თუკი ისწავლი ჩემი მეტყველი სხეულის ენას

დავით ბუხრიკიძე

შექსპირის სონეტებიმოძრაობის თეატრში  უტყვი სხეულების მეტყველ მუსიკად გადათარგმნეს

შექსპირის სონეტები რომ ჯერ კიდევ ამოუცნობი, შეუცნობელი და მოუხელთებელი გრძნობების სამყარო დაფიზიკური თეატრისათვისისეთივე მდიდარი საბადოა, როგორც დრამატული თეატრისათვის, ამის შესახებ კიდევ ერთხელ შეგვახსენამოძრაობის თეატრმა“. კახა ბაკურაძის  მიერ დაარსებული, არცთუ ხანდაზმული დასის ალბათ ყველაზეუხუცესმამსახიობმა, მოცეკვავემ და უკვე ქორეოგრაფმა, ლაშა რობაქიძემ შექსპირის 153 სონეტიდან რამდენიმე შეარჩია, ქორეოგრაფიის ენაზე აამეტყველა და თეატრალური სეზონის ბოლოს, ივლისში მაყურებელსაც გაუზიარა.

დაახლოებით ერთსაათიანიშექსპირის სონეტებისქორეოგრაფია სწორედ ლაშა რობაქიძეს ეკუთვნის, სცენოგრაფიაკახა ბაკურაძეს, ხოლო კოსტიუმებიტატო გელიაშვილს. მუსიკა უფრო  ჭრელი და ამორფულია: ელექტრონული მუსიკით დაწყებული, ძლივს მბჟუტავი ლირიკული ხმებითა და თავად შექსპირის სონეტების ციტატებით დამთავრებული. შესაბამისად, ჭრელია საუნდის ავტორთა სია: სანდრო ნიკოლაძე, მიხეილ ზაქაიძე, დავით კაკულია, ნატა მიხაილოვა. სპექტაკლში  ძირითადადმოძრაობის თეატრისდასის წევრები და ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ. თუმცა ერთერთ როლს თავად ქორეოგრაფიც ასრულებს.

სხეულის ენა რომ შექსპირისთვის ისეთივე ბუნებრივი და ორგანულია, როგორც  ყოფნაარყოფნის მონოლოგი, ამის შესახებ ახლახან ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმულმა, უფრო ზუსტად 1957 წელს  დადგმულმა და  2022 წელს აღდგენილმაოტელომაცდაადასტურა. თუმცა გენიალური მოცეკვავის, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიამ რამდენად გაუძლო დროს, ან როგორ შემოინახა თანამედროვე ცეკვის ენამ დრამატული ბალეტის საკმაოდ გაცვეთილი, სახელდახელოდ დაკემსილი და მაინც კლასიკური ჟესტები თუ მოძრაობები, ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

სხვათა შორის, 2016 წელს, შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს რუსთაველის თეატრმა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული ფანტაზიით შეთხზულიშექსპირი. სიყვარული  მიუძღვნა, რომელიც რუსთაველის დრამატული თეატრის მსახიობებისა და გიორგი ალექსიძის სახელობისთბილისის თანამედროვე ბალეტის  წამყვანი სოლისტის მონაწილეობით, უფრო გაბედულ ექსპერიმენტს წააგავდა.

ამავე წელს, პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა ასევე შექსპირის საიუბილეოდ კლასიკური პანტომის ენაზე დადგმული სადღეგრძელოსპექტაკლი – „შექსპირის სონეტები“,  წარმოადგინა (რეჟისორი და ქორეოგრაფი ამირან  შალიკაშვილის მემკვიდრე, დავით შალიკაშვილი). ეს უფრო ტრადიციული და ცოტა სტერილურიც წარმოდგენა იყო, თუმცა შექსპირი ალბათ ყველაფერს იტანსლამის გაცვეთილი მონოლოგების სიმძიმესაც და ასატანი სხეულების ზედაპირ თუ მსუბუქ ფარფატსაც.

მსახიობების სრიალი ზედაპირზე, მათი შემოსაზღვრული მოძრაობა სცენურ კვადრატზე, რიტმული თუ არითმიული როკვა ჰაერში ბაგირებზე, ეფექტური დუეტები და სხეულთა სინქრონული ბზრიალი თოკებზე (ჰაერში გამოკიდებული სხეულების მოძრაობები განსაკუთრებით ეფექტურია), განსხვავებულ შეგრძნებებსა და შეფასებებს ბადებს. ამდენად, ძნელია უშუალოდ მისდიო სონეტებიდან ამოკრეფილ სტროფებს, მათ შინაარს, ან განსაზღვრო რომელი მოძრაობებიდან იმზირება პოეტის მუზაქერა და მშვენიერი ქალი, საიდან ჩნდება და სად გვეპატიჟებაშავგვრემანი ქალბატონი“,  ან რომელია სონეტების ავტორის მეგობარი ახალგაზრდა მამაკაცი? სწორედ ეს მისტიკური საბურველი და სიყვარულით შენიღბული გაურკვევლობა აძლევს შექსპირის სონეტების მკვლევრებს ბისექსუალური შინაარსის კომენტარებისა და ვარაუდების საფუძველს.

რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ შექსპირის უნივერსალური ტექსტის ჩატევა ყველა ფორმაში შეიძლება, დღევანდელი, მკაცრი და ტოტალური რეჟისორული (იგივე ქორეოგრაფიული)  კონცეფციებიდან გამომდინარე, ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას: როცა რეჟისორი თუ ქორეოგრაფი ხელს ჰკიდებს შექსპირს, ის ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს სათქმელის შინაარსსაც და ფორმასაც; უნდა კითხულობდეს ტექსტს აქ და ახლა კონკრეტული მკაფიო სათქმელის გათვალისწინებით. ამდენად ჩვენი შენიშვნა სწორედ ამ მკაფიოობას და სიზუსტეს ეხება.

დინამიზმისა და ეფექტური სცენების, მსახიობთა სრულიად თავდაუზოგავი როკვაქმედებისა თუ ეფექტური მუსიკალური გაფორმების მიუხედავად, მაინც რჩება გარკვეული ბუნდოვანება: რას გულისხმობდა, მაგალითად, ეს შვიდი ნახევარმანეკენი სცენაზე, რომელთაც სპექტაკლის დასაწყისში დაწოლილი მსახიობები ეხვევიან და შემდგომ სცენიდან მოისვრიან? ან რა პრინციპზეა აგებული საცეკვავო დუეტები? უბრალოდ, ყველა მსახიობს რაღაც ეპიზოდი რომ ერგოს, თუ  ეს სასიყვარულო დუეტებია, რომლებიც თავად ტექსტიდან გამომდინარეობს

იქნებ მთელი სცენური სივრცე მიტოვებული სამკერვალო ფაბრიკაა და აქ   გათამაშებული ამბავი უფრო ხილვაა, რომელიც გვამცნობს, მანეკენები ადამიანთა  სხეულებს როგორ იხსენებენ“, ან პირიქით, მოცეკვავეები იხსენებენ მანეკენებს და მათში ცოცხალ ადამიანებს ხედავენ? ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბუნდოვანება არ იხსნება სპექტაკლის ბოლომდე, როცა შვიდივე მოცეკვავე ფინალურ ექსტაზში ებმება და ოთხი ქალისა და სამი მამაკაცისაგან შემდგარი ოქტეტი ცდილობს, სანიმუშო თუ საჩვენებელი ენერგია ასევე სანიმუშო სინქრონულობად გამოძერწოს.

თუკი ისწავლი ჩემი მუნჯი სიტყვის წაკითხვას, მაშინ თვალებით გაიგონებ, სატრფომ რა გითხრა“ – სონეტის ეს ფრაგმენტი სპექტაკლის ფინალში შეგვიძლია, გარკვეულწილად კონცეფციადაც ვაქციოთ და სათაურადაც:  თუკი ისწავლი ჩემი მეტყველი სხეულის ენას, მაშინ თვალებით გაიგონებ რეჟისორის ხმასდა თუ ბოლომდე მაინც ვერ გავიგონებთ და ვერ დავინახავთ, მსახიობების გარჯას მაინც ვიგრძნობთ.

აი, ისინიც: საინტერესო მარი ენგურული, ქარიზმატული მიხეილ ზაქაიძე, გამოცდილი ლაშა რობაქიძე, მომნუსხველი ანა თალაკვაძე, დებიუტანტი თანო ჩხეიძე, ზომიერად ძლიერი კოტე ლიპარტელიანი, მონდომებული ნანა ბიბილაშვილი.