„ასეთ შეხვედრაზე ვინმეს რომ არ მივეწვიე, ჩემთვის სამყაროს დასასრული იქნებოდა" - თინა ხიდაშელი რამშტაინის ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე

პუბლიკა

„მე რომ თავდაცვის მინისტრი ვყოფილიყავი და ამ შეხვედრაზე მიწვეული  არ ვყოფილიყავი, სამყაროს დასასრული იქნებოდა ჩემთვის, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა”, – უთხრა „პუბლიკას” თინა ხიდაშელმა, 2015-2016 წლებში საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

საუბარია 26 აპრილს, გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე, სადაც ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ნატოს წევრი და მათი მოკავშირე ქვეყნები მიიწვია. შეხვედრას 40-მდე ქვეყანა ესწრებოდა და უკრაინის დახმარების საკითხი განიხილებოდა.

კონფერენციაზე, ნატოს წევრების გარდა, მიწვეულნი იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ფინეთი, შვედეთი, იაპონია, ავსტრალია, ისრაელი…

„ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც იმართება მადრიდის სამიტის წინ, თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით და ეხება უსაფრთხოებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს სამიტი იქნება მოულოდნელობებით სავსე და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, სადაც არ გვეძახიან იქაც კი ვიყოთ, რათა ჩვენთვის სასარგებლო პირობები და გარანტიები დავიბეოთ”, – გვეუბნება თინა ხიდაშელი.

მისი თქმით, საქართველო  ყოველთვის ასეთი სიების სათავეში იყო. „ისიც არ ვიცით, დაგვპატიჟეს თუ არა, ამაზეც არაფერი უთქვამს ხელისუფლებას. თუ არ დაგვპატიჟეს კიდევ უარესია, ვიდრე თუ დაგვპატიჟეს და არ წავედით. მეორე შემთხვევაში ეს იქნებოდა ერთი კონკრეტული ადამიანის ან ერთი კონკრეტული ხელისუფლების პრობლემა, მაგრამ პირველ შემთხვევაში ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ცუდ პრეცედენტს ქმნის ქვეყნისთვის. მათ შორის მისი მომავლისთვისაც”, – ამბობს ხიდაშელი.

მისი თქმით, თუ გვექნებოდა ინფორმაცია, საჯაროდ ხელმისაწვდომი, შეხვედრებზე, რომლებიც მანამდე გაიმართა ქართულ მხარესთან, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ რამშტაინის ბაზაზე არყოფნა დიდი პრობლემა არ არის – „მაგრამ სამწუხაროდ, რადგან არაფერი ვიცით ამის შესახებ, ან არ ყოფილა ან არ არის ეს საჯაროდ ხელმისაწვდომი, ამიტომ, ვფიქრობ, შფოთვა იქ არყოფნის გამო სრულიად ლეგიტიმურია”.

ყოფილ მინისტრს არასერიოზულად მიაჩნია უწყების განმარტება იმის შესახებ, რომ შეხვედრაზე არდასწრება მნიშვნელოვანი არ არის, რაკიღა შეხვედრა ნატოს ეგიდით არ გამართულა.

„ვნახეთ ფორმატი, სადაც არამხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები და უკრაინა ხვდებოდა ერთმანეთს, არამედ პრაქტიკულად ნატოს ყველა პარტნიორი იყო დაპატიჟებული,

ეს პასუხი არასერიოზულია, ასე გვეუბნებოდნენ იანვარშიც, არცერთ საჯარო შეხვედრაზე რომ არ იყვნენ. ვკითხულობდით და გვეუბნებოდნენ, რომ უპრეცედენტოდ მაღალია ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სიხშირე, ნუ ღელავთ სხვა შეხვედრებზე ვართო და მერე ამერიკულმა მხარემ გამოაქვეყნა შეხვედრების ქრონოლოგია, სადაც საქართველო საერთოდ არ იყო თავდაცვის უწყების კონტექსტში, და საგარეოს კონტექსტში იყო ერთი სატელეფონო ზარი – შერმანის, ზალკალიანთან. ეს იყო უპრეცედენტო კონტაქტი”.

ხიდაშელი ამბობს, რომ ეს იყო შეხვედრა, სადაც ეძებდნენ პასუხს კითხვაზე – „რა ვუყოთ გავეშებულ რუსეთს”, მისი თქმით, როდესაც რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე, რუსეთისგან დაცვაზე ამხელა ამბავი ხდება, გაუგებარია, რატომ არ არის იქ ფრონტის წინა ხაზზე საქართველო.