სპეციალისტები Covid-19-ის პირისპირ ერთიანდებიან - რა ახალი ფსიქოსოციალური საჭიროებები გამოკვეთა პანდემიამ?

პუბლიკა
  • მასალა მომზადებულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ

მსოფლიოში კორონავირუსის გავლენის მასშტაბებს ყოველდღიურად ითვლიან და ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად, მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე პროფესიული ჯგუფები.

კრიზისულ ვითარებაში, განსაკუთრებით აქტუალური მოსახლეობისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისების მიწოდება ხდება. ამ მიზნით, ერთ-ერთი პირველი ცხელი ხაზი, რომელიც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ამოქმედდა, საქართველოს წითელ ჯვარს ეკუთვნის. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ თუ საწყის ეტაპზე კვირაში, საშუალოდ, 250 ზარს იღებდნენ, ახლა მიმართვიანობამ მკვეთრად მოიმატა და დღეში ცხელი ხაზის მომსახურებით 200-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. მათ ყველაზე ხშირად აინტერესებთ:

  • რა ტიპის სოციალური მომსახურების მიღება შეუძლიათ პანდემიის დროს და ვის მიმართონ დასახმარებლად;
  • როგორ დაიცვან თავი კორონავირუსისგან;
  • როგორ გაუმკლავდნენ სტრესს – შფოთვას, შიშს, დაუცველობის განცდას.

საზოგადოების ამ საჭიროებებზე დროული რეაგირების მიზნით, საქართველოს წითელი ჯვრის ინიციატივით,  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა ამოქმედდა. პლატფორმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს აერთიანებს, რომლებიც პანდემიის დროს მოსახლეობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების დისტანციურ მომსახურებას უფასოდ სთავაზობს. პლატფორმაზე გაერთიანებულია რამდენიმე ცხელი ხაზი, სერვისები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის.

დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსმა საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისების საჭიროება ნათლად გამოკვეთა.

როგორ აისახა Covid-19 საზოგადოების ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე, რა რესურსებია ხელმისაწვდომი და რამდენად უწყობს ხელს დისტანციური სერვისები ახალი გამოწვევების დაძლევას, ამ საკითხებზე „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ფსიქოლოგს, ნინო სირაძეს და  ასოციაცია „ნდობას“ ხელმძღვანელს, ფსიქოლოგ ნანა აღაპიშვილს ვესაუბრეთ.

-როგორია კორონავირუსის გავლენა საზოგადოების ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე? დაახლოებით 2 თვიანმა პერიოდმა, რა დამატებითი საჭიროებები გამოკვეთა? ვის და რა ფორმით დაეხმარება წითელი ჯვრის საკოორდინაციო პლატფორმა?

ნინო სირაძე -„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ფსიქოლოგი:

ზოგადად, კრიზისის დროს სტრესი და მისი თანმხლები ემოციები – მომატებული შფოთვა, დაბნეულობა, გაღიზიანებულობა, სევდა, თუ შიში სრულიად ბუნებრივი რეაქციებია. წითელ ჯვარს ხშირად უწევს საგანგებო სიტუაციებში მუშაობა და ჩვენ ხშირად ვხედავთ ასეთ რეაქციებს. თუმცა, განსხვავებით სხვა ტიპის კატასტროფებისა, ეს საგანგებო მდგომარეობა განსხვავებულია თავისი ბუნებით. ამას რამოდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: პირველ რიგში, ახალი კორონავირუსის შესახებ  ჯერაც არ ვფლობთ სრულ ინფორმაციას, ეს კი დამაბნეველია და დამატებითი შფოთვის წყარო ხდება.

გარდა ამისა, ვირუსის გავრცელება ჯერ არ დასრულებულა, ანუ პროცესი კვლავ მიმდინარეობს და არ ხდება კრიზისის შემდგომ ფაზაში გადასვლა, რათა მოხდეს მასთან გამკლავება და ერთგვარი შინაგანი წონასწორობის აღდგენა; ამის საპირისპიროდ, ადამიანებს უწევთ ახალ, უჩვეულო მდგომარეობასთან ერთად განუწყვეტელ რეჟიმში ცხოვრება და ეს მუდმივი მზაობის, ბრძოლის რეჟიმში ცხოვრებას ჰგავს. ფიზიკური დისტანცია გვაშორებს საყვარელ ადამიანებს, სოციალურ ცხოვრებას, პირისპირ კონტაქტს, არადა ადამიანი სოციალური არსებაა, მას სჭირდება მეორე ადამიანთან ურთიერთობა. წითელი ჯვრის მუშაობის კონტექსტში ფსიქოსოციალური დახმარება მიმართულია ხოლმე ადამიანთა შორის კავშირების, სოციალური შემჭიდროებულობის გაძლიერებაზე, და გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ურთიერთმხარდაჭერა, ადამიანების გაძლიერება, შეხსენება, რომ მარტო არ არიან, ეს კი ამ ეტაპზე მხოლოდ ვირტუალურად არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, ადამიანები ღელავენ საკუთარი თუ ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; აქვე უნდა ვახსენოთ სპეციალური საჭიროებების, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ქრონიკული დაავადებების მქონე, ასევე მარტოხელა ხანდაზმულები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები, სხვადასხვა მიზეზით მარგინალიზებული და საზოგადოებისგან იზოლირებული ჯგუფები, რადგან მათი ცხოვრება ისედაც დატვირთული იყო სხვადასხვა პრობლემით, ახლა კი, ფიზიკური იზოლაციის თუ რესურსებზე წვდომის უფრო მეტად შეზღუდვის გამო, მათი მდგომარეობა მეტად გართულებულია, ეს კი, თავისთავად, მათ ფსიქოლოგიურ მდგომაროებაზეც აისახება: იწვევს ბრაზს, შიშს და დაუცველობის განცდას.

საქართველოს წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე, ხშირად შემოდის ზარები ზემოაღნიშნული პრობლემებით. შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური დახმარების მიმართულებით ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა, რომელიც  აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს.  ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმებული მუშაობა, ერთმანეთთან აქტიური კონტაქტის საფუძველზე, რათა არ მოხდეს საქმიანობების გადაფარვა და, შესაბამისად, მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მოქალაქეს დროულად მიეწოდოს საჭირო დახმარება. პლატფორმის ფარგლებში, ასევე ხდება იდეების, გამოცდილების, მნიშვნელოვანი საინფორმაციო მასალის გაცვლა, რაც საბოლოოდ თავს მოიყრის წითელი ჯვრის სპეციალურ ვებ-გვერდზე, რომელზე მუშაობაც ამ დრომდე მიმდინარეობს და  ყველა ეს სერვისი თუ საგანმანათლებლო მასალა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ნანა აღაპიშვილი – ფსიქოლოგი, ასოციაცია „ნდობა“-ს ხელმძღვანელი:

-კორონავირუსი ყველა ჩვენგანს პირდაპირ შეეხო და განსაკუთრებით, ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ცხოვრებაში შეიჭრა მძლავრად. მაგალითად,  ვისაც გარკვეული ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობები აქვთ ან  შშმ პირები და დღის ცენტრებს მიმართავდნენ, მათთვის, მათი ფუნქციონირებისთვის ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი ადგილი. პანდემიის გამო ეს ცენტრები დაიხურა, ისინი კი მოსწყდნენ ურთიერთობებს და იქ მიღებულ სარგებელს.

თავისთავად, კოვიდ 19-ის გავრცელებამ ცხოვრების წესი ყველას შეგვიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საქმიანობით  ვართ დაკავებულები, ყველაზე მნიშვნელოვანი – პირისპირ ურთიერთობები დაგვაკლდა. მართალია, ის დისტანციურად გაძლიერდა, მაგრამ ჩვენთვის, ურთიერთობის ცოცხალ ფორმას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს სტრესთან გასამკლავებელი სტრატეგიები, რომელიც დიდი ხნის შესწავლილი, აპრობირებული და დაჯგუფებულია. თუმცა, რადგან ერთ-ერთ მთავარ ჯგუფს, სწორედ, სოციალური ურთიერთობები, ცოცხალი ურთიერთობები წარმოადგენს, ეს ნიშნავს, რომ  მიუხედავად ამ სტრატეგიების არსებობისა, დარგის სპეციალისტებს, სივრცეში მათი განხორციელება და მოგვარების საჭიროებები შეგვეზღუდა.

მრავალ ქვეყანაში არსებობს მუდმივმოქმედი კრიზისული სერვისები და პანდემიასთან დაკავშირებით მათი უცებ შექმნა და აწყობა არ დასჭირდათ. ჩვენთან, სამწუხაროდ, განსხვავებული რეალობაა, რომელმაც დაგვანახა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის და ონლაინ კონსულტაციების არსებობა.

წლების მანძილზე, ჩვენ ვახორციელებდით კრიზისულ ინტერვენციას, მაგრამ დაფინანსების არ ქონის გამო, ბოლო 4 წელია, ცხელი ხაზი გაჩერებული იყო. ამ ეტაპზე, დაავადებათა კონტოლის ინიციატივით და ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ისევ ავამუშავეთ. საბედნიეროდ, ჩვენი დიდი გამოცდილება მარტივად ადაპტირებაში დაგვეხმარა და მოქალაქეებს აქტიურად ვუწევთ  დისტანციურ მომსახურებას.

თქვენ აღნიშნეთ, რომ პანდემიამ სტრესის დაძლევის გამოცდილი მეთოდები შეზღუდა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმამ რამდენად გაზარდა  მოქალაქეებისთვის შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობა?

ჩვენთვის, გლობალური პრობლემის გარშემო პროფესიონალების გაერთიანების იდეა ძალიან მნიშვნელოვანია საერთო მიზნის მიღწევის პროცესში. როცა ერთი ქოლგის ქვეშ ერთიანდება პლატფორმის წევრი ორგანიზაციების რესურსი, შესაბამისად, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც იზრდება და საჭიროების შემთხვევაში, სწორად გადამისამართების შესაძლებლობაც გაქვს. რაც პლატფორმის წევრი ორგანიზაციებისთვის საერთო მიზნის შედარებით მარტივად მიღწევას ნიშნავს, რაც ასევე გვაძლევს საშუალებას ნათლად დავინახოთ რა ტიპის სერვისი არ გვაქვს ამ ეტაპზე, რომელზეც მუშაობას და ერთგარი ლაფსუსის შევსებასაც, საზოგადოების სასიკეთოდ, კოორდინირებულად  უფრო კარგად შევძლებთ. ვნახოთ, როგორ გავრცელდება კოვიდი საქათველოს მოსახლეობაში და რა ზიანს მოგვაყენებს, შეიძლება დამატებითი სერვისების გაჩენაც კი გახდეს საჭირო. სწორედ ამიტომ, სერვისების სიმრავლე მოსახლეობისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია.

რამდენად არიან თავად მოქალაქეები მზად, ღიად ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელთან გამკლავებაც უჭირთ?

ეს საკითხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე, მათ შორის  მაგ. რა ინტენსივობით შეგეხო პანდემია. ჩვენს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ფსიქოლოგიური კრიზისი გამოიწვია, რომლისთვისაც ერთ-ერთი დამახასიათებელია გაურკვევლობა და დაბნეულობა, ასეთ დროს, პირი, შეიძლება თავადაც ვერ ხვდებოდეს რა ტიპის დახმარება სჭირდება მას. თუ სხვა კრიზული ვითარების დროს, მაგ. ომის ან წყალდიდობის შემდგომ, თავად მივდიოდით და ადგილზე ვიკვლევდით საჭიროებებს, ახლა, ეს რესურსიც შეზღუდულია, სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პლატფორმის შექმნა გახლავთ მნიშვნელოვანი, არის ის, რომ როცა მოსახლეობა გაეცნობა სერვისებს, შესაძლოა, სწორედ მაშინ დაინახოს საკუთარი საჭიროებაც.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია, რადგან ჩვენ კიდევ არ ვიცით, პანდემია რამხელა ტვირთს დაუტოვებს, იგივე სხვადასხვა ქვეყნის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემებს. ახლა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიგოს რომ არსებობს სერვისები, რომლითაც მათ კვალიფიციური სპეციალისტების დახმარების მიღება დისტანციურად და უფასოდ შეუძლიათ.

უფასო ცხელი ხაზის მომსახურებისა და ონლაინ კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში გაერთიანებულ შემდეგ 17 ორგანიზაციას: 

 

COVID-19-ის შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, შესაბამის სერვისებში გადამისამართებას და  ფსიქოლოგიურ პირველ დახმარებას უზრუნველყოფს საქართველოს წითელი ჯვრის ცხელი ხაზი:       0 800 000 018.

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”, კოორდინაციაში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და კლუბ “სინერგიასთან”, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით, გადაუდებელი სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზით უზრუნველყოფს როგორც ფსიქოლოგის, ასევე ფსიქიატრის კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის გადამისამართებას – ტელ.: 2 911 000

კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს, გემბლინგსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულებულ პირებს, ასევე, ზოგად პოპულაციას COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული სტრესის მართვაში ეხმარება  “კლუბი სინერგია”. ფსიქოსოციალური მომსახურება ხორციელდება “გლობალური ინიციატივა ფსიქიტრიაში – თბილისის” (GIP) მიერ. ტელ: 599807021 / 599807024;

მოსწავლებს, მათზე მზრუნველ პირებსა და სკოლის ადმინისტრაციას კრიზისს ფონზე გამოვლენილი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88;

ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ პირებზე; ოჯახებზე, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ  COVID-19 და იმყოფებიან მაღალი სტრესის ქვეშ;  სამედიცინო პერსონალზე, რომელთაც უწევთ დაინფიცირებულ ან სავარაუდო დაინფიცირებულ პირებთან კონტაქტი – ზრუნავს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) – ტელ: 577 22 68 68, 577 12 68 68;

ლბტ ჯგუფის ფსიქოსოციალურ საჭიროებებზე ზრუნავს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – ცხელი ხაზი: 595 19 03 03;

კარანტინში მყოფ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს (16 წლიდან) ფსიქოლოგიურ პირველ დახმარებას გაუწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი – Skype: tsu_center;

მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მათზე მზრუნველ პირებს კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, დღის დაგეგმარებაში, ქცევის მართვის პოზიტიური მეთოდების გაზიარებასა და სხვა ფსიქოემოციური საჭიროების შემთხვევაში, UNICEF-ის მხარდაჭერით და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან კოორდინაციით, ეხმარება „საქართველოს ბავშვები“ – ტელ: 558485814;

მოსწავლეთა ოკუპაციებისა და ინკლუზიისათვის , როგორც მოსწავლეებს, ასევე, მათ მშობლებს დისტანციურ დამხარებას უწევს სტუდია „მოდი“ – ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე – ტელ: 593 27 04 03;

ილიაუნის სტუდენტებს შფოთვის, დაქვეითებული გუნება-განწყობის, სხვადასხვა შიშის, ურთიერთობში პრობლემებისა თუ სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობის შემსუბუქებაში ეხმარება ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი ტელ:  511 13 99 90; 511 13 99 91; 511 13 99 92; 511 13 99 94

 ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს უწევს:

ინიციატივა “ფსიქოლოგიური პირველი დახმარება” -ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის კონფლიქტების მართვისა და ანალიზის ინსტიტუტის ბაზაზე – ტელ: 574837231; სკაიპი: PFA CrisisAid;

ორგანიზაცია „ერთად ერთისთვის“, რომელიც სერვისს ახორციელებს საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული საზოგადოების წევრ ფსიქოლოგებთან ერთად – ტელ: 555 16 33 55;

ფსიქოსაგანმანათლებლო მასალების შექმნასა და კორონავირუსის რისკის ქვეშ ან მათზე მზრუნველი პირების შეკითხვებზე უკუკავშირს ახორციელებს ”საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოება” აკრედიტებული ფსიქიატრებისა და ფსიქოთერაპევტების გუნდით – ტელ: 599 735 443;

სტრესის დონის შემცირებასა და ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, მაინდფულნესზე დაფუძნებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, ზრუნავს “Happy Mind” – ტელ.: 577577002; 571914433;

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება – სერვისში ჩართულნი არიან როგორც ბავშვთა და მოზარდთა, ასევე ზრდასრულთა ფსიქოთერაპევტები და ფსიქოლოგები – www.gppo.ge ;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შექმნილი “ფსიქოლოგიური განწყობის კვლევის და კორექციის ცენტრი”-ს მოქალაქეებს ეხმარებს კორონავირუსთან დაკავშირებული კონსულტირების პროექტის ფარგლებში და სერვისში ჩართულია ფსიქიატრი, ფსიქოლოგ-კონსულტანტები და პედიატრი – ტელ: 599 90 87 67

კრიზიულ ვითარებაში, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაცია მზად არის, მოსახლეობას მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს. ინფორმაციისთვის მიმართეთ facebook გვერდზე.

სერვისებთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვებით დაუკავშირდით საქართველოს წითელი ჯვრის ცხელ ხაზს ნომერზე: 0 800 000 018 (ზარი უფასოა)