ზრუნვის ეკონომიკა და ფემინიზმი

რა არის ზრუნვის ეკონომიკა?

რა არის აუნაზღაურებელი შრომა?

რა კავშირი აქვს ამ ორს ფემინიზმთან?

მსოფლიოში 7,5 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მათი ძირითადი და ხილული განმასხვავებელი ნიშანი მათი სქესია, ანუ ისინი იყოფიან ქალებად და კაცებად. გარდა იმისა, რომ ყველას გააჩნია გენდერული როლები და იდენტობა, თითოეული მათგანი უნიკალური და ინდივიდუალურია თავისი გამოცდილებით. ამ შემთხვევაშიც, შეიძლება ითქვას, რომ მათი გამოცდილება იყოფა სქესისა და გენდერული როლების მიხედვით, რომელიც სხვადასხვა კონტექსტსა და კულტურაშიც განსხვავებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნული დარეგულირებულია დე-იურე მდგომარეობით, რომელიც ადამიანებს მათი სქესისა თუ იდენტობის მიუხედავად თანაბარ უფლებებს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზა დისკრიმინაციული არ არის, ის თანასწორობას ვერ უზრუნველყოფს, ქალებისა და კაცების ფაქტობრივი მდგომარეობა ძალზედ განსხვავებულია ერთმანეთისგან. ისინი არ არიან უზრუნველყოფილნი ერთნაირი შესაძლებლობებითა და სერვისებზე ხელმისაწვდომობით.

ჩვენს კულტურაში (და არა მხოლოდ) ქალებს დაბადებიდანვე უსაზღვრავენ გენდერულ და სოციალურ როლებს, ქალებს საბავშვო ბაღის ასაკიდანვე სთავაზობენ „ოჯახობანას“ თამაშს თოჯინებით და მათ ასწავლიან ზრუნვას. პროფესიებიც ხშირად შერჩეულია იმის მიხედვით თუ რამდენად „ქალისთვის“ შესაფერისია და ამავდროულად, რამდენად უტოვებს მათ საკმარის დროს „ძირითადი საქმიანობის“, ოჯახზე ზრუნვის განსახორციელებლად.

დღესდღეობით, ქალები უკვე ძირითადად ყველა სფეროში არიან წარმოდგენილნი, რათა საკუთარი ოჯახი არჩინონ ან ეს უბრალოდ მათი არჩევანია. ნებისმიერ შემთხვევაში, ქალები დასაქმებას უთავსებენ ოჯახზე ზრუნვის სამუშაოებს. თუ დასაქმებულ ქალებს გააჩნიათ ანაზღაურება, კვირაში 40 საათიანი (კანონით) სამუშაოს შესასრულებლად, ისინი ასევე, ასრულებენ შრომას, რომელიც აღემატება კვირაში 40 საათს და ის აუნაზღაურებელია, სწორედ ეს არის აუნაზღეურებელი შრომა. უფრო კონკრეტულად კი ზრუნვა ოჯახზე: სახლის დალეგება-დასუფთავება, საჭმლის მომზადება, ოჯახის წევრთა პირადი ნივთების მოწესრიგება, ნათესავების მონახულება და მათზე ზრუნვა და ა.შ. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ქალებს თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ გააჩნიათ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა რომ ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ქალებს ოდნავ შეუმსუბუქა სახლის სამუშაოები (მაგ: ჭურჭლისა და სარეცხის მანქანები), კაცების ჩართვა ამ საქმიანობებში სათანადოდ მაინც ვერ უზრუნველყო. თავის მხრივ, სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ამ შრომას ასევე ემატება შინამეურნეობა და ის საქმიანობა, რომელსაც ქალები სოფლის მეურნეობას უთმობენ.

მსოფლიოს მასშტაბით, აუნაზღაურებელი შრომის 75%-ს ქალები ასრულებენ, რაც დღეში 2,5-3 საათია. თავის მხრივ, ქალებს ეკონომიკურ შრომაში ჩასათვლელად აუნაზღაურებელ შრომას პირდაპირ და არაპირდაპირ ზრუნვად უყოფენ. მაკროეკონომიკის ჭრილში ქალთა ეკონომიკური ზრუნვის შესაფასებლად პირდაპირ ზრუნვად ითვლება ის საქმიანობა, რომელსაც ქალები უშუალოდ ზრუნვის სუბიექტის ჩართულობით ახორციელებენ, ანუ თუ ისინი აჭმევენ ბავშვებს, შშმპ და/ან მოხუცებს, უცვლიან საფენებს, აბანავებენ და ა.შ. ხოლო თუ საჭმელს ამზადებენ, ალაგებენ, რეცხავენ და ა.შ. ეს ყოველივე არაპირდაპირ ზრუნვაში ეთვლებათ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული „სწრაფი გენდერული ანალიზის“ მიხედვით, რომელიც პანდემიის დროს ქალების საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის მოცულობას იკვლევდა, აჩვენა: გამოკითხული ქალების 61%-ის შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვის დრო, 41%-ს დალაგების, ხოლო 31%-ს საჭმლის კეთების დრო გაეზარდა.

როდესაც სოციალურ უთანასწორობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სოციუმი შედგება ქალებისა და კაცებისაგან, სადაც თანასწორობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებებით, საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. თუმცა, როდესაც ორივე სქესი თანაბარ დროს უთმობს ანაზღაურებად შრომას, რამდენად სამართლიანია ის, რომ სახლში დაბრუნებისას აუნაზღაურებელი შრომის უდიდეს ნაწილს ქალები ასრულებენ? ეს ეხება ბავშვ(ებ)ზე ზრუნვასაც.

ზრუნვის ეკონომიკაში ჩართული ქალები არიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძალა, როგორც ჩვენს ქვეყანაში ისე მსოფლიოში, თუმცა ეს ქალები ზრუნვის ნაწილში ანაზღაურებას არ იღებენ. სახელმწიფოები ამაში დიდ ეკონომიას აკეთებენ და ამით ქალებს განვითარების შესაძლებლობას ართმევენ.

რა არის ზრუნვის ეკონომიკა? ეკონომიკა, რომელიც გულისხმობს არაფორმალურ შრომას, ზრუნვას სხვებზე და რომელშიც ჩართულნი არიან ძირითადად ქალები და ისინი ამაში ანაზღაურებას არ იღებენ.

რა არის აუნაზღაურებელი შრომა? საოჯახო საქმიანობა ან ზრუნვა სხვებზე, რომლის შესრულებაშიც ყოველდღიურად საათებს ხარჯავენ ძირითადად ქალები და ამაში ანაზღაურებას არ იღებენ.

რა კავშირი აქვს ამ ორს ფემინიზმთან? ფემინიზმი, აღიარებს ქალთა უფლებებსა და იღწვის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ხოლო აუნაზღეურებელი შრომა თავშივე აყენებს ქალებს უთანასწორო მდგომარეობაში და ართმევს მათ განვითარების შესაძლებლობას და თავისუფალი დროის, არჩევანის შესაძლებლობას, ანუ არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

რა უნდა გაკეთდეს სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად? თუ ქალები იღებენ პასუხისმგებლობას და ჩართულნი არიან ანაზღაურებად შრომაში, ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და მისი ბიუჯეტის გასაზრდელად, მაშინ კაცებმა უნდა აიღონ პასუხისგებლობა და გადაინაწილონ საოჯახო საქმე.

როგორ უნდა უზრუნველვყოთ სოციალური თანასწორობა? ქალების მსგავსად, კაცებს საბავშვო ბაღის ასაკიდანვე უნდა ვასწავლოთ ზრუნვა და საოჯახო საქმიანობების გადანაწილება, მაგალითისთვის: მათ საკუთარი სათამაშო ნივთების დალაგება და საკუთარი ნივთების მოწესრიგება, რომ აღარაფერი ვთქვათ ზრდასრულობის ასაკში საკუთარი თავის მოვლასა და ოჯახზე ზრუნვაზე.

გენდერული თანასწორობა და ფემინიზმი თავის მხრივ ადამიანების თანაბარი უფლებების რეალიზებას უწყობს ხელს, რასაც მეორენაირად სოციალურ სამართლიანობასაც ვუწოდებთ. კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით, როგორც სახელმწიფოს, ასევე ინდივიდუალურად თითქოსდა გამყარებულ პოზიციებს დღემდე მტკიცება და ბრძოლა სჭირდება იმისათვის რომ ბაზისური, ფუნდამენტური უფლებების რეალიზება მოვახდინოთ. სამართლიანია კი ეს?!