XXI საუკუნის 16 საუკეთესო ქართული ფილმი - გამოკითხვის შედეგები

პუბლიკა

რამდენიმე დღეში 20-იანი წლები დაიწყება. „პუბლიკამ“ 26 ქართველი კინომცოდნე გამოკითხა ქართული კინოს გასული ორი ათწლეულის შესაჯამებლად. კინომცოდნეებს ვთხოვეთ, შეედგინათ 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო ქართული ფილმის საკუთარი სია. გთავაზობთ გამოკითხვის დაჯამებულ შედეგებს:

16. „მანდარინები“ (2013) რეჟისორი: ზაზა ურუშაძე

„მანდარინები“ ოსკარსა და ოქროს გლობუსზე ნომინირებულ ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა. ფილმი ათზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

15. „დაისის მიზიდულობა“ (2016) რეჟისორი: სალომე ჯაში

„დაისის მიზიდულობის“ გარდა, გამოკითხულთაგან სამმა კინომცოდნემ სალომე ჯაშის კიდევ ერთი ფილმი „ბახმაროც“ დაასახელა. ჯაშის რიგით მესამე დოკუმენტური ფილმის პრემიერა ნიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმმა მთავარი ჯილდო მოიპოვა. მას შემდეგ „დაისის მიზიდულობამ“ არაერთ კინოფესტივალზე მოიპოვა წარმატება. ფილმი ჩილეში, ვალდივიის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა, ასევე გაიმარჯვა რუმინეთში, Astra Film Festival-ზე. ქართველი რეჟისორი იჰლავას კინოფესტივალზე ორივე საკონკურსო სექციის გამარჯვებული გახდა. „დაისის მიზიდულობა“ ასევე ზაგრების დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მთავარ კონკურსში იღებდა მონაწილეობას, სადაც საუკეთესო ფილმად აღიარეს და ჯილდო Big Stamp გადასცეს.

14. მზის ქალაქი (2017) რეჟისორი: რატი ონელი

საუკეთესო ფილმების სიაში კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი – „მზის ქალაქიც“ მოხვდა. ფილმი ბერლინალეს Glashütte Original ჯილდოზე იყო ნომინირებული. ონელის ფილმმა ათზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა, მათ შორის მადრიდის, სან-ფრანცისკოს, სარაევოსა და ვისბადენის კინოფესტივალებზე.

13. „სიმინდის კუნძული“ (2014) რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი

„სიმინდის კუნძული“ გიორგი ოვაშვილის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია. ფილმმა 20-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა და „მანდარინებთან“ ერთად 2014 წელს ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიის მოკლე სიაში 9 ფილმს შორის მოხვდა.

12. „ქუჩის დღეები“ (2010) რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი

„ქუჩის დღეები“ ლევან კოღუაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელმაც ცენტრალური და აღმოსავლეთევროპული ფილმების ფესტივალის goEast მთავარი პრიზი დაიმსახურა.

11. „თემო“ (2019) რეჟისორი: ლაშა ცქვიტინიძე

ლაშა ცქვიტინიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა თბილისის 2019 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. გადადით ბმულზე და წაიკითხეთ ჩვენი რევიუ ფილმზე სრულად.

10. „აღლუმი“ (2018) რეჟისორი: ნინო ჟვანია

ნინო ჟვანიას სადებიუტო ფილმი ბავშვობის სამი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს. ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, ხოლო მესამე – ავანტურისტი მექალთანე მსახიობი.

9. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (2019) რეჟისორი: ლევან აკინი

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქციაა. ფილმის პრემიერა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე შედგა. საერთაშორისო აღიარების შემდეგ ლევან აკინის ფილმი შვედეთმა ოსკარზე წარადგინა. ქართული პრემიერა ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. გადადით ბმულზე და წაიკითხეთ ჩვენი რეცენზია ფილმზე.

8. „გაღმა ნაპირი“ (2009) რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი

„გაღმა ნაპირი“ გიორგი ოვაშვილის მეორე ფილმია, რომელიც ამ სიაში მოხვდა. 30-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია.

7. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (2017) რეჟისორი: ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი

ფილმი გროსისა და ექვთიმიშვილის მეორე ერთობლივი ნამუშევარია. „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ საერთაშორისო წარმატების შემდეგ „ნეტფლიქსმა“ შეიძინა. ის არაერთმა გამოცემამ შეიყვანა საუკეთესო ფილმების სიაში, მათ შორის პოპულარულმა გამოცემამ Vulture „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ დეკადის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა.

6. „მე ვარ ბესო“ (2014) რეჟისორი: ლაშა ცქვიტინიძე

„მე ვარ ბესო“ ლაშა ცქვიტინიძის მეორე ფილმია, რომელიც ამ სიაში მოხვდა. ფილმი მოგვითხრობს 14 წლის ბესოს შესახებ, რომელიც რეპერობაზე ოცნებობს.

5. „ღორი“ (2019) რეჟისორი: გიგა ლიკლიკაძე

„ღორი“ გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ფილმია. გადადით ბმულზე და წაიკითხეთ ირა ბერიძის რეცენზია ფილმზე.

4. „უარყოფითი რიცხვები“ (2019) რეჟისორი: უტა ბერია

უტა ბერიას სადებიუტო ფილმის მსოფლიო პრემიერა არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. „უარყოფითი რიცხვები“ 2019 წლის თბილისის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ევროკავშირის პრიზით – „ადამიანის უფლებები კინოში“ და ასევე ჟიურის სპეციალური აღნიშვნით. გადადით ბმულზე და წაიკითხეთ თეო ხატიაშვილის რეცენზია ფილმზე.

3. „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) რეჟისორი: ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი

2013 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები“ სექცია „ფორუმის“ ერთ-ერთი გამარჯვებულები გახდა. ფილმი 30-მდე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

2. „შემთხვევითი პაემნები“ (2010) რეჟისორი: ლევან კოღუაშვილი

ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები” 2014 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექცია „ფორუმში” აჩვენეს. ფილმს ათზე მეტი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. „შემთხვევითი პაემნები“ 2014 წელს ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენ ფილმთა სიაშიც იყო, თუმცა სპეციალურმა კომისიამ გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ შეარჩია (რომელიც მოგვიანებით ოსკარის მოკლე სიაშიც მოხვდა).

1. „ნამე“ (2017) რეჟისორი: ზაზა ხალვაში

გამოკითხული 26 კინომცოდნიდან „ნამე“ საკუთარ სიაში ოცმა მათგანმა შეიყვანა, აქედან შვიდმა ხალვაშის ფილმი პირველ ადგილზე დაასახელა. ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა. „ნამეს“ ოპერატორმა გიორგი შველიძემ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების პრიზი მოიპოვა. გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი. ზაზა ხალვაშის ფილმი 2018 წელს საქართველომ ოსკარზეც წარადგინა.

დაელოდეთ „პუბლიკაზე“ დეკადის საუკეთესო უცხოური ფილმების სიას, რომელიც ასევე ქართველი კინომცოდნეების გამოკითხვის მიხედვით მომზადდა.