საქართველოს თილისმა

შარშანდელ წილხვდომილობას – აწ უკვე საერო კანონმდებლობით განმტკიცებულს – ისტორიულ სომხეთში, ქალაქ ყარსთან შევხვდით. არა, ყარსის (ჩვენებურად, კარის) მონახულებას არ ვაპირებდით, მაგრამ კოლადან ჩრდილის ციხისკენ მიმავალმა მიკროავტობუსმა არასწორ ადგილას გადაუხვია და მხოლოდ სომხეთის ზეგნის უცხო, კუშტმა პეიზაჟმა მიგვახვედრა, რომ გზა აგვრეოდა და საქართველოში აღარ ვიყავით.

თურქეთის სომხეთის ლანდშაფტი დღევანდელი სომხეთის ბუნებრივი გაგრძელებაა – ისევე, როგორც თურქეთის საქართველოა თანამედროვე საქართველოს ისტორიული სხეულის ორგანული ნაწილი.

გადადიხარ სახელმწიფო საზღვარს და ელი, რომ ბუნებრივად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდები (საქართველოსა და თურქეთს ხომ კულტურულად ცოტა რამ აქვთ საერთო). მაგრამ არა – მიდიხარ და გრძნობ, რომ არაფერი იცვლება, მაინც სახლში ხარ. არც ერთი წუთით, არც ერთ ეტაპზე, არ გაქვს განცდა, რომ სამშობლო დატოვე და სხვა ქვეყანაში იმყოფები (გარდა თანამედროვე თურქული ესთეტიკისა, რომელიც არანაკლებ აგრესიულია, ვიდრე მისი ქართულ-ურბანული ვიზავი).

…თორთომის დასავლეთით, მდინარე ევფრატის სათავესთან, არზრუმის მახლობლად და საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით სამასი(!) კილომეტრის მოშორებით არის, როგორც ვახუშტი ბაგრატიონი აღწერს, ერთი „ფრიად ვიწრო, კლდიანი და ტყიანი“ ხეობა, რომელსაც თურქები „გურჯი ბოღაზს“ ეძახიან.

გურჯი ბოღაზი თურქულად „საქართველოს ყელს“ ნიშნავს. როგორც კავკასიონში გაჭრილი დარიალი სპარსულად „ოვსთა კარია“, საიდანაც ერთადერთი ისტორიული ოსეთი იწყება (ის, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს), ისე გურჯი ბოღაზია ის ადგილი, სადაც ანატოლია მთავრდება და გურჯისტანი იწყება.

გურჯი ბოღაზის აქეთ – ვიდრე სარფამდე და ვალემდე – მტკვრისა და ჭოროხის აუზები და ისტორიული საქართველოა. ამ მიწაზე იშვა პირველი ქართული ცივილიზაცია. პირველი ქართული სახელმწიფოც. ამ ტერიტორიაზე არაერთი უძველესი კუთხეა – ერუშეთი, არტაანი, შავშეთი, კლარჯეთი, იმიერ და ამიერ ტაო, კოლა, სპერი, ჭანეთი, ჩრდილი. კუთხეები, რომლებიც არაფრითაა „ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველო“-ს ჩამონათვალში მოხვედრის ნაკლებად ღირსი, ვიდრე „ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო“.

საქართველოს ამ ნაწილს სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური თუ გეოგრაფიული ტერმინით ვიხსენიებდით: ზემო ქართლი, სამცხე-საათაბაგო, მესხეთი, დღეს კი ტაო-კლარჯეთს ვუწოდებთ.

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ტაო-კლარჯეთში, დამეთანხმება – შეუძლებელია იქ ქართველმა თავი უცხოდ იგრძნოს. ამ მხარეში ყველაფერი შენია, უზომოდ ნაცნობი და მშობლიური – რელიეფი, ფლორა, ფაუნა, თითოეული ქვა თუ მიწაზე დაგდებული და ბედის უკუღმართობას შემთხვევით გადარჩენილი ჩუქურთმა… თითქოს ყველაფერთან რაღაც იდუმალი, არც თუ ისე უხილავი ძაფები გაკავშირებს.

როგორც დიდი პავლე ინგოროყვა წერდა 1918 წელს გამოცემულ წიგნში „საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ“, „საქართველოს ტერიტორია კლასიკურად დამთავრებულს მთლიანს წარმოადგენს – ისტორიულად, გეოგრაფიულად, ეკონომიკურად და ეთნოგრაფიულად… ასე კლასიკურად დამთავრებული თავის საზღვრებში, თვითონ ბუნებისაგან გამოკვეთილ მიჯნებზე; ჩამოქნილი ერთ ორგანულ სხეულად – როგორც ბუნებრივი სამეურნეო-ეკონომიკური მთლიანობით, ისე მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი და ისტორიულ-კულტურული პირობებით… საქართველო ამავე დროს ერთი მთლიანი ფიზიკალ-გეოგრაფიული პროვინცია არის, ერთი ქვეყანა – შემოფარგლული ბუნებრივის საზღვრებით. საქართველო მიაგავს ციხეს, რომელსაც ყველა მხრით კედლები არტყია”.

რა გასაკვირია, რომ ტაო-კლარჯეთში თავს უცხოდ არ გრძნობ?

დროში დისტანციაც იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გვგონია: ტაო-კლარჯეთის ძირითადი ნაწილი არა 400 წლის წინ (როგორც ამას საბჭოთა ისტორიოგრაფია გვასწავლის), არამედ 1921 წელს, სულ რაღაც 99 წლის წინათ დავკარგეთ, როცა მეზობელი ქვეყნების მეზობელ იმპერიებთან გაყოფაში დახელოვნებულმა რუსეთმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდგომ, ეს მხარე თურქეთს დაუთმო, დანარჩენი საქართველოს სანაცვლოდ.

ამ ჯადოსნურ ქვეყანაში პირველად 2002 წელს მოვხვდი, შარშან კი მესამედ ვიყავი, ბოლო ლაშქრობიდან 11 წლის თავზე. ყოველ ჩასვლაზე რაღაც იცვლება – ნაკლები რჩება ბანას დიდებულებიდან, უხეიროდ და უსიყვარულოდ აღდგენილი გხვდება იშხანი, იწყება ოშკის რესტავრაცია, საიდანაც, ამასობაში, ათასწლოვანი ბარელიეფი მოუპარავთ… ოდესღაც თურქეთის ყველაზე ჩამორჩენილი და განუვითარებელი მხარე ერთ დიდ სამშენებლო მოედნად ქცეულა, სადაც ჰესებს, გვირაბებსა და ინფრასტრუქტურულ მეგა-პროექტებს შესევიან, რომლებიც ამ მყუდრო, მთებში შეყუჟულ სამოთხეს მისტიურ შლეიფსა და იდუმალებას უკარგავს.

არ იცვლება მხოლოდ ერთი: საქართველოდან ჩამოსულს ადგილობრივები ხვდებიან, როგორც მასპინძელს – როგორც იმ დიდი ცივილიზაციის შემოქმედთა შთამომავალს, რომლისთვისაც მათ თითქმის არაფერი შეუმატებიათ. არ ვიცი, რამდენად ვიმსახურებთ ამას, მაგრამ, საბედნიეროდ, იქაურები ჯერ კარგად არ გვიცნობენ.

ჩადიხარ და გხვდებიან ისინი, ვისაც ხახულთან, პარხალთან, ხანცთასთან, ოპიზასთან, ტბეთთან და არტანუჯთან არაფერი აკავშირებს. ხვდებიან იმათ, ვისმა წინაპრებმაც ესენი ააშენეს. მათი გამოხედვა რიდსა და კრძალვას ვერ მალავს (თუმცა, ამ მხარის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ესეც იცვლება).

ასე დახვდებოდნენ ალბათ გიზელი არაბები პირამიდების მშენებელთა შთამომავლებს, ეს უკანასკნელნი რომ წიგნებითა და რუკებით ჩასულიყვნენ წითელ უდაბნოში და, სფინქსის წინ, ძველეგვიპტური საგალობლები აედუდუნებინათ.

ახლა გავიგე, რატომ უნდა მიყვარდეს საქართველოო – თქვა ბანას დანახვაზე ჩვენთან ერთად მყოფმა რეივერმა და, სრულიად ფხიზელს, თვალებიდან ღაპაღუპით წასკდა ცრემლები. ასეთი რეაქცია მქონდა, როცა პირველად ვნახე ხახულის ტრიპტიქი, რომელიც დავით აღმაშენებელმა ხახულიდან ჯერ გელათში გადაიტანა, ახლა კი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია გამოფენილი. იგივე დაემართა ოდესღაც ჩემი ხელოვნების მასწავლებელს, როცა ექსკურსიაზე პირველად ნახა ყინწვისის ანგელოზი…

ძნელი გადმოსაცემია ის მოწიწება, რომლითაც ვათვალიერებთ ყოველ ნანგრევს; ის სისათუთე, რომლითაც ვეხებით თითოეულ ქვას; ის ბავშვური სიხარული, რომლითაც ვაკვირდებით ყველა ხედს დღის ყველა მონაკვეთში – რათა არაფერი გამოგვრჩეს და ჩამავალ თუ შუადღის მზის სხივებით მოსილ მთაგრეხილებს მიღმა ახალ-ახალი, ბაცი სილუეტები აღმოვაჩინოთ…

ტაო-კლარჯეთი საქართველოს თილისმაა. როგორც დიდი ბებიის დანატოვარი ძვირფასი ავგაროზი, რომლის ფასი ოჯახშიც არ იციან. ბევრი დაუკარგავს მას, ვისაც ამ მიწაზე ფეხი არ დაუდგამს და ხახულის არწივისთვის მზერა არ შეუვლია; ვისთვისაც პარეხთას სუნთქვა არ შეუკრავს; ვინც ოთხთა ეკლესიის უზადო კედლებს არ მოფერებია, ოშკის წინ უნებლიეთ არ გახევებულა და, ჯოჯოხეთის კანიონ-გამოვლილი (რომელიც სამოთხის კარიბჭეს უფრო ჰგავს) ცადაზიდულ არტანუჯზე არ აბობღებულა.

თავისი სინატიფითა და დახვეწილობით, უნიკალური ადგილმდებარეობით, არქიტექტურული მრავალფეროვნებითა და სამშენებლო ოსტატობით ტაო-კლარჯეთის ძეგლები ბევრად წინაა მაშინდელი საქრისტიანოს არაერთი ქვეყნის მემკვიდრეობაზე.

ყველა ქართველმა ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს  ტაო-კლარჯეთი. ადგილი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურის ცენტრი იყო, ვიდრე ეს ცენტრი ჩრდილოეთით აინაცვლებდა. ეს მოგზაურობა ერთგვარი პილგრიმაჟია – მომლოცველობა, რომელიც შეგუბებულ ემოციებს ათავისუფლებს და მოულოდნელ კათარზისად გარდაქმნის. ესაა მოგზაურობა დროში, საკუთარი ნამდვილი იდენტობის აღმოსაჩენად. გაცნობიერება იმისა, რომ ოდესღაც, ქართველი მართლა მისი თანამედროვე ცივილიზაციის ავანგარდში იყო და არავის არაფრით ჩამორჩებოდა.

…ვიცი, წერილი მეტისმეტად პათეტიკური გამომივიდა მაგრამ შეუძლებელია წერდე ტაოზე და პათეტიკამ არ წაგიღოს, თერგის დინებაში მოხვედრილი ნაფოტივით. ეს მხარე მოაქცევს ყველას – ცინიკოსსა და ურწმუნოს, უსამშობლოსაც და ნიჰილისტს. მასაც, ვისაც არაფერი აინტერესებს. გააჩერებს და მოაბრუნებს, რობაქიძის მრავალჟამიერივით.

ერთმა ელინმა, რომელიც მეორე ლაშქრობაში გვახლდა, მითხრა – გიყურებთ და მგონია, რომ ტაო-კლარჯეთში ჩამოსული ქართველები ანტეოსივით ხართ – როგორც მშობელ გეას, ისე ეხებით აქაურ მიწას და ჯან-ღონით სავსე, განახლებული უბრუნდებით სამშობლოსო.

ამბობენ – ბავშვები, რომლებიც შინაურ ცხოველებთან ერთად იზრდებიან, უფრო ემპათიურ ადამიანებად ყალიბდებიანო. არ ვიცი, მართლა ასეა ეს, თუ არა, მაგრამ თავს დავდებ, რომ ვინც ტაოს ნახავს, უკეთეს მოქალაქედ დაბრუნდება სახლში.

ტაო-კლარჯეთის ტური იმაზე ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე ნებისმიერი შიდა-ტურისტული ალტერნატივა. სად დაისვენებთ ამაზე იაფად?! ალბათ, მხოლოდ სახლში, ტელევიზორთან. სამაგიეროდ, ზუსტად გეტყვით, რომ ასე ვერსად დაიმუხტებით. ვერსად მიიღებთ ასეთ ხორციელ სიამოვნებას ცოცხალ წარსულთან შერწყმით…

ამიტომ, როგორც კი პანდემია გადაივლის და საზღვრები გაიხსნება, გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი და გაემგზავრეთ ტაო-კლარჯეთის მოსანახულებლად. ხოლო, როცა ჩამოხვალთ – მონუსხული და შეპყრობილი – აუცილებლად გადასდეთ თქვენი ახალი სიყვარულის ვირუსი სხვებს!