ნობელიანტები ნობელების მუზეუმში

დავით ბუხრიკიძე

მართალია, აგვისტოს ცხელი დღეები და საზღვაო ატმოსფერო ბათუმში ნაკლებად განაწყობს ტურისტებსა თუ ადგილობრივ მოქალაქეებს სამუზეუმო-შემეცნებითი ვნებებისთვის, მაგრამ გამოფენა სახელწოდებით „ნობელის პრემიის ლაურეატები და საქართველო“, იმდენად საინტერესო და დამაინტრიგებელია, რომ ამ დღეებში მაინც ეყოლება დამთვალიერებელი.

გამოფენა 29 აგვისტოს, „აჭარის მუზეუმის“, ძმები ალფრედ და ლუდვიგ ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში“ გაიხსნა და ნობელის პრემიის იმ 15 ლაურეატის ცხოვრების ეპიზოდებს და დოკუმენტურ მასალებს წარმოგვიდგენს, რომლებიც საქართველოსთან არიან დაკავშირებულნი; ან ოდესღაც იმყოფებოდნენ საქართველოში. მათ შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ბერტა ფონ ზუტნერი – ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

ავსტრიელი მწერალი და სამშვიდობო მოძრაობის აქტივისტი ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელმაც 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ზუტნერს დიდი მეგობრობა აკავშირებდა ეკატერინე ჭავჭავაძესთან. 1876 წელს, მეუღლესთან, არტურ ფონ ზუტნერთან ქორწინების შემდეგ საქართველოში გამოემგზავრა. წყვილმა აქ დაახლოებით ცხრა წელი დაჰყო. ისინი ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ქუთაისსა და თბილისში ცხოვრობდნენ. ბერტა მეუღლესთან ერთად ასწავლიდა გერმანულსა და მუსიკას, აქვე წერდა ნოველებსა და პუბლიცისტურ წერილებს.

ბერტა ფონ ზუტნერს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა „ძირს იარაღი“, რომელიც 1889 წელს გამოიცა და რომელმაც მეტწილად განაპირობა 1905 წელს მისთვის ნობელის პრემიის მინიჭება მშვიდობის დარგში. გამოფენის გახსნაზე ასევე უჩვენეს დოკუმენტური ფილმის – „ბერტა ფონ ზუტნერი და საქართველო“ ნაწყვეტები.

გამოფენის გახსნაზე ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის მმართველმა მედეა ჩარკვიანმა აღნიშნა: „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაა ნორვეგიელი მკვლევარი და დიპლომატი ფრიტიოფ ნანსენი, რომელმაც 1922 წელს ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. ნანსენი გულმხურვალედ უჭერდა მხარს საქართველოს და 1920 წლის დეკემბერში, როდესაც ერთა ლიგის სხდომა გაიმართა, ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგაში მიეღოთ. თუმცა მის მოწოდებას ევროპაში მხარი არ დაუჭირეს. უკვე მოგვიანებით, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თავად მოუხდა თბილისსა და ბათუმში ჩამოსვლა. ერთა ლიგამ მას თურქეთიდან სომხეთში ლტოლვილების დაბინავების შესწავლა დაავალა. სხვათა შორის, საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები ნანსენმა დეტალურად აღწერა ჩანაწერების წიგნში „კავკასიიდან ვოლგისაკენ“.

ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში, ბორის პასტერნაკს (ნობელის პრემია მას 1958 წელს გადაეცა) ლამის 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა ქართველ პოეტებთან. ის ოთხჯერ იმყოფებოდა  საქართველოში და მას „მეორე სამშობლოს“ უწოდებდა. 1931 და 1933 წლების ვიზიტებისას ბორის პასტერნაკს და მის მეუღლეს ზინაიდა ნეიჰაუზს „ცისფერყანწელები” მასპინძლობდნენ. ამავე პერიოდს უკავშირდება თბილისსა და მოსკოვში გამოცემული სამი წიგნი, სადაც შესულია როგორც პასტერნაკის თბილისური ციკლის პოეზია, ასევე ქართველი პოეტების (ვაჟა-ფშაველას. ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მეოცე საუკუნის პოეტების) ლექსებისა და პოემების შესანიშნავი თარგმანები. ბოლოს ის თბილისში 1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის 100 წლის იუბილეზე ჩამოვიდა.

ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი (1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში) უკვე რამდენიმე გახმაურებული რომანის ავტორი იყო, როდესაც 1899 წელს რუსეთის გავლით კავკასიაში იმოგზაურა. ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებით შექმნა ორი ნაწარმოები – „ზღაპრული ქვეყანა“ და პიესა – „დედოფალი თამარი“, რომელიც 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა. „ზღაპრული ქვეყანიდან“ ჩანს, რომ მწერალს კავკასიაში მოგზაურობამ მრავალი ფიქრი და განცდა აღუძრა. ეს მხოლოდ სამოგზაურო ჩანაწერების დღიური არ არის, არამედ მოგზაურობაა ადამიანის უკიდეგანო, ამოუცნობ სულიერ სამყაროში. აღსანიშნავია, რომ ჰამსუნი თბილისში რატომღაც ინკოგნიტოდ ჩამოვიდა და ქართველ მწერლებსა თუ ინტელიგენციას არ შეხვედრია.

გამოფენაზე წარმოდგენილია მასალები და ფოტოები ცნობილი ფიზიკოსის, იგორ ტამის შესახებ. 1958 წელს მას ნობელის პრემია გადაეცა ფიზიკის დარგში. იგორ ტამი გატაცებული იყო ალპინიზმით. ის მეოცე საუკუნის 30-იან წლებში იმყოფებოდა საქართველოში და დაიპყრო მწვერვალი ყაზბეგი (1935 წ.). 1960 წელს მისი მეორე სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში დასტურდება ფოტოთი, რომელზეც ცნობილი მეცნიერი მთამსვლელ კოტე ჯავრიშვილთან და მწერალ ლევან გოთუასთან ერთადაა გამოსახული. მღვიმეებითა და გამოქვაბულებით დაინტერესებულ ფიზიკოსზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვარძიამ, უფლის ციხემ, დავით გარეჯის კომპლექსმა და ხევსურეთმა…

მუზეუმში გაეცნობით ასევე ფოტომასალებს დედა ტერეზას შესახებ, რომელიც საქართელოში 1989 წლის ივნისში იმყოფებოდა. ცნობილი კათოლიკე მისიონერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში – დედა ტერეზამ 9 აპრილის ღამეს მოწამლულები საავადმყოფოში მოინახულა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შეხვდა. მაშინ, დედა ტერეზამ თბილისში სათნოების სახლი დააფუძნა და საქართველოში ოთხი მოწყალების დაც დატოვა.

გამოფენა „ნობელის პრემიის ლაურეატები და საქართველო“, კიდევ ბევრ საინტერესო ფოტოსა და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ასახავს, რომელიც ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში ერთი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.