ინდივიდუალურად მიუდგნენ მას. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ძლიერი სოციალური არსებებაა, რომელიც ბუნებასთან ახლო კავშირში და მისი მოთვინიერებით ახერხებდა საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაკმაყოფილებას. მისი ყოველდღიური რეალობა დიდი ხნის განმავლობაში გაჯერებული იყო ფიზიკური დატვირთვით, ნატურალური რესურსებით საზრდოობითა და შთამომავლობის სიმრავლით. ეს უკანასკნელი თავისთავად გულისხმობდა მძაფრი სექსუალური ენერგიისა და შესაბამისად, დიდხანს სიცოცხლის დაუოკებელ წყურვილის წარმოქმნას. ძლიერი ოჯახური და ჯგუფური მექანიზმები, ადამიანის ერთგვარ ფსიქიკურ გამხნევებას ახდენდა, რადგან იგი ერთი მთლიანობის მნიშვნელოვან წევრად გრძნობდა თავს.

დღევანდელობამ ბევრ სიკეთესთან ერთად უამრავი გამოწვევაც მოიტანა. ადამიანი ბუნებისგან გაუცხოვდა, დაკარგა ცოდნა მის შესახებ. ვეღარ ახერხებს ბუნებრივი პროდუქტებით სარგებლობას. ინდუსტრიალიზაციამ ჰაერის ტოქსინებით გაჯერება გამოიწვია და ჟანგბადისაგან გააღარიბა. ვინაიდან შრომითი ბაზარი დღითიდღე ადამიანისაგან უფრო და უფრო მეტ ჯაფას ითხოვს  მას ნაკლებად რჩება დრო ცხოვრებით ტკბობისა და სიამოვნების მომტანი საქმიანობისათვის. ცალკე უნდა აღინიშნოს მისი სოციალური გაუცხოება. ადამიანები ან საერთოდ ვერ აჩენენ, ან ერიდებიან ბევრი შვილის ყოლას. სკომუნიკაციო საშუალების სიმრავლემ და ყოვლისმომცველობამ ბევრი მათგანი სოციალურად გადაღალა და უსარგებლო ინფორმაციების ნაკადით დააბნია. იგი თავს ეულად გრძნობს ცხოვრებისეული განსაცდელების წინაშე და მომავლის მიმართ შიშის, უნუგეშობის, ძრწოლის პირობებში ცხოვრობს. სამწუხაროდ, სოციალური და თვითობის გამამყარებელი ფუნქცია რელიგიებმაც დაკარგეს. ისინი მხოლოდ გასამრჯელოს სანაცვლოდ მომსახურების შეთავაზების ხაზით ვითარდებიან. მათი  მორალური კონცეფციები ან დროშია აცდენილი ან უაღრესი სიმკაცრის გამო თანამედროვე ადამიანის ცხოვრებასთან სრულიად შეუთავსებელია და მისთვის მხოლოდ დამატებით ფსიქოლოგიურ ტვირთს წარმოადგენს.

ამ კონტექსტში ეკლესია ვერ დარჩება, გვერდიდან მაყურებლის როლში, რომელიც ტრაგედიის შემდეგ მხოლოდ რამოდენიმე კანონს ამოილუღლუღებს და იმასაც სრულიად შეუსაბამოდ. ის უნდა ეცადოს, საზოგადოებაში დაამკვიდროს თვითმკვლელობისგან ადამიანის დაცვის ეფექტური და ამავე დროს კონკრეტული გზები.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დაგმოს ადამიანების მხრიდან ძალადობის განხორციელების ფორმები. საკუთარ მრევლს, საჭიროების შემთხვევაში უნდა ურჩიოს ფსიქოლოგისა თუ შესაბამისი სამსახურის სასწრაფო ჩარევა და არ უნდა დააჯეროს, რომ რაიმე მაგიით ან მხოლოდ საიმიჯო კლიპით უშველის მათ. თავად ეკლესია კი უნდა იყოს წყარო რწმენისა, რომელიც ადამიანებს სასოებით და სიყვარულით აღავსებს, მისცემთ მათ ძალას, გაუძლონ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

შემუშავებულ უნდა იქნას კონცეპტუალური სწავლება, სუიციდის მსხვერპლთათვის სპეციალური მსახურების შესახებ და უნდა შეიქმნას შესაბამისი წესი, როგორსაც პრაქტიცირებს, მაგალითად, თუნდაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ამის შედეგად არც ტრაგედიის გადამტანი ოჯახი და არც რიგითი სასულიერო პირი პატრიარქისა და მეუფების გულმოწყალების შემყურენი არ იქნებიან.

ასევე მნიშვნელოვანია როგორმე საზოგადოებისთვის შეთავაზებულ იქნას ბუნებასთან თანაარსებობის ბალანსის აღსადგენად დასახული კონკრეტული გზები.

სასურველია ის შევიდეს სახელმწიფოსთან, ეკონომიკური მოწყობის მოდელის შესახებ დისკუსიაში და ეცადოს, მოახდინოს შრომითი ბაზრის იმგვარად ორგანიზება, რომ ადამიანი ოდენ საექსპლუატაციო მექანიკურ არსებად არ იქცეს.

თავიდან უნდა იქნეს აცილებული ზედმეტი, ყალბი მორალიზმი და  სამყაროს სიცოცხლით აღვსების სურვილის მომგვრელი ეროტიზმისგან ბოლომდე დაცლა. რადგან სინამდვილეში რწმენა სიყვარულთან ერთად სწორედ იმედთან არის მჭიდროდ გადაჯაჭვული, რომლებიც ესოდენ აკლიათ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში.