ვინ ასწავლის ბავშვებს საბავშვო ბაღში

სალომე გორგოძე

დღესდღეობით საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს კვალიფიკაცია, ან ისეთი კვალიფიკაცია აქვს, რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებას არ უკავშირდება,-   გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში, რომელშიც საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევის შედეგებია მოცემული, აჩვენებს, რომ 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების მიხედვით, აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია.

ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ბავშვისთვის, როგორც აკადემიური, ისე სოციალური წარმატების საფუძველია. დარგის სპეციალისტები კვლევებზე დაყრდნობით განმარტავენ, რომ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება, განათლების შემდგომ საფეხურებზე, სკოლასა თუ უნივერსიტეტში, აკადემიური წარმატების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.

თავის მხრივ, იმისთვის, რომ ბავშვმა ხარისხიანი სკოლამდელი განათლება მიიღოს, რამდენიმე ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია – გულისხმიერი ურთიერთობები ბავშვებსა და უფროსებს შორის, თავისუფალი თამაშისა და არჩევნის შესაძლებლობა, ჯგუფებში აღმზრდელისა და ბავშვის თანაფარდობა, ენობრივად მდიდარი გარემო, ასაკობრივად შესაბამისი კურიკულუმი და აღმზრდელების მაღალი კვალიფიკაცია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ, თუკი მასწავლებელს შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარები აქვს, დანარჩენი საკითხების მიღწევა უფრო მარტივდება.

როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაცია დღესდღეობით სკოლამდელი აღზრდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

წყარო: საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა, 2018

ერთი მხრივ პრობლემაა, როგორც ახალი კადრების მომზადების საკითხი, მეორე მხრივ,  დასაქმებული კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

თუკი კვლავ ზემოაღნიშნული კვლევის შედეგებს დავეყრდნობით, ვნახავთ, რომ მაშინ, როდესაც გამოკითხულთა უმრავლესობა აღიარებს მაღალი ხარისხის პირველადი განათლების მნიშვნელობას, მხოლოდ მცირე ნაწილს თუ აქვს გავლილი უნივერსიტეტში სპეციალიზებული მომზადება ბავშვთა ადრეული აღზრდისა და განათლების საკითხებზე, თანაც დაახლოებით 20 ან 25 წლის წინ. მათი განათლება ძირითადად თეორიული კურსებით შემოიფარგლებოდა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას არ მოიაზრებდა. ამავე კვლევის შედეგებით, ვინაიდან უწყვეტი პროფესიული განვითარების რაიმე პროგრამა, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, საბავშვო ბაღის თანამშრომელთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აქვს გავლილი, ადრეული აღზრდისა და განათლების დარგში თანამედროვე მიდგომებზე, მათ ხელი არ მიუწვდებათ.

 

რა მოთხოვნებს აყენებს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი

მთავრობამ 2017 წლის ოქტომბერში დაამტკიცა სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტი.

აღნიშნულმა სტანდარტმა განსაზღვრა ორი ძირითადი ეტაპი,  მოთხოვნები რომლებსაც აღმზრდელ-პედაგოგის განათლება უნდა აკმაყოფილებდეს  2024 წლის 1 სექტემბრამდე და მას შემდეგ.

უფრო კონკრეტულად კი 2024 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლითაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრიატის ხარისხს (ნებისმიერი მიმართულებით), ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება, უნდა გაიაროს სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.

ან უნდა ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს აღნიშნული გადამზადება.

2024 წლის შემდგომ კი, გარდა ზემოაღნიშნული მოთხოვნებისა, უნდა გაჩნდეს შესაძლებლობა, დაინტერესებულმა პირმა მიიღოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ხარისხი. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში უნივერსიტეტებმა შესაბამისი საბაკალავრო პროგრამები უნდა მოამზადოს.

დღესდღეობით სისტემაში დასაქმებული აღმზრდელების დაახლოებით 30% გადამზადების შემთხვევაში სტანდარტის აღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„განათლებასთან ერთად აღმზრდელების პროფესიული განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან განათლების კომპონენტს აკმაყოფილებენ, ეს არ ნიშნავს, რომ მათი პრაქტიკა შეესაბამება ხარისხიანი განათლების მოთხოვნებს. დანარჩენ 70%-ს კი აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციის მისაღებად განათლებაც კი თავიდან აქვს მისაღები, რაც რთული წარმოსადგენია. ამას ემატება აღმზრდელების საკითხიც – ახლა ვისაც თანაშემწეები ჰქვიათ, მათ პოზიციაზე ცალსახა მოთხოვნები არ არის გაწერილი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად ამტკიცებს ამ მოთხოვნებს, სადღაც არის უმაღლესი განათლების მოთხოვნა, სადღაც არა“, – განმარტავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრეული განათლების სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი თამარ საღინაძე.

ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება ადრეული განათლების მიმართულებით სწავლებისა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს. დღესდღეობით უნივერსიტეტში ადრეული განათლების 14 სასერტიფიკატო პროგრამა მოქმედებს.

თამარ საღინაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ტრენინგ-მოდული, რომლის გავლის ვალდებულებაც აღმზრდელ-პედაგოგებს აქვთ, 66-საათიანი საბაზისო კურსია, რომელიც მათ სტანდარტებს, სწავლების მეთოდებსა და სიახლეებს აცნობს, საკმარისია საიმისოდ, რომ დასაქმებულმა აღმზრდელ-პედაგოგის პოზიცია მიიღოს, მაგრამ ვერ იქნება საკმარისი მათი პრაქტიკის შესაცვლელად. ამდენად, თამარ საღინაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დამატებით სხვა პროფესიული განვითარების პროგრამების არსებობაც, რომლებსაც მუნიციპალიტეტები უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისათვის დასაქმებულ კადრებს შესთავაზებენ.

მისივე განმარტებით, იმ აღმზრდელებს, რომლებსაც აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის შესაბამისი განათლება არ აქვთ, მაგრამ ბაღებში მუშაობის გაგრძელება აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე სურთ, რჩებათ პროფესიული განვითარების ორი გზა: პირველი – მიიღონ უმაღლესი პროფესიული განათლება, რასაც დღესდღეობით როგორც უნივერსიტეტები, ისე პროფესიული სასწავლებლები სთავაზობენ; მეორე გზა კი – ამ მიმართულებით ბაკალავრის ხარისხის მიღებაა, რის შესაძლებლობაც უახლოეს მომავალში უნდა გაჩნდეს.

დღესდღეობით ხელმისაწვდომია სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უმაღლესი პროფესიული განათლება როგორც საუნივერსიტეტო დონეზე, ისე პროფესიულ კოლეჯებში. ასევე ხელმისწავდომია სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები. თუმცა, დარგის სპეციალისტების შეფასებით, საერთო ჯამში, კურსდამთავრებულთა მცირე რაოდენობა საერთო სურათზე დიდ გავლენას ვერ ახდენს.

თამარ საღინაძე ამბობს, რომ დღესდღეობით ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოზიდვა სკოლამდელ განათლებაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ძირითადად ორი მიზეზით არის განპირობებული. ერთი მხრივ, წლების განმავლობაში ქვეყანაში არ არსებობდა საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებით პროფესიულ კადრებს მოამზადებდა; მეორე მხრივ კი, აღმზრდელების დაბალი ანაზღაურება სკოლამდელ დაწესებულებებში მათ დასაქმების მოტივაციას ვერ უზრუნველყოფს.

დღესდღეობით, აღმზრდელების ხელფასი განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით, თუმცა სრულ განაკვეთზე დასაქმებული აღმზრდელის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 336 ლარია, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია (2018 წლის მონაცემებით) საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის საშუალო ყოველთვიურ შემოსავალზე (940 ლარი).

წყარო: საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა, 2018

ჯერჯერობით არ დამტკიცებულა შესაბამისი დოკუმენტი, რომელმაც აღმზრდელ-პედაგოგის სახელფასო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.

რა გამოწვევებზე საუბრობენ აღმზრდელები

ნათია მუნჯიშვილი თბილისის #33 საჯარო ბაღში 3 წლის წინ დასაქმდა, ჯერ თანაშემწე იყო, ახლა აღმზრდელია. ნათია ცოტა ხნის წინ დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსი – ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა სკოლამდელ ასაკში.

ნათია ამბობს, რომ კურსის ფარგლებში ნასწავლი თეორიული მასალა და გამომუშავებული პრაქტიკული უნარები ეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში, სწორად დაგეგმოს პროცესი და მართოს ჯგუფი. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აღმზრდელების წინაშეა, ერთი მხრივ, ჯგუფებში ბავშვების დიდი რაოდენობაა, მეორე მხრივ კი – მშობლებთან სწორი და ხშირი კომუნიკაციის საჭიროება.

ამჟამად მის  ჯგუფში სიით 45 ბავშვია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ჯგუფში შედარებით ნაკლები ბავშვია, ნათია ამბობს, რომ ეს მასწავლებლის შრომისთვის შეღავათი არ არის.

„თუკი გინდა, რომ შედეგს მიაღწიო, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. შედეგი ის კი არ არის, ლექსი დაიზეპიროს ან კოშკები დახატოს, შედეგი მთელი ის პროცესია, რაც ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვისაა საჭირო, ამას კი ვერ მოახერხებ, თუ ინდივიდუალურად არ გექნება ბავშვთან კონტაქტი. მაგრამ დრო როგორ გექნება როცა იმდენი ბავშვია, რომ მარტო ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ხარ ორიენტირებული. შეიძლება მასწავლებელი იყოს კვალიფიციური, ძალიან კარგადაც იცოდეს სხვადასხვა მიდგომა, მაგრამ როცა 45 ბავშვთან გიწევს ურთიერთობა, ეს რთულად შესასრულებელი ამოცანა ხდება“.

ნათია ფიქრობს, რომ ბაღის აღმზრდელისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მშობლებს დაეხმაროს, რათა გაიაზრონ ბაღის, როგორც განათლების პირველი და  მნიშვნელოვანი საფეხურის საჭიროება, რომ ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ ბავშვების უსაფრთხოებასა და კვებაზე ზრუნავენ, სანამ მშობლები მუშაობენ. ბაღი ის ადგილია, სადაც ბავშვებს ის საწყისი უნარები უნდა განუვითარონ, რომლებიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რათა დაძლიონ განათლების მომდევნო საფეხურები.

ხანგრძლივი გადამზადების შემდეგ ილიას უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამების ტრენერი გახდა მანანა ხუციშვილი, რომელსაც ბაღში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ყურადღებას ამახვილებს ბაღის დირექტორების როლსა და მათ მზაობაზე, რათა პროფესიონალ კადრებს სიახლეების შეტანის და შემდეგომ უკვე ამ გამოცდილების კოლეგებისათვის გაზიარების საშუალება მიეცეთ, ვინაიდან გამოცდილებაში შეხვედრია ისეთ პრაქტიკასაც, როცა ბაღის დირექტორი ტრენინგებზე არ უშვებს აღმზრდელებს.

„თუკი ბაღებში არ იქნება სიახლეებისადმი და განვითარებისადმი ხელშეწყობა, ძალიან რთულია რამდენიმე პროფესიონალმა ან მონდომებულმა კადრმა კლიმატი შეცვალოს. მნიშვნელოვანია, ბაღის დირექტორი იყოს მონდომებული, რომ ახალ რელსებზე გადავიდეს. ხშირად ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როცა გეგმის მიხედვით რაღაც საკითხი მაქვს დაგეგმილი, მაგრამ ვხედავ, რომ ბავშვების უმეტესობას არ აინტერესებს. ამ თემის გაგრძელებას აზრი არ აქვს, მე ბავშვების ინტერესის მიხედვით ვგეგმავ დღეს. ამაში არავინ მზღუდავს, მაგრამ დღეს ბაღებში უმეტეს შემთხვევაში არის ტენდენცია, რომ ამ მიმართულებით არ არის ხელშეწყობა. ამ შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე აღმზრდელის პროფესიონალიზმი საერთო სურათს ვერ ცვლის“, – ამბობს მანანა ხუციშვილი.

უწყვეტი პროფესიული განათლების მნიშვნელობა

სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მუნიციპალიტეტების როლზე ამახვილებს ყურადღებას „საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკას“ დირექტორი გიორგი მესხიძე. ის გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობდა, რათა მათ ბაღის აღმზრდელების უწყვეტი პროფესიული განვითარების სტრატეგიები შეემუშავებინათ.

მისი თქმით, რამდენიმე მუნიციპალიტეტმა უკვე შეიმუშავა და დაამტკიცა შესაბამისი სტრატეგია და დაფინანსებაც გამოჰყო. მესხიძე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია, აღმზრდელების პროფესიული განვითარება რამდენიმედღიან ტრენინგ კურსზე კი არ იყოს დამოკიდებული, არამედ ეს იყოს უწყვეტი პროცესი, როცა თითოეულ აღმზრდელს საჭიროებიდან გამომდინარე, საშუალება მიეცემა, პროფესიული გადამზადების კუთხით მხარდაჭერა მიიღოს.

მესხიძე განმარტავს, რომ დაფინანსების მოდელი, თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების სქემის მსგავსია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ადგენს, რომ სახელფასო ფონდის 1%  უნდა მოხმარდეს მოხელეთა პროფესიულ განვითარებას. თუკი ამ პრინციპით მიუდგება ბაღების გაერთიანება, ზუსტად ეცოდინება, რამდენი აქვს განსაზღვრული პროფესიული განვითარებისათვის. ამგვარად კი პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა „სახანძროს პრინციპით კი არ იმუშავებს“, როცა კანონის მოთხოვნის ფეხდაფეხ იწყებს ტრენინგებისთვის თანხის მოძიებას, არამედ გეგმურად, საჭიროებების გათვალისწინებით.

გიორგი მესხიძე ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის როლი ასევე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ახალგაზრდა კადრების სკოლამდელი აღზრდის სისტემაში მოზიდვის საქმეში: „ვხედავთ, რომ პროფესიული მიმართულებით ძალიან ცოტა სტუდენტი მიდის, პედაგოგიური უნივერსიტეტების გაუქმების მერე კი ამ მიმართულებით სპეციალიზებული კადრები არ გვყოლია. პროფესიული ან უმაღლესი პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების საერთო რაოდენობა კი არსებულ სიტუაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს. დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 16 000 აღმზრდელია, აქედან დაახლოებით 5000 არის ისეთი, რომელიც ტრენინგის გავლის შემთხვევაში შეიძლება, დაწინაურდეს. არსებული მონაცემებითაც კი უკვე პროფესიონალი კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია“.

გიორგი მესხიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროულად დაამტკიცოს დოკუმენტები, რომლებიც სკოლამდელ განათლებაში მიმდინარე ცვლილებებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. საუბარია ბაღების ავტორიზაციის წესზე, აღმზრდელ-პედაგოგების საერთო მინიმალური ხელფასის განსაზღვრის წესსა და ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის სტანდარტზე.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, უფრო კონკრეტულად კი იწყება აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, რასაც მოჰყვება სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრაც. თუმცა კონკრეტული ვადები, თუ როდის დასრულდება სამუშაოები, ცნობილი არ არის.