უფლის გზაზე თავრეტდასხმული

გიორგი ლობჟანიძე

(ნიკოს კაზანძაკისის „ღვთის გლახა“ და მისი ქართული ორეული)

ნიკოს კაზანძაკისი ქართველი მკითხველისათვის უკვე კარგად ნაცნობი და, შეიძლება ითქვას, საყვარელი სახელია. 

მე, პირადად, ამ გენიალური ბერძენი მწერლის შემოქმედებას თამარ მესხის უბრწყინვალესი თარგმანების წყალობით გავეცანი, როცა 1988 წელს ჟურნალ „საუნჯის “ მე-4 ნომერში ამ მწერლის პირველი რომანის „გველი და შროშანის“ სწორედ თამარ მესხის მიერ ახალი ბერძნულიდან შესრულებულ თარგმანი წავიკითხე.   

მოდერნიზმის ყველა ნიშნით აღბეჭდილმა ამ რომანმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან მასში უკვე მკაფიოდ გამოჩნდა მწერლის ყველა ის თავისებურებაც, რომელმაც შემდგომში მასთან ძალუმად იჩინა თავი და განსაკუთრებულ ელვარებას, დრამატიზმის უკიდურეს საზღვარს უკვე მომდევნო რომანებში: „ აღსარება გრეკოსთან“, „ალექსის ზორბასის უჩვეულო ცხოვრება და თავგადასავალი“, „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“, „ ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, „კაპიტანი მიხალისი“, „ თავისუფლება ან სიკვდილი“ და „ღვთის გლახა“ მიაღწია.

 სასიხარულოა, რომ დღეს ამ რომანების უმეტესობა ქართულად უკვე თარგმნილია და თარგმნილია მართლა შესაშური სკრუპულოზურობითა და არტისტიზმით, რადგან „გველი და შროშანის“ შემდგომ ისევ თამარ მესხის ბრწყინვალედ თარგმნილ „აღსარება გრეკოსთან“-ს მალე მოჰყვა ქართველი ელინისტების ახალი თაობის უნიჭიერესი წარმომადგენლების – მაია კაკაშვილისა და თათია მთვარელიძის ნამუშევრებიც. 

თათია მთვარელიძემ თარგმნა „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, ხოლო მაია კაკაშვილმა – „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“, „ალექსის ზორბასი“ და აი, ბოლოს, „ღვთის გლახა“, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ დასტამბა გამომცემლობა „ინტელექტმა“. 

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ რომანის ქართული სათაურიც თამარ მესხის დამსახურება უნდა იყოს, რადგან „საუნჯის“ უკვე იმ საუკუნის იმ დიდებულ ნომერში, სადაც მისი თარგმნილი „გველი და შროშანი“ გამოქვეყნდა, თარგმანს თან ახლავს მთარგმნელის ძალზე დაწურული, მაგრამ უაღრესად ტევადი წინათქმა, რომელშიც ნიკოს კაზანძაკისის სხვა ნაწარმოებებიც არის ჩამოთვლილი და მათ შორის მოხსენიებულია „ღვთის გლახა“, რომლის შესახებაც აქვე მოყვანილია მეოცე საუკუნის უდიდესი ფანტასტი მწერლის რეი ბრედბერის გამონათქვამი: 

„ეს არის სამაგიდო წიგნი მეოცე საუკუნის ადამიანისა და იგი იარსებებს ძველი და ახალი აღთქმის გვერდით მომავალ საუკუნეებში“.  

ფანტასტი მწერლისგანაც კი სრულიად დაუჯერებელი შეფასებაა და ცხადია, მაშინვე ჩამრჩა გონებაში ამ წიგნის სახელწოდება, რომელიც, როგორც კაზანძაკისის შედევრების უმრავლესობა, მე სპარსულ, კონგენიალურ თარგმანში წავიკითხე.
სხვათა შორის, იმ სპარსული თარგმანის სათაური, თუ პირდაპირ გადმოვიღებთ, ასე ჟღერდა: „უფლის გზაზე თავრეტდასხმული“. 

სპარსული და, კერძოდ, სუფიური სამწერლო ტრადიციით ნასაზრდოები ეს სინტაგმა აბსოლუტურად ბუნებრივად ზის თავის ენობრივ გარემოში და იმ მკითხველის ლიტერატურულ ეპისტემაში, რომელსაც იგი კონკრეტულ ინფორმაციასთან (წიგნის სახელწოდებასთან) ერთად, უამრავ ასოციაციურ სიგნალსაც მიაწვდის: სუფისტური ლიტერატურის უმთავრეს ცნებებთან, სუფიზმის ძირითად პარადიგმებთან მიაბრუნებს და ამრიგად, სათაურიდანვე ღრმად ჩაახედებს ბერძენი მწერლის მსოფლმხედველობრივ სიღრმეებში. პირდაპირ ეუბნება, რომ მეოცე საუკუნეში კაზანძაკისი მისტიციზმის და – კონკრეტულად – მუსლიმური მისტიციზმის (სუფიზმის)  ერთ-ერთ საუკეთესო ინტერპრეტატორად მოგვევლინა. 

ნიკოს კაზანძაკისი ძალიან ხშირად პირდაპირ იღებს დიდი სუფი მოაზროვნეების – აბუ საიდ აბუ-ლ ხეირის, აბუ ალი იბნ სინას, აბდ ორ-რაჰმან ჯამის, ჯალალ ედ-დინ რუმისა თუ სხვათა გამონათქვამებს, სენტენციებს, აფორიზმებს, იგავებს და ისე ორგანულად გადმოაქვს თავის რომანებში, რომ მკითხველს, რომელმაც ამ მასალის თავწყაროები არ იცის, ყველაფერი ბერძენი მწერლის ორიგინალური შემოქმედების ნაყოფი ეგონება. 

თუმცა ასეთი ვითარების მიუხედავად, მაინც ძნელია კაზანძაკისის უხეშ პლაგიატში დადანაშაულება, რადგან თვითონ ის თავს ამ მისტიკური ტრადიციის გამგრძელებლად მოიაზრებს და მეოცე საუკუნის ავტორზე, საავტორო თვითმყოფადობაზე ორიენტირებული მხატვრული ლიტერატურის საპირისპიროდ, შუა საუკუნეების მწერლობისათვის დამახასიათებელ კოლექტიური მთხზველობის პრინციპს, როგორც საკუთარი ეშმაკური თამაშის წესს, ისე გვთავაზობს: 

აბუ საიდ აბუ ლ-ხეირიდან მომდინარე ნუშის ხის იგავს ერთ რომანში („აღსარებაში“) ერთ პერსონაჟს მიაწერს, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ მესამე წიგნის ერთ-ერთ ცენტრალურ იგავს წყვდიადში მოხვედრილი ბრმებისა და სპილოს შესახებ კი მეორე რომანში, სულაც ამავე „ღვთის გლახაში“ როგორც საკუთარს ისე გადაათამაშებს და ოდნავ უხერხულობასაც არ გრძნობს, თუნდაც იმის გამო, რომ დღეს (ანუ მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეებში) ნებისმიერი სუფი ავტორის აკადემიურ გამოცემაში ზუსტად არის მითითებული ყველა ამ პასაჟის ქრონოლოგიური ავტორიზებული ინდექსი: რომელ ავტორთან ჩნდება პირველად ესა თუ ის ორიგინალური იდეა, რომელ ავტორთან პოულობს განვითარებას და რომელ ავტორთან გვევლინება ის ან როგორც ახალი, დამოუკიდებელი პასაჟის სათავე ანდა, როგორც უკვე გაქვავებული კლიშე, რომელსაც ამ ერთიანი ტრადიციიდან ძვრას ვეღარ უშვრება ვერაფერი. 

კაზანძაკისი ზედმიწევნით კარგად იცნობს ამ წყაროებს, ოღონდ თავი ისე უჭირავს, თითქოს, თვითონ იყოს პირველაღმომჩენი. მცოდნე მკითხველი, თუნდაც მისი რომანების არაბულად და სპარსულად მთარგმნელები კი ამ ყველაფერს მას მაინც დიდსულოვნად პატიობენ, რადგან ამგვარი პასაჟების წარმომავლობის მიუხედავად, ნიკოს კაზანძაკისი მათ თავისი არტისტულობით, თავისი უჩვეულოდ გამომსახველი სიტყვით, სრულიად ახალ, განუმეორებელ სიცოცხლეს ანიჭებს.

სწორედ ეს შინაგანი მწერლური ძალმოსილება აყენებს მას პლანეტის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მწერლების რიგებშიც და მისი სიკვდილიდან ამდენი ხნის შემდეგაც არ ცხრება ინტერესი კაზანძაკისის უჩვეულოდ ცოცხალი და სიცოცხლისუნარიანი რომანებისადმი.
და ეს იმის მიუხედავად, რომ ნიკოს კაზანძაკისის რომანები, ძირითადად, მწერლის სიცოცხლის ბოლო პერიოდშია შექმნილი, ერთმანეთის მიყოლებით და, ცხადია, როგორც ასეთ შემთხვევაში იყო მოსალოდნელი, ბევრი რამ – მოტივი, აზრი, განწყობილება, მხატვრული კოლიზია თუ ტიპაჟი – მეორდება რომანიდან რომანში, მაგრამ კაზანძაკისის ოსტატობა მკითხველს ამ ყველაფერზე თვალს ახუჭვინებს და დიდი ცნობისწადილით ექაჩება სიუჟეტის მაცდური განვითარების სიღრმეებისაკენ. 

კაზანძაკისი სიუჟეტის დიდოსტატია. 

უფრო სწორად, განსაზღვრების ბანალურობის მიუხედავად, უკეთესია ვთქვათ, რომ ის არის სიუჟეტის ჯადოქარი, რადგან ისეთ რომანშიც კი, როგორიც „ღვთის გლახაა“, სადაც თითქმის არაფერი ხდება და ამბავიც იმდენად ტრივიალურია, რომ სხვა შემთხვევაში მკითხველს შეიძლებოდა წიგნი პირველივე გვერდებიდან გვერდზე მოესროლა, კაზანძაკისის ეს არამიწიერი ნიჭი თუ ჯადოქრობა, მთხრობელობით, თხრობით მისი შეპყრობილობა წიგნის ბოლო წინადადებამდე ისე სუნთქვაშეკრულს მიგიყვანს, რომ გარშემო ყველას და ყველაფერს დაგავიწყებს. 

პროფესიონალ მკითხველს აქვს ერთი ჩუმი ნატვრა თუ სადარდელი: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს კითხულობენ, მაინც სულ ენატრებათ, ერთი წიგნი მაინც ისე წააკითხათ, როგორც ბავშვობაში: იმგვარივე გზნებით და გატაცებით, ყოველგვარი ლიტერატურული თეორიის  წინასწარი ცოდნისა და განსჯების გარეშე – სრული ნდობით, თანაგანცდითა და სიყვარულით. 

მე პირადად ასე კითხვა სულ რამდენიმე მწერლისა გამომდის და, მათ შორის, უპირველესად ნიკოს კაზანძაკისის რომანებისა, სადაც ყოველთვის ყველა ასაკში მხვდება ყველაფერი, რასაც კი ჩემი ყაიდის კაცი ლიტერატურისაგან გამოელის. 

და ამასაც აქვს თავისი მიზეზი:

საქმე ის არის, რომ ნიკოს კაზანძაკისის მთავარ ფოკუსში ადამიანის სული, მისი ფსიქიკური და სულიერი ვითარებებია მოქცეული, მაგრამ იშვიათად შეგხვდებათ მიწით, მიწიერებით ასე მსუყედ ნასაზრდოები ნააზრევი. 

კაზანძაკისის ეს ვიტალურობა შეპირობებულია თვითონ მწერლის ბიოგრაფიითა თუ მჩქეფარე ცხოვრებით. ის საქმის კაცი იყო, ბევრ მოვალეობას შეჭიდებული თუ ბევრგან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნამუშევარი. 

რამდენიმე  უცხო ენაზე თავისუფლად მოუბარი კაზანძაკისი სიღრმისეულად იცნობდა არა მხოლოდ თეორიულ ნააზრევსა და მსოფლიო აზროვნების ნიშანსვეტებს, არამედ  სამყაროს ამა თუ იმ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებსა და მათ ყოფით, პრაგმატულ ფილოსოფიასაც, ამ ადამიანთა ძირითად ფსიქოტიპებსა და მათი ქცევის შემაპირობებელ  მთავარ ფაქტორებსაც.

ამიტომაც არის მისი ფრაზა ასეთი მჭრელი, როგორც მუჰამად მოციქულის ნაქონი და მის მიერ ალი იბნ აბუ ტალიბისათვის ნაჩუქარი ორკაპა ალესილი მახვილი, ზუ-ლ ფაკარი, რომელსაც აღმოსავლური ლეგენდებიდან ასე ოსტატურად გამოიხმობს და გააკაშკაშებს თავის „ღვთის გლახაში“. 

კაზანძაკისის სიტყვაც თითქოს ასევე ორკეცად კვეთს შუაში სინამდვილეს, მისი ერთი პირი მოვლენათა ემპირიულ გამოვლინებას, ხოლო მეორე პირი ამ მოვლენების სულიერ სარჩულს, შიდაპირს გასერავს და არსებობის მთელ ტრაგიზმს წინ ფერად-ფერადი ფარჩასავით გადმოგვიშლის.

თითოეული მისი რომანი ასეთი სულიერი ხარაკირია და ამიტომაც არასოდეს იშლება მკითხველის გონებიდან ამ წიგნებით მოგვრილი შთაბეჭდილებანი.

„ღვთის გლახა“ კი მაინც რაღაცნაირად გამორჩეულია ამ რომანებს შორის, რადგან მიუხედავად სიუჟეტის ერთგვარი სწორხაზოვნებისა, მთელი წიგნი ადამიანის სულიერი ძალმოსილების ერთი დიდი საგალობელია, რომელიც ზუსტად განსაწმენდელივით მოქმედებს: სულის სამოთხესა და ხორცის ჯოჯოხეთს შორის გაწოლილი ადამიანური ყოფის უმაღლეს ნეტარებასა და უმდაბლეს გმინვას გვაზიარებს. გვასწავლის, რომ სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც ჩვენშივეა და არამხოლოდ ზეცაში, ქვეყანაზეც სწორედ ის გვეძლევა, რისკენაც მივისწრაფვით. 

ჟანრული დეფინიციით, „ღვთის გლახა“ ბიოგრაფიული რომანია, რომელიც  კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის, ფრანცისკე ასიზელის ცხოვრებას აღგვიწერს. ოღონდ თვითონ ნაწარმოების ფაქტურიდან გამომდინარე, განსაზღვრება „ბიოგრაფიული რომანიც“ ძალზე პირობითად ესადაგება იმას, რაც (და რაც მთავარია, როგორც) ნიკოს კაზანძაკისის რომანშია მოთხრობილი. 

რა თქმა უნდა, წიგნის ქარგად ამ უსაყვარლესი წმინდანის ცხოვრებაა აღებული, მაგრამ მთლიანობაში, „ღვთის გლახა“ მაინც ღვთის მაძიებელი ადამიანის სულიერი ბიოგრაფიაა, ზოგადი და ძალზე მხატვრული გააზრებაა იმ შინაგანი მსხემობისა, რასაც ღვთისაკენ დაჟინებით მიმავალი ადამიანი გაივლის. 

კაზანძაკისს კარგად ესმის, რომ ადამიანის მიწიერი ბიოგრაფიის დეტალები შეიძლება მხოლოდ მნიშვნელოვანი ბიძგი იყოს მისივე სულიერი ძვრებისათვის; მთავარი კი მუდამ ეს ძვრებია, სულის მიერ აღძრული დიადი ქარიშხლები, რომელთა ქარბუქშიც გზას მიიკვლევს ამ ქვეყნად დროებით მოხვედრილი ადამიანი თავისი ნამდვილი სამშობლოსკენ ანუ ღმერთისაკენ.

აღმოსავლური მისტიციზმის ამ ძირითად საფუძველთან ნაწარმოების თანაზიარობამ უბიძგა, ალბათ, მის სპარსულად მთარგმნელს, რომ გამოცემის შესავალში რომანის მთელი სუფიური წანამძღვრები განეხილა და ყველა ეს პოსტულატი, ჰაფეზიდან, სააადიდან, სელმან სავეჯიდან მოხმობილი უხვი ციტატებით, კაზანძაკისის მხატვრულ სამყაროსთან ორგანულად დაეკავშირებინა. 

მეორე მხრივ, ეს რომანიც, ისევე როგორც ნიკოს კაზანძაკისის მთელი შემოქმედება არის მეოცე საუკუნის მოდერნიზმის კლასიკური ნიმუში და აბსოლუტურად მართალია მთარგმნელი თამარ მესხი, როცა მისი ერთი თარგმანიდან („გველი და შროშანი“) გრიგოლ რობაქიძის, ხოლო მეორიდან („აღსარება გრეკოსთან“) კონსტანტინე გამსახურდიას სტილისტური ექოები მოგვესმის. 

აქ, რა თქმა უნდა, საქმე ნამდვილად არ გვაქვს ქართულ მთარგმნელობით ლიტერატურაში ერთხანს გავრცელებულ ნაკლთან – კონსტანტინე გამსახურდიას სტილისა და მუსიკის უნიჭო მიბაძვასთან. 

კაზანძაკისის შემთხვევაში ეს სტილისტური გადაძახილები ორ ქართველ მწერალთან სავსებით ბუნებრივად მოისმის და მაინც, ჩემი აზრით, იმისი მიუხედავად, რომ ბერძნულ დედანზე, სამწუხაროდ, ხელი არ მიმიწვდება, იმდენი მაქვს წაკითხული კაზანძაკისი სხვადასხვა ენაზე, რომ შემიძლია გამოვთქვა ფრთხილი ვარაუდი: თუ მსგავსებაა, კაზანძაკისი არც გრიგოლ რობაქიძეს ჰგავს, რომელთანაც პირადად მეგობრობდა და არც კონსტანტინე გამსახურდიას. მისი მხატვრული მანერაცა და ფრაზის არქიტექტონიკაც უფრო მიხეილ ჯავახიშვილის პროზას ენათესავება და ეს ნათესაობა კარგად აქვს დაჭერილი და ქართულად შესანიშნავად გაჟღერებული სწორედ მაია კაკაშვილს, რომლის თარგმანებიც, კაზანძაკისის სხვა ქართველი მთარგმნელებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებ სტილიზებულია. 

კაკაშვილის თარგმანებისა და კონკრეტულად ამ ნამუშევრის უმთავრესი ღირსება ის არის, რომ ის აბსოლუტურად ნეიტრალური და თეატრალურობისაგან სავსებით დაცლილი ტონალობით მიჰყვება ფრაზის ბუნებრივ ქართულ მდინარებას და ყველა იმ ეფექტის მიღწევას, რასაც სხვა მთარგმნელები, სხვადასხვა სტილური ხერხის მეშვეობით ცდილობენ, იგი სინტაქსური სისადავით, ოღონდ ძალზე მდიდარი ლექსიკის მეშვეობით ახერხებს. 

ლექსიკური სიმდიდრე კი სრულებითაც არ გულისხმობს სინონიმთა ერთ ქვაბში თვითმიზნურ და ყოვლად გაუმართლებელ ჩაპირქვავებას. სიმდიდრე ის არის, რომ აქ ყველა სიტყვა თავის ადგილას ზის და ძალიან გაჭირდება რომელიმე მათგანი შეცვალო მისივე სინონიმით. 

„ღვთის გლახიდან“ შეგვეძლო მთარგმნელის ოსტატობის უამრავი ნიმუში მოგვეყვანა, თუმცა აქ რამდენიმე ფრაგმენტით შემოვიფარგლებით. 

კაზანძაკისი სხვა ბევრ რამესთან ერთად პეიზაჟის აღწერის ნამდვილი ოსტატია. ის ხშირად ძალიან უბრალო, მსუბუქი მონასმებით გადმოსცემს ისეთ არსებით წვრილმანებს, რომ მკითხველის გონებაში წარმოუდგენელი ცხოველმყოფელობით გამოიხმობს ამა თუ იმ გარემოს ანდა  დღე-ღამისა თუ საერთოდ, დროის რომელიმე მონაკვეთის შთამბეჭდავ სურათებს.  მაია კაკაშვილის კი ისე უდანაკარგოდ მოაქვს ეს ყველაფერი ჩვენამდე, როგორც მხოლოდ თავისი საქმის ნამდვილ მცოდნეს შეუძლია. აი, მაგალითად, ეს პატარა ფრაგმენტიც რომ ავიღოთ: 

 „გაზაფხული იდგა. ღვთის თვალი ტრიალებდა. ხეები გასაფურჩქნად გამზადებულიყვნენ. ვენახებს რქა უწითლდებოდათ, ლეღვის ხეები პირველ, ნაზ დუყებს შლიდნენ.

-ასეთი იქნება მეორედ მოსვლა, ბერო ლეონე, – მეუბნებოდა ფრანცისკე, – გაზაფხული! მიცვალებულები ყლორტებივით ამოვლენ სინათლეზე!

 

ანდა აი, კიდევ ეს მეორე ფრაგმენტი: 

 

„დილის ფაფუკი ნისლი ჯერ კიდევ არ აწეულიყო. მომკილი ყანები ოქროსფრად მოჩანდა და ლერწმებს შორის ანათებდნენ ნაგვიანევი, დედოფლებივით პორფირისფერში გამოწყობილი, ყაყაჩოები, გულზე შავი ჯვარი რომ მოუჩანდათ“.

 

ეს უკანასკნელი ფრაგმენტი ნამდვილი პოეზიაა, მინიმალისტური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუში, რაც უცხო არ არის კაზანძაკისის პროზის საერთო სტილისტიკისათვის. 

აქ, მის რომანებში, მთარგმნელი მუდმივად გადის პოეზიისა და პროზის კიდეზე და ეს ყველაფერი ისე უნდა გადმოსცეს თავის მშობლიურ ენაზე, რომ ამ ორი ჟანრის ერთმანეთთან შეხებამ გემოვნება შუაში კოზაკივით არ მოიყოლოს და საბოლოოდ ბუნებრივი, ადამიანური, სადა, მაგრამ ღრმა ნააზრევი მივიღოთ და არა – უკიდურესად გადაპრანჭული, უადგილო სტილისტურ აბრუნდთა ფერუმარილით გათხუპნული საცოდავი ოპუსი. 

მაია კაკაშვილი ამ ზომიერების, ამ სისადავის შენარჩუნებას ყოველთვის ახერხებს და წიგნი, მიუხედავად მასში დასმული საკითხების სერიოზულობისა და სიმძიმისა, პირველივე ფრაზიდან უკანასკნელ ფრაზამდე დიდი მღელვარებითა და ინტერესით იკითხება.

მთარგმნელის უაღრესად შემოქმედებითი ნატურა თავისთავში ტექსტისათვის საბედნიეროდ აერთიანებს პედანტსაც, რომელიც პასუხისმგებელია აზრისა და ემოციის სიზუსტეზე და ამ ორი განსხვავებული მიდგომის შედეგია ის, რომ მაია კაკაშვილი ყოველთვის სანდოა და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს თარგმანს კი არა, ქართულ ენაზე რომელიმე დიდი მწერლის დაწერილ თხზულებას კითხულობდე. 

მე, ბერძნულის არმცოდნე ადამიანს, რასაკვირველია, არ მქონდა თარგმანის დედანთან შედარების საშუალება, მაგრამ როგორც წიგნის რედაქტორმა ის მაინც გავაკეთე, რომ ქართული ტექსტი ორ სხვადასხვა ენაზე, არაბულად და სპარსულად თარგმნილ „ღვთის გლახას“ შევუდარე და მინდა ვთქვა, რომ ქართული თარგმანის ხარისხი შეუდარებლად მაღალია ორივე აქ დასახელებული თარგმანის ხარისხზე. 

მაგალითისათვის გავიხსენებ რომანის ერთ პასაჟს, რომელშიც ერთ პატარა ტბორსა  და იქ გაშვებული თევზების სახეობებზეა ლაპარაკი. 

ქართველ მთარგმნელს სამუშაო ვარიანტში ამ თევზების ბერძნული სახელწოდებები მათი სავარაუდო ქართული ეკვივალენტებით ჰქონდა მონიშნული.  

ჩემდა გასაოცრად ეს ადგილი სპარსელ მთარგმნელს სულ სხვაგვარად ჰქონდა გადმოღებული და არაბს – სულ სხვანაირად თარგმნილი. 

განსხვავებას ქმნიდა თევზების დასახელებები, რომელიც ამ ორ ენაზე და ქართულ სამუშაო ვარიანტში ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ვთქვათ, ერთგან რომ „ციმორი“ ეწერა, მეორეგან გვქონდა „ქორჭილა“ და ა. შ.  

ვინაიდან ამ თევზების სახელწოდებები ტექსტს ბევრს არაფერს სძენდა, მთარგმნელს შევთავაზე, რომ ეს დეტალები საერთოდ ამოგვეღო ქართული თარგმანიდან. 

მაია კაკაშვილი ამ მაცდუნებელ შეთავაზებას არ დასთანხმდა და თავი მოიკლა, სანამ მთელი ეს იქთიოლოგიური დეტალები ძირისძირობამდე არ გაარკვია. 

სწორადაც მოიქცა! 

რადგან არის ისეთი სპეციფიკური წვრილმანები, რომელთა გააზრებაზეც დგას შენი პირადი პროფესიული თავმოყვარეობაც და კონკრეტული მწერლისადმი ერთგულების განცდაც და ეს ყველაფერი გიბიძგებს, რაც შეიძლება დაუახლოვდე ავტორის გულისთქმას. 

თანაც ნიკოს კაზანძაკისი ის მწერალია, რომლის ტექსტშიც შემთხვევითი არაფერია, თუნდაც ეს ტბორში გაშვებული თევზების სახეობები და სახელწოდებები იყოს.

აქ ყველაფერი სიმბოლოა, რომლის გააზრებამაც გამოუთქმელთან, ერთადერთთან უნდა მიგიყვანოს.  სიმბოლოა მთლიანად რომანიცა და ამ რომანის თითოეული პასაჟიც, რომელთა დეტალური პროფესიული განხილვა, ალბათ, ერთ სრულყოფილ მონოგრაფიას საჭიროებს. 

ამ წერილის მიზანი კი შედარებით მოკრძალებულია: 

მინდოდა, გამომეხატა სიხარული, რომ ქართულად უკვე გვაქვს კაზანძაკისის მორიგი შედევრის ბრწყინვალე თარგმანი და მადლობა მეთქვა გამომცემლობა „ინტელექტისათვის“, რომელმაც ამ წიგნის ქართულად წაკითხვის ბედნიერებას გვაზიარა.