აშშ-მ სანქციები დაუწესა 4 პირს, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსეთის მიერ უკრაინაში დესტაბილიზაციის კამპანიასთან

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დღეს აშშ-მ უკრაინაში ოთხ პირს სანქციები დააკისრა. აშშ ამბობს, რომ ეს პირები რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მითითებებით მოქმედებენ და რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ და სახიფათო ზემოქმედების ოპერაციებს ხელს უწყობენ.

„უკრაინაში შემდგომი პოტენციური შეჭრის წინ რუსეთის დაზვერვის სამსახურები, ძირითადად ფედერალური უშიშროების სამსახური (FSB), რომელზეც ამერიკის მიერ სანქციებია დაკისრებული, იბირებენ საკვანძო თანამდებობაზე მყოფ უკრაინელებს, რათა წვდომა ჰქონდეთ საიდუმლო ინფორმაციაზე.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური (FSB) ამ ადამიანებს იყენებს უკრაინაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად. უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ ასეთი პირების დასადგენად, გამოსავლენად და საზღაურის დასაკისრებლად იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ზემოქმედების ამგვარ ოპერაციებს“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სანქციები აშშ-მ დააკისრა ტარას კოზაკს, ოლეგ ვოლოშინს, ვოლოდიმირ ოლინიუკს და ვლადიმირ სივკოვიჩის.

აშშ-ს თქმით, ეს ადამიანები დაკავშირებულები არიან გავლენის მოსაპოვებლად რუსეთის სპეციალური სამსახურების მიერ მართულ საქმიანობაზე, რომლის მიზანი უკრაინის დესტაბილიზაციაა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დღეს სანქცირებულთაგან 2 უკრაინის პარლამენტარია.

„ასეთი ზომები მიმართულია უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობების გამოსავლენად და შესაჩერებლად. ეს არის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც განსხვავდება იმ ფართო სპექტრის ძლიერი ზემოქმედების ზომებისგან, რომელთა დასაწესებლად ემზადებიან ამერიკის შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები იმისათვის, რომ რუსულ ეკონომიკას და ფინანსურ სისტემას ძვირად დაუჯდეს, თუკი ისინი დამატებით შეიჭრებიან უკრაინაში.

ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ სხვა ზომებთან, რაც ჩვენ გავატარეთ რუსული დეზინფორმაციის კამპანიის წინააღმდეგ, მათ შორისაა არჩევნებში ჩარევის გამოვლენილი 32 შემთხვევა, რის შესახებაც 2021 წლის აპრილში გამოვაცხადეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ს საელჩო აღნიშნავს, რომ რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ ტაქტიკებს, რომელთა შორისაა დეზინფორმაცია და ზეგავლენის სხვა კამპანიები, რისი მიზანიც უკრაინაში წლების განმავლობაში დესტაბილიზაციის გამოწვევაა.

„2020 წელს კრემლის ოფიციალურმა პირებმა აამოქმედეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ოპერაციის გეგმა, რომელიც შეიქმნა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარის დასაქვეითებლად. პირები, რომლებზეც დღეს დაწესდა სანქციები, საკვანძო როლს ასრულებდნენ ამ კამპანიაში.

რუსეთის ზეგავლენის კამპანიები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით. ათწლეულებია, რუსეთი იყენებს დეზინფორმაციის სხვადასხვა საშუალებას და სადაზვერვო სამსახურების ფილიალებს მსოფლიოს მასშტაბით და ავრცელებს ყალბ ამბებს საკუთარი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად“, – ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.

როგორც აშშ-ის საელჩო ამბობს, სულ მცირე 2016 წლიდან რუსეთის სპეციალური სამსახურები სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე. მათივე მტკიცებით, მაგალითად, ტარას კოზაკი იყენებდა მის მფლობელობაში არსებულ მედია პლატფორმებს ერთი მხრივ იმისათვის, რომ დაემცირებინათ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შიდა წრის წარმომადგენლები და მეორე მხრივ, გაევრცელებინათ ყალბი ამბები ამერიკის 2020 წლის არჩევნებზე.

„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გადადგამს ნაბიჯებს, რომელთა შორის იქნება ასეთი ზომებიც და, აგრეთვე, – ნაბიჯებს უკრაინის მთავრობასთან პარტნიორობით უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობის დასადგენად, გამოსავლენად და შესამცირებლად.

ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე, გააგრძელებს რუსეთის გლობალური კამპანიის მავნე ზემოქმედების გამოვლენას და მასთან დაპირისპირებას როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile