ტოპ 5 ციხეში დაწერილი წიგნი

დონ კიხოტი

მიგელ დე სერვანტეს საავედრა 1547 წელს იტალიაში დაიბადა. კასტილიის დატოვების შემდგომ, რის მიზეზიც უცნობია, მწერალი 1570 წელს ჯარისკაცად ეწერება ნეაპოლში, საზღვაო საქვეითო პოლკში, სადაც რამდენიმე წელს გაატარებს, მანამდე, სანამ აქტიურ სამხედრო სამსახურში შევა. ხომალდი „მარკიზი“, რომელზეც მწერალი იმყოფებოდა, „წმინდა ლიგის“ საგალერო ფლოტში შედიოდა. შვიდ ოქტომბერს „წმინდა ლიგა“ პეტრასის სრუტეში, ლეპანტოსთან ბრძოლაში  ოსმალეთის ფლოტილიას ამარცხებს.

მიუხედავად იმისა, რომ სერვანტესი ციებ-ცხელებით იყო დაავადებული, არ დარჩა ლოგინში, ჩაერთო ბრძოლაში და აქილევსის ღირსი სიტყვა წარმოთქვა: „მირჩევნია ვიყო ავად, მქონდეს სიცხე და ვიბრძოლო, ვიდრე დავიმალო გემბანის ქვეშ“. მწერალს სამი ტყვია მოხვდა, ერთი მხარში, ორი მკერდში. მარცხენა ხელში მოხვედრილმა პირველმა ტყვიამ ხელის მოძრაობის უნარი წაართვა, რასაც შემდგომ თავად მწერალი ახსენებს წიგნში „პარნასზე მოგზაურობა“ – „დავკარგე მარცხენა ხელი, რომ განმედიდებინა მარჯვენა“. ამის შემდგომ ხიფათითა და შემთხვევითობებით სავსე მწერალი, ალჟირში, ხანგრძლივ ტყვეობაში ხვდება და გადასახადით თავისუფლდება.

1597 წელს დიდი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტესი ციხეში ხვდება. ბრალად ედება სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვა, რაც უკავშირდება მისი სამეფო არმიის ინტენდანტის თანამდებობას, მოვალეობას – ამოეღო ვალები, რომლებიც მოსახლეობას ჰქონდა და ამოღებული ფულით შეეძინა პროვიანტი.

მწერალმა სამუშაოს თავი ვერ გაართვა, ცუდი მოხელე აღმოჩნდა, გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანი, რომელმაც თანხები ბანკირს მიანდო. ეს უკანასკნელი კი ფულთან ერთად გაუჩინარდა. ამ მიზეზით იჭერენ მიგელ დე სერვანტეს საავედრას, რომელსაც სწორედ ციხეში ყოფნის დროს, საკანში უჩნდება დიდებული რომანის, „დონ კიხოტის“, დაწერის იდეა. 1605 წელს გამოდის „დონ კიხოტის“ პირველი ნაწილი. ეს ის პერიოდია, რომლის შესახებაც, თითქმის არაფერი არ არის ცნობილი.

სერვანტესის ცხოვრებაში უამრავი შემთხვევითობაა: შეიძლებოდა ამერიკაში გაეშვათ, იქ დაკარგულიყო, ციხეში არ ჩაესვათ და „დონ კიხოტი“ არ დაეწერა. ყველა შემთხვევითობამ სერვანტესს, როგორც ადამიანს უბედურება, ხოლო, როგორც მწერალს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი შედევრი, „დონ კიხოტი“ დააწერინა.

2002 წელს ნორვეგიაში 66 ქვეყნიდან 100 მწერალი მოიწვიეს. მათ უნდა ჩამოეწერათ ათი წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიას მნიშვნელოვანი კვალი დაატყო. წიგნის კლუბმა ჩანაწერები შეკრიბა, შეიქმნა ასი წიგნის კონპენდიუმი, რომელშიც დოსტოევსკი, კაფკა, შექსპირი, ტოლსტოი შედიოდნენ.

გამოკითხვის დასასრულს პირველ ადგილზე გასული წიგნი დასახელდა. 2002 წელს ნორვეგიაში 66 ქვეყნიდან მოწვეულმა ასმა მწერალმა, ყველა დროის ყველაზე დიდ წიგნად სწორედ „დონ კიხოტი“ დაასახელა.

ყვავილების ღვთისმშობელი

თუ ერთი წამით დავიჯერებთ, რომ არსებობს რეინკარნაცია, ფრანსუა ვიიონი შესანიშნავი მაგალითია. მეოცე საუკუნეში ის ჟან ჟენეს სრული რეინკარნაციაა. ორივეს ჰქონდა წარმოუდგენელი შემოქმედებითი ტალანტი, რომელიც თანამედროვეებმა ვერ შეამჩნიეს.

ჟან ჟენემ სადებიუტო რომანი „ყვავილების ღვთისმშობელი“ ნაცისტური ოკუპაციის დროს, ციხეში დაწერა. იგი სასჯელს იმ დროისთვის მისთვის უცნობი მწერლის, პრუსტის წიგნის ერთ-ერთი ტომის მოპარვისთვის იხდიდა (სხვა ვერსიით, ეს იყო ვერლენის იშვიათი გამოცემა).

ჟენეს ეს წიგნი 1943 წელს იატაკქვეშეთის ტიპოგრაფიაში, პარიზში, გერმანული ოკუპაციის დროს 350 ეგზემპლიარად დაიბეჭდა. ეს ის პერიოდია, როდესაც გერმანული ოკუპაციის დროს, ფრანგული წიგნი არ უნდა დაბეჭდილიყო.

ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნი მოგვითხრობს ტრანსვესტიტი პროსტიტუტის ამბავს, რომელიც თხრობის დასაწყისში ტუბერკულიოზით კვდება და წმინდანად შერაცხავენ. იგი მანსარდაში, მონმარტის სასაფლაოსთან ცხოვრობს და უამრავი საყვარელი ჰყავს. მასთან ერთადაა სუტენიორი, რომელიც ერთ დღეს სახლში  ავაზაკსა და მკვლელს, მეტსახელად „ყვავილების ღვთისმშობელს“ მოიყვანს. იგი მოკლავს მოხუც კლიენტს. მას დაიჭერენ და გაადააგზავნიან გილიოტინაზე, მკვლელის უკანასკნელი სიტყვებია: „მოხუცი განწირული იყო, მას არავისზე არ უდგებოდა“.

მწერალი ბევრმა შემთხვევითობამ გადაარჩინა, გადაურჩა ფრანგებს, საკონცენტრაციო ბანაკს, წიგნის წერისას იწვევდა ფანტაზიებს, რომ ჰქონოდა მასტურბაციის საშუალება და წერდა შესახვევ ქაღალდზე. წიგნზე პოლ ვალერი წერდა: „გენიალურია, მაგრამ გამოქვეყნება არ შეიძლება“. ჟან-პოლ სარტმა ჟენეს წიგნს „მასტურბაციის ეპოსი“ უწოდა.

ის ჟურნალ „ალბარეტში“ მაინც დაიბეჭდა და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ, არ სძინავს არც ეშმაკს, არც ტალანტს. ციხეში დაწერილი წიგნებიდან „ყვავილების ღვთისმშობელი“ – დიდი შედევრი გახლავთ.

De Profundis

თუ ციხემ თავის დროზე დოსტოევსკის, სოლჟენიცინის, შალამოვის, გინსბურგისა და ო ჰენრის შემთხვევაში, სამწერლობო პოტენციალი გაზარდა, ოსკარ უაილდი იყო მწერალი, რომელიც, რედინგსის ციხემ, დამამცირებელმა სასამართლო პროცესებმა, მისი წიგნების  გაყიდვიდან  ამოღებამ, საზოგადოების მიზანმიმართულმა, კარგად ორგანიზებულმა ზიზღმა გატეხა და ჯანმრთელობა შეურყია.

სოლჟენიცინის აზრით, ადამიანი ციხეში ადამიანობას ინარჩუნებს და ციხემ შეიძლება დადებითად იმოქმედოს მასზე.

შალამოვი მიიჩნევს, რომ ციხეს არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ციხეში არაფრის დაწერა არ შეიძლება.

ციხემ ო’ჰენრის შეუქმნა ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მისცა შესაძლებლობა, შეექმნა შედევრი.

ოსკარ უაილდს მხოლოდ მაშინ მისცეს სამედიცინო მიზნით ციხეში წერის შესაძლებლობა, რაც ჰომოფობი ზედამხედველი, ისააკსონი გაათავისუფლეს და  ციხის დირექტორი შეიცვალა.

მწერალი 1900 წელს პარიზში გარდაიცვალა. ათი წლის შემდეგ ჩვეულებრივი სასაფლაოდან  „პერლაშეზის“ სასაფლაოზე გადაასვენეს, დაუდგეს ულამაზესი სფინქსის ძეგლი, რომელიც მილიონობით კოცნისგან დატოვებული პომადის ნარჩენების გამო შუშაში ჩასვეს.

მწერლის წიგნი აღსარება, „დე პროფუნდის“ – ანუ სიღრმიდან, წიაღიდან ვყვირი მე – 1897 წლის იანვარ-მარტის პერიოდში დაიწერა და 1904 წელს, გერმანულ ენაზე, სხვა სათაურით გამოქვეყნდა. ის ეძღვნება მის საყვარელს – ალფრედ დუგლასს.  წიგნს წერილის ფორმა აქვს და უწოდებენ, როგორც გზავნილს ციხესა და ბორკილებში.

გათავისუფლების შემდგომ, 1897 წლის 18 მაისს, მწერალს დაუბრუნდა ხელნაწერები, რომლებსაც ციხის უფროსი ინახავდა. ხელნაწერი, ჟურნალისტმა – მეტსახელად „ბოზიმ“ – უაილდის სიკვდილიდან ხუთი წლის თავზე, „დე პროფუნდის“ სახელით გამოსცა.

ეს სიტყვები აღებული ფსალმუნიდან, რომელიც ახალ თარგმანში ასე ჟღერს: „სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ უფალო, უფალო ისმინე ჩემი ხმა, მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად“.

სოდომის ასოცი დღე

მარკიზ დე სადს, ცნობილს დაუსრულებელი ორგიებით, ბრალდებებითა და სექსუალური სკანდალებით, მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთი სასტიკად დევნიდა. მწერალი ხშირად სტუმრობდა ბასტილიას, ადგილს, სადაც მისი სიკვდილით დასჯა უნდოდათ. სადმა შვიდი წლის განმავლობაში, ციხეში რამდენიმე პორნოგრაფიული რომანი და მათ შორის „სოდომის ასოცი დღე“ – ანუ გარყვნილების სკოლა დაწერა. მას ისტორიაში ყველაზე ბინძურ რომანს უწოდებენ.

1789 წლის 4 ივლისს სადი ციხიდან შარანტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 10 დღის შემდეგ, საფრანგეთის დიდი რევოლუციისას ბასტილია აჯანყებულმა პარიზელებმა აიღეს. გაანადგურეს საკანი, რომელშიც სადი იმყოფებოდა. განადგურებას კედელში დამალული „სოდომის ასოცი დღე“ გადაურჩა, რომელიც 1904 წელს ივან ბლოხმა, გერმანელმა სექსოლოგმა გამოსცა.

1785 წელს დაწერილი რომანი „სოდომის ასოცი დღე“, რომელსაც სადი 37 დღის განმავლობაში, ციხეში ჯდომისას, გაურკვეველი წვრილი ხელით, თორმეტმეტრიან ქაღალდის რულონზე წერდა, და სამი თაობის განმავლობაში, მარკიზ დე ვინერტრანი ინახავდა – მოგვითხრობს ოთხი ძალიან ცნობილი გამრყვნელის ისტორიას, რომლებიც გადაწყვეტენ, გამოსცადონ უმაღლესი სექსუალური ტკბობა, რომელიც ორგიითაა შესაძლებელი. დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტით, ტყის შუაგულში,  ჰერცოგი ბლანჟი, ეპისკოპოსი, მისი ძმა, თავმჯდომარე კირვალი და ბანკირი, ბორდელის მფლობელ ოთხ ქალთან, რვა კაცთან და 38 მსხვერპლთან ერთად ოთხი თვის განმავლობაში ციხესიმაგრეში ჩაიკეტებიან. ოთხი მთავარი პერსონაჟი ბორდელის მფლობელებისგან ისმენენ გარყვნილ ისტორიებს და მოთხრობებით აღზნებული აწამებენ მსხვეპლს. წამება სულ უფრო მტკივნეული და სასტიკი ხდება და მსხვერპლის გარდაცვალებით სრულდება. რომანი, სიუჟეტიდან გამომდინარე, არ იბეჭდებოდა და პირველად მეოცე საუკუნის დასაწყიში გამოქვეყნდა. ითარგმნა მრავალ ენაზე, მათ შორის: იაპონურ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. რამდენიმე სახელმწიფომ რომანი სექსუალური ძალადობის დეტალური აღწერისა და უსაშინლესი სისასტიკის გამო  აკრძალა.

ხელნაწერი, რომელიც მეც მინახავს, პარიზის ხელნაწერთა და მანუსკრიპტთა მუზეუმში მას შემდეგ ინახება, რაც მუზეუმის დირექტორმა – ჟერარ ლერიტიემ შვეიცარიელი კოლექციონერისგან შვიდ მილიონ ევროდ შეისყიდა.

მსოფლიოს საოცრებათა წიგნი

მოგზაური მარკო პოლო, 1254 წელს ვენეციაში დაიბადა და 1324 წელს იქვე გარდაიცვალა. ტრადიციული ვერსია მე-19 საუკუნეში ხორვატებმა სადავო გახადეს. ირწმუნებოდნენ, რომ პოლოების ოჯახი 1430 წლამდე კორჩულეში ცხოვრობდნენ, ხორვატიის ტერიტორიაზე. წარმომავლობაზე ეს კამათი რაც ხაზს უსვამს მარკო პოლოს პოპულარობას.

მამამ და ბიძამ დიდი გავლენა იქონიეს მარკო პოლოს მოგზაურობაზე. ოჯახი თავს ძირითადად ვაჭრობით, საიუველირო ნივთებისა და ტკბილეულის გაყიდვით ირჩენდა. ის პირველად მამასთან – ნიკოლო პოლოსთან და ბიძასთან ერთად 1260 წელს ინდოეთსა და ჩინეთს ესტუმრა. მოგზაურები ჯერ ყირიმს, ხუბილაისს და შემდგომ იერუსალიმს ესტუმრნენ. რაც შეეხება თავად მარკოს მოგზაურობას, ის 1271 წლიდან დაიწყო. ის ზღვის გზით მცირე აზიის სანაპიროს, სომხეთს, მესოპოტამიას, ირანს, პამირს, კაშტაგირიასა და ჩინეთს ესტუმრა. მარკო პოლო 1275 წელს ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქს დონხუანს ეწვია, ხუბილაის საზაფხულო რეზიდენციას – შანდუში, დღევანდელ განსუში. სამი წლის განმავლობაში, იანჯოუს გუბერნატორიც კი იყო.

ჩინეთიდან დაბრუნებული მეზღვაური შეუერთდა ომს გენუასა და ვენეციას შორის, ჩავარდა ტყვედ სარაინდო რომანების ავტორ რუსტიკელისთან ერთად. სწორედ მას უამბო მარკომ აზიის ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ. უშუალოდ ავტორის ხელნაწერი არ არის შემორჩენილი, მაგრამ გადამწერთა მეშვეობით, დაგვრჩა მარკო პოლოს ციხეში დაწერილი მსოფლიოს საოცრებათა წიგნი.

შვიდასი წელია, მსოფლიოს განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების შესახებ დაწერილი წიგნი მკითხველის ყურადღებას იპყრობს. წიგნმა დიდი გავლენა მოახდინა, როგორც მოგზაურებსა და კარტოგრაფებზე, ისე მწერლებზე XIV-XVI საუკუნეებში. წიგნი მოგზაურობისას თან ჰქონდა ქრისტეფორე კოლუმბს, როდესაც ინდეოთის მარშრუტს ადგენდა. კოლუმბმა მასში 70-ზე მეტი შენიშვნა შეიტანა.

მასში აღწერილია – ჩინეთი, ყაზახეთი, მონღოლეთი, ირანი, სომხეთი, ინდონეზია, ინდოეთი, სომხეთის სევანის ტბისა და იშხანის თავისებურება.

მწერალს ედავებიან, რომ მან ჩინეთში მოგზაურობისას, წიგნში არ ახსენა ჩინეთის დიდი კედელი და ჩაი, რაც სრულიად გასაგებია, რადგან ვენეციელი კაცისთვის ჩინეთის კედელი, მაშინ დიდი არ იყო. რაც შეეხება ჩაის – ის უკვე სპარსეთშიც არსებობდა.

ამის მიუხედავად, მარკო პოლოს ციხეში დაწერილი წიგნი დღემდე რჩება შუა საუკუნეებში დაწერილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ძეგლად, რომელმაც თანამედროვეობაზე დიდი გავლენა მოახდინა.