წავა თუ არა ბიძინა არჩევნებით?

სხვადასხვა ვარიაციით ხშირად შემხვედრია მოსაზრება, რომ ბიძინა არჩევნებით არ წავა, ძალაუფლებას არ დათმობს და ა.., რის თაობაზეც  მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა.

ცოტა შორიდან დავიწყებ. კერძოდ, იმ ტრივიალური აზრით, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფი მმართველები თავიანთი ნებით არასდროს თმობენ ძალაუფლებას. ერთი დიოკლეტიანეა გამონაკლისი, იმპერატორის ტახტიდან პირდაპირ ბოსტანში რომ წავიდა კომბოსტოების მოსაყვანად საკუთარი ინიციატივით და იქიდან ცოცხალი თავით ვეღარ დააბრუნეს უკან. სხვა პრეცედენტი არ მაგონდება. ბრძენად წოდებული მეფე სოლომონიც კი, რომელიც ამბობდა, ყველანაირი ამქვეყნიური ძალაუფლება ამაოება ამაოთა არისო, ამის გამო ტახტიდან არ გადამდგარა. ყველა ხელისუფალი ცდილობს, დარჩეს ხელისუფლებაში, იქნება ეს ავტორიტარი მმართველი თუ დემოკრატი. განსხვავება, ამ მხრივ, არის მხოლოდ მეთოდებში. დემოკრატი მმართველი ემორჩილება კანონს და ცნობს სამართლიანი არჩევნების შედეგებს, დიქტატორები და ტირანები კი არჩევნებს საერთოდ თუ ატარებენ, მხოლოდ ფორმალურად და რაც მოესურვებათ, იმ შედეგებს წერენ.

რაც შეეხება ე. . ჰიბრიდულ რეჟიმებს (და საქართველოც სწორედ ასეთი, ალაგ დემოკრატიული და ალაგ ავტორიტარული ტიპის სახელმწიფოა დღესდღეობით)  მმართველი ძალა არჩევნებს კი ატარებს, მაგრამ ოპონენტებზე  ყოველმხრივი ზეწოლის ფონზე და ფინანსურადმინისტრაციულ რესურსების სერიოზული მობილიზებით, რამაც საბოლოო ჯამში მისი გამარჯვება უნდა უზრუნველყოს. ამგვარ რეჟიმებში ხელისუფლებას არჩევნების დროს სერიოზული ფორა აქვს, მაგრამ ეს მაინც ფორაა და არა გარანტირებული გამარჯვება. ეს მაინც არჩევნებია და არა  ქვითრის გამოწერა.

აქედან გამომდინარე, ამგვარი ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. როდესაც მავანნი სერიოზულად კითხულობენ, რა აზრი აქვს არჩევნებს ბიძინას თამაშის წესებითო და ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში შესვლას უკადრისობენ, აქაოდა წინასწარ ვიცით, რომ არ აპირებენ არაფრის დათმობასო, ეს დაახლოებით იგივეა, რა აზრი აქვს ფეხბურთის მატჩში მონაწილეობას, თუ მოწინააღმდეგე გუნდი წაგებას არ აპირებსო, რომ იკითხო.

არადა აქ ბიძინა ივანიშვილის მიზნები და სურვილები საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. გასაგებია, მას რაც უნდა და მის ადგილას იგივე ენდომებოდა ყველა ავტორიტარ მმართველსძალაუფლების შენარჩუნება. უფრო მეტიც, არაავტორიტარ და დემოკრატ მმართველსაც იგივე ენდომებოდა, ოღონდ უფრო ლეგიტიმური და არაძალადობრივი მეთოდებით.

კიდევ გავიმეორებ: არცერთი მმართველი თავისი ნებით არ თმობს ძალაუფლებას, მით უმეტეს თუ ის ავტორიტარი მმართველია. იმ ჭკუაზეა ახლა ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიციას ეახლოს თავზე ნაცარწაყრილი და კისერზე ჩამოკიდებული იატაგანით! რასაკვირველია, ის იბრძოლებს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და შეეცდება, არაფერი ისეთი არ დათმოს, რაც მის ძალაუფლებას შეარყევს. აბა, როგორ გინდათ?

თუკი დემოკრატი მმართველი არჩევნებში დამარცხების შესაძლებლობას იმთავითვე უშვებს, ჰიბრიდულ რეჟიმებში მმართველი ძალა არჩევნების წინ მარცხის ალბათობას სერიოზულად არც განიხილავს, თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგა, ის არ წავა. ავტორიტარი მმართველიც თმობს ძალაუფლებას და არა აუცილებლად რევოლუციის მეშვეობით. ავტორიტარი თმობს ნაკლები ბოროტების პრინციპით.

არჩევნებში მარცხის შედეგად ხელისუფლებას აქვს არჩევანი: ან აღიაროს მარცხი და წავიდეს, ან არ აღიაროს, გააყალბოს შედეგები და შეეცადოს, ჩაახშოს მოსალოდნელი პროტესტი. ამ დროს, ბუნებრივია, ის ირჩევს იმ გზას, რომელიც, მისი აზრით, ნაკლებად დააზარალებს. კონკრეტულად რომელ გზას მიიჩნევს მმართველი ასეთად, ეს წინასწარ არავინ იცის  და მათ შორის არც თავად მმართველმა. თუმცა არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც მარცხის აღიარება უფრო ნაკლებად წამგებიანია, ვიდრე გაყალბებაში გაჯიუტება,

მცირე ისტორიული ექსკურსი

საქართველოს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ სულ ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება, 2003 და 2012 წელს, აქედან ერთხელ რევოლუციით და მასობრივი პროტესტით და მეორედ, არჩევნებით. თუმცა, არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ხელისუფლება არ იყო წინასწარ მარცხს შეგუებული. 

2003 წლის ნოემბერში ხელისუფლებამ უარი თქვა გაყალბებული არჩევნების შედეგების კორექტირებაზე (სწორედ ამას მოითხოვდა, მაგალითად მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის ლიდერობით და არა ხელახალ არჩევნებს). რასაც მოჰყვა საპროტესტო აქციები, პარლამენტის შენობაში შეჭრა და იმ პლენარული სხდომის ჩაშლა, რომელსაც ახალი შემადგენლობის პარლამენტი უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ შევარდნაძე ამის მერეც არ თმობდა. მან საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა და მხოლოდ მაშინ გადადგა, როცა თვალნათლივ დაინახა, რომ, ერთი მხრივ, მას უკვე თავისივე ძალოვანი სტრუქტურებიც არ ემორჩილებოდნენ და აქციის მონაწილეთა დაშლის მცდელობა აუცილებლად გადაიზრდებოდა  სერიოზულ შეტაკებაში, მეორე მხრივ კი, მან ვერც დასავლეთისგან მოიპოვა მხარდაჭერა და ვერც რუსეთისგან. სწორედ ამ მძიმე ვითარებაში მიიღო შევარდნაძემ რაციონალური გადაწყვეტილება და  ხალხთან დაპირისპირებას არჩია გადადგომა და პიროვნული უსაფრთხოების დაბევება საერთაშორისო შუამავლობით.

ანალოგიური სიტუაცია იყო 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ასევე  არ ელოდა მარცხს (რამდენადაც ვიცი, წინასწარ ბანკეტიც  კი ჰქონდათ შეკვეთილი გამარჯვების აღსანიშნავად), მაგრამ, როდესაც დადგა ფაქტის წინაშე და დაინახა, რომ,  თუ მაინც გამარჯვებულად გამოაცხადებდა  თავს, ერთი მხრივ, ვერ ასცდებოდა  მასშტაბურ პროტესტს და მეორე მხრივ, მის გამარჯვებას დასავლეთიც არ ცნობდა ლეგიტიმურად (ამის შესახებ მას საკმაოდ არაორაზროვნად განუცხადეს არჩევნებისთვის თბილისში საგანგებოდ ჩამოსულმა ამერიკელმა კონგრესმენებმა), ასევე რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო და დამარცხება აღიარა.

შევარდნაძე და სააკაშვილი ძალიან განსხვავებული ტიპის მმართველები იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივეს მოქმედების ლოგიკა იყო ზუსტად ერთნაირი: მათ ორი წამგებიანი ვარიანტიდან (ან მასობრივი პროტესტი პლუს საერთაშორისო ზეწოლა ან მარცხის აღიარება) აირჩიეს ნაკლებად წამგებიანი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოში ვერცერთი მმართველი ვერ გაუძლებს ორმხრივ წნეხს, შიდა პროტესტისა და გარე ზეწოლის კომბინაციას. აქ ორივე კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ისტორიული გამოცდილებს ცხადყოფს, მარტო უცხოეთიდან ზეწოლა ან მარტო ხალხის პროტესტი შეიძლება საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდეს.

1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ხალხის უმრავლესობა დამხობილ პრეზიდენტს უჭერდა მხარს და საპროტესტო აქციებსაც მართავდა, მაგრამ რამდენადაც გამსახურდია დასავლეთში დიდად არ ეხატებოდათ გულზე, ხელისუფლება არ შეცვლილა, ხალხის პროტესტი კი ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშვეს.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, როდესაც სააკაშვილმა პირველივე ტურში, ფაქტობრივად, მიიწერა გამარჯვება ასევე ძალიან მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, მაგრამ მაშინ დასავლეთში ვარდების რევოლუციის ხელისუფლება ჯერ კიდევ უალტერნატივოდ მიიჩნეოდა და სააკაშვილის მიმართ ზეწოლა ძირითადად იმაში გამოიხატა, რომ აღიარებისა და ლეგიტიმაციის სანაცვლოდ მისგან დემოკრატიული რეფორმების დაპირება მიიღეს (რაც, სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტმა არ შეასრულა და ამიტომაც 2012-ში უკვე აღარ ჰქონდა დასავლეთისგან მხარდაჭერა). პროტესტის ტალღა კი თანდათანობით ჩაცხრა.

იყო საპირისპირო ტიპის შემთხვევებიც, როდესაც  საქართველოს ხელისუფლება დასავლეთიდან კი  განიცდიდა ზეწოლას, მაგრამ მას თან არ ახლდა თავად ქართული საზოგადოების პროტესტი, რის გამოც შედეგი არ დადგა. მაგალითად, 2010 წლისთვის დასავლეთი კატეგორიულად მოითხოვდა სააკაშვილისგან, ოპოზიციასთან შეთანხმებით მიეღო ახალი საარჩევნო კანონი. ოპოზიცია, რომელიც წარმოდგენილი იყო რვა პარტიის საერთო პოზიციით (. . რვიანი) მოითხოვდა პროპორციულ სისტემას, რაზედაც ხელისუფლება არაფრის დიდებით არ სთანხმდებოდა, მაგრამ რამდენადაც ამ ზეწოლას დიდი სახალხო გამოსვლები არ მოჰყოლია, ხელისუფლებამ მოახერხა ოპოზიციური ერთობის დარღვევა და დასავლეთის ზეწოლის განეიტრალება.

ორმხრივი წნეხი, როგორც გამარჯვების წინაპირობა

მოკლედ, ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ხელისუფლების უკან დახევისთვის მხოლოდ ხალხის პროტესტი ან მხოლოდ საგარეო ზეწოლა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს, მაგრამ როდესაც ეს ორი ფაქტორი თანხვედრაშია, ანუ შიდა პროტესტიც არის და გარე ზეწოლაც, ამას ვერცერთი ხელისუფლება ვერ უძლებს და აუცილებლად უკან იხევს.

ამის დადასტურება  ივანიშვილის მმართველობის პირობებში იყო გასული წლის მარტი, როდესაც ე. . რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარეობდა მასობრივი საპროტესტო აქციები და იმავდროულად სრულიად დასავლეთიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ კანონის მიღება საქართველოს დააშორებდა ევროინტეგრაციის პროცესს. შედეგად, ხელისუფლებამ დათმო და უკვე პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უკან გაიწვია. ორმხრივმა წნეხმა კვლავ ეფექტიანად იმუშავა.

ცხადია, ასპროცენტიანი გარანტიით შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, თუ როგორ მოიქცევა ივანიშვილი არჩევნების წაგების შემთხვევაში, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისთვის უცხო არ არის ტაქტიკური კომპრომისები (განსხვავებით, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც პრინციპულად არ უთმობდა ოპოზიციას არაფერს და 2007 წლის 7 ნოემბრის მერე რომ გადადგომა მოუწია, ისიც ისე გამოაცხადა, გადავდექიო არც უთქვამს.). ეს ეხება არა მარტო აგენტების შესახებ კანონს. ივანიშვილმა ასევე უკან დაიხია გავრილოვის ღამის შემდეგ, უარი თქვა მარიხუანის პლანტაციებზე, მოუწია გვარამიას და მელიას გამოშვება ციხიდან და ა. .

რასაკვირველია, ყველანაირი კომპრომისი ივანიშვილისთვის ტაქტიკური ხასიათის იყო და ავტორიტარული სტილის მმართველისთვის ეს ბუნებრივიცაა,  მაგრამ აქ მთავარი სხვაა. იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ესა თუ ის მმართველი მისთვის კრიტიკულ სიტუაციაში, მართებულია, ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ როგორ იქცეოდა ის მსგავს სიტუაციებში ადრე. აქედან გამომდინარე, თუ 2024 წლის არჩევნებში ხელისუფლება ვერ მოიპოვებს მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მანდატების რაოდენობას, ივანიშვილი, სავარაუდოდ, უფრო შეეცდება სხვა პარტიებიდან დეპუტატების გადაბირებას და ყიდვას, ვიდრე მაგიდის აყირავებას და შედეგების ხელახლა გადაწერას. გავითვალისწინოთ ისიც, რომ დასავლეთის დაინტერესება ამ არჩევნებით უკრაინაში ომის ფონზე ისე დიდია, როგორც არასდროს. ბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბებას მას არც დასავლეთი აპატიებს და არც ქართველი ხალხი მოითმენს. ორმხრივ წნეხს, კი როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოში ვერცერთი ხელისუფლება ვერ უძლებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პირადად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება არჩევნებში (რაც პროპორციული სისტემის პირობებში ცოტა სხვა რამეა. კერძოდ, აქ შეიძლება პირველ ადგილზე გახვიდე და წააგო), ბიძინა ივანიშვილი აღიარებს ამ მარცხს და შეეცდება, უკვე ახალ მოცემულობიდან მიიღოს მაქსიმალური სარგებელი.

ოღონდ დამარცხდება კი? საკითხავი აი, ეს არის.