შრომის უსაფრთხოება მევენახეობა-მეღვინეობაში

შრომის უსაფრთხოება ის პრობლემური საკითხია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ათწლეულებია აწუხებს. მიუხედავად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციისა, ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. რამდენიმე წლის წინ, ევროკავშირის არაერთი წერილისა და მოთხოვნის შემდეგ საქართველოში განახლდა შრომის ინსპექციის მუშაობა, თუმცა ამ ორგანიზაციას თავიდან არანაირი რეალური ბერკეტი არ გააჩნდა, გავლენა მოეხდინა უპასუხისმგებლო დამსაქმებელზე და უფრო მეტიც  – ინსპექციას რომელიმე საწარმო რომ შეემოწმებინა, ამ უკანასკნელის თანხმობა ჭირდებოდა.

ახლა უკვე შრომის ინსპექციას შედარებით გაეზარდა უფლებები და მხოლოდ შრომის უსაფრთხოების თემაზე შეუძლია ნებისმიერ დროს შევიდეს და დააჯარიმოს დამრღვევი კომპანია. თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამან სიტუაცია გამოასწორა. დღეს კვლავ ხშირია სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები. ეს, სამწუხაროდ, მეღვინეობის სფეროსაც ეხება.

როგორც უკვე ვთქვით, შრომის უსაფრთხოების დაცვის (უფრო სწორად კი დაუცველობის) პრობლემა მწავედ დგას მევენახეობა-მეღვინეობის სფეროშიც. რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამგვარ პრობლემას შეეწირა კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მოქმედი მცირე მარნის – „ბიჭების მარანის“ ახალგაზრდა მეღვინე ვახტანგ ფაღავა, რომელიც შემთხვევით გაჩენილი ხანძრის გამო საკუთარ მარანში დაიწვა. ვახო ფაღავას სახელზე ყოველ წელს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი იმართება, სადაც მუდამ იკრიბებიან მეღვინეები და ღვინის მოყვარული ადამიანები.

მევენახეობა-მეღვინეობაში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას რაც პირველყოვლისა უნდა გავმიჯნოთ, ესაა მცირე მარნები და დიდი კომპანიები. პრობლემები ორივეგანაა, თუმცა  დიდი კომპანიები, როგორც წესი, სოლიდურად ბევრი ადამიანის დამსაქმებლები არიან (რაც ცხადია ძალიან კარგია) და მათთვის უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრი შრომისა და დასვენების საათების სიმცირით გატანჯული ადამიანი მუდამ წარმოადგენს საფრთხეს და დიდი შანსია, რომ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაუცველობით პირველყოვლისა საკუთარ თავს ავნოს. ამ დროს მნიშვნელოვანია დამსაქმებლის დამოკიდებულება, რომელიც თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ, მაგალითად, ღამენათევ ადამიანს არ მიანდოს 10-ტონიანი უჟანგავი ფოლადის ჭურჭლის რეცხვა ან ქვევრიდან ღვინის ამოღება.

კერძო საოჯახო მარანი კი, როგორც წესი, მხოლოდ ერთეულ ადამიანებს ქირაობს და უმეტეს შემთხვევაში საკუთრივ მარნის მფლობელია დამსაქმებელიც, დასაქმებულიც, მეღვინეც, მევენახეც, მძღოლიც და ხშირ შემთხევაში ღვინის რეალიზატორიც. გასაგებია, რომ პასუხისმგებლობა საზოგადო მნიშვნელობის საკითხია, თუმცა ერთია, როდესაც ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავი აბარია და სულ სხვაა, როცა მის გადაწყვეტილებებზე ბევრი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

რა შეიძლება მოხდეს

როგორც გამოცდილი მეღვინეები ამბობენ, უბედური შემთხვევისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის თავიდან ასაცილებლად მარნის მფლობელმა სასურველის რთველის დაწყებამდე მომუშავეებს უნდა გააცნოს და შეასწავლოს უსაფრთხოების დაცვის წესები, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ალკოჰოლური დუღილის დროს გამოყოფილი CO2 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქადის. CO2-ის დიდ რაოდენობას (3%) შეუძლია ადამიანის მოგუდვა გამოიწვიოს, რასაც ასფიქსია ეწოდება. დამძიმებული ჰაერი გააძნელებს სუნთქვას, რაც შიგ მომუშავეებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ მუშაობის დაწყების წინ საჭიროა მარანში ჰაერის გაწმენდა. უნდა გაიღოს კარები და ფანჯრები და წინასწარ მოეწყოს ვენტილაცია.

დაუშვებელია წყალგამოუვლებლად სპირტის ნამყოფ კასრში გოგირდის ჩაბოლება, რასაც შეიძლება მოჰყვეს აფეთქება. აფეთქებამ კი შეიძლება გამოიწვიოს კასრის ძირის ამოგდება. სიფრთხილესა და ცოდნას მოითხოვს ჭურჭლის გასარეცხი მასალის გამოყენება (კაუსტიკური სოდა, ჩვეულებრივი სოდა, მარილმჟავა და გოგირდმჟავა), ეს ნივთიერებები იწვევს როგორც სხეულის კანის დაზიანებას, ისე ტანსაცმლის გაფუჭებას, ხოლო თვალში მოხვედრილ შხეფს კი შეუძლია, ადამიანს მხედველობა დაუკარგოს.

ასევე დაუშვებელია,  მძაფრი დუღილის დროს კასრების პირის დაცობა. ამას შეიძლება მოჰყვეს კასრის გასკდომა და მომუშავის დაზიანებაც. გოგირდის პატრუქის დამზადებისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან დამდნარი გოგირდი იწვევს სხეულის კანის დაწვას. შენობაში გოგირდის დაღვრისას მომუშავემ ნიღაბი უნდა გაიკეთოს. ავარიას იწვევს, აგრეთვე,  მექანიზებული დანადგარი, ამიტომ მანქანებთან მოპყრობა სიფრთხილეს მოითხოვს. მანქანის მოქმედი ნაწილები იზოლირებული უნდა იქნეს გარსაცმით, ხოლო მომუშავეს უნდა ეცვას კომბინიზონი ან შარვალში (კაბაში) ჩატანებული ხალათი. საჭიროა, სახელოს „დაკაპიწება” ან შეკვრა, შარვლის კი წინდებში ჩატანება. ქალები თავსაფარს იკეთებენ.

საერთაშორისო გამოცდილებით, ტრავმატიზმთან ბრძოლა მოითხოვს მარანში სამუშაო ადგილის კარგად განათებას. თუ კოდსა და ბუტში დარჩენილია შემაგრებული თხლე, სასინჯად ჩაშვებული ანთებული სანთელი სპირტის ორთქლის შემცველობის გამო აფეთქებას გამოიწვევს.

დიდ მარნებში სპირტის სახდელ შენობაში აპარატის გაშვების წინ უნდა შემოწმდეს ქვაბი და მისი დეტალები, რადგან გაჟონვას შესაძლოა, მომუშავის დამდუღვრა მოჰყვეს. ნედლი სპირტის გამოხდის დროს დაუშვებელია ჭაჭით ქვაბის გადატვირთვა, რადგან ჭაჭის ნამცეცი შესაძლოა, სპირტის მილში გაიჭედოს, რის შედეგადაც ქვაბში წარმოქმნილი მაღალი წნევა აფეთქებას გამოიწვევს. სპირტის გამოხდის დროს მაცივარს წყალი არ უნდა მოაკლდეს. წყლის ნაკლებობა საჰაერო ონკანიდან სპირტის აორთქლებას იწვევს. ცხელმა სპირტმა შესაძლოა, სპირტის ფარანიც გახეთქოს. შენობაში სპირტის ორთქლის გაზრდასთან ერთად იზრდება ავარიის საფრთხე.

ჭაჭის გამოხდისას ან სპირტის დამზადებისას ქვაბის დაცლაც სიფრთხილეს მოითხოვს. ქვაბში წარმოქმნილი მაღალი წნევისას, კარის უცბად გაღებას მოსალოდნელია უბედური შემთხვევა მოჰყვეს. ამიტომ, ჯერ ქვედა ონკანი იხსნება, შემდეგ საჰაერო სარქველი იღება. შიგ შესული ჰაერი ქვაბისა და გარემოს წნევას ათანაბრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვაბში წარმოქმნილი ვაკუუმი ქვაბის შეკუმშვას გამოიწვევს.

ევროპაში სპირტსაცავში სიგარეტის მოწევა ან ნავთის ლამპის დანთება სასტიკად აკრძალულია. დაუშვებელია აგრეთვე სპირტის დაღვრა ან ცისტერნის (საცავის) თავღია დატოვება, რადგან ჰაერის 1 მ2-ში სპირტის ორთქლის შემცველობა 50 გ. რაოდენობით აფეთქებას იწვევს. ეს ხდება ღია ცეცხლის პირობებში, თუ ტემპერატურა 90-ს აღემატება. მარანში მუდამ უნდა იყოს ცეცხლის ჩასაქრობი ხელსაწყოები.

წესით უსაფრთხოების ეს ნორმები ყველა მემარნემ უნდა იცოდეს, თუმცა საქართველოში, სამწუხაროდ, მსგავს საკითხებზე დიდი ქარხნის თანამშრომლებმაც და მცირე მარნის მფლობელებმაც ბევრი არაფერი იციან. არადა, ეს ყველაფერი ადამიანების სიცოცხლეს ეხება და კარგი ღვინის უკან ტრაგიკული ამბები სასურველია არ იმალებოდეს.