კომპანია „სილქტნეტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი სასამართლო დავას იწყებს. სასამართლომ წარმოებაში მიიღო კომპანიიდან გათავისუფლებული 9 თანამშრომლის ინდივიდუალური სარჩელი. პირველი სასამართლო პროცესი კი 10 თებერვალს უნდა გაიმართოს.
სექტემბერში კომპანია „სილქნეტში“ დასაქმებულმა ადამიანებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კომპანიის ხელმძღვანელებს მიმართეს. დასაქმებულები კომპანიას აფრთხილებდნენ, რომ თუ მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ იქნებოდა, ისინი გაფიცვას გეგმავდნენ. ელექტრონულ წერილს ხელს 80-მდე თანამშრომელი აწერდა.
როგორც დასაქმებულები ამბობენ, კომპანიამ ისინი უპასუხოდ დატოვა. მათი ნაწილი გაფიცვას პროცესში გამოეთიშა, ნაწილი კი კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. „სილქნეტი“ გაფიცვის შესახებ ინფორმაციას უარყოფდა და ამბობდა, რომ 30-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გაათავისუფლა.
გათავისუფლებული თანამშრომლები სექტემბერში კომპანიის სათავო ოფისთან აქციებსაც მართავდნენ. პროტესტის დაწყებისთანავე მათ ინტერესებს „სოლიდარობის ქსელი“ და იურისტი დავით ომსარაშვილი იცავდა. მოგვიანებით „სილქნეტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპანია „Kortava Khatashvili Legal Intelligence“-მა უფასო იურიდიული დახმარების სურვილი გამოთქვა.
სასამართლოში დავის გაგრძელება „სილქნეტიდან“ გათავისუფლებლმა 9 თანამშრომელმა გადაწყვიტა. იურისტი ირინა ხათაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მათ უნდოდათ სასამართლოში ერთობლივი, კოლექტიური სარჩელის შეტანა. თუმცა, მოსამართლემ მოითხოვა, ინდივიდუალური სარჩელები მოემზადებინათ.
„ეს არასწორი პრაქტიკაა, რადგან ერთნაირი საქმეებია, ერთნაირი ფაქტობრივი გარემოებები და როცა ასეთი საქმეები ერთად განიხილება, ყოველთვის უფრო სწრაფად ხდება გადაწყვეტა, იმიტომ, რომ სრულ სურათს ხედავს მოსამართლე. სად ერთ ადამიანს რომ გაათავისუფლებს კომპანია უკანონოდ და სად ათს, ან სამოცს და ერთიანად ხედავს მოსამართლე მთელ პროცესს. ასე რომ, ჩვენ კიდევ ვცდით, რომ შევძლოთ ამ საქმეების გაერთიანება“, – ამბობს იურისტი.
კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დავობენ უკანონო გათავისუფლების საკითხზე – სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვენ.
„მიგვჩანია, რომ „სილქნეტმა“ უკანონოდ გაათავისუფლა თანამშრომლები. გაფიცვას, რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა, თუმცა კომპანია ამას უარყოფს. კომპანიიდან მივიღეთ დასაბუთებები თითოეულ მათგანზე. დასაბუთებაში წერია, რომ ისინი არ გამოცხადდენ სამუშაო ადგილზე და არ შეასრულეს უფლება-მოვალეობები, ამიტომაც გაათავისუფლეს. რატომ არ გამოცხადდნენ, ამ მიზეზებზე კომპანია სდუმს“, – ამბობს ირინა ხათაშვილი.
სასამართლოში დავობს „სილქნეტიდან“ გათავისუფლებული ერთ-ერთი თანამშრომელი, მზეკო საძაგლიშვილი. ის ამბობს, რომ კომპანიიდან გათავისუფლებული ბევრად მეტია, უბრალოდ სასამართლოში დავას ყველა ვერ აგრძელებს.
ის „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ კომპანიამ მათი გათავისუფლების შემდეგ შეცვალა მენეჯმენტიც და დარჩენილ თანამშრომლებს ხელფასებიც მოუმატა.
„ჩვენი გათავისუფლების შემდეგ პირველ რიგში აქტიურად დაიწყეს ახალი კადრების მიღება. ამავე დროს, აბონენტთა მომსახურების მიმართულების დირექტორი, ჩვენი გაფიცვა/გათავისუფლების დროს ვინც იყო, ის ადამიანი სხვა პიროვნებით ჩაანაცვლეს.
ამ ახალმა უფროსმა კი რეალურად ყველა ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომლის გამოც მოხდა გაფიცვა – ზუსტად იმ ოდეობით გაზარდეს ხელფასები, რამდენსაც ჩვენ ვითხოვდით, ასევე შეცვალეს და გააუმჯობესეს ის პროცედურული საკითხები, რის გადახედვასაც გაფიცული თანამშრომლები ვითხოვდით.
გაფიცვისას გვეუბნებოდნენ, რომ ხელფასების გაზრდას კომპანია არ განიხილავდა, მაგრამ გაფიცვის შემდეგ გაზარდეს. თურმე შესაძლებელი ყოფილა ხელფასების გაზრდა და პირობების გაუმჯობესება.
რეალურად არაფერს ვითხოვდით ისეთს, რასაც არ ვიმსახურებდით. ეს თვითონაც დაადასტურეს იმით, რომ გაზარდეს ხელფასები. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ამ ამბავს შევეწირეთ გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში ვმუშაობდით ამ კომპანიაში“, – ამბობს ის.
კომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ მათ აქვთ მტკიცებულება – კომპანიისთვის მიწერილი წერილი გაფიცვის შესახებ; ასევე, ხელმძღვანელების მხრიდან თანამშრომლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც ეუბნებიან, რომ გაფიცვის შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ.
მზეკო საძაგლიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს გზით დაამტკიცოს სიმართლე: „ჩვენ, ვინც ასე გამოგვიშვეს სამსახურებიდან, არ ვიყავით ცუდი თანამშრომლები. მეც პირადი საქმე რომ გამოვითხოვე, ადვოკატებმაც ნახეს, რომ ერთი დარღვევაც კი არ მქონია იმ კომპანიაში, სადაც თანამშრომლებს ყველაფერზე დარღვევას უწერდნენ. მთავარი ჩემთვის არის დასრულდეს იმაზე საუბარი, რომ ამხელა კომპანიაა და მასთან ვერაფერს ვერ გახდები. ერთადერთი, ვისაც შეუძლია ეს წარმოდგენა შეცვალოს, არის სასამართლო“.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა კომპანია „სილქნეტს“ იმის გასარკვევად, ამ სამართლებრივ დავაში რა პოზიცია აქვს. კომპანიაში ამბობენ, რომ, რადგან აღნიშნულ სარჩელებზე სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, დავასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემისგან თავს შეიკავებენ.
2020 წლის 6 სექტემბერს კომპანია „სილქნეტის“ ტექნიკურ ქოლცენტრში დასაქმებულმა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელმძღვანელობას ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, სადაც სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 30%-ით გაზრდას მოითხოვდა. დასაქმებულები წერილში მიუთითებდნენ, რომ მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, 14 სექტემბერს, 5 საათიდან გაფიცვას გეგმავდნენ. კომპანიისგან თანამშრომლებს ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად სამუშაო პროცესი შეწყვიტეს. მოგვიანებით, სხვადასხვა მიზეზის გამო, თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას გამოეთიშა, 30-მდე დასაქმებული კი კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.
როგორც „პუბლიკასთან“ კომპანიის თანამშრომლები ჰყვებოდნენ, კომპანიაში წლების განმავლობაში დასაქმებულების დატვირთვა, სამუშაოს მოცულობა იზრდებოდა, მაგრამ ანაზღაურება და სამუშაო პირობები არ იცვლებოდა. ისინი ჰყვებოდნენ, რომ კომპანიაში მუდმივად შიში და მუქარა იყო, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში ყველას სამსახურიდან დაითხოვდნენ.
„სილქნეტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების პროტესტის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე: