„საქართველოში სექსუალური შევიწროება 5-დან 1 ქალს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდია“.
2017 წლის ეროვნული კვლევა; საქსტატი/გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)/ევროკავშირი;
„მე სამსახურიდან ბიჭების გამო წამოვედი. ერთი დამდევდა, უკან დამყვებოდა და არაფერი ვიცოდი. მერე ჩემ თვალწინ დარეკა და გაიგო ჩემი ნომერი. მენეჯერს ის უყვარდა, ამიტომ არაფერს ეუბნებოდა. ძალიან შევიწროებულად ვგრძნობდი თავს“.
2015 წლის კვლევა „სექსუალური შევიწროება – ქალთა „უჩინარი“ დისკრიმინაცია; ქალთა ფონდი საქართველოში;
„გამოკითხული ქალების 45% ამბობს, რომ მეტროთი მგზავრობისას სხვადასხვა სახის სექსუალური შევიწროება განუცდია“.
2014 წლის კვლევა; ქალთა საინფორმაციო ცენტრი.
„კანონი გამართულია და ახლა მთავრია როგორ მოხდება მისი აღსრულება. ამ კანონმდებლობის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანებისთვის, კონკრეტული ქალებისთვის, ახალგაზრდა გოგონებისთვის და მისი მიღება აუცილებელი იყო.“
თამარ ჩუგოშვილი, 2019 წლის 23 მაისი
სექსუალური შევიწროების პირველი და ჯერჯერობით ბოლო საქმე, რომელზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, თათია სამხარაძის საქმეა. 2016 წელს მან ღიად ისაუბრა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ და სასამართლო დავა დაიწყო. ამას მოჰყვა სხვა გახმაურებული საქმეებიც და #Metoo კამპანია, რომელმაც კარგად აჩვენა, როგორც პრობლემის მასშტაბი, ასევე საკანონმდებლო რეგულაციის საჭიროება. კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების განმარტება 2019 წლის მაისიდან გაჩნდა. პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები ოთხ კანონში. სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში ადმინისტრაციული წესით ისჯება და სანქციებს ითვალისწინებს. ხოლო სამუშაო ადგილზე ამის კონტროლი თავად დამსაქმებელსა და სახალხო დამცველს ეკისრება. რას შეცვლიდა კანონმდებლობის არსებობა იმ ქალებისთვის, რომლებმაც სექსუალური შევიწროება განიცადეს და შეიცვლება თუ არა რეალობა?
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთულესი გზა იყო, ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი. კარგად მქონდა გააზრებული რისკებიც, თუმცა მაინც ძალიან დამაზარალა ამ პროცესმა, რადგან სამი წელი არ არის პატარა დრო, მით უფრო, როდესაც სრულიად გაუკვალავ ველზე შედიხარ. მადლობა იმ ხალხს, რომლებმაც მარტო არ დამტოვა ამ ბრძოლაში. ინდივიდუალურად, ცხადია, კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რომელიც დადგა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ შედეგში იაფი გადავიხადე“, – ამბობს თათია სამხარაძე. ის ამჟამად შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ გოტენბურგში ცხოვრობს. თათიამ გოტენბურგის უნივერსიტეტში პოლიტიკური კომუნიკაციების განხრით ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სტიპენდია მოიპოვა.
„თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“ – ეს საქმე 2016 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც თათია სამხარაძემ საჯაროდ ისაუბრა მისი ყოფილი დამსაქმებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ და განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავდა. მის ინტერესებს საქალაქო სასამართლოში კავშირ „საფარის“ იურისტები იცავდნენ.
სექსუალურ შევიწროებას თათია თავისი უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წლების განმავლობაში განიცდიდა, რაც გამოიხატებოდა სექსუალური შინაარსის კომენტარებში გარეგნობაზე, პირად ცხოვრებაზე, ჩაცმულობაზე და ა.შ.
რაც შეეხება სექსუალური შევიწროების ფორმას, იურისტების თქმით, თათიას შემთხვევაში ეს იყო „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ“ (Quid Pro Quo), რაც სექსუალური შევიწროების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გავრცელებული ფორმაა. როგორც თათია ამბობდა, დამსაქმებელი მას კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას სთავაზობდა, რის გამოც ის იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. მას თან ჰქონდა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ამ შეთავაზების შესახებ იყო საუბარი. სასამართლომ აუდიოჩანაწერი დასაშვებ მტკიცებულებად ცნო.
საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 3 იანვარს გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი იყო. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომაც იგივე გაიმეორა და საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. საქმე დასრულდა.
თათია იხსენებს, რომ იმ პერიოდში იღებდა პირად შეტყობინებებს ქალებისგან, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ მათაც ჰქონდათ მსგავსი გამოწვევა სამსახურში, არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და სთხოვდნენ რჩევას – ვისთვის მიემართათ.
„თუმცა განსაკუთრებით პირველ ეტაპზე ისეთი წერილებიც ხშირი იყო, რომლებსაც კიბერბულინგს ვეძახით. ყველაფერს ორი მხარე აქვს. არ არსებობს, რომ მხოლოდ მხარდაჭერა მიიღო. სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ, იშვიათად ბედავენ ამის საჯაროდ დაფიქსირებას ისეთ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენია. მაგრამ მთავარია, შენ ამ ხმაურში არ დაკარგო იმის განცდა და შეგრძნება, რომ მართალი ხარ, რადგან ამ პროცესში ძალიან ადვილია, ეჭვის შეტანა დაიწყო საკუთარ თავში და დაგავიწყდეს, რისთვის იბრძვი და რამდენად უსამართლობაა ნებისმიერი სახის ძალადობა“, – ამბობს თათია სამხარაძე.
სააპელაციო სასამართლოში თათია სამხარაძის ინტერესებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავდა. იურისტ ანა აბაშიძის თქმით, როდესაც თათიამ დავა დაიწყო, კანონმდებლობაში არცერთი არსებითად მნიშვნელოვანი ტერმინის განმარტება არ არსებობდა, ამიტომ სასამართლოში ადვოკატებს სხვა ქვეყნის გამოცდილებითა და თეორიით საუბარი უწევდათ. ერთადერთი ხელჩასაჭიდი ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო, რომელშიც ნათქვამია, რომ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია. ამიტომ უნდა ემტკიცებინათ, რომ როდესაც სამუშაო ადგილას შევიწროება ხდება, ეს სქესის ნიშნით დისკრიმინაციაა.
„როცა სასამართლო სისტემაში არ გაქვს არცერთი ქეისი სექსუალური შევიწროების საკითხზე და არ არსებობს ასეთი ტიპის საქმეების განხილვის პრაქტიკა, ეს დიდი რისკი იყო, რადგან მოსამართლეს ფაქტობრივად თათიას საქმეში პრაქტიკა უნდა დაედგინა. ამ დროს კიდევ არის რისკი, რომ ასეთი ბუნდოვანების გამო, მსხვერპლი შეშინდეს და შეიძლება უარი თქვას საქმის გაგრძელებაზე. უბრალოდ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო თათიას პერსონალური სიძლიერე, რადგან მან გაუძლო ისეთ რაღაცებს, რასაც ბევრი ვერ უძლებს და შუა გზაში ტოვებს საქმეს. ამიტომ, როცა კანონმდებლობა დახვეწილი არაა და მოქალაქემ არ იცის, რას ელოდოს, როცა უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს, თან ასეთი სენსიტიური თემაა, ხშირად ამბობს „არას“ და ეს ბუნებრივია“, – ამბობს ანა აბაშიძე.
რა შეიცვლებოდა თათიას საქმეში, კანონი რომ ყოფილიყო
პარტნიორობა „ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა აბაშიძე ფიქრობს, რომ კანონის არსებობის შემთხვევაში ბევრად უფრო გაუმარტივდებოდა თათიას დავა და მოსამართლესაც არ მოუწევდა ბეწვის ხიდზე გავლა, რადგან საქმის განხილვისას მოსამართლე პირველ რიგში ადგილობრივ საკანონმდებლო ჩარჩოს უყურებს. ამიტომ, როცა შიდა კანონმდებლობა დახვეწილია, მისი თქმით, მეტი შანსია, რომ მოსამართლემ ის სტანდარტი გამოიყენოს, რომელიც საჭიროა.
გარდა ამისა, თათია ნაწილობრივ მაინც ასცდებოდა იმ ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელიც გამოიარა, რადგან საზოგადოებისთვის თავიდანვე ცხადი გახდებოდა, რას ეხებოდა საქმე. იმ დროს სექსუალური შევიწროების განმარტებაზეც კი განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა სხვადასხვა ჯგუფს შორის, მათ შორის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის და ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებაზე სერიოზულად არ საუბრობდნენ. ქვეყანაში მხოლოდ არასამთავრობო, დონორ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ჰქონდათ მცდელობა და ინიციატივები, ამ პრობლემისთვის მიეპყროთ საზოგადეობის ყურადღება.
„თათიას საქმემ მოგვცა საშუალება, გველაპარაკა კანონმდებლობის საჭიროებაზე, მანამდე არავინ გვიჯერებდა. ამ საქმემ იმუშავა სისტემის გაუმჯობესებისთვის. ერთი იყო მისი პირადი გამოცდილება და მიღებული ზიანი, რაც ამას მოჰყვა, მაგრამ მისმა ქცევამ და საქმისთვის ბოლომდე მიყოლამ რეალურად ქვეყანას შეაქმნევინა რეგულაცია. ამიტომ თათიას საქმე ყოველთვის დარჩება შევიწროების თემატიკაში ისტორიის ნაწილად“, – ამბობს ანა აბაშიძე.
როგორ მივედით კანონის მიღებამდე
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ხუთი ქალიდან ერთს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური შევიწროება. ქალების 70% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი საჯარო სივრცეში გამხდარა, ხოლო 10%- სამუშაო ადგილზე. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ციფრი გაცილებით მაღალია რადგან კვლევის საველე სამუშაოები ჯერ კიდევ მაშინ ჩატარდა, სანამ ამ საკითხზე საჯარო დისკუსია გაიხსნებოდა. საზოგადეობის ცნობიერება კი ძალიან დაბალი იყო სექსულური შევიწროების ფორმების შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა 2017 წელს ჩატარდა, სანამ #Metoo კამპანია დაიწყებოდა, რომელმაც მსოფლიოსთან ერთად საქართველოც მოიცვა და მოძრაობად იქცა. ქალებმა დაიწყეს პირადი ისტორიების გაზიარება და ღიად საუბარი საჯარო სივრცესა თუ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ.
ამავე წელს პარლამენტში შევიდა „ქალთა მოძრაობის“ ინიციატივით მომზადებული პეტიცია სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით. პეტიციას ხელს 1000 ქალი აწერდა. აქტივისტები სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
სექსუალური შევიწროების კანონმდებლობით რეგულირების შესახებ პარლამენტს სახალხო დამცველიც მიმართავდა და სტამბოლის კონვენციით აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მიუთითებდა. სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში ასევე საუბარი იყო, რომ დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება წარმოადგენს უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად დაფარულ პრობლემას, რადგან შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
სწორედ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების, პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით საჯარო მოხელეებისთვის შეიქმნა ელექტრონული კურსი. კურსი სახალხო დამცველის ვებგვერდზეა განთავსებული და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ის რამდენიმე მოდულისგან შედგება, როგორიცაა: რას წარმოადგენს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება; სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელება და კანონმდებლობა; გავრცელებული მითები სექსუალური შევიწროების შესახებ და ა.შ. ასევე მომზადდა ვიდეორგოლებიც, რომლებიც სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
2018 წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის მთავარი აქცენტი სექსუალური შევიწროება იყო, რომელსაც საქართველოში მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნა. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით გაიმართა, სადაც პარლამენტის წევრებმა, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხზე და საკანონმდებლო რეგულირების საჭიროებაზე იმსჯელეს. სწორედ ამ შეხვედრაზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტზე აქტიურად მუშაობდნენ.
„აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, იურისტი ნინო ჩიხლაძე ერთ-ერთია იმ ექსპერტთაგან, რომელიც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად კანონპროექტის მომზადებაში იყო ჩართული.
როგორც ნინო ჩიხლაძე ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ხედავდნენ, რომ სექსუალური შევიწროება სერიოზული პრობლემა იყო, მაგრამ არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც ქალებს დაიცავდნენ. საჭირო იყო ასეთი მექანიზმის გაჩენა.
ის აღნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო იყო ძალიან აქტიური, გაწერილი ჰქონდა სამოქმედო გეგმა და ლობირებდა საკანონმდებლო ცვლილებებს. საბჭოს ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი და საბჭოს სხვა წევრები სექსუალური შევიწროების რეგულირებაზე სამუშაო შეხვედრებს აწყობდნენ სხვადასხვა ჯგუფებთან და აცნობდნენ კანონპროექტს.
„პროცესი გაიწელა, რადგან არ იყო მარტივი. ყველასთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო და ყველასთვის მისაღები, რადგან, მაგალითად, როცა შსს-ს პასუხისმგებლობას ანიჭებ, უნდა მიუსმინო და ჰკითხო მას აზრი, იგივე სახალხო დამცველს. სწორედ ამიტომ მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ყველა ორგანიზაციასთან და უწყებასთან.
აქ უკვე იყო ნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ გვქონოდა მსგავსი ჩანაწერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სახელმწიფოს მხრიდან გაქვს მხარდაჭერა და ორივე მხარე თანხმდება, რომ ეს საჭიროა. ბევრი შეხვედრა ჩატარდა, დეტალურად ვუხსნიდით ყველას თითოეულ სიტყვას და ეს პროცესი იყო შრომატევადი, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ცვლილებები“, – ამბობს ნინო ჩიხლაძე.
პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სექსუალური შევიწროება რეგულირდება, 2019 წლის 3 მაისს დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 102-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილება ოთხ კანონში შევიდა: შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
დღეს უკვე კანონმდებლობა განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების დეფინიციას, რომლის თანახმადაც სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
საჯარო სივრცეში – განსაზღვრულია შესაბამისი სანქციები და დამამძიმებელი გარემოებაც. პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში, სამართალდამცველი ადგენს შესაბამის ოქმს სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის მიმართ, ხოლო სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში დაჯარიმდება 300 ლარით. განმეორებით შემთხვევაში – 500 ლარით ან გამასწორებელი სამუშაოთი ერთ თვემდე ვადით. მსგავსი ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შშმ პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით დაჯარიმდება 500-დან 800 ლარამდე. ხოლო 1000 ლარამდე დაჯარიმდება, 10 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება ან ერთ თვემდე გამასწორებელი პატიმრობით დაისჯება სექსუალური შევიწროება, რომელსაც ორი ან მეტი პირის ჩაიდენს.
სამუშაო სივრცეში – იქნება ეს საჯარო დაწესებულება თუ კერძო, სექსუალური შევიწროების კონტროლი და მონიტორინგი თავად დამსაქმებელს და სახალხო დამცველს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველს ესა თუ ის პირი მიმართავს და ქმედება დადასტურდება, ომბუდსმენი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელთა შესრულებაც დამსაქმებელს დაევალება. კანონის თანახმად, გაიზარდა სახალხო დამცველის მანდატი და თუ ორგანიზაციამ არ გაიზიარა ან არ უპასუხა მის რეკომენდაციას, ომბუდსმენი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება. ამასთან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ ვალდებულება, 10 დღის ვადაში სახალხო დამცველს მიაწოდონ შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა. სიახლეა ისიც, რომ სასამართლოსთვის სარჩელის მიმართვის ვადა 3 თვიდან 1 წლამდე ვადით გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონის მიღებიდან სამ თვეში სტატისტიკაც გამოაქვეყნა. სამი თვის მონაცემებით, პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.
იურისტი ანა აბაშიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ახლა რამდენიმე საქმე შევიდეს სასამართლოში, რომ საბოლოოდ დაიდოს სტანდარტი, თუ როგორ ვიცავთ სექსუალური შევიწროების მხვერპლს. შსს-ს სტატისტიკა მიუთითებს, რომ ადამიანებმა დაიწყეს კანონის გამოყენება, მიმართავენ პოლიციას და სამართალდამცველებიც რეაგირებენ, თუმცა მნიშვნელოვანია ამ საქმეების შესწავლა და შინაარსი, რა ტიპის დაღვევებია და გაუსაჩივრებია თუ არა ვინმეს.
იურისტები აღნიშნავენ, რომ კანონის მოქმედების შეფასებისთვის ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული. ახლა მთავარია, პრაქტიკამ აჩვენოს, როგორ მუშაობს კანონი; აჩვენოს ხარვეზებიც, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს, თუმცა, მათი თქმით, ის რომ გვაქვს დეფინიცია და ვიცით, ვის უნდა მივმართოთ, უკვე დიდი მიღწევაა.
წელს, ისევე როგორც შარშან, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ძირითადი თემა სექსუალურ შევიწროებაა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს იწყება და 10 დეკემბერს სრულდება.