ჰომეროსი
დავიწყოთ ჰომეროსით.
ჰომეროსთან ჭამა-სმის საკითხები ძალიან სერიოზულადა დგას.
სტუმარ-მასპინძლობის წესები ასეთია – როცა სტუმარი მოდის, შეჰყავთ აბანოში. ხელებისა და ტანის დაბანა ქეიფის წინ აუცილებელი იყო. შემდეგ ათვალიერებინებდენ სასახლეს. როგორც ჩანს, მიჰყავდათ ოდნავ მოშიებამდე, ამის შემდეგ მასპინძელი მოიწვევდა სტუმარს ან სტუმრებს და ეტყოდა – მიირთვით იმდენად, რომ გახდეთ შემძლე, გასცეთ პასუხი ჩემს შეკითხვებს.
სანამ კაცს არ აჭმევდი, არ ასმევდი, არ დააპურებდი, მანამდე მისთვის კითხვა – ვინ ხარ სტუმარო, რა გინდა, რაზე მოსულხარო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. საერთოდ ამ კითხვის დასმა არ შეიძლებოდა პირველი დღეების განმავლობაშიც. ეს შეიძლებოდა სადღაც მეცხრე დღეს. თუკი სტუმარი თავად არ იტყოდა, შეიძლებოდა გეკითხა, რა ხდება, რაშია საქმე, რაზე ხარ მოსული, რამე ხომ არ გაგჭირვებია…
სტუმრებსაც თავიანთი ვალდებულებები ჰქონდათ – ისინი უნდა ყოფილიყვნენ წყნარად, არ უნდა ელაპარაკათ ბევრი და ხმამაღლა, დიდხანს არ უნდა შერჩენოდნენ სუფრას.
ჰომეროსთან პირველ ადგილზე ხორცი დგას, შემდეგ არის ყველი და, რა თქმა უნდა, ღვინო. ძალიან ხშირად ვხდებით აღწერას, როგორ მზადდება ხორცი, ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ.
რაც შეეხება სხვა საჭმელს – საჭმელების მეტი რა ჰქონდათ: ეს არის ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, სავსე ზღვის პროდუქტებით. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ზღვის პროდუქტები არ ითვლებოდა ვაჟკაცისთვის მისაღებ საჭმელად, ეს საერთოდ სიღარიბის ნიშანი იყო.
ოდისევსი და მისი გუნდი აღმოჩნდნენ კუნძულზე, რომელზეც ჰელიოსის ჯოგები ბალახობდნენ. ცნობილია, რომ ამ ხარებისთვის ხელის ხლება არ შეიძლებოდა. მანამდე ჩვენმა დედოფალმა, კოლხმა ქალმა კირკემ მათ გაატანა თაფლივით ტკბილი ღვინო, ბლომად ქერის ფქვილი, ასევე შებოლილი ან ლორად ქცეული ხორცი და გამხმარი ზეთისხილი. ეს საგზალი ნელ-ნელა ამოიწურა, მაშინ კუნძულზე დაუწყეს ნადირებს ძებნა, ხანდახან იპოვიდნენ კურდღელს ან ირემს. მაგრამ ესენიც უკვე ამოწყვეტილიყვნენ და ამინდიც არ აძლევდათ საშუალებას, რომ დატოვებინათ კუნძული. ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ აღარ იყო საჭმელი და გადავიდნენ თევზზე. ხოლო თევზი, როგორც ვთქვით, იყო ღარიბების საჭმელი. ისინი ამბობდნენ – რა სამარცხვინოა, ჩვენმა მეომარმა მეგობარმა, რომ დაინახონ ითაკელი მეომრები თევზს ჭამენ, როგორც უკანასნელი მათხოვრები, იქნებოდა ძალიან დიდი სირცხვილი.
ხორცი სიმდიდრესთან და კარგ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული, ხოლო ზღვის პროდუქტები, რომელიც ახლა ვიცით, რა ძვირფასი რამ გახლავთ, ითვლებოდა ღარიბების არჩივად.
იმ პროდუქტების ნაწილი, რომლებიც ახლა ჩვენთვისაა ცნობილი – პომიდორი, წიწაკა, კარტოფილი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამერიკის აღმოჩენამდე არ იყო და, ბუნებრივია, ჰომეროსის დროს ისინი უცნობია. ჰომეროსი არ იცნობს ლიმონს, ფორთოხალს, მანდარინს, ბადრიჯანს, ბრინჯს და ასე შემდეგ. სამაგიეროდ არის პროდუქტების ნაწილი, მაგალითად რუკოლა, ეგრეთ წოდებული, არტიშოკი, ანუ სატაცური, სხვადასხვა სახის ხახვი, პრასი და ასე შემდეგ, სხვადასხვა სახის კომბოსტო, სტაფილო, სალათის ფურცლები, მწვანილებიდან ბევრი რამ, მათ შორის ნიორი, ყაბაყი, ბოლოკი… მწვანილის სახეობები, განსაკუთრებით კი ქინძი, ნიახური, კამა, მისთვის ცნობილია.
ჰომეროსის დროს იცნობენ პარკოსნებს, როგორიცაა მუხუდო, ბარდა. ბუნებრივია, ლობიოს შესახებ არაფერი იცოდნენ. ხილიდან ცნობილი იყო ვაშლი, მსხალი, ბერგამოტი, ფინიკი. ბუნებრივია, ყურძენი, ზეთისხილი, (რომელიც, მოგეხსენებათ, ხილია) ქლიავი. კარგად იცნობენ ლეღვს, ამიტომ მასთან დაკავშირებულია ბევრი რამ.
ბერძნებმა იცოდნენ კომში, ბროწეული. მარცვლოვანიდან – ქერი და ხორბალი, ზოგიერთი ისეთი რამ იცოდნენ, რომ ჩვენთვის ძალიან ცნობილია, მაგალითად ზაფრანი, ძირა და ასე შემდეგ.
ძალიან უყვარდათ ყველი. რამდენიმე სახეობის ყველი ჰქონდათ. ბუნებრივია, კვერცხი. თაფლი ძალიან ხშირად ფიგურირებს ბევრ პროდუქტში, ასევე რძე, თხილეული, ზეითუნის ზეთი, ძმარი.
სასმელებიდან ცნობილია ლუდი, თაფლუჭი და ღვინო, მაგრამ ჰომეროსი მხოლოდ ღვინოს ახსენებს. ჰომეროსთან, მოგეხსენებათ, ძალიან ხშირია მსხვერპლთშეწირვის სცენები და ამ სცენებში ხშირად მონაწილეობს ქერი. აი, მაგალითად, „ქერის მარცვლები დააყარეს, თავი გადაუწიეს ხარებს, ყელი გამოღადრეს, გაატყავეს, ბარკლები მოაჭრეს, ორწყება ქონში შეახვიეს, ზემოდან უმი ხორცი დააწყვეს“. შეშაზე შეწვავენ ამას, მერე „ხუთკბილა ჩანგლებით შიგნეულობას გამოიღებენ, დარჩენილი ხორცის ნაჭრებს წამოაცვამენ შამფურებზე, ოსტატურად შეწვავენ, ჩამოყრიან შამფურებიდან. მერე მოამზადებენ სადილს, დასხდებიან სანადიმოდ. საერთო ნადიმზე არავის დაწყდება გული, იქნება პური, იქნება ხორცი, იქნება ღვინო, იქნება ყველი“. დამთავრდა სუფრა, მეტი არ არის, მაგრამ არის სიუხვე და ყველა ფეხის ნაბიჯზე ვკითხულობთ „შეწვეს, მოხარშეს, შეწვეს, მოხარშეს“, შეწვა არის კაცების საქმე, მოხარშვა და ცხობა – ქალების.
ღმერთები, ბუნებრივია, არ ჭამენ პურს და ღვინოს. აქვთ იქორი და არა აქვთ სისხლი, ჩვენგან განსხვავებული არიან. სამაგიეროდ, მათი მთავარი საკვები – ამბროსია და ნექტარი ხანდახან მოკვდავებისთვისაც შეიძლება. მაგალითად, ზევსი ეუბნება ათენას, „ჩემო შვილო, სულ მიატოვე ვაჟკაცი (აქილევსს გულისხმობს), გულში აღარ დაგრჩა სადარდებელი. ზის და დასტირის საყვარელ მეგობარს, დანარჩენები სადილად წავიდნენ, თვითონ უჭმელ-უსმელია. მაშინ მიდი, ნექტარი და სანატრელი ამბროსია ჩაუწვეთე მკერდში, რომ შიმშილი არ იგრძნოს“.
ცნობილია, ბერძნებისთვის ადამიანთა რაოდენობის საყვარელი რიცხვი სუფრაზე. ისინი თვლიდნენ, თანამეინახენი რომ არ უნდა იყვნენ ქარიტების რიცხვზე ნაკლები და მუზების რიცხვზე მეტი, ანუ იდეალური რაოდენობა სუფრაზე არის სამიდან ცხრა კაცამდე.
არისტოფანე
როცა ჭამა-სმაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ავტორი, რა თქმა უნდა, არისტოფანეა. მას საჭმელ-სასმელი პოეზიისა და დრამატურგიის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტად აქვს ქცეული. მასთან ძალიან ბევრია ოხუნჯობა, უხეში ხუმრობები. ხშირად არის ჭამა-სმასთან, ფიზიოლოგიასთან, მონელებასთან, ჰაერის გაფუჭებასთან, კუჭში გასვლასთან დაკავშირებული ამბები.
პირველსავე კომედიაში, რომელიც გადარჩა, (და ეს არის „აქარნელები“), ლაპარაკია იმაზე, რომ ერთი ადამიანი მტერთან სეპარატისტულ ზავს დადებს. მას მაშინვე უჩნდება საჭმელ-სასმელი იმიტომ, რომ იგი ამ ვაჭრობაში ყველაფერს ყიდულობს, რაც საჭიროა. ბევრი მოდის მასთან საჭმელად. მშიერია ხალხი, ომიანობის დროა, და კაცი აყვავდა. საჭმელ-სასმელი უცებ იძენს მნიშვნელობას. ზავი და მშვიდობა უპირველეს ყოვლისა არის ჭამა-სმა.
მეტაფორულად ზავი აღმოჩნდება ის ღვინო, რომლითაც ზავის სადღეგრძელო უნდა შეისვას. რაც უფრო ახალია ღვინო, მით უფრო მწკლარტეა, ანუ ძველი ღვინო სჯობს.
ჭამა-სმის მეტაფორებით სავსეა არისტოფანეს ყველაზე უფრო პოლიტიკური კომედია – „მხედრები“. ასეთი ამბავია, ათენელი ხალხი, დემოსი, რომელიც ცალკე პერსონაჟადაა გამოყვანილი, მოხუცი კაცია. მას ჰყავს ახალი მსახური, ვიღაცა პაფლაგონიელი, რომელშიც ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი, რადიკალური დემოკრატიის ლიდერი – კლეონი იგულისხმება. კლეონი უნდა დაამარცხონ და ვერ ახერხებენ. მაგრამ უპოვიან წინასწარმეტყველებას, რომელშიც წერია, რომ მას ვაჭარი დაამარცხებს, კერძოდ, მეძეხვე. ის ამბავი, რომ ვაჭრებმა შეიძლება პოლიტიკოსები დაამარცხონ, ჯერ კიდევ ძველ დროში სასაცილო ამბავი იყო, რომელიც ტრაგედიად ქცეული სიცილის ელემენტებს შეიცავდა.
მეტყავე უნდა დაამარცხოს მეძეხვემ. კლეონს ტყავის საწარმოებიც ჰქონდა. იპოვიან მეძეხვეს. ის იტყვის, რომ მე პოლიტიკოსი არა ვარ, ამიტომ როგორ უნდა გავაკეთო ეს საქმე? ესენი ეუბნებიან – პოლიტიკა ისეთივე ამბავია, როგორსაც შენ აკეთებ – უნდა გამოშიგნო, კარგად დაზილო, უნდა ჩამოაცვა და ა.შ. რასაც იცნობ შენ, ეგ არის სწორედ პოლიტიკა.
იგი შეჰყავთ ამ საქმეში, ბრძოლაში შედის, სადაც ბევრ რამეს მოახერხებს – ჭამა-სმას ეძლევა უდიდესი მნიშვნელობა – ჯერ ერთი, ერთი კონა ქინძით იგი იყიდის მთელ პარლამენტს, ცოტა თევზი და კონა ქინძი არის ის, რითაც შეიძლება პარლამენტის ყიდვა, მისი აზრით.
შემდეგ იქნება ძალიან ცნობილი კამათი, აგონი, შეტაკება მეძეხვესა და პაფლაგონიელს შორის, ე.წ. კალათების კამათი. ამ შემთხვევაში ისინი ხალხს სთავაზობენ საჭმელ-სასმელს, ნამცხვარს, კურდღელს, ხორცს… ხალხი იღებს და ამბობს, ამან კარგი მომცა, იმან უკეთესი… ბოლოს ხალხი იტყვის: მაჩვენეთ კალათები. და როცა აჩვენებენ მეძეხვის კალათას, ის ცარიელია. რაც ჰქონდა, ყველაფერი მისცა ხალხს. პაფლაგონიელის კალათაში კი აღმოჩნდება უამრავი ხორაგეული, იმიტომ, რომ ჩამოუჭრია, ნაჭერი მიუცია ხალხისთვის და დიდი ნაწილი თავისთვის დაუტოვებია. აი, ეს დაამარცხებს პაფლაგონიელს.
ჭამა-სმის მეტაფორებით სავსეა არისტოფანეს პოეტიკა მთლიანად. მაგალითად, იმისთვის, რომ თქვას, პილოსში მოხდა რაღაც შეტაკება, ის იტყვის „პილოსში მოვზილე ცომი ლაკონური. ის კი მომეპარა, მზაკვრულად მომტაცა“ ან როდესაც რამე მუქარა არის – „ვფიცავ დემეტრეს თუკი ამ მიწიდან ვერაფრით აღგჭამე, თავსაც არ ვიცოცხლებ“. მეორე უპასუხებს – „შეჭმით მემუქრები? მე შეგსვამ, იცოდე, თუნდ როცა ჩაგყლაპავ, გავსკდე ერთიანად“.
არსებობს ძალიან ცნობილი ანტიკური კერძი, რომელსაც ჰქვია მიტოტოსი. მიტოტოსი გახლავთ გარკვეული ტიპის პაშტეტი, რომელიც იწარმოება ნივრის, თაფლის, ყველისა და ზეითუნის ზეთის შეზავებით. გარკვეული კონსისტენცია აქვს, პაშტეტური და, მაგალითად, ისეთ ნაწარმოებებში, როგორიცაა „მშვიდობა“, მიტოტოსი მზადდება ბერძნული ქალაქებისგან. მაგალითად – „მეგარა, მეგარა (დიდი ქალაქია, მოგეხსენებათ), ახლავე დაგნაყავ და შეეზილები მიტოტოსს მთლიანად“. მერე იქნება სიცილიის რიგი – „ახლა, სიცილიავ, შენ დაიღუპები“ და ქვასანაყში ყველს აგდებს. ანუ მეგარა იყო ნიორი, დაინაყა. ახლა ინაყება ყველი – სიცილია. საბოლოოდ ამას ყველაფერს, ამბობს ღმერთი, ახლა ატიკურ თაფლსაც გადავავლებ, ანუ ატიკასაც დანაყავენ და თაფლად შეაზელენ ამ მიტოტოსს და ასე მიიღება მიტოტოსი.
არისტოფანესთან იმდენად მნიშვნელოვანია ჭამა-სმის მეტაფორები, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზეა და ისეთ ნაწარმოებში, როგორიცაა „კრაზანები“, სადაც სასამართლოზეა ლაპარაკი, სადაც ძაღლმა ყველი შეჭამა და ამიტომ მას გაასამართლებენ. ათენელები ხომ ჭკუას კარგავდნენ სასამართლო პროცესებზე. რომ მოენატრებოდათ პროცესი, ასეთ რამეს ამბობდნენ, რომ ერთი შემაჭამა პროცესუკა, მოთუშული ქოთანში.
აი, ასეთნაირად არის გაჟღენთილი ჭამა-სმით არისტოფანეს მთელი შემოქმედება.
ილია
ქართულ ლიტერატურაში ჭამა-სმის ამბები ბევრგან გვხდება, თუმცა არსად ისე მნიშვნელოვნად, როგორც ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანში“.
„კაცია-ადამიანი?!“, მოგეხსენებათ, ირონიული ნაწარმოებია და იგი იწყება იმის კონსტატაციით, რომ კაცის ხეირი მაშინ წახდა, როცა დაიწყო განათლება, „ფერი კი აღარ შერჩათ ჩვენს შვილებსა და!.. ჭამით ისინი ვერა სჭამენ, სმით ისინი ვეღარა სმენ, რა კაცები არიან?!“ ეს შეფასება, რომ ჭამა და სმა არის კაცობის ნიშანი, უაღრესად საინტერესოა. ილია ჭავჭავაძე მიანიშნებს, რომ ეს არ არის მარტო მისი პერსონაჟის ნაკლი, ეს საერთო ქართული შეხედულება უნდა იყოს.
ძალიან საინტერესოა, რომ მოფერებით ფორმად, მაგალითად, გენაცვალეს ნაცვლად ლუარსაბმა შეიძლება თქვას „შენი კუჭისა“. კუჭზე ორიენტაცია უაღრესად მნიშვნელოვანია ამ პერსონაჟის მეტყველებაშიც და აზროვნებაშიც. როდესაც „გოშიათი“ მოიხსენია იგი დარეჯანმა, თავიდან გააპროტესტა, მერე მიხვდა, რომ ძალიან მაგარი რამ არის და გადაწყვიტა, რაღაც უთხრას დარეჯანს ასეთი, ამ დონის და მან რა მოიფიქრა?! რა მოიფიქრა და „შენ იცი, ჩემი რა ხარ? სულის წიწმატი, გულის ტარხუნა, გონების, აბა რა ვთქვა? – თუნდა მარილი იყოს. კარგად არ ვთქვი, ის კარგი და სახელოვანი მამა ნუ წაგიწყდება? კარგი მოწყობა არ იყო?“.
როგორი კაცი არის ლუარსაბი?! როდესაც გაიგებს, რომ მოურავმა დათომ ხორცი ჩამოიტანა (ხორცი თუ ჩამოიტანა ბაზრიდან, ამ სოფელში ბაზარიც იყო, სადაც ისინი ცხოვრობდნენ). როცა გაიგო, რომ ხორცი არის – რა ნაჭერია? – იკითხა. ჩალაღაჯი – დამაჯერებელი პასუხია. მაგრამ მერე იკითხა – სამწვადე? სამწვადედ არის სუკი და, აი, ამას რომ გაიგონებს, მადლიერი გაიფიქრებს – ძვირფასი კაცია.
საბოლოო ჯამში ყველაფერი მიდის საღამომდე, სადაც დაისმება მთელი საქართველოსთვის, და შეიძლება არა მარტო საქართველოსთვის, ტრადიციული, სერიოზული შეკითხვა – „ყველა-ყველა და ამაღამ ვახშმად რა გვაქვს? – „ერთს საღამოს ლუარსაბმა თავის მეუღლეს ჰკითხა, როცა ქათმების შესხდომის დრომ მოაღწია. — დარეჯან!… ამაღამ რა უნდა ვჭამოთ?“.
რა აქვთ ამაღამ?! ამაღამ აქვთ მცირედი რამ – ცივად ძროხა, ღორის სუკები, ზურგიელი, ყველი, კაი პური – ესაა ვახშამი. ვახშმისთვის ცილოვანი შეტევაა. სერიოზულად არიან მომზადებული. მაგრამ ვახშამი დამთავრდება, ამის შემდეგ დაისმება ძირითადი შეკითხვა, რომ ხვალ რა იქნება, ხვალ?! „ხვალ?… – ჩაფიქრდა დარეჯანი, ვითომც და ძნელი გამოსარკვევი საქმე მიანდვეს: – ხვალ? დაიცა ერთი მოვიგონო… ხვალ? არტალაზედ როგორა ხარ?“.
ანუ საღამო იქნება, დილა თუ შუადღე, ხორცი არის გადამწყვეტი, რა თქმა უნდა.
„უჰ, უჰ! შენმა მზემ, კარგი რამ მოიგონე. არტალაზედ? ვაცივითა ვარ, ვაცივით, — უპასუხა მსუნაგსავით სულწასულმა თავადმა, — ბარაქალა, დარეჯან! ერთი კარგი მსუქანი არტალა, ჩვენი თედოს მოხარშული, ნივრით, — ერთ სახელმწიფოდა ჰღირს, მე და ჩემმა ღმერთმა. ეგ ძალიან კარგი. სხვა? მარტო ეგ რას გვეყოფა?“.
მარტო ეგ როგორ ეყოფათ, ახლა საჭირო არის წვნიანი და, აი, აქ იწყება ტრადიციული, შესანიშნავი კამათი იმიტომ, რომ ვერ თანხმდებიან წვნიანზე, ეს საკამათო საკითხია. „ერთი კარგი ჩიხირთმა? — ჰკითხა მაცდურის ღიმილით კნეინამა“. უნდა შეხედოთ, დარეჯანი უნდა დაინახოთ, ამას რომ ამბობს.
„ჩიხირთმა?.. ჰა, ჩიხირთმა?.. არა, გეთაყვა, ბოზბაში სჯობია“, ანუ ჩიხირთმა, როგორც ქათმის კერძი, ემსუბუქება ლუარსაბს. მას მიაჩნია, რომ ბოზბაში, რომელსაც ზემოდან ცხვრის, უფრო კალორიული კარგი კანჭი შეიძლება დაედოს, ჯობია.
და იწყება კამათი, ჩიხირთმა, თუ ბოზბაში – რომელი ჯობია. ჩიხირთმა ნერწყვს მგვრისო, რომ ვფიქრობო, მშიერი რომ ვარო, დარეჯანმა თქვა და ეს არ უნდა ეთქვა. აქ ლუარსაბს აქვს მომაკვდინებელი არგუმენტი, ის ამბობს – „შენ ხომ ჩიხირთმა მშიერს მოგგვრის პირში ნერწყვსა, მე კი ბოზბაში — მაძღარსაცა. აი, თუნდა ეხლა: მე ხომ ამაღამ შენზედ მეტი მიჭამია, მაგრამ რომ მაგონდება პირამდინ პურ-ჩაყრილი, ჩაჟუჟუნებული ბოზბაშით სავსე მათლაფა, თუ ზემოდამაც ერთი კარგი კანჭი აძევს!.. რას ამბობ, დედაკაცო? მე მოგიკვდე, თუ შენ გესმოდეს რამე: ბოზბაში — წვნიანების მეფეა, როგორც თართი — თევზებისა. შენ რა იცი, დედაკაცი ხარ”.
და, აი, აქ დაუშვა ისტორიული შეცდომა იმიტომ, რომ ბოზბაშისა და ჩიხირთმის შემთხვევაში შეიძლებოდა კიდევ კამათი, მაგრამ როდესაც მან თქვა, რომ თართი თევზების მეფეა, მაშინ დარეჯანმა მთელი მსოფლიოს, არა მარტო საქართველოს, მთელი მსოფლიოს სახელით უპასუხა, რომ არა, არსებობს უკეთესი თევზი, და მან თქვა, რომ „ორაგული თქმულა თევზების მეფედ და არა თართი“. ამაში დარეჯანს დაუჯერებდა მთელი მსოფლიო, ყველა რესტორანი რაც კი არსებობს, რამდენიმე რუსული ან აზერბაიჯანული რესტორნის გარდა.
და, აი, აქ კამათი გამწვავდა, იმდენად, რომ რაღაც მომენტში ლუარსაბმა იგრძნო, რომ თართს ვერ დაიცავს და უცებ თქვა, მე ორაგული ვთქვიო, რაც მისი მხრიდან ძალიან უნამუსო ნაბიჯი იყო. რა თქმა უნდა, მან ამაში უკან დაიხია, მაგრამ დარეჯანმა თქვა, რახან აქ უკან დაიხიე, იქნებ იქაც უკან დახიოო და იქნებ ჩიხირთმა ჯობია ბოზბაშსო და კინაღამ დათანხმდა.
„ლუარსაბი დაგვიღონდა, მკითხველო! ისე თავჩაღუნული იდგა, როგორც პატარა ბავშვი, როცა შაქრის ქურდობაში დაიჭერენ. არ იცოდა, რა ექნა. ჰგრძნობდა, რომ ცოლმა დაიჭირა, აჯობა, მაგრამ ამის კისრად აღება ეთაკილებოდა. სხვა დროს იქნება დაეთმო, მაგრამ ეხლა, რაკი საქმე სახუმარო აღარ იყო, რაკი ჯიბრზედ შედგა, ეხლა დათმობა სათაკილო ეგონა. მართალია, იყო წუთი, როცა ისე დამარცხებული ჰნახა თავისი თავი, რომ თითქმის დააპირა კიდეც ჩიხირთმის უკეთესობის აღიარება, მაგრამ ამ დროს თვალ-წინ წამოუდგა (აქ გულწრფელია!) მაორთქლავი მათლაბა ლავაშ-ჩაყრილის ბოზბაშისა, მოაგონდა ზემოდამაც გადახირული ბატკნის კანჭი, ამან გაიტაცა ისევ ლუარსაბი: ამის სულს ღონე მოემატა, გული გაუმაგრდა, დაავიწყა სირცხვილიც, დამარცხებაც, გამარჯვებაც და ათქმევინა ეს ღონიერი სიტყვები: მე არ ვიცი, თუნდ რომ მართლა ორაგული იყოს თქმული თევზების მეფედ, მაინც კიდევ ბოზბაში სჯობია ჩიხირთმასა“.
გენიალური სიტყვა არის, მძლე, გამარჯვებული კაცის სიტყვა.
ბოლოს და ბოლოს, ლუარსაბი ჰკითხავს თავის ავტორს, რას გადამეკიდე, რას მერჩი, პრობლემა რა არის ჩემში?! „მართალი ხარ“ – ეუბნება ილია – „ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით – რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია – ესეც კარგია: უარარაობას ეგა სჯობია. მაგრამ ეხლა ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?
ჭამა-სმა კი უყვარდა, მაგრამ უქნია რამ? ამაზე პასუხი აქვს თვითონ – „დიაღ, – მეტყვი შენ, – მისვამს და მიჭამია, არცერთი დღე მშიერი არა ვყოფილვარ“. აი, მისი პასუხი.
მოგეხსენებათ, ლუარსაბმა თავისი სიკვდილით დარეჯანის სიმართლე დაადასტურა, იმიტომ, რომ „ფერისცვალობის დღეს, რაღაც ეშმაკად, ნათლიმამამ ნახევარი ლიტრა კალმახი მოართვა. ჯავრისაგან (ჯავრისგან იმიტომ რომ დარეჯანი აღარ ჰყავდა) იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონსა“.
ერთხელ ჭოლა ლომთათიძემ თქვა, რომ ყველა ქართველში ზის ერთი პატარა ლუარსაბიო, მე არ დავეთანხმები ჭოლა ლომთათიძეს სიტყვაში „პატარა“, დანარჩენში, რა თქმა უნდა, იგი მართალია.
რაბლე
ჭამა-სმის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი მსოფლიო ლიტერატურაში, რა თქმა უნდა, არის რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“.
საერთოდ, უნდა ვთქვათ, რომ ფრანგები სამზარეულოთი ძალიან ცნობილი არიან. ძალიან ხშირად ჩვენ ვხმარობთ სიტყვა „გურმანს“. თუმცა ფრანგების თვალსაზრისით, ეს სიტყვა უფრო ღორმუცელას ნიშნავს, ხოლო ჩვენ რასაც ვგულისხმობთ გურმანში, მას ფრანგები უწოდებენ – „გურმე“.
არიან თუ არა გარგანტუასა და პანტაგრუელის პერსონაჟები გურმანები?! ამაზე ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფრანგული გაგებით – კი. ისინი, უპირველეს ყოვლისა, ღორმუცელები არიან, მაგრამ არიან თუ არა ისინი გურმანები, ამ სიტყვის საერთაშორისო გაგებით, ანუ გურმეები ფრანგულად. ამაზე შეგვიძლია, უარყოფითად ვუპასუხოთ, ისინი დახვეწილი გემოვნებით ნამდვილად არ გამოირჩევიან.
ძირითადად რა უყვარდა, მაგალითად, გრანგუზიეს?! გრანგუზიე არის გარგანტუას მამა, რომელიც იწყებს ამ შესანიშნავ საგვარეულოს. გრანგუზიე დიდი დარდიმანდი ვინმე იყო და, როგორც მაშინდელი წეს-ჩვეულება იყო, აუცილებლად ბოლომდე სვამდა და აუცილებლად აყოლებდა მარილიან რამეს. მარილიანი საკვები იყო მისი მთავარი სიყვარული – შაშხი ჰქონდა მრავალნაირი, მაინცურიც და ბაიონურიც. ასევე უყვარდა ბოლში გამოყვანილი ხარის ენა. ზამთრისთვის იმარაგებდა უზღვავი რაოდენობით ძეხვეულსა და მარილში ჩადებულ ძროხის ხორცს თავისი მდოგვიანად და, თუ დასჭირდებოდა, ხიზილალა და კუპატიც ბლომად მოეძევებოდა, როგორც ხედავთ, ძირითადად ხორცეულსა და ხორცის პროდუქტებს აქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას.
რაც შეეხება მის მეუღლეს – ქალბატონ გარგამელას, ისიც კარგი, სერიოზული მჭამელი ქალი იყო. ორსულად რომ იყო, ქმარმა უთხრა, რამე უწმინდურს პირი არ გაკრაო, მაგრამ გარგამელამ არ შეისმინა – 16 კარგა მოზრდილი კასრი, 2 მომცრო კოდი და 6 ხალანი შიგნეული ეგრევე შექანქლა. შექანქლა და იმას მუცელი დაადგა ისე, რომ ბავშვი ვერ დაიბადა ნორმალური გზით. ბევრი იარა მუცელში და როცა ვერ გამოვიდა, საიდანაც საჭირო იყო, ყურიდან დაიბადა. ამას მერე მოაყოლა რაბლემ ახსნა-განმარტება, რომ, მაგალითად, თეძოდან დაბადებული დიონისეს შემდეგ, დიდი ამბავი, გარგანტუა თუ ყურიდან დაიბადებოდა.
გარგანტუა დაიბადა თუ არა, „აღუს“ ნაცვლად ამოთქვა, დალევა მინდაო. უფრო სწორად – ნუნუა-ნუნუა დაიძახა, თავიდანვე, ახალშობილმა ბავშვმა გამოავლინა დინასტიისადმი ერთგულება.
უზარმაზარი პირი რომ დააღო, მამამ თქვა “Quelle grande pua”, რამოდენა ყანყრატო გქონიაო და Quelle grande-დან დაიბადა სახელი გარგანტუა. მეძუძური რომ იყო გარგანტუა, 17 913 რქა მეწველი ფური სჭირდებოდა.
გარგანტუა ძალიან კარგი მჭამელი გამოდგა, ერთ მშვენიერ დღეს მან სალათას 6 მწირი შეატანა ისე, რომ ვერ შეატყო ეს ამბავი. სადილის კაცი არ იყო იგი, სადილზე ცოტას წაწიწკნიდა, მაგრამ ვახშამი უყვარდა, უყვარდა უხვი და გრძელი ვახშამი. იმდენს ჭამდა, იმდენს ჭამდა, სანამ ძალიან სერიოზულად არ მოღონიერდებოდა, როგორიც არის პურის ჭამის წესი და რასაც გვასწავლის ჭეშმარიტი სამკურნალო მეცნიერებები, – გვეუბნება რაბლე, რომელიც განათლებით ექიმი იყო.
გარგანტუამ და გრანგუზიემ აჩვენეს პურის ჭამის ძალიან სერიოზული მაგალითები და მათ არ ჩამორჩათ მემკვიდრე, გარგანტუას ძე. პანტაგრუელი რომ დაიბადა 4 600 ძროხას წოვდა ძუძუს. ერთხელ პატარა რომ იყო, სულ ჩვილი ძუძუს ჭამდა და ისე გაერთო, რომ ძროხას გამოუჭამა არა მარტო ძუძუ, არამედ შიგნეულზეც გადავიდა. როცა საწყალმა ძროხამ ბღავილი დაიწყო, ხალხი მოვარდა, ძროხა გამოგლიჯეს ხელიდან, მაგრამ ჩვილმა ბარკალი მოატეხა ძროხას და ისიამოვნა.
პანტაგრუელის გემოვნება დიდად არ განსხვავდებოდა თავისი ნათესავებისა და წინაპრების გემოვნებისაგან. მაგალითად, მას ხუთი ურემი ცხვრის თავები და შემწვარი ღორის ხორცი გამოუგზავნა პანურგმა მეფე ანარქის ქორწილიდან. როცა პირს დააღებდა, მსახურები ნიჩბებით დოქს მიაყოლებინებდნენ ხოლმე და, ბუნებრივია, ამდენ საჭმელს რა მოინელებდა, რომ არ ესვათ, სვამდნენ და სვამდნენ ძალიან სერიოზულად.
რაბლეს ძალიან უყვარს გადაჭარბებები, ლაპარაკია ათასებზე, ასი ათასებზე, უზარმაზარი, მთელი ჯოგები იჭმება ხოლმე თითო სადილზე.
რაბლეს დროს უკვე არსებობდა კულინარიული წიგნები და არსებობდა ძალიან დახვეწილი ფრანგული სამზარეულო, მაგრამ რაბლემ ამას განზრახ აუარა გვერდი. მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ მთელი ამბავი მისი პერსონაჟებისა უპირველეს ყოვლისა არის რაოდენობაში. მაგალითად, ის ამბობს ასეთ რამეს – პატარა სადილი იყო, სულ იყო 16 ხარი, 3 ხბო, 32 დეკეული, 79 თხა, 95 ცხვარი, 300 ძუძუთა გოჭი შესანიშნავი სოუსით, 700 ბეკასი, 6 000 წიწილი, ამდენივე ქედანი, 1 400 კურდღელი და ასე შემდეგ. ჭკუას კარგავს ამ ჩამოთვლებზე და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის ზეიმი ხორცისა, რომლითაც რაბლე ახერხებდა სულიერი პრობლემების კრიტიკას.
უმბერტო ეკო
უმბერტო ეკო, როგორც გურმანი, ცნობილია იმით, რომ თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებში სერიოზულად შეაქვს ჭამა-სმის ელემენტები.
ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა „პრაღის სასაფლაო“, სადაც მას ჰქონდა ამოცანა – შეექმნა მკვეთრად უარყოფითი პერსონაჟი, რომელმაც შექმნა ძალიან სერიოზული გაყალბებული დოკუმენტი და მთელი მსოფლიო ისტორია შეცვალა. მაგრამ ეს პერსონაჟი გურმანი აღმოჩნდა და ამან რაღაცნაირად მისი უარყოფითი თვისებები დააბალანსა. მე ვფიქრობ, რომ გურმანობა მაინც არის თვისება, რომელსაც ადამიანს უარყოფითად ვერ ჩავუთვლით.
სიმონე სიმონინი მაგალითად ამბობს, რომ მეხსიერებას არ უჩივის, მაგრამ საუკუნეებია ამ მენიუს სურნელი აღარ შემიგრძნიაო და ჩამოთვლის ხოლმე – „სამეფო სუფლე, კამბალას ფილე ვენეციურად, ჩაშუშული ლოქო, ცხვრის ბეჭი პიურეთი ბრეტონულად, ქათამი პორტუგალიური საკმაზით, ქათმის პაშტეტი ფენოვან ცომში, კიბორჩხალები პარიზულად, მთავარ კერძად იხვი რუანული სოუსით ან ბაღის გრატის კანაპე გარნირად, ბადრიჯანი ესპანურად, სატაცურის ღეროები ან კარტოფილის შებრაწული ბურთულები, ნაღების სოუსით. ღვინო, არც კი ვიცი, ალბათ, შატო მარგო, შატო ლატური ან შატო ლაფიტი, წელს გააჩნია. დესერტი – ნაყინის ბურთულები. ჭამა ყოველთვის მეტად მაკმაყოფილებდა, ვიდრე სექსი, ალბათ ესეც მღვდლების გავლენაა“, – აი, ასეთ პერსონაჟს ვეცნობით, რომელიც გურმანია და დადის ძალიან მაღალი რანგის რესტორნებში, იქაურ კერძებს აღწერს, მაგრამ ამავე დროს თვითონაც არის შემოქმედი.
აი, ერთ-ერთ შემთხვევაში ის გვეუბნება – „ავიღოთ, მაგალითად, ხბოს სუკი ჰოლანდიური სოუსით“, გვაცნობს ინგრედიენტებს, „მინიმუმ, ოთხი სანტიმეტრი სიმაღლის ხორცის ნაჭერი – ორი კაცის პორცია, ორი საშუალო ზომის ხახვი, 50 გრამი პურის გული, 75 გრამი გახეხილი ყველი, გროვიერა (ანუ გრუვიერი) და 50 გრამი კარაქი. პურის გულს დააქუცმაცებ, გროვიერას შეურევ, 50 გრამ კარაქს პატარა ქვაბში გაადნობ, დარჩენილ კარაქში კი წვრილად დაჭრილ ხახვს მოშუშავ, მოშუშული ხახვის ნახევარს ფაიფურის ჭურჭლის გრძივზე დააწყობ, ზედ მარილითა და პილპილით შეკმაზულ ხორცს დაადებ, გვერდით კი დარჩენილ ხახვს მოუწყობ, მერე ამ ყველაფერს ყველისა და დაქუცმაცებული პურის გულის ნარევით დაფარავ და ხორცს ხელით დააწვები, რომ კარგად მიეკრას ჭურჭელს, ზევიდან გამდნარ კარაქს მოასხამ, შემდეგ დაქუცმაცებული პურის მეორე ფენით დაფარავ, კარგად მოამრგვალებ და ისევ დაამატებ გამდნარ კარაქს. სულ ბოლოს თეთრ ღვინოსა და ხორცის ნახარშს მოასხამ ისე, რომ ხორცი ნახევრამდე დაფაროს და ღუმელში შედგამ, დაახლოებით, ნახევარი საათით. დროდადრო უნდა გამოიღო და კოვზით თავისივე წვენი მოასხა, რომ არ გამოშრეს. როცა მზად იქნება შებრაწული ყვავილოვანი კომბოსტოს გარნირით მორთავ“.
წიგნი სავსეა გურმანული გამოხტომებით. მაგალითად, აღწერილია, მონტოგრეის ქუჩაზე, ფილიპის რესტორანი. მე გამიკითებია და ბევრს ვურჩევ – „პრაღის სასაფლაოს“ მიხედვით პარიზის ის ხუთი თუ ექვსი რესტორანი მოინახულოს, რომლებიც იქ არის აღწერილი და არავინ წააგებს. წიგნში ნათქვამია, რომ მე-19 საუკუნეში ეს ძვირიანი რესტორნებია, თუმცა, ახლა მათ ჩვეულებრივი, სტანდარტული სარესტორნო ფასებით ადევთ.
ძალიან საინტერესოა, როცა აღწერილია, კუ როგორ უნდა დამუშავდეს. თითქოს იოლად გასაკეთებელი ჩანს: – „ზურგზე გადმოატრიალებ თუ არა, სულელი თავს გამოყოფს ბაკნიდან, თავს წააცლი, 12 საათი კუდით დაკიდებ, რომ სისხლი დაიწრიტოს. მერე ამოაბრუნებ და გრძელ დანას გაუყრი მუცელსა და ბაკანს შორის, ძალიან ფრთხილად, რომ ნაღველი არ გაუხვრიტო, თორემ ხორცი უვარგისი გახდება“. მერე აღნიშნულია, რომ შიგნეულიდან არაფერი არ ვარგა, მთელი მასა უნდა გადააგდო და მარტო ღვიძლი დატოვო და ხორცის ორი პატარა მრგვალი ნაჭერი გამოდის. სითეთრითა და გემოთი ჰგავსო ხბოს ყვერებს. აპკი უნდა გავაცალოთ თურმე ამ ღვიძლს, გავასუფთაოთ, ნაჭრებად დავჭრათ, წიწაკით, მიხაკის თესლით, სტაფილო, ძირათი, დაფნით უნდა შეზავდეს და დაბალ ცეცხლზე რამდენიმე საათით ვხარშოთ. ცალკე კეთდება ოხრახუშით, ქაფშირითა და მწვანე ხახვით შეკაზმული წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცის ნახარში, ჩაშუშული და ამას ყველაფერს მოასხამ კუს ნახარშს. ანუ ერთმანეთს ხვდება სამი ტიპის ცილა, ეს არის კუს ხორცი, ქათამი და ქაფშია. ესეთი კომბინაცია – კუ, თევზ-ქათამი და უამრავი მწვანილი.
ღვინო – თუ მადერა არა გვაქვს, შეიძლება მანსალა, ერთი პატარა ჭიქა ჭაჭის არაყი ან რომი – უნდა სულ ბოლოს. ეს გემოებს კრავს.
არის კიდევე ერთი რეცეპტი აღწერილი ალექსანდრე დიუმას შემოქმედებიდან. ამ შემთხვევაში, არ იგულისხმება ლიტერატურული შემოქმდება. ბულიონში მოხარშულ კარტოფილს თხლად ჭრიან და სანამ კიდევ თბილია აზავებენ მარილ-პილპილ-ზეითუნის ზეთში და ორლეანის ძმარში, ერთ ჭიქა თეთრ ღვინოსაც ამატებენ და წვრილად დაჭრილ სხვადასხვა მწვანილს მოაყრიან. ნიახურის, სტაფილოსა და ხახვის ნახარშში მსხვილ მოლუსკებს ხარშავენ, შემდეგ ყველაფერს ერთმანეთში აურევენ და შამპანიურში მოშუშული ტრიუფელის სოკოს თხელი ნაჭრებით მორთავენ.
ეს ამდენი… ასეთი კარტოფილის, მოლუსკებისა და სოკოს კომბინაცია, კარგად მოუფიქრებია ალექსანდრე დიუმას შვილს. ეტყობა ვისი შვილიცაა, იმიტომ, რომ ისიც ძალიან სერიოზული გურმანი იყო.
ეს არ არის ყველაფერი, რაც არის ამ რომანში, მაგრამ ყველა ხვდება, რომ რომანი არამარტო წასაკითხი, არამედ დასაგემოვნებელია.