ტოპ 5 ჰორორი მსოფლიო ლიტერატურაში

ლევან ბერძენიშვილი

დავიწყოთ სტივენ კინგით:

„ის“

ეს ძალიან ცნობილი ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის ჰორორის ჟანრის ნაწარმოებია, რომელიც მან 1986 წელს დაწერა. აქ ვხვდებით ძალიან სერიოზული თემებს, რომლებიც კინგს აინტერესებს –  მეხსსიერების ძალაუფლება, გაერთიანებული ჯგუფის ძალა, საბავშვო ტრავმების გავლენა შემდგომ ცხოვრებაზე…

მოქმედება შტატ მეინის გამოგონილ ქალაქ დერიში ხდება, შვიდი მეგობარი ებრძვის ბავშვების მკვლელ ურჩხულს, რომელსაც  ნებისმიერი ფიზიკური ფორმის მიღება შეუძლია. თხრობა ორ დონეზე მიმდინარეობს, ერთი, როდესაც მოქმედი გმირები პატარები იყვნენ და მეორე – 27 წლის შემდეგ, როდესაც ისინი უკვე დიდები არიან.

როდესაც ბავშვებზე საუბრობს, მწერალს ხშირად აქვს პოზიციონირებული საკუთარი მოგონებები.

თავდაპირველად ჩაფიქრებული მთავარი ურჩხული იყო ტროლი, რომელიც ხიდის ქვეშ ცხოვრობდა. თუმცა, შემდეგ კინგმა ურჩხულს სხვადასხვა სახე მისცა  – ვამპირის, მაქციის, უცხოს სიცოცხლის ფორმები.

წიგნი ერთ წელიწადში ორ-ნახევარი მილიონი ტირაჟით გაიყიდა და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებს წარმოადგენს ამ ჟანრში.

სტივენ კინგს ნათქვამი აქვს, რომ ადამიანმა უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც მიიღო ამ სამყაროში. შეიძლება სწორედ ამიტომ თავდაპირველად ბავშვებად გვხდის და მიწასთან ახლოს გვსვამს, რადგან ვიცით, რომ ბევრჯერ დავეცემით და ბევრი სისხლი დაგვექცევა, სანამ უბრალო გაკვეთილს ვისწავლით.

1958 წლის ზაფხულია. პატარა ქალაქი დერი დატერორებულია ბავშვების არაადამიანური სისასტიკით მკვლელობის აუხსნელი სერიით. 11 წლის ბიჭები, შვიდნი, ცალ-ცალკე შეხვდებიან ამ საშინელ ბოროტებას. ისინი ქმნიან გაერთიანებას, სახელად  „უიღბლოთა კლუბს“ და შეჰფიცავენ ერთმანეთს, რომ იპოვიან და გაანადგურებენ ურჩხულს, რომელსაც ისინი უწოდებენ უბრალო სიტყვას – იგი ანუ ის.

ბავშვებს ამ დაპირისპირებაში ბევრი რამის გააზრება უწევთ. უპირველეს ყოვლისა, ისინი ხვდებიან, რომ უფროსთაგან არავის შეუძლია დახმარება. რადგან ისინი აღარ არიან ბავშვები, და ვერ წარმოუდგენიათ, რომ მკვლელი არ იყოს რეალური ადამიანი. მათ ასევე არ შეუძლიათ იმის დანახვა.

კონფრონტაცია მთავრდება ქალაქის სიღრმეში, კანალიზაციის კოლექტორებში. მან ძალიან სერიოზული, მაგრამ არასასიკვდილო ჭრილობა მიიღო, გაიქცა და დაეძინა. უიღბლოები ერთმანეთთან ფიცს დებენ, რომ თუკი ურჩხული ოდესმე დაბრუნდება, ხელახლა ერთად დაუპირისპირდებიან. უბრუნდებიან ჩვეულებრივ ცხოვრებას, ავიწყდებათ მომხდარი, ავიწყდებათ ერთმანეთი და ბოლოს და ბოლოს ტოვებენ ქალაქ დერის.

და, აი, გადის 27 წელი, დგება 1985 და ქალაქ დერიში ისევ იწყება საშინელი მკვლელობები. მაიკ ჰენლონი ერთადერთია, ვინც დერიშია და ხვდება, რომ იგი დაბრუნდა, უკავშირდება სხვა უიღბლოებს, რომლებიც მთელ ქვეყანაში არიან გაფანტული. ბოლოს და ბოლოს, 27 წლის შემდეგ, ედი კასპბრაკის სიცოცხლისა და ბევრი უბედურების ფასად, უიღბლოები ახერხებენ და მას ამარცხებენ. ამის შემდეგ ისევ უბრუნდებიან ცხოვრებას, ისევ ივიწყებენ ერთმანეთს. მაიკ ჰენლონი აღმოაჩენს, რომ მეგობრების სახელები, რომელთან ერთად რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ურთიერთობა, არამარტო მისი მეხსიერებიდან, არამედ მისი ბლოკნოტიდანაც გაქრა. ამით ის ხვდება, რომ მისია შესრულებულია და იგი, როგორც ჩანს, საბოლოოდ განადგურებულია.

დრაკულა

„დრაკულა“ ბრემ სტოკერის რომანია, დაწერილი და გამოცემული 1897 წელს. მთავარი გმირია ვამპირი არისტოკრატი გრაფი დრაკულა. რომანში თხრობა გადმოცემულია გმირების წერილებით, ჩანაწერებით, დღიურებით, ასევე საგაზეთო ამონაწერებით, ყველაფერი მე-19 საუკუნის ბოლოს ხდება.

ყველაფერი იწყება იმით, რომ ახალგაზრდა ბრიტანელი ადვოკატი, ჯონათან ჰარკერი  გაემგზავრება ავსტრია-უნგრეთში, ტრანსილვანიაში, (დღევანდელ რუმინეთში) ვინმე გრაფ დრაკულასთან, რათა მას გარკვეული უძრავი ქონება მიჰყიდოს ინგლისში.

დრაკულა აღმოჩნდება ჭარმაგი ასაკის, ძალიან ფერმკრთალი კაცი, ჰარკერი მაშინვე მიჰყიდის მას მიტოვებულ კარფაქსის სასახლეს ინგლისში. მაგრამ ამის შემდეგ გრაფი რატომღაც აიძულებს მას, სახლში მიიწეროს, რომ კიდევ ერთი თვე დარჩება სტუმრად. მალე ჯონათანი ხვდება, რომ, გრაფის გარდა, მთელ სასახლეში არავინაა, ის უცნაური მეეტლეც თავად გრაფი დრაკულა იყო.

გრაფი არ აისახება სარკეში, დღისით საერთოდ უცნობია, სად არის და ერთხელ ამჩნევს, რომ ვერტიკალურ კედელზე მიძვრება. მალე ადვოკატი ხვდება, რომ გრაფი ადამიანი არ არის და რომ იგი მისი ტყვეა, დღისით სასახლიდან ყველა გასასვლელი ჩაკეტილია, ხოლო ღამით სასახლის ირგვლივ დარბიან დრაკულას მორჩილი მგლები.

ერთ ღამეს, როდესაც ცდილობს, გაარკვიოს, რა სად არის ამ სასახლეში, ჯონათანი სამ  ლამაზ ქალს გადაეყრება, რომლებიც ჰიპნოზს გაუკეთებენ, შემდეგ ცდილობენ, კისერზე უკბინონ, მაგრამ მათ გრაფი გააძევებს, ესვრის ტომარას, სადაც ოდესღაც სადღაც მოტაცებული ბავშვია. ამ საშინელ ქალებს აქვთ უნარი, რომ ჰაერში დატრიალებულ მტვრად იქცნენ.

ერთხელაც დღისით მან სასახლის ძველ ნაწილში შესვლა შეძლო, სადაც აღმოაჩინა, რომ დრაკულას დღის განმავლობაში კუბოში სძინავს.

გრაფი ჰარკერს დაუტოვებს თავის სამ საცოლეს და თვითონ ბოშებთან ერთად მიემგზავრება ინგლისში ხომალდით, ყუთში დამალული. შემდგომში ჟურნალიდან, ხომალდის დღიურიდან, ხდება ცხადი, რომ მთელი მგზავრობის განმავლობაში გამოდიოდა თავისი ყუთიდან და ერთმანეთის მიყოლებით  ჭამდა ეკიპაჟის წევრებს, სანამ გემი ინგლისური ქალაქ უიტბის სანაპიროს არ მიადგა.

ჰარკერს ეძლევა საშუალება, გაიქცეს სასახლიდან. ძალიან ბევრი რამ მოხდება, მეტ-ნაკლებად ყველაფერი კარგად მთავრდება. თუმცა,მოგეხსენებათ, უსაშინელესი წიგნია.

რებეკა

1938 წელს დაწერილი დაფნა დიუ მორიე „რებეკა“, წიგნი, რომელმაც მას  საშინელი პოპულარობა მოუტანა, მისი საუკეთესო დეტექტიური რომანია საშინელებათა ელემენტებით. 2000 წელს მიიღო ენტონის პრემია და საუკუნის საუკეთესო წიგნად დასახელდა.

რომანის მთავარი გმირი, რომლის სახელი ჩვენ არ ვიცით, მშობლების სიკვდილის შემდეგ მუშაობას იწყებს კომპანიონად მდიდარ და ვულგარულ ამერიკელ ქალთან, მისის ვან ჰოპერთან, მასთან ერთად იგი აღმოჩნდება მონტე კარლოში და შემთხვევით გაიცნობს ბრიტანელ არისტოკრატს, მაქსიმილიან დე უინტერს.

უინტერი მთავარ გმირს, თავიდან  ძალიან პირქუშ და ჩაკეტილ კაცად ეჩვენება. ეს იმიტომ, რომ ერთი წლის წინ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მან მეუღლე, რებეკა დაკარგა, ის  იახტის ჩაძირვისას დაიღუპა, მაგრამ შეხვედრებისა და სეირნობების შემდეგ დე უინტერთან მონტე კარლოს მიდამოებში, გოგონა ხვდება, რომ ის საინტერესო კაცია, მათ ერთმანეთი მოეწონებათ და კაცი მას ხელს სთხოვს.

მიუხედავად მისის ვან ჰოპერის გაფრთხილებებისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გათხოვდეს, კაცს ის არ უყვარს და უბრალოდ სურს, მარტოობას გაექცეს თავის უზარმაზარ სასახლეში, გოგონა არ დაუჯერებს მას და მაინც გაჰყვება ცოლად.

ქორწინების შემდეგ ისინი ჩადიან მენდერლეში, სადაც ახალ მისის დე უინტერს ეწყება პრობლემები, მის მიმართ ძალიან მტრულად არის განწყობილი სახლის მნე ქალი ვინმე მისის დენვერსი და ასევე მსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმ ბრძანებების მიხედვით, რომლებიც ოდესღაც რებეკასგან ჰქონდათ მიღებული – იქ ანთებენ სინათლეს, ათბობენ ოთახებს, და იქ მიაქვთ ის საჭმელი, რომელსაც ის უკვეთავდა.

მთავარი გმირს მუდმივად უმტკიცებენ, რომ ვერასოდეს შეედრება რებეკას. რომ რებეკა იყო ძალიან ლამაზი, კარგი, შესანიშნავი. მენდერლიში ყველაფერი დაღუპულ რებეკას ახსენებს, აქ ყველგან არის მისი ნივთები, არის მისი ოთახი, რომელსაც არავინ ეხება და ბოლოს და ბოლოს ახალგათხოვილი ქალი ფიქრობს, რომ მას არ შეუძლია შეეჯიბროს მას.

მისის დენვერსი ეწვევა გოგონას და უმტკიცებს, რომ იგი ვერასოდეს გახდება ნამდვილი დე უინტერი და თითქმის თვითმკვლელობამდე მიჰყავს იგი. ამასობაში მდინარიდან რაკეტას ისვრიან. ეს სიგნალია იმისა, რომ გემი შეჯდა მეჩეჩზე, ეს რაკეტა გამოაფხიზლებს ქალიშვილს და თავის მოკვლას გადაიფიქრებს.

მენდერლისთან ახლოს, სადაც გემი მეჩეჩზე შეჯდა, გაუშვებენ მყვინთავებს, რომ შეამოწმონ დაზიანება. მყვინთავები იქ აღმოაჩენენ იახტას,  რომლითაც რებეკა დაიღუპა. თავის დროზე, როდესაც ეს იახტა ჩაიძირა, მდინარემ ქალი გამორიყა  და იმ ქალში მაქსიმილიანმა  ცოლი ამოიცნო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ რებეკას ცხედარი ჩაძირულ იახტაზეა.

დაიწყო გამოძიება მკვლელობის მოტივით, მაქსიმილიანი ეჭვმიტანილია. იგი გამოუტყდა თავის ახალ მეუღლეს, რომ მას პროვოკატორმა მეუღლემ, რებეკამ, ფაქტობრივად პროვოცირება მოუწყო და თავი მოაკვლევინა. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. და საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ მან თავი მოიკლა.

ამასობაში ჩამოდის დენვერსის ბიძაშვილი, ფაველი და იწყებს მტკიცებას, რომ ის და რებეკა საყვარლები იყვნენ და რებეკამ მას ისეთი რაღაც მისწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ის თვითმკვლელობას არ აპირებდა.

და მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელმა მეუღლემ, რომლის სახელსაც მთელი ნაწარმოების განმავლობაში ვერ ვიგებთ, იცის რომ მისი ქმარი არის პირველი ცოლის მკვლელი. ამან ისინი არ დააშორა ერთმანეთს, პირიქით – დააახლოვა. ძალიან საინტერესო და საშინელი რომანი გახლავთ.

ფრანკენშტაინი

მერი შელი, მოგეხსენებათ, იყო პერსი ბისი შელის მეუღლე. მან დაწერა  „ფრანკენშტაინი“, ანუ თანამედროვე პრომეთეუსი. ეს არის ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის შერწყმა – გოთიკური რომანი. წიგნში მოთხრობილია მეცნიერის ვიქტორ ფრანკენშტეინის ცხოვრებასა და შრომაზე, რომელმაც შეძლო და სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ჩაწვდა. ისწავლა, როგორ გააცოცხლოს მკვდარი, უსიცოცხლო მატერია.

ფრანკენშტაინი ცხედრების ნაწილებისგან აწყობს, ქმნის ხელოვნურ ადამიანს, მაგრამ შემდგომში უარს იტყვის ქმნილებაზე. უსახელო ურჩხული, რომელსაც ადამიანები ვერ იტანენ სიმახინჯის გამო თავისი შემქნელის განადგურებაზე ზრუნვას იწყებს.

რომანი „ფრანკენშტაინი“, როგორც ვახსენეთ, თავის თავში მოიცავს ელემენტებს როგორც გოთიკური რომანისა, ისე რომანტიკული ლიტერატურისა და სამეცნიერო ფანტასტიკისა. საერთოდ ითვლება, რომ ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რადგან „ფრანკენშტეინში“ ურჩხულის შესაქმნელად სწორედ მეცნიერული მეთოდები გამოიყენეს.

რომანის პირველი ჩანაფიქრი დამუშავდა 1816 წელს, როდესაც მერი შელი თავის მეუღლესთან – პერსი ბისი შელისთან, ასევე ჯორჯ ბაირონთან და ჯონ პოლიდორისთან ერთად შვეიცარიაში დიოდატის ვილაზე ისვენებდა. ბაირონის წინადადება იყო, რომ ყველას შეექმნა რამე საშიში მოთხრობა, ასე შეიქმნა „ფრანკენშტეინი“ და ასევე პოლიდორის ნაწარმოები სახელად „ვამპირი“. რაც შეეხება დასახელებას, შელის ეს უკარნახა გერმანულმა ციხესიმაგრემ ფრანკენშტეინმა, სადაც მე-17 საუკუნეში ალქიმიკოსი იოჰან  კონრად დიპელ, მთავარი გმირის ერთ-ერთი პროტოტიპი გახდა.

რომანი იწყება პეტერბურგსა და არხანგელსკში. ინგლისელი მკვლევარი უოლტონი მიემგზავრება ჩრდილოეთ პოლუსში, რათა მანამდე მოუნიშნავი ადგილები რუკაზე დაიტანოს. ყინულებში მისი გემი იპოვის ვინმე ევროპელს, რომელიც უკვე სიკვდილის პირასაა, ვიქტორ ფრანკენშტაინს.

ფრანკენშტაინი ჟენევაში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში აინტერესებდა ყველაფერი საიდუმლო და აუხსნელი და როცა პატარა ბიჭი იყო, უკვე სწავლობდა ალქიმიკოსების ნაშრომებს.

დედის სიკვდილის შემდეგ მამამ გააგზავნა ვიქტორი პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ინგოლშტატში, გერმანიის ქალაქში, აქ ვიქტორმა თავისი მასწავლებლის ვალდმანის გავლენით გამოავლინა ინტერესი სიცოცხლისა და სიკვდილის გარდამავლობის საკითხებზე. ორი წელი მოანდომა კვლევას და ბოლოს იპოვა ცოცხალი მატერიის შექმნის გზა არაცოცხალისაგან და ამ აღმოჩენის შედეგად გააცოცხლა გიგანტი.

მონსტრი ითხოვს ვიქტორისგან, რომ შეუქმნას მას საცოლე მონსტრი, მისნაირი საცოლე და დიდი ხნის ჯიუტობის შემდეგ იგი ასეთი კავშირის საშინელებაზე დაფიქრდება, პროცესებს წარმოიდგენს, რომ ერთის ნაცვლად შეიძლება, უამრავი ურჩხული დაიბადოს, იგი თავისივე შექმნილი ქალის სხეულს ანადგურებს, მონსტრი კი დაიფიცებს, რომ ამაზე შურს იძიებს და მოკლავს ვიქტორის საუკეთესო მეგობარს – ანრი კლერვალს.

ჟენევაში დაბრუნებული ვიქტორი თავისი ბავშვობის მეგობარზე ელიზაბეთ ლავენცზე ქორწინდება, მაგრამ ღამით შემოეჭრებათ ბუდუარში მონსტრი და ცოლს დაუხრჩობს. ელიზაბეთის სიკვდილი ვიქტორსა და მის მამას შოკში ჩააგდებს. მამა მალე კვდება. ასე დაკარგა მთელი ოჯახი. ფრანკენშტეინი იფიცებს, რომ შურს იძიებს და უკვე თვითონ მისდევს ამ მონსტრს, რომელიც ბოლოს და ბოლოს მიიყვანს მას ჩრდილოეთ პოლუსზე, სადაც არაადამიანური ძალისა და შეძლების ურჩხული მას იოლად გაექცევა.

უოლტონი, უკან მოაბრუნებს თავის გემს. გზაზე ხვდება ფრანკენშტაინი, მეცნიერის კაიუტაში უოლტონი აღმოაჩენს ურჩხულს, რომელიც ეუბნება, რომ განიცდის იმ ამბავს, რაც ჩაიდინა და აპირებს, რომ წავიდეს ჩრდილოეთში, სადაც თავი უნდა მოიკლას, დებს ფიცს და ხომალდიდან გარბის.

საყვარელი

„ვამაყობ, რომ მე და ტონი მორისონი ერთმანეთს ვგავართ, ის პირველი აფროამერიკელი ქალი მწერალი ნობელიანტია, მე – პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი“ – აი, ასეთი სიტყვები თქვა ბარაკ ობამამ. ტონი მორისონმა შექმნა ძალიან სერიოზული რომანების სერია, რომლებშიც არის არაორდინალური კონტექსტი. ამბობენ, თავიდან დაწერა მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ისტორიაო. „არ არსებობს მასზე უკეთესი მწერალი და ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი მისი წიგნების წაკითხვასა და მის გაცნობას“, – ამბობს კიდევ ერთი ნობელიანტი ბობ დილანი.

ტონი მორისონის ნამდვილი სახელი და გვარი არის ჰლოია ენთონი ვოუფორდი. „საყვარელი“ მისი შესანიშნავი რომანია, რომელიც 1987 წელს გამოიცა. წიგნში მოქმედებები სამოქალაქო ომის (1861-1865) შემდეგ ხდება და ძირითადად, აფროამერიკელი მონა ქალის მარგარეტ გარნერის ისტორიაა გადმოცემული. 1856 წელს იგი კენტუკიში თავის ბატონს გაექცა და ამის შემდეგ გადავიდა თავისუფალ შტატ ოჰაიოში.

რომანის მთავარი გმირი ასევე მონა ქალი გახლავთ, რომელიც გაიქცა. მას თავისუფლების მხოლოდ 28 დღე აქვს, იმიტომ, რომ  მაძიებელთა მთელი ჯგუფი ჩამოაკითხავს. 1850 წლის კანონის მიხედვით, მონათმფლობელს ეძლეოდა უფლება, ყველა შტატში გამოკიდებოდა თავის გაქცეულ მონებს. სეტი კლავს თავისი 2 წლის გოგოს, რათა ხელში არ ჩაუვარდეს კენტუკის პლანტაციაში მის ყოფილ პატრონებს.

რამდენიმე წლის შემდეგ სეტის სახლში მოდის ახალგაზრდა ქალი და ამბობს, რომ მისი ქალიშვილია, სახელად საყვარელი, ანუ beloved და ისტორია იწყება ამ ჩვენების აღწერით – „არ იყო კარგად საქმე, 124 ნომერში გაავებული ჩვილის გულისწყრომას დაესადგურებინა, იცოდნენ ეს ამბავი ქალებმა, რომლებიც ამ სახლში ცხოვრობდნენ, იცოდნენ ბავშვებმაც, წლების განმავლობაში სახლში დაბუდებულ ბოღმას თითოეული მათგანი თავისებურად უწყობდა ფეხს, მაგრამ 1863  წლისთვის იქაური სიბრაზის ტყვეობაში მხოლოდ სითე და მისი ქალიშვილი დენვერი დარჩნენ, ბებია – ბეიბი საგსი – მკვდარი იყო, ოჯახის ვაჟიშვილები ჰოვარდი და ბაგლერი კი 13 წლისანი“.

რომანი 1987 წელს ეროვნული წიგნის პრემიის ლაურეატი გახდა, ხოლო 1988 წელს მხატვრული წიგნისთვის პრემია მიიღო. რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, სადაც ოპრა უინფრი მონაწილეობს. რომანი შესულია  ნორვეგიული წიგნის კლუბის ას საუკეთესო წიგნში, რომლებიც 66 ქვეყნის ასმა მწერალმა შეარჩია მთელ მსოფლიოში.

რომანი ეძღვნება სამოც მილიონ ადამიანს, აფროამერიკელებს და მათ შთამომავლებს, რომლებიც ტრანსატლანტიკური მონათა ვაჭრობის შემდეგ დაიღუპნენ, წიგნს ეპიგრაფად აქვს პავლეს მოწოდება რომაელთადმი.