ზომიერება - მისი მეფური ბეჭედი

გიორგი ლობჟანიძე

დავით წერედიანი საკმაოდ გვიან გავიცანი, გაზეთ „ჩვენი მწერლობის“ რედაქციაში. ვიდრე პირადად შევხვდებოდი, ცხადია, მანამდე თითქმის მთელი ცხოვრება ვიცნობდი. ბავშვობიდან – ძმების გრიმების ზღაპრების ჩინებული თარგმანების წყალობით, მერე – მისი შეუდარებელი ვიიონითა და სხვა არაერთი თარგმანით და იმდენად ჩემიანად მიმაჩნდა, რომ როცა პირადად ვნახე, ასე მეგონა, უკვე კაი ხნის მეგობრები ვიყავით. 

უფრო ადრეც მოვახერხებდი მასთან დაკავშირებას, მაგრამ საქართველოს ამბავი ხომ მოგეხსენებათ“ ადამიანს ჩვენთან წინ მიუძღვის მის შესახებ შეთხზული ლეგენდებისა თუ მასზე შექმნილი წარმოდგენის ბუნდოვანი ვუალი, რომელიც ხშირად სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც ეს ადამიანი სინამდვილეში წარმოადგენს. 

ეს ვუალი დავით წერედიანს უცნაურ, თავის თავში ჩაკეტილ, ოდნავ ქედმაღალ და რთული ხასიათის ადამიანად მიხატავდა და მასთან პირადად დაკავშირების, მისი პირადად გაცნობის სურვილი ამიტომაც თითქმის არასდროს გამჩენია. 

ახირებულობა, მარტოსულობა და ქედმაღლობა საკუთარიც თავზესაყრელი მქონდა. 

ასე იყო… მაგრამ გავიცანი და პირველივე შეხვედრისთანავე დამენანა მთელი ის წლები, როცა მე და ბატონი დავითი ერთმანეთს არ ვიცნობდით: დაკარგულ დროდ მომეჩვენა, ფუჭად გადაყრილ ენერგიად, მასზე და მისთვის დასახარჯ სიყვარულად, სამწუხაროდ, სხვებზე რომ გავფლანგე.

ახლა რომ გითხრათ, ვერ გავიხსენებ, კონკრეტულად რამ მომნუსხა ასე. უბრალოდ, ვფიქრობ, დათოს გაცნობისას, მასში რაღაც ძალიან მშობლიურსა და მამობრივს „შევეხე“, რაღაცნაირ უპირობო სიყვარულსა და აღიარებას, მამისა თუ უფროსი ძმის მონატრებას, რომელიც ასე მაკლდა და უცებ, ყოვლად მოულოდნელად, დავით წერედიანში დავინახე. 

იქვე, იმ ერთ წამში, ნაცარტუტად იქცა თბილისური ჭორებისა და მიეთ-მოეთის მთელი ის ვუალი და ჩემ თვალწინ ნაღდი, უტყუარი, ღრმა და მონუმენტური კაცი აღიმართა – კლდესავით ადამიანი, რომელსაც მხრებით ეჭირა პოეზიის უმაღლესი ტაძარი.

იშვიათად შემხვედრია დათოსავით სიტყვაძუნწი ადამიანი. ჩვეულებრივი ურთიერთობისას სულ რამდენიმე ფრაზას გაგიცვლიდა. მისი „ჰო“ ჰო იყო და არა – არა. ამის იქით იშვიათად მიდიოდა. ძირითადად, ღიმილით, ჟესტითა თუ მიმიკით, მრავალმნიშვნელოვანი მზერით იფარგლებოდა და, თუ სიტყვას დაძრავდა, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში, როცა ისეთ რამეს გეტყოდა, რაც მთელი სიტუაციის არსს ააშკარავებდა და ამა თუ იმ მოვლენას სრულიად სხვა, მოულოდნელი კუთხით გიჩვენებდა. 

მისი პოეზია და თარგმანებიც ზუსტად ასეთია. ერთი მხრივ უმდიდრესი, უიშვიათესი ქართული ლექსიკა, მაგრამ არსად უხვსიტყვაობა, არსად მხატვრული ეფექტებისათვის ალაყლაყებული სინონიმთა უშქარი ლაშქარი. ყველა სიტყვა – საკუთარ ადგილზე, თავის ყველაზე ბუნებრივ ინტონაციურ და აზრობრივ გარემოში.

იმ ვუალის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი ესეც იყო: თავიო მაღლა უჭირავს, საქებრად არავინ ეღირსებაო. 

სინამდვილეში დათო ძალიან უშურველი ადამიანი იყო სხვათა კარგი ნამუშევრებით მოგვრილი სიხარულის გამოხატვისას. 

სტრიქონს არავის დაუკარგავდა, თუკი გულწრფელად მოეწონებოდა და ამას სხვადასხვანაირად აღნიშნავდა. 

აი, ძაგება კი მისგან ყველაზე მეგობრულ, გულითად საუბრებშიც არავისი მახსენდება. არ მოსწონდა? – უბრალოდ, კრინტსაც არ დასძრავდა, მხოლოდ გაიღიმებდა, ანდა გვერდით მიბრუნდებოდა და ვინმეს განკითხვაში, მით უმეტეს, განქიქებაში, მონაწილეობას არაფრით მიიღებდა. 

ზომიერება მისი დამღა კი არ იყო… ეს იყო მისი მეფური ბეჭედი!

ერთხელ ერთ უკიდურესად მოწადინებულ ახალგაზრდას მისთვის თარგმანები გაეგზავნა აღმოსავლური პოეზიისა. გზავნილიდან, ეტყობა, ჩანდა ამ ახალგაზრდის ხასიათი, რომ სინამდვილეში, გულწრფელი შეფასება და პროფესიული აზრი კი არ აინტერესებდა, უნდოდა, ოსტატზე შთაბეჭდილება მოეხდინა და მისთვის ქება-დიდება დაეტყუა. 

დათო, ვისაც ლაპარაკი საერთოდ არ სჭირდებოდა ადამიანის ნამდვილი ზრახვის ამოსაცნობად, რასაკვირველია, ყველაფერს მაშინვე მიხვდა. 

როცა ერთმანეთს შევხვდით, ვითომ სასხვათაშორისოდ, იმ ახალგაზრდაზე ჩემი აზრი გამომკითხა. 

შევუქე. ნიჭიერი და მონდომებული ყმაწვილია-მეთქი. 

რაღაცნაირად ეშმაკურად, მაგრამ კეთილად გამიღიმა: 

-ჰო, მეც ეგრე მივწერე. აბა, მე ამისი სპეციალისტი არ ვარ, და მოდი, გიორგი ლობჟანიძეს გაუგზავნე. უკეთესი მრჩეველი ის არის-მეთქი. 

თვითონ შეუდარებელ დიდოსტატს ოსტატობა ვერავისი გააკვირვებდა. ის ბუნებრივად მოვარდნილ ენერგიას, ბუნებითი ნიჭის გამონათებას ეტრფოდა და ხშირად ამ კიაფს იქ ამჩნევდა, სადაც სხვები ვერაფრით ხედავდნენ, სხვათა მიერ შემჩნეულ რიოშ მარგალიტებსა და ამ მარგალიტებით თამაშს კი გვერდს სრულიად გულგრილად ჩაუვლიდა, ისევ იმ თავისი ეშმაკური, მაგრამ კეთილი ღიმილით…

საერთოდ კი მისთვის ადამიანური ურთიერთობები ერთი მომაბეზრებელი რუტინა იყო. ის თავის სამყაროში გრძნობდა თავს ლაღად და ბუნებრივად. თავის ყოველდღიურ სიმარტოვეში, სადაც ნამდვილი სამშობლოდან, ჭეშმარიტი სატახტოდან განდევნილი მეფესავით მოხვედრილიყო და ახლა იქიდანაც ყოველი გამოღწევა წარმოუდგენელ ტკივილს აყენებდა.

მაგრამ როცა ამ სიმარტოვის დათმობა და ადამიანებში ტრიალი უწევდა, მაინც უცხო ჩანდა მათ შორის – თავისი სიტყვაძუნწობით, თავისი სიჩუმითა და მუდმივი კაეშნით. 

იუმორის საოცარი უნარი ჰქონდა, მაგრამ მისი იუმორის გაგებაც არ იყო იოლი, რადგან ეს იუმორი მუდამ უწყინარი ხუმრობისა და სარკაზმის კიდეზე ბარბაცებდა და სიტუაცია უნდა გაგეაზრებინა კარგად, რომ მის ფასსა და „მარილს“ მიმხვდარიყავი.

ერთხელ, ჩემს ახალგაზრდობაში უახლოესი მეგობარი გარდამეცვალა, პოეტი. მარტოხელა ქალი იყო და მეგობრებმა დავასაფლავეთ, ქელეხი კი ასევე ჩვენმა მეგობარმა და მესვეურმა, ნატო ჩხეიძემ გადაუხადა. ჰოდა, ამ სუფრაზე როგორღაც ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოვჩნდით, მე (სულ განაპირას), თამაზ ჩხენკელი, დათო წერედიანი, ბესიკ ხარანაული და კიდევ ერთი ქართული პოეზიის მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი კლასიკოსი, პოეტი ქალბატონი. მართლა ძალიან ლამაზი და ელეგანტური ქალი, რომელსაც ქელეხშიც კი მედიდურად ეცვა – შავი სადღესასწაულო კაბა და ამ კაბაზე კვასკვასა წითელი შარფი ჰქონდა ყელიდან მოგდებული. 

მე ძალიან ვდარდობდი და ლუკმა ყელში ძლივს გადამდიოდა. 

მამაკაცებიც, ძირითადად, ღვინოს ეძალებოდნენ და ძალზე ძუნწად თუ ლაპარაკობდნენ. სამაგიეროდ, ღმერთმა აცხონოს და, იმ პოეტმა ქალბატონმა გადახსნა ენამზეობისა და სიკისკასის საუცხოო მადანი. არ ვიცი, რა დაემართა და, შიგადაშიგ, როცა ლაპარაკს წყვეტდა, ფეხზე დგებოდა და გარეთ გადიოდა. 

ამისათვის კი ყველა აქ ჩამოთვლილი მამაკაცი ზეზე უნდა წამოვმდგარიყავით და გაგვეტარებინა. თან ყოველ ჩავლაზე, რატომღაც, ბოდიშს მხოლოდ დავით წერედიანს უხდიდა ხმამაღლა: მაპატიე, დათიკო! 

დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და სიყვარულით მიმართავდა. ალბათ ჰქონდა კიდეც ერთი ერთზე ამისი უფლება, მაგრამ ამდენ ხალხში ეს ფრივიოლური „ დათიკო“ გამაყრუებელი სიმჭახით გაისმოდა. 

ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან ახალგაზრდა, რომელიც ყველა იქ მჯდომს ბავშვური მოწიწებით შევცქეროდი, ამას ასე მჭახედ აღვიქვამდი.

და აი, უკვე სადღაც მეხუთე-თუ მეექვსე გავლისას, „დათიკოს“ ამოასხა, ხმა საგანგებოდ, სასაცილოდ დაიბოხა და ქალბატონს ღიმილით, გამოკვეთილი სვანური აქცენტით უთხრა: „ქალო, ამ წითელი შარფით, აისედორა დუნკანივით რო დაშრიალებ აქეთ-იქით, ფრთხილად იყავი მაინც! არაფერს გამოედო!“.

რეპლიკამ პირველ რიგში პოეტი ქალბატონი გაამხიარულა. მე კი ისეთი უცნაური სპაზმი დამემართა, სასწრაფოდ გარეთ გავვარდი, სადღაც მოვყუჩდი და სიცილ-ტირილი ერთმანეთში ამერია: თან გიჟივით ვხარხარებდი და თან ცრემლები მცვიოდა. და მივხვდი, ცხოვრებაც სწორედ ეს არის: იმ ქალბატონის ელეგანტურ შავ კაბაზე წითლად მოღუდღუდე შარფივით მღუარი სიხარული. 

სხვათა შორის, სახელთან და მიმართვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ამბავი მახსენდება, ამჯერად მხოლოდ ჩემი და ბატონი დავითის ურთიერთობიდან: 

როცა პირადად გავიცანი, „ბატონოს“ გარეშე ვერაფრით მივმართავდი. უკვე კაი ხნის მეგობრები ვიყავით და მე მაინც სულ „ბატონო დათოს“, „ბატონო დათოს“ დავძახოდი. 

ერთხელაც, ღიმილით მეუბნება: 

„იცი, რა! ეს „ბატონო დათო“ რაღაა, ვერ გავიგე. ან უბრალოდ დათო დამიძახე, ან ბატონი დავითი!“ – ამით რეალურად უფლება მომცა და იმისაკენ მიბიძგა, რომ, როგორც ახლობელს, მისთვის მხოლოდ სახელით მიმემართა. 

მაგრამ აქაც სტილისტიკის ისეთ ნიუანსს მიაქცია ყურადღება, რაც მისთვის გადამწყვეტი იყო, როგორც პოეტისა და ლიტერატორისათვის. 

საქმე ისაა, რომ არც ერთი სიტყვა თავისთავად არ შეიძლება ჟღერდეს უხეშად და მოუქნელად. ამ ყველაფერს განსაზღვრავს მისი სხვა სიტყვებთან მეზობლობისა და „მეგობრობის“  ძნელად, მხოლოდ ძალიან გემოვნებიანი და პოეტური ყურისა და ცნობიერებისათვის, მოსახელთებელი სტილისტური და ემოციური ნიუანსი. 

ესეც დათოს ნათქვამი მახსოვს: 

„ვერავინ მეტყვის, რატომაა ცუდი ქართული: „ცნობა ეძლევა მასზედ, რომ“ უბრალოდ, ეს კანცელარიული ქართულია, რომელიც სხვათა შორის, სულაც არ არის მდიდარი, და როდესაც თავის ადგილას ზის, ფრაზა სრულიად შეუცვლელია – არსის სრულად გადმომცემი კონკრეტულ ვითარებასა და სიტუაციაში“. 

ეს ისეთი ბრწყინვალე დაკვირვებაა, რომლითაც, ჩემი აზრით, სტილისტიკის ანაბანის შესწავლა უნდა იწყებოდეს. ასე დეკლარაციულად უნდა დაიწყო სტილისტიკის სწავლება, სანამ ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი ვარჯიშის შემდეგ, მოწაფეს ამ დაკვირების ჭეშმარიტების სრულ გაცნობიერებამდე მიიყვანდე.

ასეთი ნიუანსები აქცევდა თვითონ დავით წერედიანის ნებისმიერ თარგმანს ქართული ლიტერატურის შედევრებად. 

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: ამ ოციოდე წლის წინათ, დავით წერედიანმა თარგმნა  ფრანგი მწერლის პასკალ კინიარის მოთხრობა “Tous les matins du monde”, რომელიც, მარტივად და პირდაპირ თარგმნილი, ქართულად ასე იქნებოდა: „სამყაროს ყოველი დილა“, მაგრამ დავით წერედიანის უჩვეულო ნიჭის პრიზმაში ეს სათაური ასე აელვარდა: „ ყოველი დილა ქვეყანაზე“.  ძნელი ასახსნელია, რა განსხვავებაა ამ ორ ფრაზას შორის. ამის გასაგებად მართლა სტილისტიკის პროფესიული კურსის გავლასთან ერთად, კიდევ დიდი შინაგანი კულტურა, სიტყვის ბუნებითი შეგრძნებაა საჭირო, თორემ ვინმე სქოლასტ ფილოლოგოსს ეგებ მთარგმნელისათვის მთლად „შეცდომად“ თუ არა, „დედნიდან გადახევად“ მაინც ჩაეთვალა ეს მოელვარე, მოქნილი ქართული – ასე საუცხოოდ დაყოლილი თარგმანის ენის ბუნებრივ მდინარებას. 

აკი ზოგჯერ უთვლიდნენ კიდევაც, რადგან განსაკუთრებით „ფაუსტთან“ მიმართებაში ალაგ-ალაგ თავს წამოყოფდნენ ხოლმე ობიექტურად შეფუთული „კეთილმოსურნენი“: „აქ ეს შეეშალა! იქ ის შეეშალა!“. რა შეეშალა? დავით წერედიანის მსგავსი გენიოსისაგან ბანალური შეცდომა გამორიცხულია და რაღაც კიდევაც რომ მოგეჩვენოს, რომ არასწორადაა თარგმნილი, უნდა დაფიქრდე: რატომ აირჩია მთარგმნელმა სწორედ ეს ვარიანტი? რას მიანიჭა უპირატესობა რასთან შედარებით და რა მიზეზით?

ერთხელ ოჯახებით სავახშმოდ ვიყავით წასულები. ჩემი გოგონა, ლილიკო, სულ პატარა იყო, წლინახევრისა თუ ორი წლის, ახალფეხადგმული. თავისთვის დაბაჩუნობდა და დათო დიდხანს, დიდხანს უყურებდა კეთილი ღიმილით. მერე უცებ მითხრა: „შეხედე, შეხედე! რა ელეგანტურად დადის! როგორ ღირსეულად უჭირავს თავი!“.

ასეთი იყო დათო! მას შეეძლო პატარა ბავშვის გაუბედავ ნაბიჯებშიც კი ელეგანტურად მოსიარულე ადამიანი, ქალი ამოეცნო! 

ეს დიდი პოეტის თვისებაა. 

ბავშვების დანახვა.

ამიტომაც არის მისი ძმები გრიმების ქართული თარგმანი შეუდარებელი.

შინაგანი არტისტიზმი დათოს ყველა თარგმანის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ძმები გრიმების ზღაპრების დათოსეულ თარგმანებში არის კიდევ სხვა რამ, უფრო იშვიათი და დიდებული თავისებურება: ამ თარგმანში ის თამაშობს, როგორც ბავშვი და თავის პატარა მკითხველსაც ბუნებრივად ითრევს ამ თამაშში. 

მისი ესეების არაჩვეულებრივი წიგნის პრეზენტაციისას, წელს „ინტელექტმა“ რომ გამოსცა, დათოს პაწაწა შვილიშვილი გავიცანი. სიძემ მითხრა, ია ჰქვია, დათოს დედის სახელიო. ამ ამბავმა განსაკუთრებულად ამიჩუყა გული და გზად, შინ მიმავალი, სულ იმაზე ვფიქრობდი, რა ბედნიერია ია, დავითი, ლილიკო და სხვა ყველა ბავშვი, რომელსაც წინ ელოდება დავით წერედიანთან, მის ლექსებთან და თარგმანებთან შეხვედრის სიხარული, წერედიანთან, რომელიც მათ მთელი ცხოვრება ერთგული მეგზურივით უნდა გაჰყვეს: ჯერ მისი თარგმნილი გრიმების ზღაპრებით დაიწყებენ, მერე მისი თარგმნილი ვიიონი მონუსხავთ, სიყვარულისას – მის რემბოზე და სხვა ევროპელი პოეტების ლექსებზე იტირებენ და სიჭარმაგისას – მისი „ფაუსტის“ რიტმებითა და ფილოსოფიით აღფრთოვანდებიან. ამ ყველაფერს კი გვირგვინად ედგმება თვითონ დავით წერედიანის შეუდარებელი პოეზია – ქართული ლიტერატურის ნამდვილი მარგალიტი.