ტალღები

ავტორი: ირაკლი აბსანძე


მართლმსაჯულების ქართული რეფორმის ახალი და უახლესი ისტორია

ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოსაპოვებელ წინაპირობად ბრიუსელისგან 12 რეკომენდაცია თბილისმა 2022 წლის ივნისში მიიღო.

„ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს საფუძველი იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მისაღწევად, რომლებიც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას, იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის წინსვლას ზიანი მიაყენა, მან მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ დონეს მიაღწია და აქვს ეკონომიკური პოლიტიკის მყარი გამოცდილება და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, თუმცა საჭიროა შემდგომი რეფორმები მისი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. მთლიანობაში, საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი ევროკავშირის კანონთა კრებულთან შემდგომი შესაბამისობისთვის“, – ვკითხულობთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გასული წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ ტექსტში.

ერთი რეკომენდაცია კონკრეტულად მართლმსაჯულებას ეხება, თუმცა, სხვა პუნქტების გადაკითხვის შემდეგ ჩნდება განცდა, რომ დანარჩენი 11 პუნქტის შესრულებაც ნაკლებად სავარაუდოა დამოუკიდებელი და სანდო სასამართლოს გარეშე.

თუ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანად არ მუშაობს, წარმოუდგენელია, მოგვარდეს, მაგალითად, პოლიტიკური პოლარიზაციის, კორუფციის, „დეოლიგარქიზაციის“, ორგანიზებული დანაშაულის, მედიის თავისუფლებისა და მოწყვლად ჯგუფებში ადამიანის უფლებების დაცვის რეკომენდაციები.

თორმეტიდან რიგით მესამე რეკომენდაცია ასე ჟღერს: „(საქართველოს ხელისუფლებამ) მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; სახელდობრ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით“.

ეს ჩანაწერი, ერთი წაკითხვით, ძალიან ზოგადი ჩანს, მაგრამ თუ სასამართლო ხელისუფლებაში ბოლო წლებში მიმდინარე პროცესს ჩავუღრმავდებით, გამოჩნდება, რომ ევროკავშირი თანმიმდევრულია ქართული მართლმსაჯულების კრიტიკასა და გაუმჯობესების მცდელობებში.

ეკა ბესელია – იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე:

„ეს ზოგადი ჩანაწერი სინამდვილეში გულისხმობს ძალიან კონკრეტულ რამეს. მაგალითად, მოსამართლეების არჩევის ახალ წესს. ყველაზე დიდი კრიტიკა გამოიწვია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ცუდმა პროცედურამ და ძალიან ცუდი კანდიდატების არჩევამ. რეკომენდაციის კონკრეტული შინაარსი გულისხმობდა ამ წესების გასწორებას. პირველ რიგში ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირის 12 პუნქტის დღის წესრიგით მართლმსაჯულების საკითხი არ არის რიგითი საკითხი – მეშვიდე, მეათე, მეთორმეტე. ეს არის ნომერ პირველი თემა, თუ რით მოხდება შეფასება, შესრულდა თუ არა რეკომენდაციები, მოხდება სწორედ ამ კომპონენტით“.

ნაზი ჯანეზაშვილი – „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი:

„ინკლუზიური პროცესი სასამართლოს ნაწილში ვერ შედგა. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დახურული სამუშაო პროცესი წარმართა. მაგალითად, ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავით ამ ჯგუფის ნაწილი და ჩვენი წვლილი შეგვეტანა. ჩვენ გვქონდა სურვილი. ჩვენმა წარმომადგენელმა საკომიტეტოს მოსმენაზე პირდაპირ უთხრა ანრი ოხანაშვილს ამის შესახებ. მაშინ თქვეს, რომ ამაში ჩართულობის შესაძლებლობა მხოლოდ „ეროვნულ პლატფორმას“ აქვს“.

საქართველომ და მოლდოვას რესპუბლიკამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინეს. ამ ფაქტით ბათილდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ტირაჟირებული ცრუ დილემა – თითქოს ევროკავშირი ჩვენს საშინაო საქმეებში ერევა და სუვერენიტეტს ხელყოფს. ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი სურვილი და ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია. ბრიუსელელ ჩინოვნიკებს არავისთვის დაუხევიათ კალთები – აქაოდა, შემოგვიერთდით ჩვენს მშვიდობიან კეთილდღეობაში, თორემ გავბრაზდებითო. სადაც (საკუთარი ნებით) მიდიხარ, იქაური ქუდი რომ უნდა დაიხურო, ამ ქვეყანაში ყოველთვის იცოდნენ.

ცრუ დილემის მეორე კომპონენტია სახელისუფლებო სპიკერების წუწუნი – ფორმალურად ყველა პუნქტს ვასრულებთ, მაგრამ ბრიუსელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას აპირებსო. ევროკავშირს არასოდეს უთქვამს, რომ მათგან მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტიკისგან დაცლილია. ვერც იტყოდა – ევროპული ქვეყნების ეს ერთობა პოლიტიკური კავშირია და იმიტომ. 27 სახელმწიფო შეთანხმდა, რომ, საერთო ვალუტასთან და გარე საზღვრებთან ერთად, საერთო საგარეო პოლიტიკაც ექნებოდათ.

არსებობს გამონაკლისი, რომელიც, როგორც წესი, ტენდენციას ადასტურებს. მაგალითად, უნგრეთის პოპულისტი ლიდერი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირისთვის პრობლემად იქცა. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო სკრუპულოზურად ამოწმებენ გაწევრიანების მსურველი ქვეყნების ერთგულებას საერთო-ევროპული ფასეულობების მიმართ. ანუ, თავიდანვე ცდილობენ გამორიცხონ შემთხვევები, როდესაც ახალი წევრი თამაშის შეთანხმებულ წესებს უგულებელყოფს.

წინაისტორია და ევროპის ჩართულობა ქართული მართლმსაჯულების რეფორმაში

„სასამართლო მხოლოდ ფორმალურად არის დამოუკიდებელი, რეალურად კი მის საქმიანობას მთლიანად აკონტროლებს პოლიტიკური ხელისუფლება და უპრინციპო მოსამართლეთა ხელში სასამართლო ხშირად გვევლინება მისი უსამართლო სურვილების შემსრულებლად. ამიტომ სუფევს სასამართლო ხელისუფლებისადმი საფუძვლიანი უნდობლობა“, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში. დოკუმენტს, კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით, ხელს აწერენ: ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური და გოგი თოფაძე.

ამ ჩამონათვალიდან „ოცნებას“ დღეს არავინ წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი თავისი დაფუძნებული პარტიის მართვიდან ფორმალურად გასულია, დავით უსუფაშვილი ხელისუფლების ოპონენტია, დანარჩენები კი საჯარო პოლიტიკას საერთოდ განერიდნენ.

ეკა ბესელია – საარჩევნო პროგრამის მართლმსაჯულების ნაწილის ავტორი:

„ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით. კიდევ უფრო სახიფათო ვითარებაა, იმიტომ, რომ ის ხალხი, ვის გამოც ჩვენ ვამბობდით, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ფორმალურია, დღეს უვადოდაა არჩეული. მაშინ ათწლიანი ვადით იყვნენ“.

ევროკავშირი რეფორმის პროცესში გუშინ ან გუშინწინ არ ჩართულა. მართლმსაჯულების გაუმჯობესების პირობა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაშიც იდო. მარტივად რომ ვთქვათ, (მათ შორის) ამ საკითხში ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგია, მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია, რომლითაც 2017 წლიდან ვსარგებლობთ.

ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი:

„ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე მახსოვს, რომ შეიმუშავეს სასამართლო რეფორმის სტრატეგია. ეს იყო 2017 წელი. მაშინ პროცესი დღევანდელთან შედარებით, ბევრად გახსნილი იყო“.

რუბიკონი

პროცესზე დამკვირვებლებისთვის დღეს კარგად ჩანს, რომ წყალგამყოფი 2015 წელია. მანამდე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და საკანონმდებლო რიტორიკა კლანის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ბიძინა ივანიშვილი კლანს მაშინ გაურიგდა. იუსტიციის სამინისტრო, ისევე, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი, მაშინვე ჩახსნა პროცესისგან.

ეკა ბესელია:

„თავიდან წულუკიანს ჰქონდა ამის საშუალება, მაგრამ მერე ვითარება შეიცვალა და შეიცვალა თეა წულუკიანის შინაარსიც. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ის მოსამართლეებს შეხვდა იუსტიციის სამინისტროში და იქ არ იყო მიწვეული მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იქ იყვნენ გავლენიან ჯგუფებში მოაზრებული ხალხი, მაგრამ გვენეტაძე არ იყო მიწვეული. თუ მას ეს დაკვეთა არ ჰქონდა თავისი პოლიტიკური ლიდერისგან, ალბათ ასე არ მოიქცეოდა. როგორც კი შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება – შეხვდა მურუსიძეს, მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდა – შეიცვალა წულუკიანის დამოკიდებულებაც. ივანიშვილის არგუმენტი იყო ის, რაც თქვა კობახიძემ შემდეგ – რომ ეს ხალხი კარგი ხალხი გახდა, გამოსწორდნენ, აღარ ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს.

წულუკიანი ნამდვილად იბრძოდა თავიდან სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ დანებდა კლანს. დანებდა და გაურიგდა, იმიტომ, რომ დღეს მინისტრია.

ვინც წამოვედით, წამოვედით იმის გამო, რომ წითელი ხაზი არ გადავკვეთეთ. კლანი ჩემთანაც მოვიდა და მითხრეს – შენ იყავი ჩვენი მეგობარი და იქნები ჩვენი პატრონი. მთავარი პატრონი ჰყავდათ უკვე, მაგრამ ერთი პრაქტიკული პატრონიც ხომ სჭირდებოდათ?! იურიდიული კომიტეტი კლანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

კახა წიქარიშვილი, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი:

„ქართულ ოცნებას” ჰქონდა შესაძლებლობა, შექმნილიყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, გადამოწმებულიყო – რა დოზით არსებობს კორუფცია ჩვენს სასამართლოებში, რეალურად რა პრობლემებია მოსამართლეებში და ვინ მართავს რეალურად ამ სისტემას. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ საგამოძიებო კომისია დაბლოკა. ამიტომ, აღარ გვაქვს საკითხის სიღრმისეული შესწავლის მექანიზმი.

„ოცნების“ ხელისუფლების მთავარი მიზანია, შეინარჩუნოს სტატუსკვო, შეინარჩუნოს ის გავლენები, რაც აქვთ სისტემაში. მაღალი თანამდებობები, რომლებიც დღეს კლანს უჭირავს, მოდელი, რომლითაც სასამართლო სისტემაში მოსამართლეების შედინება ხდება“.

დასანქცირებული მოსამართლეები

ივანიშვილთან გარიგებული კლანისთვის, სავარაუდოდ, ყველაზე ცუდი დღე ამ წლის 5 აპრილია. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე, ოჯახის წევრებიანად, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ასეთი შემთხვევების განსაკუთრებით ეშინიათ კლანსაც და მათ პოლიტიკურ პატრონებსაც. მათი ურთიერთთანამშრომლობა ხომ არც საჯარო პოლიტიკის წესებს ეყრდნობა და არც რაიმე ღირებულებით პრინციპებს.

ფულზე და არაფორმალურ გავლენაზე დაშენებული ბანქოს კარტის სახლი, შესაძლოა, რომელიმე ერთი კარტის გამოცლით ჩამოიშალოს. ამით აიხსნება საჯარო ისტერია, როცა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტისგან გადაწყვეტილების დოკუმენტურად დასაბუთებას ითხოვს, „ოცნების“ სხვა მოლაპარაკე თავები კი სტრატეგიულ პარტნიორებს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ.

კახა წიქარიშვილი:

„ყველაზე მთავარი პრობლემა ჩვენს სასამართლოში არის მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის – კლანის არსებობა. მათი სახელ-გვარები ჩამოთვალა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პირდაპირ დაასანქცირა კლანის სათავეში მყოფი ადამიანები. სასამართლოში მოქმედი მოსამართლეები დასანქცირებულები არიან კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.

შესაბამისად, დღეს ჩვენთვის საკანონმდებლო ჩარჩო კი არაა პრობლემა, არამედ დე ფაქტო მდგომარეობა, როდესაც სასამართლო სისტემას მართავს კორუმპირებული მაფიოზური ჯგუფი, რომლისთვისაც საკანონმდებლო რეგულაციები პრობლემას არ წარმოადგენს.

ისინი არაფორმალურ გავლენებს იყენებენ საკანონმდებლო რეგულაციების გვერდის ასავლელად.

კლანი, ტალღები და ცაიტნოტი

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. ამ დროში ქართული მართლმსაჯულების არსობრივად გაჯანსაღება, ცხადია, ვერ მოხერხდება. მაგრამ ვითარება ჯერ კიდევ გამოსწორებადია, თუ ქვეყანა რეალური რეფორმების გატარების პოლიტიკურ ნებას აჩვენებს.

ნაზი ჯანეზაშვილი:

„ამ პირობებიდან გამომდინარე, რაც ამ მოკლე დროში ვერ მოესწრება, ნაწილი მაინც სტრატეგიაში უნდა ასახულიყო. „ოცნების“ მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება სულ სხვა რამეს აღიქვამს პრობლემად და სამოქალაქო საზოგადოება, გარეშე დამკვირვებლები – სულ სხვა საკითხებს.

ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, უნდა შეიცვალოს სისტემა, უნდა შეიცვალოს დანიშვნები. მისი თქმით, ყველაზე მტკივნეული, რაც მოხდა, ისაა, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება თითქმის დასრულდა. მხოლოდ სამი მოსამართლეა დარჩენილი, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე წელში გაუვათ და ეს სამი ვაკანტური ადგილიღა დარჩება. დანარჩენები რამდენიმე ათეული წელი თანამდებობაზე იქნებიან.

„წლებია ხელისუფლება მიმართავს პოლიტიკას, როცა კანონში შედის პროგრესული ცვლილებები, მაგრამ, ამავდროულად შეჰქონდა ცვლილებებიც, რომლებიც კლანისთვის გადაეზღვევი მექანიზმი იყო. მათ აძლევდნენ შესაძლებლობას, მიღებული პროგრესული ცვლილებებისთვის გვერდი აევლოთ”.

საბოლოოდ სასამართლო რეფორმის ტალღები ერთგვარი თვითმიზანი გახდა. „ქართულმა ოცნებამ” რეფორმის ტალღები აქცია უშინაარსო და ზედაპირულ საკანონმდებლო ცვლილებებად.