„უბედური შემთხვევები“ თბილისში - რა შედეგებით დასრულდა გამოძიება

თითქმის 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, მისი 2 თანატოლი კი დაშავდა. 9 დაკავებული ბრალდებულის საქმის განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

რამდენად უსაფრთხოა თბილისი მოქალაქეებისთვის? რა შედეგით დასრულდა მსგავსი შემთხვევების გამოძიება წარსულში?

„პუბლიკამ“ ბოლო წლების მსგავს მოვლენებს მოუყარა თავი და გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურიდან გამოითხოვა ინფორმაცია. 6-დან 4 შემთხვევაში პროკურატურას ბრალი ამ დრომდე არავისთვის წარუდგენია.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩამონგრეული ჭერი

რა მოხდა: მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია დაიწყო და დასრულდა დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, 2017 წლის შემოდგომაზე. რემონტის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.

კომპანია: მეტროსადგურზე სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია, რომელიც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2015 წლის 25 სექტემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში, ერთი წლის ვადით. „ყვარელრემმშენი“ შავი სიიდან 3 დღის ამოწერილი იყო, როდესაც ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდა, 2016 წლის 28 სექტემბერს.  ტენდერში გამარჯვებულ „ყვარელრემმშენთან“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 347 ათას ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.

კომპანია მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შემდეგაც მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში. სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში „ყვარელრემმშენთან“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ 1 მილიონ 200 ათასზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

შედეგი: პროკურატურის ცნობით, ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სამი პირი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა), 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით (უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო სამუშაო) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„სამივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაო და სამივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილია განაჩენი“, – წერს პროკურატურა, თუმცა არ აკონკრეტებს, გამართლდნენ თუ არა ბრალდებულები.

ფასადიდან  ჩამოვარდნილ შუშას ბავშვი ემსხვერპლა

რა მოხდა: 2018 წლის 28 თებერვალს თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან შუშა ჩამოვარდა და ბავშვს დაეცა. დაშავებული 14 წლის ასლან მამედოვი კლინიკაში გარდაიცვალა, 5 ბავშვი კი დაშავდა.

შედეგი: 2018 წლის 28 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მინის ჩამოვარდნის შედეგად არასრულწლოვანების ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით). საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). დღეის მდგომარეობით, ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

ფასადის ჩამონგრევის შედეგად ქალი დაშავდა

ფოტო: ინტერპრესნიუსი

რა მოხდა: 2017 წლის 12 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე ჩამოინგრა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის (რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია) კედლის ფასადი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 20 წლის ქალი, რომელიც მრავალრიცხოვანი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას გულ-მკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებოდა.

კომპანია: ცენტრს 2004-2010 წლებში ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერითა და მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის, „ქართუს“ მეშვეობით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მათ შორის, ხელახლა მოპირკეთდა შენობის ფასადი. ფასადის ჩამოშლის შემდეგ ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ მიმართა თბილისის მერიასა და კულტურის სამინისტროს, რომ „რაც შეიძლება სწრაფად გამოიყოს კომისია, რომელიც შეაფასებს ამ მდგომარეობას და რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი. რაც მთავარია, რისი გაკეთება შეიძლება, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული“.

შედეგი: 2017 წლის 12 ივლისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქალაქ თბილისში, გარე ფასადის მოპირკეთების დეტალის ჩამოვარდნის შედეგად მოქალაქის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა). დღეის მდგომარეობით, ვინმეს მიმართ, სისხლისამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

სკვერში გზა ჩაინგრა და ბავშვი ჩაიყოლა

რა მოხდა: 2018 წლის 19 აგვისტოს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სკვერში ფეხით სავალი გზა ჩაინგრა და ორმოში 12 წლის გოგო ჩავარდა. ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკაში მრავლობითი დაჟეჟილობებით გადაიყვანეს.

შედეგი: 2018 წლის 19 აგვისტოს სკვერში არასრულწლოვანის ორმოში ჩავარდნის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით). დღეის მდგომარეობით, ვინმეს მიმართ, სისხლისამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.

„პანორამა თბილისის“ მშენებლობისას მუშა დაიღუპა

რა მოხდა: 2018 წლის 21 იანვარს თაბორის მთაზე „პანორამა თბილისის“ სამშენებლო სამუშაოების დროს ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად, 27 წლის ლევან ლაფაჩი დაიღუპა. მედიაში მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ერთი თვის შემდეგ გამოცემა ifact-მა გაავრცელა.

კომპანია: 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ სამუშაოებს შპს „თაბორი-რიზორსის“ მიერ დაქირავებული შპს „ინ-სი“ აწარმოებდა. შესაბამისად, „ამ ეტაპზე დადგენილია, რომ სამშენებელო პროცესზე და სამუშაოების წარმოების პროცესში, შრომის უსაფრთხოებიის წესების დაცვაზე პასუხისმგებელი შპს „ინ-სი“ იყო“.

შედეგი: 2018 წლის 21 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სამშენებლო ობიექტზე მუშის გარდაცვალების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა).

„სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდება წარედგინა სამ პირს და სამივე პირის მიმართ გამოტანილია განაჩენი“, – წერს პროკურატურა, თუმცა არ აკონკრეტებს, გამართლდნენ თუ არა ბრალდებულები.

„პანორამა თბილისის“ მშენებლობისას 3 მუშა დაშავდა

რა მოხდა: 2019 წლის 16 აპრილს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „პანორამა თბილისის“ მშენებლობისას რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან 3 მუშა გადმოვარდა. 21 წლის გიორგი ლიპარტელიანსა და 19 წლის ნოდარ ჩახალიანს აღენიშნებოდათ თავის ქალის დაზიანებები, ტვინის შერყევა და სხეულის ზოგადი ტრავმები. 21 წლის დავით ოჩხიკიძემ ქალა ტვინის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა და მუცლის დახურული ტრავმა მიიღო.

კომპანია: „პანორამა თბილისს“ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი აშენებდა. ფონდის განცხადებით,  უკანა ფასადის ლესვითი სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

შედეგი: 2019 წლის 16 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მშენებლობაზე, სამი მუშის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა). დღეის მდგომარეობით, ვინმეს მიმართ, სისხლისამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.