ვის რაში სჭირდება პოეზია დღეს?

გიორგი ლობჟანიძე

ეს არის შეკითხვა, რომელსაც სწორედ ასეთი უხეში ფორმით ხშირად გაიგონებთ და არა მხოლოდ იმ ხალხისაგან, ვისაც პოეზიის მნიშვნელობა უბრალოდ არ ესმის, არამედ თვითონ პოეტებისგანაც კი, რომლებიც არცთუ იშვიათად სკეფსისს ეძლევიან და საკუთარი უმნიშვნელობა თავიანთ საქმეზე გულის აყრისაკენ უბიძგებთ.

ფაქტია, რომ დღეს მთელ მსოფლიოში პოეზიას სულ უფრო ნაკლები ადამიანი ეტანება. ამ მოვლენას ბევრი მიზეზი აქვს და, რა თქმა უნდა, ყველაზე ნაკლები აქ სწორედ მატერიალური თუ მატერიალისტური მიზეზია: ის, რომ რასაც ფიზიკურად ვერ მოიხმარ, საინტერესოც აღარ არის. პოეზიით ვერ დანაყრდები, ვერ შეიმოსები, ვერ გათბები, ვერ გაგრილდები, ერთი სიტყვით, კომფორტს ვერ შეიქმნი, პირიქით: პოეზია მუდმივად ცდილობს გამოგათრიოს შენი შექმნილი კომფორტის ზონებიდან და სამყაროში საკუთარი ტრაგიკული დანიშნულების გაცნობიერებისაკენ მიგაბრუნოს.

ეს კი, დამეთანხმებით, რთული და არცთუ სასიამოვნო პროცესია.

აღნიშნული მიზეზი სასაცილოდ არ ეყოფა დღევანდელ ობივატელს, რომლისთვისაც პოეზია, დიდი-დიდი, სუფრის სადღეგრძელოს სამშვენისი შეიძლება იყოს,  პათეტიკური თუ ურაპატრიოტული სიტყვების რახარუხი, რომლითაც, სინამდვილეში, სულიერი სიცარიელე გველაპარაკება.

მეორე მხრივ, სწორედ ამ მომხმარებლურმა დამოკიდებულებებმა ადამიანის ეგოისტური მისწრაფებები უკიდურესად გაამძაფრა და ამით  თითოეული ჩვენგანი ისეთ მარტოობაში გამოგვკეტა, რომ  ამ ტრაგიზმის გადმოსაცემად ნებისმიერი ხმოვანი შეტყობინება უძლური აღმოჩნდა და პოეზია ახალი ფორმებისა და საშუალებების, სრულიად განსხვავებული გამომსახველობითი ენის მოძიების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

შესაბამისად,  რადიკალურად შეიცვალა თვითონ პოეტის დანიშნულების გაგებაც საზოგადოებაში.

შუა საუკუნეების საქართველოში პოეზიის დანიშნულების გაგებაში ყველაზე უკეთ ალბათ ისევ რუსთველის შესაბამისი სტრიქონები დაგვეხმარება, თუკი ამ სტრიქონებს სწორად და იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი გააზრებებით წავიკითხავთ.

„ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი ხომ სრულიად მკაფიოდ გვეუბნება, რომ შაირობა (ანუ პოეზია) პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი. კვლა აქაცა ეამების, ვინცა იყოს კაცი ვარგი, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის შაირია ამად კარგი“.

აღნიშნულ მონაკვეთში მთავარი, საკვანძო სიტყვაა სიბრძნე, რომელიც, რასაკვირველია, აქ უპირველესად, ღვთაებრივ, ტრანსცენდენტულ სიბრძნეს გულისხმობს,  სიბრძნეს, რომელიც ღვთის ბუნების შეცნობაში გვეხმარება. ღვთის ბუნების შეცნობა კი იმქვეყნიური ცხოვრების საგზალია, ის, რისი ნაყოფიც ადამიანს იმსოფლად უნდა შეეწიოს. ამიტომაც დასძენს აქვე რუსთველი „კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი“. ანუ, პოეზიის ნაყოფი კი არის საიმსოფლიო, მაგრამ აქაც, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც მოუტანს სარგებელს იმ ვარგ ადამიანს, ვინც მას აქვე, წუთისოფელშივე, სწორად გაიგებსო.

შუა საუკუნეებსაც რომ თავი დავანებოთ, თუკი მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში (და ნაწილობრივ მსოფლიოში) პოეტის ფუნქცია ლამის მოციქულის დანიშნულებას უტოლდებოდა („ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“ (ილია ჭავჭავაძე), დღეს ასეთი პრეტენზია, თუნდ ილია ჭავჭავაძეც იყოს, ნებისმიერი პოეტისაგან კლინიკურ შიზოფრენიად აღიქმება.

არადა, პოეტებს მართლაც აქვთ მომავლის წინასწარ განჭვრეტის ტრაგიკული უნარი, რადგან მათ უფაქიზეს ემოციურ სენსორებს შეუძლიათ მოახლოებული სამოქალაქო თუ გლობალური კატასტროფები დროზე გაცილებით ადრე იგრძნონ თუ მოიხელთონ.

არცთუ იშვიათად შესაძლებელია ერთ ლექსში აისახოს მთელი ეპოქის შემზარავი სინამდვილე. ასეთი ლექსების მაგალითად აქვე ორი ნიმუში მახსენდება მსოფლიო პოეზიიდან: ერთი,  დიდი ბერძენი პოეტის კონსტანტინოს კავაფისის „ბარბაროსების შემოსევა“ და მეორე, დიდი გერმანელი პოეტის პაულ ცელანის „სიკვდილის ფუგა“.

ამ ორმა ლექსმა არაჩვეულებრივი სიცხადით გადმოსცა მთელი მეოცე საუკუნე, იმ საუკუნის ტრაგიკული პერიპეტიები.

მეოცე საუკუნის ქართული პოეზია კი სრულებით სხვა სინამდვილისა და, როგორც ახლა იტყვიან, სულ სხვა გამოწვევების წინაშე იდგა. პატარა ქვეყნებს, რომელთაც გამუდმებით უწევთ საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ზრუნვა და, უფრო მეტიც,  ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისათვის, ყველაფერი ამ მიზანზე აქვთ გამოთვლილი.

ამიტომაც არის გასაგები, რომ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ჩვენი პოეზიის ერთი დომინანტური ნაკადი პატრიოტული ლირიკა იყო, რომლის საძირკველსაც პათეტიკა წარმოადგენს: „დაუკარით და იმღერეთ შადიანი, ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი, დაუკარით ძველებური დარდიანი, დაუკარით არწივების ასაფრენი“ (ლადო ასათიანი), ანდა: „ ო, სისხლო ჩემო, სად არ დაღვრილო, შენ სად არ გხვრეპდა შავი ყორანი, ვინ გამაკვირვოს, რამ გამაკვირვოს ნადიდგორალი, ნაშამქორალი“. (მუხრან მაჭავარიანი).

უნდა გამოგიტყდეთ, რომ დღემდე ორივე ეს ნიმუში რაღაც ჯადოსავით მოქმედებს ჩემზე და სწორედ ამ ზემოქმედების ძალით, ვაღიარებ, რომ აქ წარმოდგენილი ორივე ლექსი დიდი პოეზიის ნიმუშია, თუმცა თუ მსოფლიო მასშტაბებიდან შევხედავთ, იქნებ, ძალიან სასაცილოც ჩანდეს ჩემთვის უაღრესად საყვარელი და მშობლიური ამ ორი პოეტის ასეთი პათეტიკური თავგამოდება.

ერთხელ, ერთ ჩემს ნაცნობ მაჩაბელს ვეხუმრე, კი, მაგრამ თუ გახურებული ომი იყო და ქვეყანა იქცეოდა, ამ მაჩაბლებს, ერთი მითხარით, რა გემღერებოდათ-მეთქი. ზუსტად მიმიხვდა იუმორს და ასევე მიპასუხა: „ამდენი ვაჟკაცის შემხედვარეს, ადამიანს სიმღერის მიზეზს რა გამოულევს, აბა, მითხარიო!“

რეალურად, ეს ძალზე ყოფითი დიალოგი ლადო ასათიანის ამ შედევრის უკვე სხვა ეპოქის გააზრება გახლდათ. ეპოქისა, რომელმაც ტრაგიკული სინამდვილის სერიოზული აღქმა ირონიით ჩაანაცვლა. და ეს კი ყოველთვის სიმპტომია იმისა, რომ შენ შენი წარსულისა და თანამედროვეობის, შენი თავისა და გარემომცველი სამყაროს სულ სხვა დონეზე გააზრებას იწყებ.

იწყებ იმ საბედისწერო ტაბუების მსხვრევას, რომელიც თავის დროზე სინამდვილეს ეგებ სწორედ რელიგიამ ან რელიგიურობის ხარისხში აყვანილმა საზოგადოებრივმა აზრმა ამავე პოეზიის საშუალებით დაადო.

მაშინ, როცა პოეზიის ერთ-ერთი მოწოდება სწორედ გაბატონებული კლიშეების, საზოგადოებრივი და ფსევდორელიგიური ტაბუების მსხვრევაც არის პიროვნებისა თუ ინდივიდის თავისუფლების სასიკეთოდ.

პოეზია სინამდვილეს აღწერს არა იმიტომ, რომ ცხოვრების მზამზარეული რეცეპტი მოგვაწოდოს, არამედ იმიტომ, რომ გაგვიადვილოს არჩევანი ჩვენივე თავისუფლების სასარგებლოდ. ოღონდ, მერე, უკვე ნამდვილი პრობლემა ჩვენში ჩნდება, როცა აღარ ვიცით, ეს თავისუფლება რა თავში ვიხალოთ.

ამიტომაც არჩევს პოეზია, დიდ ჭეშმარიტებებზე მოზომილად, არაერთმნიშვნელოვნად, იგავურად გვესაუბროს. შედარება პოეზიის ფარია და მეტაფორა მისი მახვილია. ერთით თავს დაიცავს და მეორეთი გაჰკვეთს. ერთით შეგაირაღებს და მეორეთი განგაიარაღებს. და ეს პროცესი, რომელიც „თამაშად და გიჩანს მღერად“, სინამდვილეში უკიდურესად შინაგანი, დრამატული და სახიფათო თამაშია.

ეს რამდენიმე მიზეზიც, რომლებსაც ზემოთ შევეხე, სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მე პირადად პოეზიაც ისეთივე არსობის პურად ჩამეთვალა, როგორც ჩვეულებრივი ფიზიკური საჭმელ-სასმელია. მუდმივად მეძებნა იგი ყველგან და გაფაციცებით დამეგდო ყური იმისათვის, სად ისმის დღეს პოეზიის ჭეშმარიტი ხმა, რომელიც ამ ეპოქას, ჩემი სულიერი და ინტელექტუალური განვითარების დღევანდელ დონეს შეესაბამება.

თავის დროზე, მეოცე საუკუნის დიდი ქართველი მწერალი ოთარ ჩხეიძე აქვეყნებდა ძალზე მნიშვნელოვანი წერილების რკალს, საერთო სათაურით „პატარა წიგნები“. ამ უაღრესად ექსპრესიულ და ამავე დროს ძალზე ღრმა წერილებში, ოთარ ჩხეიძე ეხმიანებოდა ძირითადად ახალგაზრდა პოეტების პირველ პოეტურ კრებულებს: თან ამ ავტორებს წაახალისებდა და თანაც, რაც მთავარია, თავის ძალზე მნიშვნელოვან დაკვირვებებს გვიზიარებდა გარემომცველი სინამდვილის, ლიტერატურისა თუ საზოგადოების წინაშე წამოჭრილი ამა თუ იმ პრობლემის შესახებ.

ოთარ ჩხეიძის ეს წერილები ახლა იმიტომაც გამახსენდა, რომ რაღაც მსგავსი მიზანი დავისახე ჩემს ამ მოკრძალებულ რეცენზიაშიც და მინდა, ჩემი აზრით, სამი მნიშვნელოვანი თანამედროვე პოეტი წარმოგიდგინოთ, რომელთა (ძირითადად, სწორედ) პირველმა კრებულებმა ბოლო დროს ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

უაღრესად კონცეპტუალური მეჩვენება პოეტ გიო ლომიძის ლექსების კრებული „სიმშვიდის პაროდია“ („ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო“, რედაქტორი გაგა ლომიძე, 2018). ეს კონცეპტუალურობა ჩანს  წიგნის გარეკანიდანვე (ყდის დიზაინი მორელი), რომელიც გიო ლომიძის ურთულესი მეტაფორის ერთგვარ კარიბჭედ წარმოგვიდგება. გარეკანზე ავტორის გვარ-სახელსა და სათაურთან ერთად გვანათებს  ქათმის კვერცხზე დადებული პური, რომელიც იმდენად ჰგავს ქვას, რომ კარგად უნდა დააკვირდე, რათა მასში პური ამოიცნო.

სიმყიფეზე დაწყვეტებული ეს სიმძიმე, რომელიც სინამდვილეში, სიმსუბუქეა, ამავდროულად, მამაკაცური და ქალური საწყისების (ინისა და იანის), კვერცხისა და პურის ურთიერთშეხებას, ურთიერთკვეთასაც განასახიერებს.

ეს ფოტო შეიძლება გავიაზროთ ადამიანის შინაგანი (მსხვრევადი) სამყაროსა თუ ფსიქიკისა და სინამდვილის ურთიერთქმედებად.

სწორედ ამაზე ჰყვება გიო ლომიძე თავის პირველ წიგნში, ოღონდ ჰყვება სრულიად არაპათეტიკურად, გაბმით, მონოტონურადაც კი, როგორც ხატის კარზე დავარდნილი ქადაგი.

ეს ასოციაციაც შემთხვევით არ გამჩენია, რადგან ხშირად ძალიან გაძნელებულია, ამ უაღრესად რთული სტრუქტურის პოეტურ ნარატივში პოეტის ნამდვილი სათქმელი ამოიცნო. გიო ლომიძე ამ ლექსებით იმას გვეუბნება, რომ სინამდვილეს ათასგვარი სახე აქვს, ის ყველა ამ სახით გვეძლევა და ჩვენზეა დამოკიდებული ამათგან, საბოლოოდ რომელს ამოვირჩევთ თუ მივანიჭებთ უპირატესობას. ამიტომაც არის შესაძლებელი რომ სამყაროში ყველაფერი უკუღმაც წაიკითხო და გაიაზრო. ნებისმიერი შენი მოქმედება ბუმერანგია და უკან ბუმერანგივით გიბრუნდება. ამ უკუქმედებისა თუ უკუცემის ძალა ძალზე ემოციურად არის დანახული ერთ ლექსში „ * * * ადამიანებს ბუმერანგები ისვრიან“.

ლექსი ასე გრძელდება: „მთვრალებს ფეხები ერევიან, ყველა განედს ეკვატორობა სურს, მიწა ეყრდნობა ტერფებს, ყველას ვუგებთ, ვუყვარვართ, ყველა გვებრძვის, გვივიწყებს; გვნახულობს სიზმარი; გვირჩევს მიმართულება; გვისახავს მიზანი…“.

რეალობის ასეთი შებრუნების თამაშზეა აგებული მთელი ეს ბრწყინვალე ტექსტი, რომელიც  საგულისხმო პოეტურ ინვერსიასთან ერთად გრამატიკული ინვერსიის ისეთ ფორმებსაც მოიყოლებს, რაც სავსებით უცხოა ქართული ენის ჩვეულებრივი მდინარებისათვის, მაგრამ რაც რეალურად ხსნის ენის სრულიად ბუნებრივ, მაგრამ აქამდე აღმოუჩენელ შესაძლებლობებს.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გაგვახსენებს პოეზიის ერთ უმთავრეს დანიშნულებას, რომელიც  ადამიანებს ძალიან კარგად ჰქონდათ გააზრებული ალბათ სამყაროს დასაწყისიდანვე. კერძოდ იმას, რომ ენას საბოლოოდ სწორედ პოეზია ქმნის და აყალიბებს.

ყოველ შემთხვევაში, გიო ლომიძის ეს კონკრეტული ლექსი არამხოლოდ ლიტერატურისმცოდნის, არამედ ენათმეცნიერის საგულისხმო განხილვის საგნადაც შეიძლება იქცეს.

ცხოვრების პირუკუ, საპირისპირო მხრიდან წაკითხვის აღნიშნული ჟინი გიო ლომიძის კიდევ რამდენიმე ლექსშია მძაფრად გამოთქმული, აქედან ორს წინ „არა“ ნაწილაკი უძღვის. ეს ლექსებია: „არაგრავიტაციული“ და  „არაანაკრეონტული“.

ორივე ამ ლექსში დღევანდელი საქართველოს პარადოქსული სინამდვილე არის დაჭერილი, რომელიც ისეთი მსხლტომია, როგორც თვითონ ეს სინამდვილე, რომელსაც პოეტი სათაურიდანვე „არას“ ეუბნება.

„არაგრავიტაციული“ ამ ლექსის ლირიკული გმირის სახელიც შეიძლება იყოს, რადგან აქ ადამიანისა და მიწიერი სინამდვილის ჭიდილია გადმოცემული. ადამიანისა, რომელიც ცდილობს დაარღვიოს გრავიტაციის კანონები (თუ უკვე საფუძველშივე არ ემორჩილება ამ კანონებს) და სინამდვილისა, რომელიც ცდილობს, მიწაზე მიაჯაჭვოს ცისკენ მიმსწრაფი ეს ადამიანი. ეს ლექსი იმით არის საინტერესო, რომ, ჩემი აზრით, მასშია ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ძირითადი კონფლიქტი, რომელიც გიო ლომიძის მთელი პოეზიის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

მეორე ლექსში კი, ვფიქრობ, არცთუ ისე ირიბად მინიშნებულია გიოს პოეზიის უმთავრეს მხატვრულ თავისებურებაზე. როგორც ვიცით, ანაკრეონტი, ძველი წელთარიცხვის მეექვსე საუკუნის უდიდესი ბერძენი ლირიკოსი იყო, რომელსაც ზოგჯერ ძველბერძნული ლირიკის მამასაც ეძახიან. გიო ლომიძის ლექსის სათაური „არაანაკრეონტული“ ისე გავიგე, რომ იგი პოეზიაში ეწინააღმდეგება მსუბუქ სასიმღერო განწყობას, მისი პოზიციით: დღევანდელი პოეზია აღარ იმღერება, რადგან სინამდვილე ამ სიმსუბუქის ფუფუნებას და გასაქანს აღარ გაძლევს.

სასიმღერო კი არა, ზოგჯერ ისეთი რთული და ჩახვეულია გიო ლომიძის ფრაზა, რომ მორევივით გატრიალებს საკუთარ თავში, ვიდრე შენთვის უცნობი რომელიმე საფიქრალის ნაპირზე გაგრიყავდეს. აქ კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდე წიგნის გარეკანს და შედარებისათვის ვთქვა, რომ მთელ ამ კრებულში აზრი ისე ტორტმანებს იმ ფრაზაზე, რომლითაც ის არის გამოთქმული, როგორც პური (თუ ქვა), ქათმის კვერცხისთვის რომ დაუდიათ.

ეს ტორტმანიც ქმნის გარკვეულ პოეტურ განწყობილებას, რომელიც განსაკუთრებით კარგად ავტორის იმ მინიმებში იკვეთება, თავად ავტორს რომ „ასეთები“ დაურქმევია.

ერთი ასეთი მინიმა, როგორც ჩანს, იმდენად მნიშვნელოვანია თავად გიოსათვის, რომ საკუთარი ხელით ნაწერი გამოუტანია წიგნის გარეკანზე:

„სხვა დანარჩენს ხელოვნური ფერი აქვს ირგვლივ, როცა ხვდები, რომ მხოლოდ სისხლის ფერიღა შემოგრჩა დადებითი“.

შეუძლებელია არ დაეთანხმო გიო ლომიძის მოგვარეს, ცნობილ ლიტერატურისმცოდნეს გაგა ლომიძეს, რომელიც ამ კრებულის შესავალში ამბობს:

„გიო ლომიძის პოეტური კრებული თანამედროვე ქართულ პოეზიას ახალ ელფერს ჰმატებს. მის პოეზიაში, რომელიც ზოგჯერ 190 თუ 1990იანი წლების ქართულ პოეტურ მემკვიდრეობასთან ასოციაციას გვიჩენს, უდავოდ იგრძნობა ინდივიდუალური ხმა, რაც ყველა ღირებული პოეტური ტექსტის აუცილებელი წინაპირობაა“.

ოღონდ პირადად ჩემთვის გიო ლომიძის წიგნმა წინა საუკუნის პოეტურ მემკვიდრეობასთან მხოლოდ ძალზე შორეული ასოციაციები გამიჩინა. ეს ასოციაციაც უფრო იმ დროის იმ პოეტების შემოქმედებასთან გვიჩნდება, რომლებიც მაშინდელი მეინსტრიმული ხაზის წარმომადგენლები იყვნენ. და გიო ლომიძის შემთხვევაში აქაც მხოლოდ ასოციაციაზე თუ შეგვიძლია ლაპარაკი და არა პირდაპირ გავლენაზე.

მეოცე საუკუნის ქართული პოეზიით უფრო მეტად არის „დავალებული“ მეორე პოეტი, რომლის კრებულიც ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი სიახლე იყო, მიუხედავად იმ უამრავი ალუზიისა, განწყობილებისა თუ თემის თანხვედრისა, რასაც ამ ლექსებში მეოცე საუკუნის ქართულ დომინანტურ პოეტურ ტრადიციასთან ვხედავთ.

და პრინციპულად ეს შეიძლება ჩავთვალოთ კიდეც ეკა კვიციანის პირველი პოეტური კრებულის „სხვისი სახლის“ (გამოცემლობა „ინტელექტი“, რედაქტორი ნინო სადღობელაშვილი, 2018) ნაკლად.

უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, თუ გიო ლომიძის კრებულში პოეტური ტრადიციის გაუთვალისწინებლობა ამ ტრადიციის სათანადო არცოდნიდანაც შეიძლება მოდიოდეს, ეკა კვიციანთან ტრადიციის ზედმიწევნითი ცოდნა ძველ პოეტურ ხერხებთან, უკვე აპრობირებულ საზომებთან, განწყობილებებთან და საერთოდ ესთეტიკასთან სავალალო მიჯაჭვულობას განაპირობებს.

სავალალოს იმიტომ, რომ ეკა კვიციანის კრებულში ისიც კარგად ჩანს, რომ ამ პოეტს უაღრესად დიდი შესაძლებლობები აქვს, რასაც, ჩემი აზრით, ჯერჯერობით სრულიად „არასწორად“, მხოლოდ ლექსის გარეგნული იერსახის მოპირკეთებაზე იყენებს.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთელი ეს მხატვრული ესთეტიკა ნასესხებია და კრებულსაც სათაურად შემთხვევით არ ჰქვია „სხვისი სახლი“, რადგან ეს მართლაც სხვისი სამკვიდროა, ვიღაცების ნაცხოვრები სივრცე, სადაც პოეტი ტრადიციის ძალას გამოუკეტავს და ვერ ხვდება, რომ მთელ ამ ნაცრისფერში მხოლოდ თვითონ, მისი სუნთქვა, მისი ცხოვრებაა ახალი და განუმეორებელი.

ეს  რაც შეიძლება ითქვას ფორმაზე, რომელსაც ალბათ დიდწილად განსაზღვრავს შინაარსი. შინაარსობრივად კი ეკა კვიციანის პოეზია ერთი დიდი სასიყვარულო ელეგიაა და თითქმის ყველა ლექსი სწორედ ამ ერთი ელეგიის კონტურებს აწახნაგებს.

დღეს ყველაზე სარისკო პოეტური ნაბიჯი სასიყვარულო და პატრიოტული ლექსების წერაა. რადგან იმდენი რამ ითქვა ამ მიმართულებით და ისეთი შედევრები დაიწერა თუნდაც მხოლოდ ქართულ პოეზიაში, რომ ძნელია, ამ სიმაღლეს კიდევ რაღაც შენი შესძინო ღირებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს სწორედ თავისი სასიყვარულო გამოცდილება მიაჩნია უნიკალურად და მისთვის მხოლოდ თავისი სიყვარულია განუმეორებელი. მაგრამ, როგორც ვთქვით, დღეს პოეზიაში სიყვარულზე წერა, ამ სიყვარულის გამოთქმა მოლიპულ გზაზე სიარულია და ყველა გემოვნებიანი პოეტი ძალზე ფრთხილად, ყოველმხრივ მოზომილი ნაბიჯებით გადაადგილდება ამ „სახიფათო“ სივრცეში.

ეკა კვიციანს კი არ ეშინია და მოყინულზე ისე მიდის, თითქოს თხილამურებით სრიალებდეს. თან მისი ლექსები, თუ შეიძლება ასე უხეშად ითქვას, ამ სიყვარულის პირწმინდად ქალურ ნარატივს წარმოადგენს: რეალურად უკვე დასრულებულ სამიჯნურო დრამას, რომელიც, ვერ იქნა და ვერაფრით დამთავრდა ქალის არსებაში.

ის გამუდმებულად გვიყვება, როგორ მიატოვეს, ან როგორ „გაუშვა“ პარტნიორი, როგორ ვერ დაინახეს მისი ღირსებები, როგორი მარტოსული, მაგრამ, ამავდროულად, რა ძლიერია იმისათვის, რომ არამხოლოდ გაუძლოს, არამედ ამაღლდეს კიდევაც ამ მარტოობაზე. გვიყვება ძალზე ემოციურად, პირდაპირი და შეულამაზებელი სიტყვებით.  და მისი ლირიკული გმირი რაღაცნაირად ემსგავსება ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერა სპექტაკლის „Мадам Брошкина“-ს პროტაგონისტს, ოღონდ ეკა კვიციანის კრებულის ლირიკულ გმირს ნამდვილად აკლია პუგაჩოვას სიმღერის ირონიულპაროდიული პათოსი, რაც ამ სიმღერას იაფფასიანი ადამიანური წუწუნიდან ნამდვილი დრამის სანახებში გადატყორცნის.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, რომლითაც ეკა კვიციანი ლამის ტრადიციის კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანად წარმოჩინდა, ეს კრებული მნიშვნელოვანი პოეტის დაბადებას გვიწინასწარმეტყველებს და ამ დიდი ლირიკული გაქანების შემოქმედში ნამდვილად არის იმისი ძალა, რომ გაწყვიტოს ეს ბორკილები და თავი აიშვას საუკეთესო შემოქმედებითი გაგებით: უარი თქვას სხვის სახლზე და სულ იის ღერებით აშენოს და ვარდის ფურცლებით დახუროს ახალი, საკუთარი.

ტრადიციული პოეტიკის გრავიტაციულ ძალას უკვე თითქმის გაჰქცევია იმ მესამე კრებულის ავტორი, რომელზეც ამ წერილში გვინდა ვისაუბროთ.

ია ჯინჭარაძისათვის, წინა ავტორებისაგან განსხვავებით, წიგნი: „შეილება, სახლში წავიდე, ბატონო?“  სადებიუტო კრებული არ არის. და ეს იგრძნობა წიგნის თითოეული ფრაზიდან, თითოეული ლექსიდან, რომელსაც ავტორი ისე აგებს, თითქოს საკუთარ თავთან რთულ საჭადრაკო პარტიას თამაშობდეს.

ზოგ ლექსში ამ თამაშს ავტორი აშკარად აგებს, მაგრამ, ძირითადად, ჩემი აზრით, იგებს, რადგან ის ჭკვიანი მოთამაშეა, უაღრესად ემოციური, ოღონდ ამ ემოციას ინტელექტით, ნაკითხობით, ცხოვრებისეული გამოცდილებების გააზრებით შესანიშნავად იმორჩილებს.

თუ ეკა კვიციანთან ნაჯახივით პირდაპირ მოქნეული ფრაზა, უკონტროლო ვნებების ნიაღვარი გცელავს, ია ჯინჭარაძის წიგნში  ყველა ვნება იგავის, მეტაფორის, მეტონიმიისა და სხვა მხატვრული ხერხის მარაოებით ჩამცხრალია.

ამ წიგნით ია ჯინჭარაძე წარმოგვიდგება ისეთი ირიბად ნათქვამის ოსტატად, რომლითაც პირდაპირ ნათქვამზე უკეთესად არის გამხელილი ავტორის ძირითადი მესიჯები.

ეს მესიჯები ხშირად მხოლოდ გარკვეული სიგნალებია, მხოლოდ მინიშნებებია, რომლებიც მოახლოებულ ადამიანურ კატასტროფებზე გვაუწყებენ, მაგრამ სწორედ ამ მინიშნებებიდან იკვეთება კატასტროფის ნამდვილი, დამანგრეველი და გამანადგურებელი, მასშტაბები.

ია ჯინჭარაძის ლექსები რამდენიმე პოეტური ტრადიციის არაჩვეულებრივი იკებანაა: მშობლიური ქართულის, არაბული პოეზიისა და იტალიური პოეზიის. ქართული გასაგებია, არაბულის სპეციალისტია, იტალიაში კი, უკვე წლებია, თავის არაბ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს და საკმაოდ ღრმადაც იცნობს ამ ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებას.

ოღონდ იას პირდაპირ და უკონტროლოდ არსაიდან არაფერი შემოაქვს თავის პოეზიაში. ჯერ ერთი, მან ზუსტად იცის, რა სჭირდება, და მეორეც, იცის, როგორ შეეხამება ესა თუ ის სიახლე ქართული პოეტური ტრადიციის ორგანულ მდინარებას.

წიგნს აშკარად აჩნევია გამოცდილი რედაქტორის, თავად შესანიშნავი პოეტის თემურ ჩხეტიანის ხელი (ისევე, როგორც ასეთი პროფესიული ხელი ატყვია გიო ლომიძის კრებულსაც, რომლის რედაქტორიც გაგა ლომიძეა). აქ სწორედ რედაქტორის სამუშაოა პირნათლად შესრულებული, რადგან ლექსები სტიქიურად კი არ არის „ჩაყრილი“ კრებულში, არამედ შერჩეულია და დაწყობილია უფაქიზესი, იქნებ მხოლოდ ძალზე გამახვილებული პოეტური სმენისათვის საგრძნობი წესრიგითა და „სისუფთავით“.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ეკა კვიციანის კრებულის რედაქტორის, მწერალ ნინო სადღობელაშვილის დამსახურებაც, რომლის გარეკანზე გამოტანილი რამდენიმე ფრაზა წიგნის ავტორის მნიშვნელობასა და ადგილს მკაფიოდ აგვიხსნის.

საერთოდ, ჩემი აზრით, განსაკუთრებული მადლობა უნდა ვუთხრათ გამომცემლობებს, რადგან დიდი და წარმატებული გამომცემლობები საქართველოში  ჯერ კიდევ ერიდებიან პოეტური კრებულების გამოცემას, ამ გადაწყვეტილებას პოეზიის არაკომერციულობით ხსნიან და ეგებ მართლებიც არიან, რადგან არათუ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აღარ არის დღეს პოეზია მასობრივი ხელოვნება. რეალურად ის მხოლოდ ერთეულებსღა ესმით და სჭირდებათ, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორედ ამ ერთეულებზე ჰკიდია ქვეყნის განვითარებისა და გადარჩენის პერსპექტივა.

სწორედ ამასვე უნდა აცნობიერებდეს ის რამდენიმე გამომცემლობა, რომელიც ჯიუტად ბეჭდავს ახალ პოეტურ კრებულებს მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცის: კომერციულად ეს ნაბიჯი წაგებისათვის არის განწირული, მაგრამ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივიდან იმაზე დიდი მოგება შეიძლება ცოტა არსებობდეს, რასაც პოეზიის პოპულარიზაცია, პოეტების მოსმენა მოგვიტანს.