ტვირთად მყოფი სამყაროს მხრებზე...

გია ეძგვერაძე

სინდისისა და მორალის ინსტანცია ადამიანის გარეთ, სივრცეში გაფორმდა და ისტორიულ/გრძელვადიანად იქ იყო ლოკალიზებული (ეკლესიაში – ღმერთი; საერო ცხოვრებაში – კონსტიტუცია და სამართლის ინსტიტუტები). ახალი დროის (მოდერნი) ადამიანმა, ეს ინსტანცია საკუთარ თავში გადაიტანა და ასეთ გადანაცვლებას თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა დაარქვა!

ეს იყო ფსიქოლოგიაში, ადამიანის ფსიქიკის ისტორიაში და საერთოდ ადამიანის დიალექტიზმის ისტორიაში ფუნდამენტურად გარდამტეხი ეტაპი! აქ ადამიანმა უშუალოდ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება — ყოფილიყო მთლიანის ერთიანობისკენ მსწრაფი შეგნებული არსება და ამისთვის გაეღო პირადი და მსხვერპლი!

ეს აქტი, ანუ ეს გადატანა, გახდა მისი თავისუფლების ძირი და ფუნდამენტი — აქედან იბადება თავისუფალი ადამიანი, როგორც არა ჰიპოტეტურად, არამედ თავისუფლების რეალურ ბილიკზე შემდგარი არსება. და… მხოლოდ ამით და ამგვარად ხდება ადამიანი ღმერთის (მაცხოვრის) უსაყვარლესი შვილი!

ზემოთ აღწერილზე საქართველოს არაფერი გაუგია და წარმოდგენა არა აქვს. ანუ, არაფერი იცის მორალისა და სინდისის კვლევის პირად ვალდებულებაზე, რაც უფლის სიყვარულის შეცნობის ნამდვილი და პრინციპული მცდელობაა (აქ „სიყვარულში” ის არ იგულისხმება, ქართველი რომ საკუთარი თავის სიყვარულს ღმერთის სიყვარულს ეძახის — ანუ იმ „რაცხას” სიყვარულს, ვინც და რაც მას ცხოვრებას გაუმართავს).

საქართველო კაცობრიობის ზნეობრივ მოძრაობას უზომოდ ჩამორჩა, არც დისციპლინა აქვს, რომ დასავლეთს ამის ხარჯზე გაჰყვეს (როგორც პრიბალტები). ამიტომაც იყურება ჩვენი საზოგადოება ცალი თვალით უღრანი ტყისკენ: სიბნელისკენ — გარეთ, პირდაპირ თავს ზემოთ, ღამის ცაში უახლოეს დისტანციაზე შეკიდებულ/ჩამოკონწიალებული „ღმერთისკენ” (ეკლესიური ღმერთი/კერპი), ანუ ფუნდამენტალიზმისა და რელიგიური რადიკალიზმისკენ, სადაც პირადი ვალდებულება მორალისა და სინდისის კვლევისა გაუქმებულია — ანუ ღმერთის უშუალო სიყვარული ხსენებაში არ არის!

მოკლედ, მომავლის ადამიანისკენ შეგნებულ/გაცნობიერებულ მოძრაობას ნამდვილად გამოვაკლდით, დისციპლინის ნიჭი არ აღმოგვაჩნდა და ჩვენს ქვეყანაში კი გულ- და ინტელექტგამოცლილი ბიორობოტები (“მუტრუკები”) თარეშობენ, თანაც(!) კიდევ უფრო გულ/ინტელექტგამოცლილი პარტიული წარმონაქმნის, „ეკლესიის” მეთაურობით. პოლიტიკას არც კი ვახსენებ — სადაც უნიჭო კარიერისტებმა მთავრობის სავარძლებში ბუდე მოიქსოვეს, ხოლო ოპოზიცია ამ ფაქტზე გაღიზიანების პრიმიტიულ პერსევერაციულ იდეო-ფიქსს ვერ გასცდა.

ასეთია სავალალოდ მწირი სიტუაცია და მისი პრელოგომენები და სწორედ ამიტომ ვართ სავსე: სოფლელი-ხიხო ქრისტეებით; ზომბი-პურიტანი მორალისტებით; გვჯერა და გვწამს ისტერიული ეგოცენტრიკებისა და ვულგარულ/იმბეცილი დემოკრატების; გულს გვილღვობენ თვალცვარიანი შემრიგებლები; „კასინკა” თავზეწაკრულ ქალებში და მეტყველებამოშლილ სოფლელებში კი ბუნების შვილები გველანდება (ვიღას ახსოვს ოთარ იოსელიანის „პასტორალი” — როცა მოვლენებს შემოქმედი ღრმა ანალიზს უკეთებდა) — მოკლედ, მტრის ენაზე, ამ ყველაფერს „დურდომი” ჰქვია!

სად არის საშველი?!— ადამიანთა ასეთი ტიპის თანაცხოვრების საშველი არის განწოვაში; იდენტურობის იდეის გადაგდებაში, როგორც ვერმორგებული და არა შესატყვისი სამოსის. ჩვენ დღეს არ გაგვაჩნია და არც შეიძლება გაგვაჩნდეს რაიმე იდენტობა — ზემოთ აღწერილის გამო! ჩვენი იდენტობის ნიშნები ნახმარი სამოსის ნაგლეჯებია — რომლებიც არც გათბობს, არც გიცავს და სამყაროში შენი პრეზენტაციის ნიშნად მათი წარმოჩენა ხომ საერთოდ სამარცხვინოა!

რატომ მოხდა ასე? — იმიტომ, რომ ჩვენ წარსულს ვერ მივუჩინეთ ადგილი მომავლის მოძრაობასთან კავშირში და ასეთმა წარსულმა (გაღმერთებულმა მკვდარმა ფორმამ) დაკარგა აზრი! იმიტომ, რომ ჩვენ გარემოებებმა, რუსმა/კომუნისტმა წაგვართვა კავშირი ცოცხალ გარემოსთან და მომავლის მოძრაობასთან. იმიტომ, რომ ჩვენ ბრძოლასა და თვითანალიზში არ დავმკვიდრდით და როლი მოვითხოვეთ სამყაროში, როგორც ეს რუსეთში გვქონდა, კი არ ვიბრძოლეთ და გავაფორმეთ ის დამსახურებულად!

უნდა განვიწოვოთ! და… შეგნებულად და ნულოვანი დონიდან დავიწყოთ აზროვნება — მოვიკლათ თავში ფუტურო და უყალბესი (სუფრა/სადღეგრძელოს ხარისხის) სიამაყე — რუსების აშენებული ჩვენში ჩვენს დასამონებლად. სრული მოკრძალებით უნდა შევხედოთ და გავიაზროთ ის სიღრმე და უკიდეგანო მომავალი, რომლესაც გვთავაზობს დასავლური ცივილიზაცია, რომ გავიგოთ და დავაფასოთ ის, რაც სამყაროს, დასავლეთის მოძრაობის სახით შესთავაზა „ეგზისტენციის ბედმა“ (ჰაიდეგერი). ასეთი გააზრება/დაფასების საშუალებას არ გვაძლევდა „იდიოტის სიამაყე“, რომელიც იყო ფარდასავით ჩამოფარებული ჩვენი გონების თვალზე.

მხოლოდ განწოვა და მოკრძალება გვიშველის და გამოგვიყვანს იმ უგნურების ქაოსიდან, რომელშიც ამოვყავით თავი გონმოშლილი ხვანცალის შედეგად 30 წლის განმავლობაში. მხოლოდ ასეთი მოძრაობა გაგვხდის კვლავ, სამყაროს აზრის, გონებისა და მოძრაობის ნაწილად, რაც „ვეფხისტყაოსანში“ არის გაცხადებული თავისი დროის პარადიგმასთან მიმართებაში. მხოლოდ მაშინ დაწერს ქართველი ერი ახალ, ჩვენი დროის შესატყვისი პარადიგმის „ვეფხისტყაოსანს“ და გაჩნდება შესაძლებლობა, ვიყოთ ღირსეული (არა ამაყი!) შვილები ჩვენი დროის!

დღეს კი დეგრადაციის მატარებელი სხეული ვართ, მხოლოდ ტვირთად მყოფი სამყაროს (ცივილიზებული ქვეყნების) მხრებზე…