ვისთვის სევდიანად და ვისთვის მხიარულად შრიალებს ბლუზი

ძირითადად, მუსიკა იწერება ხოლმე ტექსტებზე, მაგრამ ხანდახან ტექსტებიც იწერება მუსიკაზე და თან ისეთი ტექსტები, მუსიკასავით რომ იღვრება და სულის თავგადასავალს ჰყვება – ლაღად, სიღრმისეულად და შეუცდომლად. 

ბოლო დროის ქართულ ლიტერატურაში მუსიკაზე დაწერილი ასეთი ორი ტექსტი მახსენდება და ორივე „საბას“ ლაურეატია: ერთი – ზურაბ ქარუმიძის „ჯაზის ცხოვრება“ და მეორე – შარშანდელი აღმოჩენა – ბიძინა მაყაშვილის „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“.

წიგნის სათაურმა კიდევ ერთი ქართველი პოეტის ლექსის სტრიქონები გამახსენა, გენიალური გივი გეგეჭკორის „კინოში წასვლა“ და მისი:  „ის ცხოვრებას ურდულზე ჯერ არ ეჯაჯგურება, გამზრდელს გვერდით უზის, მისთვის არა შრიალებს შემოდგომის წვიმების სევდიანი ბლუზი“. 

და გამახსენდა იმიტომ, რომ ბლუზი, როგორც ვხედავთ, გივი გეგეჭკორისათვის სევდიანი, ხოლო ბიძინა მაყაშვილისათვის მხიარული მუსიკაა.  

იმაზე კი, თუ რა განაპირობებს მუსიკის ერთი და იმავე მიმდინარეობის ასეთ პოლარულ აღქმას, სწორედ ბიძინა მაყაშვილის ამ შესანიშნავ წიგნში წავიკითხავთ, რომელიც 2020 წელს დაიბეჭდა „სულაკაურის გამომცემლობაში“ და, პრაქტიკულად, გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან შემდგომ უცხოეთში პოპულარული მუსიკის სხვადასხვა ჟანრის (ძირითადად, როკმუსიკის)  ისტორიის, საქართველოში გავრცელების, ამ ჟანრის შემსრულებლების ცხოვრებისა და პირადი გამოცდილებების მაგალითზე მოგვცა გვიანდელი საბჭოთა ეპოქის მხატვრული შეფასება, როგორც უაღრესად წინააღმდეგობრივი ხანისა, რომელშიც მუსიკა დიდწილად ქმნიდა სინამდვილესთან სერიოზული დაპირისპირების პრეცედენტს და თავისი სილაღით, შეუზღუდაობითა და ინტერპრეტაციის დიდი შესაძლებლობებით იმარჯვებდა ამ სინამდვილეზე.

ბოლო ხანს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ზოგად სტილისტურ ტენდენციებზე საუბრისას, ხშირად აღმინიშნავს, რომ მხატვრულ ტექსტებში, სამწუხაროდ ჟურნალიზმის მოძალება შეიმჩნევა. ეს ჟურნალიზმი ჩანს, როგორც ტექსტის საგაზეთო რეპორტაჟისაკენ მიდრეკილებაში, ასევე, უპირველესად, იმ ნეიტრალურ, სრულიად არაარტისტულ ენობრივ სტანდარტში, რაც გაზეთისთვის, საერთოდ, მასმედიისათვის არის დამახასიათებელი. 

ამ წერილში კი ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ბიძინა მაყაშვილის „ბლუზი მტკვრის პირას“ სწორედ საპირისპირო აზრში დაგვარწმუნებს: 

სინამდვილეში, პროფესიული ჟურნალისტიკაც მწერლობის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც მისი არადოკუმენტური ჟანრები და დიდი ხნის წინათ დაწერილი, მერე კი ერთ წიგნად, ერთი კონცეფციით გაერთიანებული საგაზეთო ტექსტები ისეთივე მხატვრულ ძალმოსილებისა შეიძლება იყოს, როგორც კარგი ნოველა ან რომანი. 

ყოველ შემთხვევაში ბიძინა მაყაშვილის ეს წიგნი სწორედ „რომანივით საკითხავია“, სადაც მიუხედავად ამა თუ იმ სტატიის განსხვავებისა და ერთმანეთთან თუნდაც ქრონოლოგიური დისტანციისა, მაინც ჩანს ერთი (მონოლითური) სიუჟეტის განვითარების მთავარი ასპექტები. უფრო მეტიც, „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში“ ადამიანმა შეიძლება ორგვარად წაიკითხოს: როგორც ავტორის და როგორც მუსიკის თავგადასავალი, სადაც ორივე ეს ფენა ერთმანეთში გამჭოლად გადადის და ახალ ღირებულებას გვიდებს თვალწინ მხატვრული ტექსტის სახით. 

ბლუზი და როკი თავის დროზე მთელი სამყაროსათვის იყო თავისუფლების, როგორც იდეის, კიდევ ერთი მატერიალური ემანაცია და რა გასაკვირია, კიდევ უფრო მეტი შინაარსით თუ უფრო ღრმა აქცენტებით დატვირთულიყო ის ტოტალიტარულ გარემოში. 

წიგნის ანოტაციაში ზუსტად არის ნათქვამი, რომ საბჭოეთის რკინის ფარდის მიღმა არსებულ სივრცეში როკმუსიკას ნამდვილი შოკის ეფექტი ჰქონდა. 

მე დავამატებდი, რომ ეს იყო თავისებური ელექტროშოკი, რომლის მეშვეობითაც ან სიცოცხლისკენ ბრუნდებოდნენ ანდა აზრზე მოდიოდნენ უკვე ლამის გარდაცვლილი, ცოცხალ-მკვდარი ადამიანები. 

ამიტომაც ეს წიგნი სწორედ ამ გამოღვიძებებზე მოგვითხრობს. ტოტალიტარული ლეთარგიით შეპყრობილი საზოგადოებისთვის მუსიკის ამბორის შემდგომ მომხდარ სასწაულზე, როცა საზოგადოება თვალებს იფშვნეტს, იზმორება და ემზადება თვისებრივად სხვაგვარი შინაარსით დატვირთული ახალი ცხოვრებისთვის. 

ცხოვრებისათვის, სადაც თავისუფლებამ შესაძლებელია ბევრი შეცდომაც დაგაშვებინოს, მაგრამ იგივე თავისუფლება საკუთარ საზღვრებსა თუ უსაზღვროებაში გთავაზობს არაერთ საშუალებას ამ შეცდომების კრიტიკულად გააზრებისაათვის. 

ცხოვრება, როგორც შესაძლებლობათა ინტერპრეტაცია არის როკმუსიკის მთავარი ფილოსოფიური საფუძველი და ამიტომაც, ბიძინა მაყაშვილის მიერ სხვადასხვა ადგილას წიგნში აღწერილი სამუშაო პროცესი იმ სტატიებზე, რაც თავის დროზე მართლაც გამორჩეულ გაზეთ „შვიდ დღეში“ იბეჭდებოდა, სწორედ ზემოაღნიშნული რეფლექსიის საუკეთესო ნიმუში თუ გამოძახილია. 

ამავე დროს ეს პასაჟები არის კარგი სახელმძღვანელოც ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის. სახელმძღვანელო, როგორ უნდა უყურებდნენ ისინი საკუთარ პროფესიას და როგორ უნდა ვითარდებოდნენ შემოქმედებით თვალსაზრისით. 

გენიალური უბრალოებით აღბეჭდილი ეს ფრაგმენტები, სინამდვილეში, ოსტატის უშურველი განდობაა – მარტივად, და რაც მთავარია, საკუთარი შეცდომების მაგალითზე მოყოლილი სვლა ოსტატობისაკენ.

ამ უაღრესად მკაფიო ცხოვრებისეული განზომილებების გამო, „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში“  მხოლოდ როკისა და ბლუზის მოყვარულთათვის კი არ აღმოჩნდება მნიშვნელოვანი წიგნი, არამედ ყველა იმ ადამიანისათვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ვისთვისაც სწორედ თავისუფლებაში ძევს ჩვენი ამ ქვეყნად მოსვლის მთავარი შინაარსი. 

ამიტომაც „საბას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ბიძინა მაყაშვილისათვის გადაცემული სპეციალური პრემია უაღრესად სწორი და სასიხარულო ჯილდოა, რომლითაც, ჩემი ფიქრით, მხოლოდ ეს შესანიშნავი ავტორი კი არა, საერთოდ, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, თავისუფლების გააზრების იდეა დაჯილდოვდა.