წყალტუბო, დევნილები და განსახლების პოლიტიკა

გაბრიელ ჩუბინიძე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, საბაზრო ეკონომიკაზე დაჩქარებული ტემპებით გადასვლა დაიწყო. საქართველოს მაგალითზე დემოკრატიზება შეუძლებლად მიაჩნდათ პრივატიზების გარეშე, რაც ითვალისწინებდა არა მხოლოდ მიწების გადაფორმებას, არამედ მსხვილი, საშუალო და მცირე ქარხანა-ფაბრიკების კერძო ხელში გადასვლას.

„ვარდების რევოლუციის” შემდეგ, მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდისთვის ბაზრის სრული დერეგულაცია მოხდა. შედეგად მივიღეთ სრულიად დაუცველი დასაქმებული, რომელსაც არ შეეძლო კანონის ძალით ეფექტურად დაეცვა თავი დამსაქმებელთან მიმართებაში. პრივატიზაციის ახალი ტალღის შემდეგ კი, ფაქტობრივად, აღარ დარჩა ობიექტი, რომელიც არ გადავიდა კერძო მესაკუთრის ხელში. მათ შორის იყო სასტუმრო „ივერია“, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური კატასტროფის სახე, მდებარე ქალაქის შუაგულში, დევნილების თავშესაფარი (Manning n.d.).

განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, წყალტუბოს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეკონომიკური რეფორმები უმნიშვნელოდ შეეხო. სამაგიეროდ, დიდი გავლენა მოახდინა აფხაზეთის ომის ტრაგედიამ, რომლის დროსაც ქალაქში არსებულ თითქმის ყველა სასტუმროსა და სანატორიუმში (გარდა ე.წ. „თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმისა“) დევნილები შესახლდნენ. საერთო რაოდენობა 11 800 ადამიანი იყო, რაც წყალტუბოს მოსახლეობის გაორმაგებას ნიშნავდა. ქალაქისთვის სასტუმრო/სანატორიუმები, ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი იყო. შესაბამისად, სასტუმრო/სანატორიუმების როლის შეცვლით, ქალაქმა  დაკარგა „ფუნქცია“ – ბალნეოლოგიური კურორტიდან ტრანსფორმირდა დევნილთა თავშესაფრად. ადგილობრივი მოსახლეობა უმუშევარი დარჩა, რასაც თან დაერთო ქალაქში არსებული სხვადასხვა საწარმოს გაყიდვა და შემდეგ განადგურება.

სანატორიუმი „სავანე”

რეფორმები და გეგმები, ქალაქის განვითარებისთვის

წყალტუბოს ეკონომიკური განვითარების 2018 წლის გეგმაში ვკითხულობთ – „მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილებისგან დაცარიელებული და ამ ეტაპზე უსარგებლო სანატორიუმების გასხვისება და ინვესტორების მოზიდვა”. 2019 წლის მონაცემებით უკვე გაყიდული სანატორიუმებია: „მეშახტე”, „ცისკარი”, „ივერია”. ნაწილი კი აუქციონზეა და ელოდება მყიდველს. დანარჩენი სანატორიუმები, ჯერ კიდევ სააქციო საზოგადოებების ან „შპს-ს’’ მმართველობის ქვეშაა. მფლობელები, ძირითადად, ადმინისტრაციის ძველი თანამშრომლები არიან, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ შენობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ადგილობრივი მთავრობა, ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს „აყვავების” დაპირებამდე, დიდ იმედებს ამყარებდა პრივატიზების პოლიტიკაზე. ეკონომიკური განვითარების გეგმიდან სწორედ ის ირკვევა, რომ ქალაქის განვითარების ერთადერთ სწორ გზად შენობების კერძო ხელში გადასვლას მიიჩნევენ. დღესდღეობით, უხილავი ინვესტორის მოლოდინი – ხილულმა, ბიძინა ივანიშვილმა, შეცვალა.

ქალაქის განვითარებაზე ფიქრი, დამოუკიდებელ საქართველოში, ადრეული 90-იანი წლებიდან იწყება, თუმცა რაიმე კონკრეტული ნაბიჯი 2008 წლამდე არ გადადგმულა. როგორც საგადასახადო პოლიტიკიდან ირკვევა, სახელმწიფომ გადაწყვიტა საქართველოს ზოგიერთ ქალაქში, აზარტული თამაშების ბიზნესის წახალისება – შემოიღეს საგადასახადო შეღავათები – კაზინოების სალიცენზიო მოსაკრებელი 250 000ლარამდე შემცირდა შემდეგ ქალაქებში – ბათუმი, ქობულეთი, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ბაკურიანი, ბორჯომი, სიღნაღი და წყალტუბო. დანარჩენ ქალაქებში მოსაკრებელი 5 მილიონით იყო განსაზღვრული (საქართველოს კანონი სალიცენზიო  სანებართვო მოსაკრებლის შესახებ, მუხლი 7). წყალტუბოში დღემდე დადის ხმები, რომ ქალაქის „ლას ვეგასად” გადაქცევა უნდათ, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. მეტიც, ეშინიათ, რადგან, მათი თქმით, მსგავსი ტრანსფორმაცია (ბალნეოლოგიური კურორტიდან აზარტული თამაშების ქალაქად ქცევა) მთლიანად გაანადგურებს ქალაქს, შეცვლის საცხოვრებელ გარემოს, გადააქცევს მას გამორჩეულ, მდიდრების გასართობ ტერიტორიად. დააკარგვინებს უნიკალურობასა და დაანგრევს იმ თბილ, ადამიანურ ურთიერთობებს, რომელიც ქალაქში ყალიბდებოდა ათწლეულების განმავლობაში. ეს ყოველივე კი სრულებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობამ დატოვოს საკუთარი სახლ-კარი, რადგანაც მათთვის ყველაფერი ღირებული და მნიშვნელოვანი განადგურებული იქნება.

სანატორიუმ „საქართველოს” ერთი-ერთი მთავარი შესასვლელი

ადგილობრივი გაზეთებიდან ირკვევა, რომ წყალტუბოს მოსახლეობა მუდმივად ინვესტორის მოლოდინში იყო, რომელიც მხოლოდ 2012 წელს გამოჩნდა და სანატორიუმი „მეშახტე“ შეისყიდა. 2015 წელს, „მეშახტე“ კიდევ ერთხელ გაიყიდა, თუმცა არც პირველი და არც მეორე შესყიდვის შემდგომ არაფერი შეცვლილა – შენობა დღემდე ცარიელი და უფუნქციოა. ორივე შემთხვევაში მთავრობამ  შენობის გაყიდვა დიდი ზარ-ზეიმით ამცნო ხალხს. მთავრობის წარმომადგენლები საუბრობდნენ არა მხოლოდ შენობის ამოქმედებაზე, არამედ პროგრესსა და ტურისტებით სავსე, მომავლის წყალტუბოზე.

2019 წლის ოქტომბერში, კიდევ ერთი დაპირების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია: ბიძინა ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას წყალტუბოში არსებული ყველა სასტუმრო/სანატორიუმის შეძენასა და მათთვის კუთვნილი ფუნქციის აღდგენას. აღსანიშნია ის, რომ მის სიაში არ მოხვდა სანატორიუმები „საქართველო“ და „ინტურისტი“. მიზეზი არ დაუსახელებიათ და რთულია, რაიმე ვივარაუდოთ, თუმცა ფაქტია, რომ სხვა სასტუმრო/სანატორიუმებისაგან განსხვავებით, მათ თვალის ერთი შევლებით არ გააჩნიათ გამოკვეთილი არქიტექტურული ნიშა. ასევე, ორივე შენობა ძალიან მასიურია და შესაძლებელია, სწორედ ამ ორი მიზეზთა თანხვედრის გამო დაიწუნეს, რადგანაც იგი, ინვესტორს ვერ მოუტანდა ფინანსურ სარგებელს.  თავდაპირველად  უცნობი იყო თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს აღორძინების დაპირება, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ იგი ძირითადად შემთხვევაში, დაინტერესებული ინვესტორის ფინანსური მხარდაჭერით შემოიფარგლება, ხოლო თუკი კაპიტალი არ გამოჩნდება, იგი მას თავად შეიძენს. სხვა საქმეა თუ რამდენად რეალურია ეს დაპირება.

სანატორიუმი „მედეა”

რაც შეეხება ადგილობრივ მთავრობას, ქალაქ წყალტუბოს ეკონომიკური განვითარების გეგმის ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ მათ ქალაქის განვითარება მხოლოდ ერთი, სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით წარმოუდგენიათ. ამის შედეგად მივიღებთ იმას, რომ წყალტუბო დაემატება ჭიათურასა და ტყიბულს – ქალაქებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი დასაქმების კერა აქვს. ეს მაშინ, როცა თუნდაც საბჭოთა კავშირის პერიოდში წყალტუბოში არსებობდა მეჩაიეობა, სასათბურე მეურნეობები, მცირე ქარხანა-ფაბრიკები და ა.შ.

უკვე არსებული გეგმით, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, თუ სანატორიუმები ძველ ფუნქციას აღიდგენენ, მათ უნდა შეინარჩუნონ ის სოციალური ფუნქცია, რომელიც ჰქონდათ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არამხოლოდ საზოგადოების მდიდარი ფენისათვის. ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებულ პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობა სანატორიუმებში მხოლოდ დაბალშემოსავლიან სამუშაო ადგილებს დაიკავებს. რაც შეეხება საჭირო სპეციალიზებულ კადრებს, ქალაქში, რეგიონსა და ალბათ მთლიანად სახელმწიფოშიც კი, აღარ არსებობს იმ რაოდენობის პროფესიონალი კადრი, რომელიც დააკმაყოფილებდა ქალაქში არსებულ ყველა სანატორიუმს.

ქალაქი წყალტუბო თავისი არსით არა დასასვენებელი, არამედ ბალნეოლოგიური კურორტია, სადაც ათეულობით სხვადასხვა დაავადებას მკურნალობენ. მაგალითად:  საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები და ა.შ.  წყალტუბოს საიდუმლო მისი მინერალურ-რადონული წყლებია (თბილი 35 გრადუსი, მსუბუქი, უსუნო), რომელიც წყაროდან პირდაპირ, წინასწარი გათბობის გარეშე, აბაზანებში მიედინება.

წყლის მთავარი დამახასიათებელი მისი რადიოაქტიობაა, აქედან გამომდინარე აბაზანების მიღება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის ონკოლოგიურად დაავადებული ან აქვს მცირედი ახალწარმონაქმნი. ასევე არ შეიძლება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, ალკოჰოლდამოკიდებულისთვის და ა.შ. (რადონოთერაპიის ჩვენებები და უკუჩვენებები თ. გ.) ასევე, არ არის რეკომენდებული არამიზნობრივად მიღება, ხოლო არაზომიერი მოხმარება შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.  აუცილებელია დამსვენებლის სრული წინასწარი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მასზე მორგებული სამკურნალო გეგმის შედგენა. ყოველივე აღნიშნულისა და სხვა მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, კურორტის  სწორი ფუნქციონირებისთვის საჭიროა სპეციფიკური განათლება და გამართული სისტემა პაციენტის მკურნალობის მოსამზადებელი პერიოდისთვის.

სავარაუდოდ, დღეს საქართველოში, სანატორიუმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აღარც შესაბამისი კადრები არსებობს, რომ დააკმაყოფილოს ყველა ობიექტი და არც გამართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მოაქცევდა სანატორიუმებს საერთო პოლიტიკის ქვეშ და უზრუნველყოფდა ბალნეოლოგიური ქალაქის სწორ ფუნქციონირებას.

აქვე, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს ადგილობრივების დასაქმებაზე. ამისთვის კი პირველ რიგში, საჭიროა გაიზარდოს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რადგან წყალტუბოში არსებული მძიმე სოციალური ფონი (ჩუბინიძე 2019, 2) ბევრ ახალგაზრდას აიძულებს უარი თქვას განათლებაზე და ადრეული ასაკიდან დასაქმდეს, ან წავიდეს ემიგრაციაში, ამიტომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ შეიძლება იყოს გარკვეული ჯგუფის პრივილეგია, იგი უნდა იყოს საყოველთაო და თანაბრად ვრცელდებოდეს ქალაქის ყველა მოსახლეზე, რათა მათ თანაბრად შეეძლოთ განვითარება.

წყალტუბო და დევნილები

„ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ქვეყანაში არსებული ნეოლიბერალური გეგმა კიდევ უფრო „აგრესიული” გახდა, ვიდრე მისი წინამორბედ 90-იან წლებში იყო. სახელმწიფოს პოლიტიკა არ შემოიფარგლა მხოლოდ პრივატიზების ტალღით – მოხდა ბაზრის სრული დერეგულაცია და სოციალური პოლიტიკის სრული განადგურება. ფაქტობრივად, ეს იყო სახელმწიფოს მიერ ყველაფრის ინდივიდამდე და ინდივიდის პირად პასუხიმგებლობამდე დაყვანა. რამდენად ეფექტური იქნებოდა განვითარების ახალი მოდელი და რა შედეგებს მოიტანდა – როგორც ჩანს ამაზე დიდად არავის უფიქრია.  მას არ გააჩნია სოციალური პოლიტიკა და არ არის ორიენტირებული საზოგადოების კმაყოფილებაზე. სახელმწიფოს ფუნქცია ამ პროცესში არის ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება წყალტუბოს არადევნილი მოსახლეობის ინტერესებს. დევნილი მოსახლეობა კი ამ პროცესში სრულად უგულვებელყოფილი და მარგინალიზებულია (ჩუბინიძე 2019, 45). რადგანაც მიიჩნევა, რომ ისინი ქალაქის დროებითი სტუმრები არიან (ამავე აზრზეა იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი), შესაბამისად, მათ არ აქვთ უფლება ქალაქზე. გარდა ამისა, სწორედ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები ქალაქის „განადგურებაში” და რომ დღემდე სწორედ დევნილები აფერხებენ მის განვითარებას (ჩუბინიძე 2019, 2).

შეგვიძლია, გავიხსენოთ თბილისში სასტუმრო „ივერიის” პერიოდი, რომლის დროსაც წლების განმავლობაში ხელისუფლება ცდილობდა იქ მცხოვრები ადამიანების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩინებას. ამ პოლიტიკის მიზანი საერთო სახალხო უკმაყოფილების გამოწვევა და დევნილების გამოსახლებისთვის ფართო სახალხო ლეგიტიმაციის მოპოვება იყო. შედეგმაც არ დააყოვნა –  საზოგადოების „თანხმობით” მოსახლეობა გამოასახლეს და კომპენსაციის სახით მცირე თანხა გასცეს, რომელიც თბილისში თუნდაც ერთი ოთახი სახლის შესაძენადაც კი არ კმაროდა (Manning, Hotel/refugee camp Iveria 2009).

წყალტუბოშიც მსგავსი პროცესები მიმდინარეობს უკვე ათწლეულებია, რის უკანაც ფინანსური ინტერესები დგას, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა და მოდიფიცირდებოდა. მთელი ოცი წლის განმავლობაში დევნილებზე გადაბრალებით ხდებოდა სანატორიუმების შიდა, ყველა სახის ძვირადღირებული ინვენტარის (მათ შორის სამკურნალო აპარატები, სხვადასხვა ტექნიკური ინვენტარი, ჭაღები და ა.შ.),  გაზიდვა და გაყიდვა. ბოლო ათი წელია ასე აღარ ხდება, რადგან შენობებიდან ცარიელი კედლებიღაა დარჩენილი. სამაგიეროდ ახლა დევნილებს ქალაქის მომავლის განადგურება ბრალდებათ, რადგანაც, ადგილობრივების აზრით, სწორედ მათი ამ შენობებში ცხოვრებაა ის მიზეზი, რის გამოც ინვესტორი არ ინტერესდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, არქიტექტურული თვალსაზრისით ყველაზე შთამბეჭდავი შენობები თითქმის 10 წელია გაყიდულია და დევნილები შიგნით აღარ ცხოვრობენ, თუმცა ეს სანატორიუმები კვლავ ფუნქციის გარეშეა დარჩენილი. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ პრობლემა იმაზე გაცილებით ღრმაა, ვიდრე ის ზედაპირული შეხედულებები, რაც ქალაქსა და სახელმწიფოში დამკვიდრდა.

დევნილთა განსახლების პოლიტიკა

1990-იანი წლებიდან მოყოლებული დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა დიდ საბინაო კრიზისად იქცა. ადამიანების შესახლება ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის შენობებში, გრძელვადიან პერსპექტივაში, ყოვლად არაეფექტური აღმოჩნდა. შენობებმა არამხოლოდ დაკარგეს ფუნქცია, არამედ დროთა განმავლობაში ისინი სრულიად უვარგისნი გახდნენ საცხოვრებლად (ლევან ასაბაშვილი 2018).

2007 წელს დამტკიცდა მთავრობის განკარგულება, რომლის ძირითად ამოცანას დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების მოგვარება წარმოადგენდა. სახელმწიფო დონეზე დაიწყო საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო ბინების შეძენა და იძულებით გადაადგილებული პირთათვის მათი გადაცემა. მშენებლობა დაიწყო თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის წყალტუბოში. რადგანაც ქალაქი ძალიან პატარაა, ხოლო დევნილთა რიცხვი ძალიან დიდი, გადაწყდა მათი სხვადასხვა ქალაქში გადანაწილება. სავარაუდო ქალაქებად შეირჩა ფოთი, ბათუმი და ქუთაისი.  2011 წელს დევნილებს წყალტუბოში პირველი დასრულებული კორპუსები გადაეცათ. მათი უმრავლესობა „მეშახტისა“ და „ივერიის“ მცხოვრებნი იყვნენ. აღსანიშნია, რომ ახალი  შენობები არ დგას მყარ ნიადაგზე, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მშენებლობის ხარისხი ძალიან დაბალია. ადგილობრივ არქიტექტორთან საუბრისასაც გამოირკვა, რომ კორპუსების ნაწილს საყრდენი კედელიც კი არ აქვს.  მოკლევადიან პერსპექტივაში ეს პრობლემას არ შექმნის, თუმცა ხანგძლივ პერსპექტივაში საფრთხის შემცველია ამ კორპუსებში შესახლებული მოსახლეობისთვის. შენობის ჭაობში აშენება არ წარმოადგენს პრობლემას, თუკი ვიყენებთ სპეციალურ ტექნოლოგიას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს რამდენადაა გათვალისწინებული,  საკითხავია (ჩუბინიძე 2019, 44).

დღეის მდგომარეობით მშენებლობები ისევ გრძელდება. მაღალსართულიანი კორპუსები დაუსახლებელ ტერიტორიაზე ქალაქის შემოსასვლელშია განთავსებული და რამდენიმე შენობისგან შედგება. დიდი ხანია მოსახლეობაში არსებობს ეჭვი, რომ მშენებლობა ისევ დაჭაობებულ ადგილზე მიმდინარეობს, სადაც მათი თქმით, მაღალსართულიანი კორპუსის აშენება არაა სასურველი.

ყოველივე ზემოთთქმული ადასტურებს იმას, რომ წყალტუბოში, ახალმა ეკონომიკურმა წესრიგმა ფეხი მოიკიდა სრული თავისი სიმძაფრით. მასში ყოველთვის გაიმარჯვებს ფინანსურად ძლიერი მხარე, ამ შემთხვევაში ინვესტორი, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი მარეგულირებელი ბერკეტი და სრულიად მინდობილია მის კეთილსინდისიერებას. უარეს შემთხვევაში კი ხდება ინტერესთა თანხვედრა, გარიგებები, კორუფცია ან უბრალოდ ადგილობრივი მთავრობის სრული არაკომპეტენტურობა.  დევნილებს არ აქვთ სხვა გზა, ისინი ან უნდა შესახლდნენ მათთვის განკუთვნილ ბინებში ან უარი თქვან და დროებით დანგრეულ სანატორიუმში დაბრუნდნენ მანამ, სანამ მას ინვესტორი იყიდის და უსახლკაროდ დატოვებს. 1990-იანი წლებთან შედარებით, უკვე ჩამოყალიბებულია სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა სახელმწიფო ემსახურება არა საკუთარ ხალხს, არამედ კერძო კაპიტალის ინტერესებს. მაგალითად, სატენდერო პოლიტიკა და უხარისხო ბინები, რომელიც ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიმდინარეობს, მხოლოდ ინვესტორის ინტერესებშია.

სახელმწიფო განსახლების პოლიტიკას რთულად თუ ეთქმის, რომ ის სოციალური პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ ის მიზნად ისახავს დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, სხვა არაფერია თუ არა კვლავ კერძო კაპიტალის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა. მაგალითად, 2011 წლის განსახლების პირველი ნაკადი შეირჩა იმ სანატორიუმების მიხედვით, რომელთა მიმართაც ინვესტორების ინტერესი არსებობდა (ჩუბინიძე 2019, 44). გამოსახლდა და შემდეგ მალევე გაიყიდა „მეშახტე” და  „ივერია”. იგივე მოლოდინი იყო „სავანეს” მიმართ, რომელიც მოგვიანებით გაიყიდა, მანამდე კი ნაწილობრივ დაინგრა, განსხვავებით სანატორიუმ „ცისკარისგან”, რომელიც არავინ შეიძინა, მიუხედევად მოლოდინისა და მთლიანად განადგურდა.

სანატორიუმი „მეტალურგი”

დღესდღეობით სანატორიუმების უმრავლესობა დევნილებისგან მეტწილად დაცლილია, თუმცა ეჭვის საფუძველი აქაც ჩნდება. კერძოდ, თითქმის ყველა სანატორიუმი, რომელიც ერთი შეხედვით ღირებული არქიტექტორული ძეგლია, თითქმის დაცარიელებულია, ხოლო შედარებით გვიანდელ პერიოდში აშენებული შენობებიდან, მაგალითად როგორიცაა თუნდაც „საქართველო”, „ინტურისტი”, „გეოლოგი”, ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობას გამოსახლება. სამივე მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია, განსაკუთრებით კი „გეოლოგი”. ამ უკანასკნელის შემთხვევა დანარჩენებისგან განსხვავებულია. სახელმწიფო შიგნით მცხოვრებ დევნილებს სარეიტინგო ქულების გარეშე შენობიდან უპირობო გაყვანას დაპირდა, რადგანაც, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, შენობა სიცოცხლისთვის საშიშია და ინგრევა. ახლახან ადგილობრივმა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა, და მოსახლეობა ისევ „რიგში” ჩააყენა. ამასობაში კი, როგორც მედია იუწყება, სიცივისგან შუახნის ადამიანი გარდაიცვალა (მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვება – 26/02/2020). კადრებში ნათლად ჩანდა დაობებული კედლები, ჩამოსული წყალი, აყრილი იატაკი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ შენობა დანგრევის პირასაა, შიგნით მცხოვრებ დევნილებს მოუწევთ დაელოდონ თავიანთ რიგს.

„გეოლოგისგან” განსხვავებით სანატორიუმი „საქართველო” ოფიციალურად ნგრევადი ჯერჯერობით არაა, თუმცა იქაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. თვალშისაცემია პირველი კორპუსი, სადაც მოსახლეობა, ჯერ კიდევ ბოლო სართულზე ცხოვრობს. დახეთქილი მილებიდან გამოჟონილმა წყალმა მთლიანად გაანადგურა სხვა ქვემოთ არსებული სართულები. ზოგ სართულზე ხეებიც კი არის ამოსული. 2020 წლის პირველ მარტს ჩამოინგრა სანატორიუმის ერთ-ერთი კედელი. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

საყურადღებოა თუ რამდენად კარგად და სწორად ხორციელდება უშუალოდ განსახლების პოლიტიკა. ბევრმა ოჯახმა უარი თქვა ბათუმსა და ფოთში გადასვლაზე და წყალტუბოშივე ელოდება ბინას. უარის თქმის მიზეზი უმეტესად არის ის, რომ მეორედ, რიგ შემთხვევებში კი მესამედ და მეოთხედ, აღარ სურთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – „დევნილობა”.

ასევე, ძალიან ბევრმა გადასახლებულმა ოჯახმა გაყიდა ახლადაშენებული ბინა და დაუბრუნდა წყალტუბოს ან გადავიდა მათთვის ნაცნობ ქუთაისში. ხოლო, ბათუმში გადასახლებული ოჯახების დიდმა ნაწილმა ვერ იპოვა სამსახური და ვერ მოახერხეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრირება, ისინი ფაქტობრივად  არ მონაწილეობენ ქალაქის ცხოვრებაში (ჩუბინიძე 2019, 45). კორპუსები აშენდა ქალაქის ცენტრიდან ძალიან შორს,  ე.წ. ბენზეს დასახლებაში, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ საცხოვრებელ ადგილად ითვლება. დევნილ მოსახლეობას ახალი საცხოვრებლები არ მოსწონთ, როგორც ხარისხობრივად, ისე ტერიტორიულად.

ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებით დაჯგუფებული მოსახლეობის ერთბაშად, ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე ჩასახლება, პირდაპირ უკავშირდება მომავალში მათ დაბალ ინტეგრაციას ქალაქთან,  ჩაკეტილობას, უმუშევრობასა და სიღარიბის ზრდას.

  • სანატორიუმი საქართველო, პირველი კორპუსი, მესამე სართული

  • სანატორიუმი საქართველო, პირველი კორპუსი, მესამე სართული (2)

  • სანატორიუმი საქართველო, პირველი კორპუსი, მეოთხე სართული








  • 01
    /




ფოტოებზე სანატორიუმ „საქართველოს" დღემდე შესახლებული კორპუსის მესამე და მეოთხე სართულები;

წყალტუბოში ურბანული ჯენტრიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს, იმ მხრივ, რომ საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები ყიდულობენ და სახლდებიან აქამდე ღარიბი ფენით დასახლებულ ტერიტორიებზე: ანახლებენ შენობებს, აძვირებენ საცხოვრებელ ხარჯებს და ირგებენ თავიანთ თავზე. შედეგად ღარიბი ფენა ტოვებს ცენტრს და სოციო-ეკონომიკური პერიფერიებისკენ იწყებს გადინებას. კაპიტალის შედინებას, მოსახლეობის ექსკლუზიურად მდიდარი ჯგუფებით და სოციალური გარემოს კაპიტალზე ორიენტირებულ გარდაქმნას მივყავართ სწორედ ღარიბი ადამიანების განსახლებისკენ ქალაქის ცენტრიდან შორს (David 2005). მოსახლეობა კარგავს უფლებას ქალაქზე, მათ არ შესწევთ ძალა მიიღონ მონაწილეობა ქალაქის განვითარებაში და ამავდროულად არ შესწევთ ძალა მოიხმარონ ის სერვისები, რომლებიც იქმნება ჩამოსული სტუმრებისთვის.

ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა დღის წესრიგმა, სახელმწიფოს სოციალური როლი დააქვეითა: სახელმწიფო განუდგა საზოგადოებას და დადგა კაპიტალის მხარეს. კორპუსების შესყიდვა ზოგ შემთხვევაში პირდაპირი წესით მოხდა, მაგალითად თბილისში ე.წ. ჰუალინგ ჯგუფის შენობები, როცა სახელმწიფომ უკვე აშენებული კორპუსები იყიდა. ძირითადად, პრიორიტეტი მაინც ტენდერების პოლიტიკას ენიჭება, რომლის მიხედვითაც, იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე იაფად ააშენებს კორპუსებს. შედეგად მივიღეთ, რომ დევნილთა განსახლებით ხეირობს მხოლოდ კერძო სექტორი, ხოლო აგებს ყველა, მათ შორის სახელმწიფო. იგი  ყიდულობს კერძო პირისგან პროდუქტს, მაშინ როცა შეუძლია, მარტივად, თვითონვე შექმნას და უფრო ნაკლები თანხა დახარჯოს.

ოფიციალურად ბინების მიღება სარეიტინგო ქულების მიხედვით ხდება. რაც უფრო მეტადაა ოჯახი სოციალურად გაჭირვებული, მით მეტია ბინის მიღების შანსი. ასევე ითვალისწინებენ იმ შენობის მდგომარეობას, სადაც ოჯახი ცხოვრობს.  ჩვენ მიერ გამოკითხული დევნილები ერთხმად ამბობენ, რომ დროულად ბინის მისაღებად საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურებში მეგობრების ან ნათესავების ყოლა, ასევე მცირედი ქრთამის გადახდაც. ბინაში ოთახების რაოდენობასაც სარეიტინგო ქულები განსაზღვრავს და იგი გაიცემა საჭიროებისამებრ. ზოგმა დევნილმა,  ერთოთახიანის ნაცვლად, ორი და სამოთახიანი ბინა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ქულების მიხედვით მათ ეს არ ეკუთვნოდათ, ხოლო უფრო „იღბლიანებმა” კი ერთის ნაცვლად რამდენიმე ბინა.

სანატორიუმ „საქართველოს” პირველი და მეორე კორპუსის დამაკავშირებელი ხიდი

დევნილთა განსახლების პოლიტიკა არ შეიძლება შემოიფარგლებოდეს მხოლოდ შენობების აშენებით (რომელიც ამავდროულად უხარისხოა), არამედ ის უნდა მოიცავდეს რიგ სოციალურ ასპექტებს, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც შესახლდებიან, შეძლონ საზოგადოებაში სრული  ინტეგრაცია და რისი საბოლოო მიზანიც სიღარიბის დაძლევა უნდა იყოს.

სიღარიბე წყალტუბოს და განსაკუთრებით დევნილების მთავარი პრობლემაა. ქალაქი თითქმის დაცარიელდა ახალგაზრდობისგან (როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი), მათი დიდი ნაწილი ემიგრაციაშია. სახელმწიფოს მიერ ქალაქისთვის  შეთავაზებული პოლიტიკა კი სამწუხაროდ, ემსახურება მხოლოდ კაპიტალის ინტერესებს, რომელსაც სურს  დევნილების ცენტრიდან გაყვანა, გარეუბნებში, შეიძლება ითქვას „მოშორება” სანატორიუმებიდან სადღაც შორს, რათა „სიღარიბემ” არ დააფრთხოს ინვესტორი.


კონფლიქტი აფხაზეთში თითქმის 30 წლის წინ დასრულდა, თუმცა  დევნილებისთვის ომი ისევ გრძელდება. ეს ომი არ არის იარაღით, არამედ იგი ყოველდღიური ბრძოლაა გადარჩენისთვის, სადაც არ არის გამოკვეთილი მტერი, ვის მიმართაც უნდა გაჩნდეს აგრესია, მაგრამ ფაქტია, რომ მას იგივე სიმძაფრე ახასიათებს, როგორიც აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში ჰქონდა.

 

* სტატია მომზადებულია Platforma.ge-ის პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა პოლიტიკური ეკონომიკის საკითხებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შეიძლება არ ასახავდეს ფონდის პოზიციებს.