სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველი შენობა – ომბუდსმენი წყალტუბოში გარდაცვლილ კაცზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობაში მცხოვრები 60 წლამდე დევნილი მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, შენობა, სადაც სამოცამდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია. გარდა იმისა, რომ შენობა ავარიულია, მას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. როგორც ცნობილია, ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გამანაწილებელმა კომპანიამ შენობაში უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, უარი განაცხადა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეზობლები „მთავარ არხთან” ინტერვიუში ამბობენ, რომ მამაკაცი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას პერიოდულად სთხოვდა, თუმცა მთავრობის მხრიდან, მათი თქმით, რეაგირება არ ყოფილა. ახლობლების განცხადებით, მის საცხოვრებელს ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდებოდა და ზამთარი ცივ ოთახში გაატარა.

„ყველა ერთსა და იმავე პირობებში ვართ, დანესტიანებულია ყველაფერი, ჭაობითაა სავსე პირველი-მეორე სართული. ვიყინებით ხალხი. იმავე მდგომარეობაში იყო ეგ გარდაცვლილიც. გაჭირვებული ახალგაზრდა კაცი გაიყინა, გახდა ბინის მოლოდინის მსხვერპლი“, – უთხრა „მთავარ არხს” გარდაცვლილის მეზობელმა.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქე საცხოვრებელ სახლში ნახეს გარდაცვლილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სახალხო დამცველის განცხადებით, დევნილთა გრძელვადიანი განსახლება გარკვეული კრიტერიუმებით მინიჭებული ქულათა სისტემის საფუძველზე ხორციელდება. გამონაკლისია ე.წ. ნგრევად ობიექტში მცხოვრები დევნილები, რა დროსაც შესაძლებელია პრიორიტეტულად განსახლება – ქულათა სისტემის გარეშე.

„მიუხედავად იმისა, რომ სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობა ნგრევადია, სახელმწიფომ მსგავსი მიდგომა არ გამოიყენა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ პირობებში ძალიან ბევრ დევნილ ოჯახს უწევს ცხოვრება. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით 133 ნგრევად ობიექტში 3 191 ოჯახია რეგისტრირებული. სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში მწვავე პრობლემად ასახელებს სწორედ ამგვარ ობიექტებში მცხოვრები ოჯახების უფლებრივ მდგომარეობას და მოთხოვს ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა განსახლებისას მათთვის უფრო მეტი პრიორიტეტის მინიჭებას.

საქართველოს სახალხო დამცველი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან დევნილი პირების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ხოლო საკმარისი რესურსის (გასანაწილებელი ბინების) არარსებობის შემთხვევაში, ასეთი ოჯახები გრძელვადიან განსახლებამდე უზრუნველყოს ქირით“, –აცხადებს ომბუდსმენი.