საქართველოს სხვადასხვა დროს ბევრი უცხოელი, მათ შორის, ნობელიანტი მწერალი სტუმრობდა. ზოგიერთმა მათგანმა ნაწარმოებებიც მიუძღვნა ამ მოგზაურობას. ზოგიერთი კი მეორედაც დაბრუნდა საქართველოში. „პუბლიკა“ გთავაზობთ ინფორმაციას უცხოელი მწერლების საქართველოში მოგზაურობისა და მათი შთაბეჭდილებების შესახებ.
ალექსანდრე დიუმა
„დეკემბერს პირველითგან, ამა წლისა, ქალაქ ტფილისში იმყოფება ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელნიცა იყო ამ ახლო ხანში ჩუენის ცისკრის ტიპოგრაფიაში, სადაცა გასინჯა ყოველი კუთვნილება რედაქციისა. მთელს ხმელეთზედ გამოჩენილი მწერალი ესე მოგზაურობს. ვისაც წაუკითხავს „გრაფი მონტე ქრისტო”, ის უეჭველია კარგათ იცნობს ამ მწერალს და ვისაც არ წაუკითხავს, ვეცდებით მომავალს წელს წავაკითხოთ, რადგანაც კიდევა გვაქვს რედაქციაში გადმოთარგმნილი“, – წერდა 1858 წლის ბოლოს ჟურნალი „ცისკარი“.
ალექსანდრე დიუმა კავკასიაში მოგზაურობისას ორი თვით საქართველოშიც იმყოფებოდა. მან საქართველო 1859 წლის დასაწყისში დატოვა და ფოთიდან საფრანგეთში დაბრუნდა. მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერილია მის ნაწარმოებში „კავკასია “.
„უნდა გამოვტყდე, როცა თბილისში მოვდიოდი, მეგონა ვნახავდი ნახევრად ველურ ქალაქს, რაღაც ბაქოსა და ნუხის მსგავსს, მაგრამ უფრო დიდს. თურმე ვცდებოდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელიც უმთავრესად პარიზელი მკერავებისა და მოდისტკებისაგან შედგება, ქართველ მანდილოსნებს შეუძლიათ იტალიური თიატრისა და განდის ბულვარის მოდას მისდიონ, მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით.
…თბილისში, როგორც ყველა აღმოსავლეთის ქალაქებში განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ რაც უნდა სასაცილოდ და ექსცენტრიულად გეცვათ, არავინ გაქცევთ ყურადღებას. ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ თბილისს, დედამიწის ყველა ხალხთა შეყრის ადგილს, მსგავსად ჭეშმარიტი ზანტი ქართველი ქალისა, იმდენი მოცალეობა არა აქვს, რომ ასი ათასი მოგზაურის ყველა უცნაურ ტანსაცმელს ყურადღება მიაქციოს. თურქები, ჩინელები, ეგვიპტელები, თათრები, ყალმუხები, რუსები, ყაბარდოელები, ფრანგები, ბერძნები, სპარსელები, ინგლისელები თუ გერმანელები ირევიან მის ქუჩებში“, – წერს დიუმა „კავკასიაში“.
ლევ ტოლსტოი
როგორც ცნობილია, მწერალი ლევ ტოლსტოი საქართველოში 1851 წელს ოფიცერ ძმასთან ერთად ჩამოვიდა. მან თბილისში 5 თვე გაატარა, რა დროსაც სამხედრო ჩინი მიიღო და სამხედრო სამსახურში გაანაწილეს.
„ტოლსტოის „ბავშვობა” თბილისში ყოფნის დროს დაიწერა. ეს ადგილი და დრო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერლის დაბადების დროდ და ადგილად იქცა. ამის შემდეგ, ლევ ტოლსტოის ნაწარმოებებში თბილისის, საქართველოს ან ქართული გვარის ყოველი გაელვება სიკეთის ნიშნითაა მარკირებული.
… არ ვიცი რამდენად ცნობილია ეს ამბავი, მაგრამ 1910 წელს სახლიდან გაქცეული ტოლსტოი სასიკვდილოდ საქართველოში გამორბოდა – ქართველები კარგი ხალხია, არაფერს ითვლიანო”. (ლევან ბერძენიშვილი, „ქართველების ოდისეა მსოფლიო ლიტერატურაში“)
1856 წელს ლევ ტოლსტოიმ უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. მას ეკუთვნის მოთხრობა „ჰაჯი მურატი“, რომელიც კავკასიელების ბრძოლას შეეხება. მწერალი ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, 1856 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ის 1910 წელს გარდაიცვალა.
უმნიშვნელოვანეს მოთხრობებთან ერთად ლევ ტოლსტოის ეკუთვნის რომანები – „ომი და მშვიდობა“, „ანა კარენინა“, „აღდგომა“, „ოჯახური ბედნიერება“.
კნუტ ჰამსუნი
ნორვეგიელმა მწერალმა კნუტ ჰამსუნმა 1899 წელს რუსეთის გავლით კავკასიაში იმოგზაურა. ის იყო საქართველოშიც. ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებით შექმნა მან ორი ნაწარმოები – „ზღაპრული ქვეყანა“ და „დედოფალი თამარი“. ნაწარმოებები 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა.
„ზღაპრული ქვეყანიდან“ ჩანს, რომ მწერალს კავკასიაში მოგზაურობამ მრავალი ფიქრი და განცდა აღუძრა. ეს მხოლოდ სამოგზაურო ჩანაწერების დღიური არ არის, არამედ მოგზაურობაა ადამიანის უკიდეგანო, ამოუცნობ სულიერ სამყაროში. აღსანიშნავია, რომ ჰამსუნი თბილისში რატომღაც ინკოგნიტოდ ჩამოვიდა და ქართველ მწერლებსა თუ ინტელიგენციას არ შეხვედრია“. (დავით ბუხრიკიძე, „ნობელიანტები ნობელების მუზეუმში“)
კავკასიაში მოგზაურობისას კნუტ ჰამსუნს დაწერილი ჰქონდა უკვე რომანი „შიმშილი“. მას ეკუთვნის ნაწარმოებები – „მისტერიები“, „მიწის მადლი“, „პანი“. მწერალს 1920 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.
როგორც ცნობილია კავკასიაში მოგზაურობიდან ერთი წლის შემდეგ, კნუტ ჰამსუნმა ნორვეგიელ პოეტს დაგნი კრისტენსენს მისწერა: „…განსაკუთრებით განსაცვიფრებელი იყო ვლადიკავკაზიდან ტფილისისკენ მთებში მგზავრობა… ეს სხვა სამყაროა, ადამიანები იქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია, მთები კი – უფრო მაღალი. ასე მგონია, რომ ყაზბეგის სიახლოვეს მთელი წელი შევძლებდი ცხოვრებას“.
ჰაინრიჰ ბიოლი
საქართველოშია ნამყოფი გერმანელი ნობელიანტი მწერალი ჰაინრიჰ ბიოლი. მას ნობელის პრემია 1972 წელს მიენიჭა ლიტერატურის დარგში.
„ჰაინრიჰ ბიოლი საქართველოს დედაქალაქ თბილისში ლევ კოპელევმა (რუსი მწერალი და გერმანისტი) და მისმა მეუღლემ, რაისა ორლოვამ მიიწვიეს. ამ ქალაქს თვით ცოლ-ქმარიც დიდი სიამოვნებით სტუმრობდა ხოლმე. მათ ბიოლს გამოჩენილი ქართველი ინტელექტუალები, გერმანისტები ნელი ამაშუკელი, ნოდარ კაკაბაძე და რეზო ყარალაშვილი გააცნეს. ბიოლი სამხრეთ კავკასიას ორჯერ, 1966 და 1972 წლებში ესტუმრა და შინ ორივეჯერ ძლიერი შთაბეჭდილებებით აღსავსე და აღფრთოვანებული დაბრუნდა“. (ჰაინრიჰ ბიოლის თბილისის ოფისი; „ჰაინრიჰ ბიოლი საქართველოში: დასავლელი მოგზაური და აღმოსავლელი დისიდენტი: ნონკონფორმისტული ხიდი“)
ჰაინრიჰ ბიოლი იყო საერთაშორისო პენ-ცენტრის პრეზიდენტი. ბიოლის ცნობილი ნაწარმოებებია – „კლოუნის თვალთახედვა“, „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება”, „ჩვენი ადრეული წლების პური“, „ირლანდიური ჟურნალი“ და სხვა.
ბორის პასტერნაკი
პოეტი და პროზაიკოსი ბორის პასტერნაკი საქართველოში რამდენჯერმეა ნამყოფი. ის მეგობრობდა ქართველ პოეტებთან.
„პასტერნაკს ლამის 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა ქართველ პოეტებთან. ის ოთხჯერ იმყოფებოდა საქართველოში და მას „მეორე სამშობლოს“ უწოდებდა. 1931 და 1933 წლების ვიზიტებისას ბორის პასტერნაკს და მის მეუღლეს ზინაიდა ნეიჰაუზს „ცისფერყანწელები” მასპინძლობდნენ. ამავე პერიოდს უკავშირდება თბილისსა და მოსკოვში გამოცემული სამი წიგნი, სადაც შესულია როგორც პასტერნაკის თბილისური ციკლის პოეზია, ასევე ქართველი პოეტების (ვაჟა-ფშაველას. ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მეოცე საუკუნის პოეტების) ლექსებისა და პოემების შესანიშნავი თარგმანები. ბოლოს ის თბილისში 1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის 100 წლის იუბილეზე ჩამოვიდა“. (დავით ბუხრიკიძე, „ნობელიანტები ნობელების მუზეუმში“)
ბორის პასტერნაკს 1958 წელს გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. საქართველოში მწერალს კარგად იცნობენ როგორც მისი ლექსებით, ასევე ცნობილი რომანით „ექიმი ჟივაგო“.
ჯონ სტაინბეკი
ამერიკელ მწერალს ჯონ სტაინბეკს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში საქართველოში მეორედ მოგზაურობამდე ერთი წლით ადრე, 1962 წელს მიენიჭა.
„ჯონ სტაინბეკი საქართველოს პირველად 1947 წელს ეწვია. სამშობლოში დაბრუნებულმა აქ ნანახი და მოსმენილი ვრცლად და ემოციურად აღწერა „რუსულ დღიურში“, რომელიც საქართველოში მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიცა. სტაინბეკის ამ სტუმრობის შესახებ მდიდარი ფოტომასალა დატოვა რობერტ კაპამაც, რომელიც თან ახლდა მწერალს მოგზაურობაში. წლების შემდეგ, 1963 წლის ნოემბერში, სტაინბეკი კიდევ ერთხელ ეწვია თბილისს, ამჯერად ფოტოგრაფის გარეშე. უცნაურია, მაგრამ ამ სტუმრობის შესახებ ბევრად ნაკლებია ცნობილი“. (ჯიმშერ რეხვიაშვილი, „მეორედ თბილისში: КГБ, დუდუკი, კალამი…“)
ჯონ სტაინბეკის ცნობილი ნოველაა „თაგვებსა და ადამიანებზე“, ასევე, ქართულად ნათარგმნია რომანები – „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“, „მრისხანების მტევნები“, „კონსერვის რიგი“.
ბობ დილანი
ამერიკელ მუსიკოსსა და პოეტს ბობ დილანს 2016 წელს ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში – „ამერიკულ მუსიკალურ ტრადიციაში ახალი პოეტური ექსპრესიისთვის“.
ბობ დილანმა 1985 წელს პოეტის, ანდრეი ვოზნესენსკის მიწვევით საბჭოთა კავშირში იმოგზაურა, რა დროსაც ის თბილისში აღმოჩნდა.
2011 წელს ბობ დილანის თბილისში სტუმრობის შესახებ ჟურნალისტ სალომე ასათიანს ესაუბრა მელომანი ზურა კაკაბაძე, რომელიც პირადად შეხვდა მუსიკოსს.
„თბილისში, მოყვარულებს შორის გავრცელდა ხმა, რომ ასეთი რაღაც ხდება – ძალიან ძნელად დავიჯერეთ, მაგრამ მერე დამტკიცდა, რომ სიმართლე იყო. ვიცოდით, რომ ორ საათზე მწერალთა კავშირში იყო დანიშნული შეხვედრა. ას კაცამდე იდგა გარეთ, პლატაკებით და ფირფიტებით ხელში, ელოდებოდა, რომ ხელი მოეწერა. მერე მართლაც გამოჩნდა ის მანქანა. რომ დაინახა ამდენი ხალხი, თავიდან, როგორც მერე გვითხრეს, მანქანიდან გადმოსვლა არ უნდოდა, ცოტა შეეშინდა. ქიშოც იქ იყო, გლუნჩაძე – აი „ლაქაში“ რომ თამაშობს, ის. მან მოახერხა, მივარდა ფოტოკამერით და გადაუღო სურათი, თან შესძახა Mister Dylan, I love you-ო. მერე შეიყვანეს მწერალთა კავშირში – მგონი ვერც ვერავინ დაინახა, ისე ტექნიკურად და პროფესიონალურად ამოუდგნენ აქეთ-იქით. ბიჭებმა შეუგზავნეს ფირფიტები, რაღაცები და მოაწერა ხელი – ჩემთვისაც. მერე კი როგორც შეაპარეს, ისევე გამოაპარეს – უცებ ჩასვეს მანქანაში და ეგ იყო და ეგ, წავიდა“, – ჰყვება ზურა კაკაბაძე (სალომე ასათიანი, „ქუჩის პოეტი კარის პოეტების ნადიმზე“)
საქართველოში ბობ დილანი ბევრისთვის საყვარელი მუსიკოსი და პოეტია. 2013 წელს გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა დოკუმენტური პროზა -„ქრონიკები“. ინგლისურიდან თარგმნა თაკო ჭილაძემ.
სვეტლანა ალექსიევიჩი
რამდენჯერმეა საქართველოში ნამყოფი ბელარუსი ნობელიანტი მწერალი და ჟურნალისტი სვეტლანა ალექსიევიჩი. როგორც მან საქართველოში ბოლო სტუმრობისას თქვა, საბჭოთა საქართველოც აქვს ნანახი და 90-იანი წლებისაც.
სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისში ბოლოს 2018 წლის სექტემბერში ჩამოვიდა, გამომცემლობების „არტანუჯისა“ და ინტელექტის“ მოწვევით. სწორედ ამ გამომცემლობების მიერაა ნათარგმნი ქართულ ენაზე მწერლის წიგნები – „ომს არ აქვს ქალის სახე“, „სექენდ ჰენდის დრო“, „ჩერნობილის ლოცვა“, „ცინკის ბიჭები“. სვეტლანა ალექსეევიჩმა 12 სექტემბერს რუსთაველის თეატრში მკითხველებთან შეხვედრა გამართა.
„საქართველოს კარგად არ ვიცნობ და არც ისე ბევრი კონტაქტი მქონდა თქვენთან, მაგრამ, მაგალითად, გუშინ ძალიან კარგი წერილი მივიღე, უცნობმა ადამიანმა მომწერა… აინტერესებდა, ხომ არ ვიფიქრებდი ზვიად გამსახურდიას ცხოვრებაზე წიგნი დამეწერა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირველი პრეზიდენტი ლაფში ამოსვარეს, განსაკუთრებით კი ჩვენთან, რუსულ პრესაში, მისგან ნამდვილი ყაჩაღი შექმნეს, აქ ამ დღეებში დავინახე, რომ სულ სხვაგვარად უყურებთ გამსახურდიასაც და იმ არცთუ ისე შორეულ წარსულსაც. წიგნი კი… ეს საქმე თქვენ უნდა ითავოთ, ეს თქვენი გასაკეთებელია. მიკვირს კიდეც, პროგრესულად მოაზროვნე თქვენი მწერლების ახალმა თაობამ ამ დრომდე რატომ არ მოჰკიდა ხელი ამ საქმეს”. (გვანცა ჯობავას ინტერვიუ სვეტლანა ალექსიევიჩთან)
სვეტლანა ალექსეევიჩმა ნობელის პრემია 2015 წელს მიენიჭა მშვიდობის დარგში.
ორჰან ფამუქი
„როცა თბილისის ქუჩებს ათოვს, სარეცხის მრეცხავი ქალები ყვავილებზე მღერიან, ბავშვები კი თოვლს ბალიშქვეშ ინახავენ, საზაფხულოდ“, – წერს ორჰან ფამუქი რომანში „მე წითელი მქვია“.
ორჰან ფამუქმა თქვა, რომ სულ უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა მაგრამ ეს მხოლოდ 62 წლის ასაკში მოახერხა: „მიხარია, რომ ჩემი წიგნები საქართველოში პოპულარულია“.
მწერალი საქართველოში 2014 წლის მარტში ჩამოვიდა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვევით. ის მკითხველებს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში 13 მარტს შეხვდა.
მწერლის არა ერთი წიგნია ქართულ ენაზე თარგმნილი, მათ შორის – „მე მქვია წითელი“, „უმანკოების მუზეუმი“, „თოვლი“, „მდუმარე სახლი“, „სტამბოლი“ და სხვა.
თურქმა პოსტმოდერნისტმა მწერალმა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 2006 წელს მიიღო.
ერიკ ემანუელ შმიტი
ცნობილი ბელგიელი მწერალი ერიკ ემანუელ შმიტი თბილისში 2018 წლის 29 ნოემბერს ჩამოვიდა. მწერალი საქართველოს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის (Institut Français de Géorgie) მოწვევით ესტუმრა. ის თბილისში ერთი დღით დარჩა.
მწერალი 2018 წლის 30 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში მკითხველებს შეხვდა.
„რომ გავიგე როგორი ისტორია აქვს საქართველოს, რამდენი რამ გადაიტანეთ, რამდენი ტკივილი განიცადეთ საუკუნეების განმავლობაში – არა ერთი მტრის შემოტევა, რუსული ოკუპაცია და ყველა ამ პრობლემის მიუხედავად, ქართველებმა შეინარჩუნეთ ასეთი გაღიმებული სახეები, კარგი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ და კარგი ქვეყანა გაქვთ“, – თქვა შმიტმა მედიასთან.
მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, ხოლო სპექტაკლები 50-მდე ქვეყანაშია დადგმული. ქართულადაა თარგმნილი შმიტის წიგნები – „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ , „პილატეს სახარება“ „ნოეს შვილი“, „ულისე ბაღდადიდან“ და ა.შ.
ეთგარ კერეტი
ცნობილი თანამედროვე ებრაელი მწერალი ეთგარ კერეტი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა, პირველად 2010 წელს ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ მოწვევით.
მეორედ კი 2016 წელს, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში.
„…ეს ხმადაბალი, მაგრამ გულღია, ფრთხილად, თითქოს, შემპარავად და ძალიან დაბალ ტემბრზე, მაგრამ დიდხანს და საინტერესოდ მოლაპარაკე კაცი, ძალიან ჰგავს თავის მოთხრობებს. ყველაზე დაუჯერებელ სიტუაციაში და მისგან თითქოს ყველაზე შორს მდგომ პერსონაჟშიც კი შეგიძლია ამოიცნო. როგორც მისი მოთხრობების კითხვისას, მისი მოსმენის დროსაც, სულ გაფაციცებული უნდა იყო, ჩასაფრებულიც კი, რადგან არ იცი, როდის იბრუნებს გვერდს მისი ნაამბობი და როდის გადაიქცევა ყველაზე სევდიანიდან – ყველაზე სარკასტულ, ყველაზე დრამატულიდან – ჩაფსმამდე სასაცილო, ანდა ყველაზე გამოგონილიდან – ყველაზე ყოფით სიუჟეტად“. (თამარ ბაბუაძე, ინტერვიუ ეთგარ კერეტთან. INDIGO)
ქართულად თარგმნილია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ ეთგარ კერეთის წიგნები – „უეცრად კარზე აკაკუნებენ“, „ეგ არ ქნა“.
მიშელ უელბეკი
ცნობილი ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი საქართველოში 2018 წლის ივნისი ბოლოს ჩამოვიდა. ის თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ესტუმრა და სამი დღით დარჩა.
მიშელ უელბეკმა თბილისში მწერლებთან და მკითხველებთან შეხვედრა გამართა.
„მინდა საერთო წერტილი ვიპოვო, რა აერთიანებთ ქვეყნებს, სადაც ჩემი ლიტერატურა უყვართ, თუმცა ეს წერტილი ჯერ ვერ ვიპოვე. …მწერლისთვის ყოველთვის გამოცანაა, რა განაპირობებს მის პოპულარობას. რატომ ვარ მაგალითად პოპულარული საქართველოში და არა სომხეთში, დანიაში და არა შვედეთში? ეს ალბათ იმის დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ არსებობს სხვადასხვა ეროვნული ხასიათები, რომელსაც უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად შეესაბამება კონკრეტული მწერლის ნაწარმოებები“, – თქვა უელბეკმა მკითხველებთან შეხვედრისას.
ქართულადაა ნათარგმნი მიშელ უელბეკის რომანები – „ელემენტარული ნაწილაკები“, „პლატფორმა“, „სეროტონინი“, „კუნძულის შესაძლებლობა“, „მორჩილება“.
იმან ჰუმაიდან იუნისი
თანამედროვე ლიბანელი ქალი მწერალი იმან ჰუმაიდან იუნისი საქართელოში 2021 წელს თბილისი წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გამომცემლობა „ინტელექტის“ მოწვევით ჩამოვიდა.
მწერლის ორი წიგნია ქართულად უკვე ნათარგმნი ამავე გამომცემლობის მიერ – „ველური თუთა“ და მისი პირველი რომანი – „ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი…“
„თანამედროვე არაბული ლიტერატურა რომ ტოლს არაფრით არ უდებს დღევანდელი მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ლიტერატურულ პროდუქციას, სპეციალისტებმა დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი მკითხველიც არაბულიდან თარგმნილი ყოველი ახალი ნაწარმოებით რწმუნდება ამ სასიამოვნო ჭეშმარიტებაში“. (გიორგი ლობჟანიძე, „იმან ჰუმაიდან იუნისის რომანი – გაფრთხილება“)
ფრედერიკ ბეგბედერი
ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი წელს საქართველოში მეორედ ჩამოვიდა. ის მკითხველებს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვდა.
მწერალი საქართველოს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მოწვევით ესტუმრა და თბილისში მისი ახალი წიგნის „დამბა ატლანტიკის პირისპირ“ პრეზენტაციაც გაიმართა.
ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში პირველად 2016 წელს ჩამოვიდა. ამ სტუმრობისას ის ამბობდა: „საქართველოზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, ახლა მოვდივარ რესტორნიდან და ძალიან გემრიელია თქვენი სამზარეულო, ხვალ ღვინოს გავსინჯავ. საქართველო ჩემთვის თავისუფლების სიმბოლოა, მიხარია, რომ მომიწვიეთ“.
ქართულად ნათარგმნია და პოპულარულია ბეგბედერის წიგნი – „99 ფრანკი“.
ბერნარდ შლინკი
გერმანელი მწერალი ბერნარდ შლინკი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში 2022 წლის სექტემბერში ჩამოვიდა.
ბერნარდ შლინკი იურისტი და სამართლის პროფესორიცაა. მისი ცნობილი წიგნი „წამკითხველი“, რომელიც 1995 წელს გამოიცა, ბესტსელერად იქცა. რომანის მიხედვით გადაღებულია ფილმი – The Reader, 2008 წელს რეჟისორ სტივენ დოლდრიმის მიერ. შლინკის ეს წიგნი თარგმნილია ქართულადაც.
„მე გირჩევდით წაიკითხოთ ჩემი გასულ შემოდგომაზე გამოსული წიგნი, რომელსაც ჰქვია „შვილიშვილი“, შეიძლება ეს საინტერესო იყოს თქვენთვის, ეს წიგნი არის აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაზე, ის ეხება რადიკალურ ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ხალხს და იმას, თუ როგორ უნდა ველაპარაკოთ მათ, ან შეგვიძლია კი საერთოდ ვესაუბროთ მათ. ისევ არსებობს თუ არა საზოგადოების გაყოფის საფრთხე. მოკლედ, ეს წიგნი აქტუალურ თემებზეა შეიძლება მოგეწონოთ“, – უთხრა მწერალმა ეკა ქევანიშვილს ინტერვიუში. (რადიო თავისუფლება, „ბერნჰარდ შლინკი თბილისში – ინტერვიუ მსოფლიო ბესტსელერის, „წამკითხველის“ ავტორთან)