სტატია ციკლიდან – „ეროვნული ევროპულია”
მე-19 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობაში ფართოდ იყო გავრცელებული სისხლის ცილისწამების ფაქტები – ცრურწმენა, თითქოს ებრაელები ქრისტიან ბავშვის კლავდნენ ან იტაცებდნენ და მის სისხლს რიტუალური მიზნებისთვის იყენებდნენ. სისხლის ცილისწამების ფაქტები თითქმის ყოველწლიურად მეორდებოდა 1876-1885 წლებში, რის გამოც ხშირი იყო ებრაელთა დევნისა და შევიწროების ფაქტები.
პროფესორი შალვა წიწუაშვილი საქართველოში სისხლის ცილისწამების ფაქტების გაჩენას რუსეთის იმპერიის ჩინოსნებს უკავშირებს, რომელთა მიზანი მცირე ერების ერთმანეთში წაკიდება იყო. სწორედ ამიტომაც პირველი რიტუალური პროცესის, „სურამის საქმის“ შექმნის თანაავტორად წიწუაშვილი კავკასიის სახელმწიფო დაწესებულებათა ინსტანციებსა და მეფისნაცვალ ვორონცოვს მიიჩნევს.
როგორც ჩანს, ქრისტიანების აღდგომისა და ებრაელების პასექის დროს ვნებათაღელვა მოსახლეობაში ძლიერდებოდა, შესაბამისად, საკმარისი იყო, რომ ბავშვი თვალს მიფარებოდა, რომ მისი დაკარგვა ებრაელებს ბრალდებოდათ.
ერთ-ერთი დიდი და გახმაურებული თავდასხმა სურამის ებრაულ დასახლებაში 1877 წელს მოხდა. საგაზეთო პუბლიკაციებიდან ჩანს, რომ გლეხები იმდენად ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აძლევენ გამოძიებას, რომ სრული სურათის აღდგენაც კი რთულია. როგორც ირკვევა, ერთ-ერთ სოფელში, სადაც ებრაელებმა გაიარეს, გავრცელდა ხმა ბავშვის დაკარგვის შესახებ, რაც, ცხადია, მათ დაბრალდათ. სოფლის მცხოვრებლები არც დაელოდნენ პოლიციას და თავად გადაწყვიტეს შურისძიება.
მოსახლეობა სურამის ებრაულ უბანში შეიჭრა პრისტავის თანხლებით, რომელმაც ებრაელების უბანს საპოლიციო ალყა შემოარტყა და დაიწყეს მათი რბევა. „დროება” მიუთითებს, რომ პოლიცია არაფერს აკეთებდა ბრბოს დასაშოშმინებლად. საქმე ისაა, რომ ბავშვი, ვისი მოტაცებაც ებრაელებს ბრალდებოდათ, ნახეს „დედის კალთაში უზარალოთ!” მჯდომი. ტექსტში აშკარად იგრძნობა თანაგრძნობა ებრაელების მიმართ, ავტორი ამბობს, რომ ის დღე ებრაელებისთვის მძიმე იყო, ხოლო სურამელების ქცევა აღა მაჰმად ხანის შემოსევას ჰგავდა ქრისტიანების ქვეყნებში. სურამის პოგრომის დროს სულ 24 ებრაელი სცემეს. მათ შორის ერთი ქალი და 70 წლის მოხუცი, ხოლო ქრისტიანებიდან არავის არაფერი ჰქონდა დაზიანებული.
სურამის პოგრომს გამოეხმაურა სერგეი მესხი, რომელმაც მკითხველს შეახსენა, რომ ებრაელების მიერ ქრისტიანი ბავშვის მოტაცების ხმები არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა არასოდეს დადასტურებულა. სურამის პოგრომის შემდეგ სისხლის ცილისწამების აჩრდილი ქუთაისსა და გორში გამოჩნდა. ქუთაისის სინაგოგაში შევარდნილა პოლიციის თანხლებით ერთი კაცი და ყვიროდა, რომ თქვენ მომპარეთ შვილიო. აღმოჩნდა, რომ ბიჭი ქუჩაში თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად”.
1878 წლის 17 აპრილს ვნების კვირაში, სოფელ პერევისაში სარა მოდებაძე დაიკარგა. როგორც წინა შემთხვევებში ეჭვი ისევ ებრაელებზე მიიტანეს. „დროება” გვაუწყებს, რომ საჩხერელმა ებრაელებმა, სურამის პოგრომით გაფრთხილებულებმა, თადარიგი დაიჭირეს და წინასწარ შეატყობინეს პოლიციას, ამიტომ არეულობა არ მომხდარა.
სარა მოდებაძე რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს დაღუპული. მის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებულად მიიჩნიეს 8 ებრაელი, რომლებმაც სარას დაკარგვის პერიოდში სოფელში ჩაიარეს. ბრალდების მიხედვით, ებრაელებმა 12 წლის მოზარდი ჩასვეს ტომარაში და წაიყვანეს საჩხერეში. გამოძიებამ ვერ დაადგინა სარას მოტაცებისა და მოკვლის მოტივი. ვერ დაადგინა ვერც კლინიკური სიკვდილის მიზეზი და ვერც ის, მოზარდის მოტაცება წინასწარ დაგეგმილი იყო თუ შემთხვევითი. სარა მოდებაძის საქმემ საერთაშორისო რეზონანსი მოიპოვა: ქართველ ებრაელებს დახმარება გაუწიეს სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ებრაელებმა, ჩამოვიდნენ ადვოკატები რუსეთიდან, კორესპონდენტები საზღვარგარეთიდან. ამ დარაზმვის მიზეზი ერთხელ და სამუდამოდ ებრაელების მიმართ უსაფუძვლო ბრალდების აღმოფხვრა იყო. თუმცა, როგორც იმდროინდელი საგაზეთო პუბლიკაციებიდან ჩანს, ეს ცრურწმენა ძალიან ძლიერი იყო; ხალხი დარწმუნებული იყო, ებრაელების ბრალეულობაში, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ სასამართლო მათ გაამართლებდა, რადგანაც ცუდად იყო დაწყებული გამოძიება და ამასთან ერთად, დარწმუნებული იყვნენ, რომ ებრაელებს მოსყიდული ჰყავდათ მოხელეები. საგაზეთო კორესპონდენციები, რომლებიც ამ შემთხვევას დეტალურად აშუქებდა, ჩანს უსაფუძვლოდ ბრალდებული ებრაელების მიმართ თანაგრძნობა.
როგორც აღმოჩნდა, გამოძიების პროცესში ჩვენებებიც არაკეთილსინდისიერად იყო მიცემული მოწმეების მიერ. სოფელ პერევისას მასწავლებელმა ფილიმონ მიქაძემ სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ თავდაპირველად გამომძიებელს ცრუ ჩვენება მისცა, რაც გლეხებისგან მიმდინარე აგრესიის შიშით ახსნა. მასწავლებელმა არჩია, რომ სიმართლის ნაცვლად ცრურწმენისდან საფუძველზე ებრაელების ბრალეულობაში დარწმუნებული აგრესიული უმრავლესობისათვის მოსაწონი ჩვენება მიეცა. „ყველას, ვინც ურიების სასარგებლოდ რისამე თქმას გაბედავდა, მოკვლას და სახლ-კარის გარდაწვას ემუქრებოდნენ”, – იხსენებდა სასამართლოს წინაშე მდგომი მიქაძე.
ებრაელები სასამართლომ გაამართლა, თუმცა როგორც „დროება” იუწყება, ეს ბევრს არ ეჭაშნიკა. გაზეთი „დროება” ხშირად აქვეყნებდა სტატიებს, სადაც მკითხველს ახსენებდნენ, რომ ებრაელებს არ სჭირდებათ ქრისტიანის სისხლი და რომ ის მხოლოდ ცრურწმენაა. სერგეი მესხმა თავის წერილში პირდაპირ მოუწოდა მოსამართლეებს, რომ ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე იქნებოდა დამოკიდებული საქართველოში ებრაელების ყოფნა-არყოფნის საკითხი.
„ურიების ბედი და უბედობა, იმათი არსებობა ან ფეხის-ამოკვეთა ჩვენს ქვეყანაში ამ საქმეზედ არის დამოკიდებული; – ეს უნდა იქონიოს მხედველობაში ქუთაისის ოლქის სასამართლომ, როდესაც თავის განაჩენზე ხელის მოწერას დააპირებს…”.
„დროებაში” ცინიზმითა და გროტესკით აღსავსე სტატია „უცნაური თხა და საბრალო სარა” გამოქვეყნდა. ავტორმა არავინ დაინდო: ებრაელების ადვოკატები, ბრალმდებელი, მოსამართლე, მოდებაძეები, და სრულიად შორაპნის უეზდის მცხოვრებნი. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს შემთხვევა საყოველთაოდ გახდებოდა ცნობილი და დასაცინი გახდებოდა შორაპნის უეზდი, რომლის მცხოვრებთა სიტყვას უფრო ნაკლები ფასი აქვს ვიდრე თხის კიკინს.
„და ესრედ, ამა და ამა პირსა ზედა დაიწერა სისხლის მელნითა ეს სატირელი და სასაცილო ამბავი, რომელიც გადაითარგმნება მალე სხვა-და-სხვა ენებზედა, რათა ეღირსოს მისი წაკითხვა მთელს განათლებულ ქვეყანასა… და შეიტყობს ეს ქვეყანა, რომ ჩვენც გვყოლია კაცური კაცები, მუდამ ფხიზელი და მარდი პოლიციის ჩინოვნიკები, გულთა-მხილავი გამომძიებლები, პროკურორები და მსაჯულები, მეცნიერი და შეუცდომელი ექიმები, საწყალი კაცის უსასყიდლოდ დამცველი ადვოკატები; შეიტყობს ქვეყანა, რომ ჩვენში დიდი პატივი და რწმუნება ჰქონია წმინდა სახარებაზედ და ჯვარზედ დაფიცებასა, და რომ შორაპნის მაზრაში არ გვყოლია არც ერთი ცრუ მოწამე, არა თუ ნაფიცარი, არამედ უფიცარიც… ბევრს, ბევრს ამბავს სამასხაროს და სამწუხაროს შეიტყობს განათლებული ქვეყანა ამ საქმიდგანა და კიდევ უფრო ბევრს რამეს შეიტყობდა, რომ სულ დაწერილიყო, რაც კი იყო თქმული და ნაწარმოები… და ვინ იცის განათლებულ ევროპასაც კი შეშურდეს, რომ ამისთანა მფარველი ანგელოზები, ამისთანა მეცნიერი მკურნალები გვადგანან თავზედა გასაგრძელებლად ჩვენის საცოდავი სიცოცხლისა!”.
საბრალდებო ოქმის გამოქვეყნების შემდეგ ილია ჭავჭავაძემ „ივერიის” ფურცლებიდან გააკრიტიკა ბრალდების მხარე იმის გამო, რომ 8 ადამიანის პატივი და ღირსება დააფუძნა „მგონიაობას” და მათი ბედი „საფათერაკოდ” გახადა. ილია ჭავჭავაძის აზრით, ამ საქმის საზოგადოებრივი მნიშვნელობა ის იქნებოდა, რომ ნათლად აეხსნათ, აქვთ თუ არა რჯულად „ზოგიერთ წყობას ურიებისას” ქრისტიანის სისხლის დაღვრა.
„ამ საგანზედ „ჰო” თუ „არა” მთელს ამ საქმეს ისე გაანათებდა, როგორც მზე. ბრალ-მდებელი ოქმი რომ წაიკითხოთ, მაშინვე მიხვდებით, რომ თუმცა პროკურორი თითქო მორცხვობსო ქრისტიანების სისხლის დაღვრა ურიების რჯულის ანდერძად აღიაროს, მაგრამ ცხადი კია, რომ იგი ანდერძი უცილობელ ჭეშმარიტებად ჰსწამს”.
ებრაელების დამცველ ადვოკატ ალექსანდროვის სურვილი, რომ სარა მოდებაძის საქმე ბოლო ყოფილიყო, რომელიც სისხლის ცილისწამებას დაეფუძნებოდა, არ გამართლდა. იმის მიუხედავად, რომ ბრალდებული ებრაელები გაამართლეს, გლეხებს სჯეროდათ, რომ ებრაელებმა მოისყიდეს სასამართლო. ამ დამოკიდებულებამ ისინი კიდევ უფრო გადაამტერა ებრაელებს, ამბობდნენ „ფულზე ყოფილა საქმე და აწ ჩვენ ვიცით, რასაც ვუზამთ ურიებსო!” და მოდებაძის საქმის შემდეგ ზემო იმერეთსა და რაჭაში ებრაელებს ხშირად გზებზე თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ.
გლეხების აზრით, ებრაელების ფინანსური შესაძლებლობები მათი საშიში გავლენის და სასჯელის თავიდან აცილების საფუძველი იყო. ქარელშიც გახშირდა ებრაელებზე თავდასხმა და გაქურდვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი სავაჭროდ მიდიოდნენ. ქუთაისში რამდენიმე იქაურ ებრაელს სცემეს, ბაზრობაზე და ბულვარში გამოსვლის ნებას არ აძლევდნენ. ავტორი დასძენს, რომ ამ შემთხვევებისათვის ყურადღება უნდა მიექცია ქუთაისის ადგილობრივ ადმინისტრაციას, რომ ეს განწყობა სენივით სხვაგანაც არ გავრცელებულიყო”.
ებრაელების სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე ის ფაქტი მიუთითებს, რომ ძარცვა-რბევისა და თავდასხმის ცალკეულ ფაქტებზე ებრაელები ვერ ხვდებოდნენ ეჩივლათ თუ არა, რადგანაც ფაქტი იყო, რომ სასამართლო პროცესებმა არ დააცხრო ებრაელების მიმართ არსებული მტრული განწყობილება. ამ დამოკიდებულებას კიდევ უფრო საშინელი ფორმა მიუღია, რაც აისახა ქუთაისიდან მოწერილ კორესპონდენციაში, რომლის მიხედვითაც, პატარა ებრაელებს მოსვენებას არ აძლევენ თანატოლები და მათ ხშირად ნახავდით „ატირებულს და გაცარცულს” ქრისტიანის ბავშვებისაგან.
„ამ ცარცვასა და ცემა-ტყეპას დიდები რაღაც სიამოვნებით უცქერიან და ფანჯრებიდგან გადმოსცქერიან სიცილით, როგორც რაიმე დროს გასატარებელ სანახავს”, – წერს ავტორი და დასძენს, „შეუძლებელია, რომ დიდი ურია გამოუსარჩლდეს პაწაწინებს: თვალს არიდებს ამგვარ შემთხვევას. პატარების შეტაკებიდამ, შიშობს არ მოხდეს დიდების შეტაკებაც”.
კიდევ ერთი დიდი „არეულობა”, „უწესობა”, როგორც მაშინდელი გაზეთები უწოდებდნენ საქართველოში მომხდარ პოგრომებს, მოხდა ქუთაისში 1895 წელს, როდესაც ებრაელებსა და ქართველებს შორის დაპირისპირების დროს დაიღუპა ლუკა კოსტავა. კოსტავას მკვლელობას მოჰყვა ქრისტიანების თავდასხმა ქუთაისელ ებრაელებზე. საქმეში პოლიციის ჩარევის მიუხედავად, სოფლელებმა დაარბიეს ებრაელების დასახლება ქუთაისში.
იმის მიუხედავად, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უმძიმესი ფაქტები ააშკარავებდნენ ებრაელების წინააღმდეგ საზოგადოებაში გავრცელებულ ცრურწმენაზე დაფუძნებულ სიძულვილს, რომელიც ხშირად აღძრავდა ებრაულ დასახლებებზე თავდასხმის სურვილს გლეხობაში, მის წინააღმდეგ გამოდიოდა ინტელექტუალური აზრი. შესაბამისად, რთულია, რომ ეს შემთხვევები შევაფასოთ, როგორც ანტისემიტიზმი.
ანტისემიტიზმი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ნეგატიური განწყობა კონკრეტულ ქვეყანაში ან რეგიონში მცხოვრები ებრაელების მიმართ. მოდერნული ანტისემიტიზმი თავისი არსით პოლიტიკური იდეოლოგია იყო, რომელიც არა მხოლოდ ავრცელებდა ნეგატიურ განწყობებს ებრაელების მიმართ, არამედ მოუწოდებდა მომხრეებს, ძალადობისკენ და თავადაც აწყობდა თავდასხმებს ებრაული თემებზე.
საქართველოში ამ სახის ანტისემიტიზმი არ ჩამოყალიბებულა. ამის საპირისპიროდ, ქართველი ავტორები სისხლის ცილისწამების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენენ. მათი შეფასებით სისხლის ცილისწამების, საფუძველი გასულ საუკუნეებშია, რომლის ადგილიც მოდერნულ ეპოქაში არ არის. ამ კუთხით, ქართველი ავტორები გამოდიან ანტისემიტური განწყობების წინააღმდეგ. ნიშანდობლივია, რომ 1870-1880-იან წლებში ანტისემიტიზმი ვითარდება არა რელიგიური ანტაგონიზმის სახით, როგორც ეს შუა საუკუნეებში იყო, არამედ იგი გარდაიქმნება სოციალურ და ეკონომიკურ საკითხად.
სისხლის ცილისწამების ფაქტები მთლიანობაში რელიგიურ საკითხად დარჩა, რომელმაც არ შეიძინა კულტურული და სოციალური განზომილება. ამის საპასუხოდ, ქართველმა ინტელექტუალებმა გამოიყენეს ქართველი ერის ბუნებითი შემწყნარებლობის, სამოქალაქო თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა, რომელსაც შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.