ასეთი ქცევა არასასურველია, ამით მხოლოდ პუტინი იგებს - ლუკ კოფი მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ლუკ კოფი წერს, რომ ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, განემუხტა სიტუაცია, დააკავა მთავარო ოპოზიციური ძალის ლიდერი, რისგანაც სარგებელს, მისი თქმით, მხოლოდ პუტინი იღებს.

„სერიოზული სიტუაციაა საქართველოში. პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვაზე პასუხისმგებელი მთავრობაა, ხელისუფლება კი ამის ნაცვლად აღმაშფოთებლად შეიჭრა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის სათავო ოფისში და დააკავა მისი ლიდერი. ასეთი ქცევა არასასურველია, ამით მხოლოდ პუტინი იგებს. საჭიროა სიმშვიდე. საჭიროა სახელმწიფო მდივანი ბლინეკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს“, – წერს ლუკ კოფი Twitter-ზე.

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრება უარყოფითად შეაფასა აშშ-ის საელჩომ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ამერიკელმა კონგრესმენმა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმაც.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს.

უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.